შსს-ს სასაზღვრო პოლიციას კვადროციკლები და დაცული რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა გადაეცა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას კვადროციკლები და დაცული რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა გადაეცა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 25 კვადროციკლი და დაცული რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაცული რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკულმა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიურომ აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსებით გადასცა. ყველგანმავალი სატრანსპორტო საშუალებები კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გადაეცა სასაზღვრო პოლიციას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა – „ექსპორტის კონტროლი და საზღვრის უსაფრთხოება“ საქართველოსთვის სტრატეგიული ვაჭრობის და მასთან დაკავშირებული საზღვრის კონტროლის სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებაში დახმარებას ისახავს მიზნად.

ყველგანმავალი სატრანსპორტო საშუალებები და რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა გააძლიერებს საზღვრის უსაფრთხოებას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობას და საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის კომუნიკაციას, რაც მესაზღვრეს სამსახურებრივი მოვალეობის უფრო მაღალ დონეზე შესრულების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული ტექნიკური საშუალებები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.