ნუგზარ წიკლაური სცემეს, პოლიტელიტა ბობოქრობს

ნუგზარ წიკლაური სცემეს, პოლიტელიტა ბობოქრობს

თუ მეექვსე მოწვევის პარლამენტში შეიარაღებული თავმდამსხმელები ფიზიკურად რესპუბლიკელ ვალერი გელაშვილს გაუსწორდნენ, ისტორია დღეს, დილით 3 საათზე განმეორდა და „ნაციონალ“ ნუგზარ წიკლაურს რვაკაციანი ჯგუფი ელექტროშოკებით თავს დაესხა.

როგორც 2005 წელს, ასევე ახლაც წიკლაურის შემთხვევაში, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ გელაშვილისგან განსხვავებით, მოხდება თუ არა წიკლაურის ცემის ფაქტის ობიექტური გამოძიება, ამას დრო გვიჩვენებს.

ასევე დრო გვიჩვენებს - თუ როგორ გააკონტროლებს პარლამენტი საკუთარი წევრის ცემის ფაქტის გამოძიებას, რადგან წინა შემთხვევის დროს, იმის ნაცვლად, რომ საკანონმდებლო ორგანოს რესპუბლიკელის ცემის ფაქტის სათანადო გამოძიება მოეთხოვა, პარლამენტმა 2006 წლის 31 მარტს, 124 ხმით არცერთის წინააღმდეგ ვალერი გელაშვილს უფლებამოსილება დეპუტატისთვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით შეუწყვიტა.

თავის დროზე, წიკლაურის მსგავსად, ვალერი გელაშვილიც პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა, მაგრამ რესპუბლიკელი თავდასხმაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდა და ინციდენტს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას უკავშირებდა. ნაციონალი კი, თავდასხმას საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებასა და ხედვას უკავშირებს.

ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, მას თავს რვა ნიღბიანი პირი დაესხა, რომლებიც ელექტროშოკებით იყვნენ შეიარაღებულნი.

დეპუტატს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. თავად კანონმდებელი კი ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, თავდამსხმელებმა მის მიმართ ელექტროშოკიც გამოიყენეს.

„სახლთან შვიდი ან რვა ადამიანი დამხვდა. თავს ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ. ჩხუბი დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი ამოცანა, ჩემი მანქანაში შეგდება იყო, მაგრამ როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა ორჯერ ელექტროშოკი დამადო. ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაგრამ ჩემი ქვეყნის მომავალს არაფერზე არ გავცვლი“, - აღნიშნავს წიკლაური, რომელსაც სამართალდამცავები დღეს საკუთარ სახლში დაკითხავენ.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. ნაციონალები ეჭვობენ, რომ დიდი ალბათობით, თავმდამსხმელები სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ და დავალებას ასრულებდნენ. უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. მმართველი გუნდი დეპუტატის ცემის ფაქტს გმობს და გამოძიებაზე აპელირებს.

უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დეპუტატის ცემის ფაქტი იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციასთან ბრძოლა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც კრიტიკული აზრის გამოთქმა უშუალოდ ფიზიკური არსებობის რისკს უკავშირდება.

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს ნუ ეცდება არსებულის გამართლებას რაიმე კონფლიქტის ან შელაპარაკების ვერსიით. უმცირესობის ლიდერის მტკიცებით, დეპუტატსა და თავმდამსხმელებს შორის არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა და შეიარაღებული რვა ადამიანი დეპუტატს სპეციალურად ელოდებოდა.

„თავმდამსხმელები წიკლაურის გატაცემას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს მისი ფიზიკური წინააღმდეგობის და მეზობლების ჩარევის გამო. ამ ფაქტის უსწრაფესს გამოძიებას მოვითხოვთ, ვინაიდან ამ საქმის გაჭიანურება ეჭვს დაადასტურებს, რომ ჯგუფი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, გახლდათ კარგად მომზადებული და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ჯგუფი, სავარაუდო კავშირებით ძალოვან სტრუქტურებთან თუ სპეცსამსახურებთან. პარლამენტის წევრის გატაცების მცდელობა შესაბამისად უნდა იქნეს გამოძიებული და ყველა დამნაშავე დასჯილი“, - აღნიშნა ბაქრაძემ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარკვეული ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემთხვევები გახშირდა, რაც შესაძლოა, ინდივიდუალური ხასიათის არ იყოს და ერთიანი ჯაჭვის რგოლს წარმოადგენდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკოსებს, სამართალდამცავ ორგანოებს და საზოგადოებას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„როდესაც ქვეყნის გარშემო შეკრებილ ღრუბლებზე ვსაუბრობთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. სად რა თემები იქნება წინ წამოწეული, სად მოხდება დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია, ჩვენ არ ვიცით, ეს მტერმა იცის. ამიტომ მსგავსი ფაქტები გამოუძიებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს და დამნაშავეებმა საკადრისი პასუხი უნდა აგონ. გარკვეულ გამოცოცხლებებსა და გარკვეულ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ვხედავთ სხვადასხვა თემის გარშემო. გაცილებით მეტი ყურადღება გვამრთებს ახლა, რადგან ეს შეიძლება არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ფაქტები და შეიძლება ერთიანი ჯაჭვის რგოლებთან გვქონდეს საქმე“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც თვლის, რომ ცემის ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი პარლამენტის წევრის წინააღმდეგ არის სრულიად მოუთმენელი.

დეპუტატის ცემის ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ინციდენტს გმობს, თუმცა, ნაციონალების საპასუხოდ აცხადებს, რომ ახალი მთავრობის პირობებში გამოძიებები არ ხდება და ასეთი საქმეების გამოუძიებლობა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ხდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის წიკლაურის ცემის გამო, აღშფოთებულია და შესაბამის უწყებებს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ეს, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი. მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ საქმე“, - დასძინა პრემიერმა, რომლის მსგავსად ფაქტს გმობს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტები ზოგადად ქვეყნის მიჯზე ცუდად აისახება.

 მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და დროული.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, როდესაც დეპუტატზე ხდება ძალადობა, ზეწოლა, თუმცა არ ვიცი, რა მიზნით. მსგავსი ფაქტები არის შემაშფოთებელი და ეს სამწუხაროდ, ცუდად აისახება ზოგადად ქვეყნის იმიჯზე“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.