[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მომხდარი არეულობები, რომლის მასშტაბიც თანდათანობით იზრდება, პირდაპირ ახდენს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ საფონდო და სასაქონლე ბირჟებზე არსებულ ვითარებაში ვლინდება, მაგრამ თუ სიტუაცია არ დარეგულირდება, შედეგები გაცილებით სერიოზული იქნება და ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს.
ლიბიაში, რომელიც ოპეკის წევრია და რომელსაც ნავთობის მოპოვების მოცულობის მიხედვით მსოფლიოში მეთორმეტე ადგილი უკავია, განვითარებულმა მოვლენებმა ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. შედეგად, „შავი ოქროს“ ღირებულება 110 დოლარი/ბარელს ასცდა, რაც 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული მაქსიმუმია. სხვათა შორის, არაერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ მაშინ გლობალური კრიზისის ერთ-ერთი კატალიზატორი სწორედ ნავთობის გაძვირება იყო.
ნავთობთან ერთად მოიმატა ოქროს და ვერცხლის ფასმაც. ეს სრულიად გასაგები მოვლენაა, გლობალური არასტაბილურობის ფონზე ინვესტორებს სურთ კაპიტალი საიმედო აქტივებში დააბანდონ. ევროს კურსი კი, პირიქით, ეცემა, რადგან სწორედ ევროპას აქვს არასტაბილური რეგიონის ქვეყნებთან განსაკუთრებით მჭიდრო ეკონომიკური კავშირი.
საერთოდ, სპეკულიანტ ინვესტორებს სჩვევიათ რაიმე კრიზისის მაგვარის ფონზე პანიკის გავრცელება, მაგრამ ახლა საშიშროება რეალურია, რადგან თუ ჩრდილოეთ აფრიკაში მოვლენები პესიმისტური სცენარით განვითარდება, შედეგები მთელი მსოფლიოსათვის ერთობ სავალალო იქნება.
მაგალითად, რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა ნავთობისა და გაზის მწარმოებელი და ექსპორტიორია. ასე რომ, თუ სიტუაცია ძალიან დაიძაბება, ცხადია, მსოფლიო ბაზრისათვის ამ ნედლეულის მიწოდება შეფერხდება და ფასებიც სასტიკად მოიმატებს. ცხადია, ეს სხვა ნედლეულსაც ეხება. ამასთან, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები მწარმოებლებთან ერთად მომხმარებლებიც არიან. ეს განსაკუთრებით ევროპულ პროდუქციაზე უნდა ითქვას. ასე რომ, არეულობის შემთხვევაში ხელი იმპორტსაც შეეშლება და მწარმოებლები გვარიანად დაზარალდებიან.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები ეკონომიკური განვითარების მხრივ ერთმანეთის გვერდით დგანან. ერთადერთი ლიბია ითვლება შედარებით განვითარებულად. ხოლო, რაც შეეხება ეკონომიკის სტრუქტურას, ისინი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან.
ალჟირი ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანაა და მისი შემოსავლის 78 პროცენტი სწორედ ამ ენერგომატარებლებზე მოდის. მოპოვების დიდი ნაწილი სახელმწიფო სექტორშია თავმოყრილი, თუმცა, უცხოური კომპანიებიც მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ალჟირი რუსეთის შემდეგ ევროპას ყველაზე მეტ ბუნებრივ აირს მიაწვდის ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე გაჭიმული გაზსადენით. ერთი მხრივ, კარგია, რომ ქვეყანაში არსებული არეულობები ლოკალური ხასიათისაა, მაგრამ ამასთან უნდა ითქვას, რომ ალჟირი არასოდეს იყო სტაბილური ქვეყანა, რადგან მთავრობა და ისლამისტური დაჯგუფებები ერთმანეთს გამუდმებით უპირისპირდებოდნენ.
პოლკოვნიკ კადაფის ლიბია მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის 90 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ლიბია დღე-ღამეში 1,3 მილიონი ბარელი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს. ამასთან, ქვეყანა ძლიერაა დამოკიდებული იმპორტზე, რადგან მისთვის საჭირო პროდუქციის მხოლოდ მესამედს აწარმოებს.
ეგვიპტე განსაკუთრებით პრობლემატური ქვეყანაა, რადგან მისი მოსახლეობა 80 მილიონს აღწევს, ხოლო ნავთობისა და გაზის დიდი მარაგით ვერ დაიკვეხნის. არადა, სხვა სიმდიდრითაც ვერ გამოირჩევა და მრეწველობაც და სოფლის მეურნეობაც საშუალოდაა განვითარებული. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ტურისტული სექტორი ასრულებს, რაც ცხადია, სრულიად რეგონის სტაბილურობაზე დიდადაა დამოკიდებული.
ტუნისი ძალიან წააგავს ეგვიპტეს, რადგან რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და ტურიზმზე დიდადაა დამოკიდებული.
რეგიონის ყველაზე სტაბილური და ერთადერთი მონარქიული ქვეყანა კი მაროკოა. ჯერჯერობით, აქ რევოლუცია არ დაწყებულა, მხოლოდ მცირე გამოსვლები მოხდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მაროკო ძალიან ღარიბი ქვეყანაა, გამორიცხული არ არის, პრობლემები აქაც შეიქმნას.