მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლა დააანონსა, დალის ხეობის სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ლეო ჯაჭვლიანი ტელეფონით დამიკავშირდა.
- სადაც გინდათ, ვიტყვი და ხელსაც მოვაწერ, დალის ხეობის მტრისთვის მშვიდობიანად ჩაბარება ირაკლი ოქრუაშვილის მიზეზით მოხდა! მან მაშინ არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალება შეასრულა. ხეობის სადამსჯელო ოპერაციის გეგმის სქემა პირადად ირაკლი ოქრუაშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავეს. ამ ოპერაციის დროს თავად დამსჯელის, ოქრუაშვილის მიერ დალის ხეობაში 4 ათასამდე შემოყვანილ ქართულ ჯარს რკალში ჰყავდა მოქცეული კოდორის ხეობა. ისინი ყველა მიუღებელი ფორმით სჯიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ოქრუაშვილის მიერ დანიშნული შტაბის უფროსი ხვიჩა გუჯეჯიანი მისივე მითითებით სასტიკად ექცეოდა ხეობის მკვიდრთ, სწორედ ოქრუაშვილის ამბობდა: "სვანებს კუბდარის ჭამისა და კანაფის გაბოლების მეტი არაფერი შეგიძლიათო", არადა, თვითონ ეწეოდა იქ პლანს სიამოვნებით თავისი შტაბის წევრებთან ერთად, ამას ყველა კარგად ხედავდა, სადაც მათი შტაბი იყო, იქ შესასვლელთან სპეციალური რკინის მილები იყო მიწაში ჩაფლული, იმ მილებში არჭობდნენ კანაფის ტოტებს და ახმობდნენ. შტაბში შემსვლელი თუ გამომსვლელი კი, ვისაც სურვილი ჰქონდა, იღებდა კანაფის ტოტს და ეწეოდა, სანამ გაეროს დამკვირვებლები არ ამოვიდნენ ხეობაში. ეს მაშინ ყველას თვალწინ, ღიად ხდებოდა. როცა ხეობაში შემოვიდნენ, 80 კაცის დასაჭერი სია ჰქონდათ, თითოეული მათგანი ალალმართალი ადამიანი იყო, ბევრიც მეომარი. ოქრუაშვილისთვის დამახასიათებელი, ცნობილი შეურაცხმყოფელი მეთოდებით გამოჰყავდათ ადამიანები სახლებიდან, ასე იყო ერთხელ, როცა ერთი მესაზღვრე, მეომარი კაცი ლერმან ქალდანი ფეხშიშველი გამოიყვანეს! მას იმ მიზეზით იჭერდნენ, რომ საბოტაჟს გვიწყობო, ოქრუაშვილის ხალხმა უთხრა. მაშინ ჩემი ძმა მევლუდ ჯაჭვლიანი აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი გახლდათ, ის და აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ანზორ მარგიანი რომ არა, იმ პატიოსან კაცს ვინ იცის, რამდენი წლით გამოამწყვდევდნენ ციხეში. 80 კაცის დასაჭერთა სიის თავში კი მე ვიყავი.
- თქვენ როგორ გადაურჩით დაპატიმრებას?
- მე ჩემმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ გადამარჩინა, მან სთხოვა მერაბიშვილს და ასე დავუსხლტდი ოქრუაშვილს. მერე ბადრი ბიწაძემ წითელ ხიდზე გადამიყვანა, თუმცა იქიდან მალევე გამათავისუფლეს და 6-სულიანი ოჯახი ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ემზარ კვიციანის სიძე ვიყავი. ჯერ კიდევ კოდორში ჩემი მუშაობის პერიოდში, ადგილობრივმა მოსახლეობამ სრულიად უსასყიდლოდ ჩაგვაბარა იარაღი. ერთი მესაზღვრე ომიკო გურჩიანი დღემდე ზის ციხეში, ის სრულიად უდანაშაულოდ ტრეფიკინგისა და იარაღის უნებართვოდ შენახვისთვის არის ათეულ წლობით გასამართლებული, არადა მას ისედაც ჰქონდა ტაბელური იარაღის ტარების უფლება. რომელი ერთი გავიხსენო, 4 ათასი ჯარისკაცი რისთვის უნდოდათ, რომ შემოიყვანეს? მახსოვს, ბევრი ევროპის ქვეყნის მეთაური აფრთხილებდა ჩვენს ხელისუფლებას, ამას ნუ აკეთებთო, მაგრამ ყველა იქ მცხოვრები, ვინც კი ხეობას იცავდა, სანამ არ განაიარაღეს, არც ერთი მათგანი არ დატოვეს. ის მეომარი და გმირი ბიჭები ვინ იცის, რამდენი დაიჭირეს. ნიკოლოზ გერდიანი, მეომარი კაცი, ხელებშეკრული მოიყვანა ოქრუაშვილის ხალხმა, ისიც მახსოვს, მერაბიშვილმა გააშვებინა, უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილი გაცილებით უკეთ იქცეოდა ხეობაში, ვიდრე ოქრუაშვილი. ხალხს უბრალო შეპასუხებისთვის იჭერდნენ და ამ ყველაფერს ოქრუაშვილის მითითებით აკეთებდნენ. მე, მესაზღვრე კაცს, 15 კმ-ის მანძილზე სამჯერ მაჩერებდნენ. რუსები არ იქცეოდნენ აფხაზეთის ომში ასე, როგორც ოქრუაშვილის ჯარი კოდორში, სახლებში შედიოდნენ, ეძებდნენ იარაღს, კოდორი 9 ვერტმფრენით დაბომბეს, ერთი ქალი შეეწირა. მართალია, სააკაშვილი კოდორის დაბომბვისას იქ არ იყო, მაგრამ სააკაშვილის ბრძანებით გააკეთა ოქრუაშვილმა. ვისაც არ სურს, ისევ ასეთ საქართველოში იცხოვროს, მან ეს რეალობა არ უნდა დაივიწყოს და უკეთესობისთვის უნდა იბრძოლოს.
ოქრუაშვილი გულწრფელად რომ განიცდიდეს ამ ყოველივეს, სხვა საქმეა. ვირეშმაკული სურვილია მისგან ის, რომ დამნაშავეა და ახლა მსხვერპლად უნდა წარმოაჩინოს თავი, ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება. ადამიანი თავის შეცდომებსა და დანაშაულს რომ აღიარებს, უნდა მიუტევო ქრისტიანმა, მაგრამ ის სააკაშვილისკენ იშვერს ხელს და ცდილობს, თავი უცოდველად მოგვაჩვენოს. ჩემთვის ორივე მათგანი ერთნაირად დამნაშავე და მოღალატეა ამ საქმეში. ცნობილი მფრინავი მინდია მაისურაძე, ოქრუაშვილის ბრძანებით დაჭერილი ჰყავდათ იმის გამო, რომ კოდორის ხეობის დაბომბვაზე უარი თქვა, ბრძანება არ შეასრულეო და ამისთვის დასაჯეს. ყველა უკანონობა, რაც კი მაშინ ხდებოდა კოდორში, უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილის მითითებით შესრულდა. სააკაშვილი სულ ორჯერ ამოვიდა იქ, თუმცა ყველა უკანონობას მისი კარნახით აკეთებდა ოქრუაშვილი. დღეს ჩემი მეუღლის ძმა ემზარ კვიციანი ციხეშია, ვინც მართლა იცავდა კოდორს, მოღალატე სააკაშვილი და ოქრუაშვილი კი გარეთ არიან, რომელთა მიზეზით დაიკარგა დალის ხეობა. მე შეკითხვა მაქვს ირაკლი ოქრუაშვილთან, - დღეს რატომ არ უნდა თავისი ბინძური წარსულის გახსენება? ის სისხლის სამართლის დამნაშავეა დალის ხეობის დაკარგვასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა ბევრ სიბინძურეზე, რაც მას გენერალური პროკურორის პოსტზე მუშაობისას უკეთებია. გვახსოვს, დასაჭერად გამზადებულ ხალხს მილიონობით ფულს რომ "ახევდა" და ვითომ მის მიერ შექმნილ "სამართლებრივი ორგანოების განკითხვის ფონდში" შემოწირულობების სახით შედიოდა, დასაჭერი თუ დაჭერილი ადამიანებისგან, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით ხდებოდა და თვითონ განკარგავდა, ამაზე და კიდევ ძალიან ბევრ მის უკანონო ქმედებაზე არაფერს ვამბობ, მე ვამბობ კოდორის ხეობის ჩაბარებაზე, რომელიც მან, სააკაშვილთან ერთად, ჩააბარა მტერს. მე მივაწვდი უტყუარ მტკიცებულებებს მთავარ პროკურატურას და მის მიმართ ამ თემაზე დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. სვანები ვითხოვთ, ირაკლი ოქრუაშვილმა დაგვიბრუნოს დალის ხეობა, მილიონები აქვს აღებული ამ საქმეში, კეთილი ინებოს და ვისაც კოდორი მიჰყიდა, ისევ მისგან გამოისყიდოს. ოქრუაშვილის ლაქია ნიკოლეიშვილი ჩემს ძმას - მევლუდ ჯაჭვლიანს დახვრეტას უპირებდა. ორი-სამი კაცი წყვეტდა ყველა სვანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედს, როგორც ირანის შაჰის მიერ დანიშნული "მასპანები" იქცეოდნენ საქართველოში, ისე იქცეოდა ოქრუაშვილი და მისი ხალხი კოდორში.
- თქვენი ძმა როგორ გადარჩა?
- ჩემმა ძმამ თურმე მაშინ მოახერხა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელებთან ტელეფონით დაკავშირება, მათ მიიღეს ზომები. კოდორს მაშინ სოსო ქარჩაიძე განაგებდა, ისიც, ბუნებრივია, ოქრუაშვილის კაცი იყო, ყველა ბინძურ დავალებას პირნათლად ასრულებდა. ეს ნაძირალა "კოჰაბიტაციის" შედეგად ისევ თანამდებობაზეა დღეს. უკმაყოფილების ტალღა, მალე დიდ ხანძრად გადაიქცევა. ასეთი ადამიანები დღეს თანამდებობებზე არიან და ოქრუაშვილი მერობას უმიზნებს. ოქრუაშვილმა ჯერ მილიონობით ღირებულების ცეცხლსასროლი იარაღი, მძიმე ტექნიკა, ტყვია-წამალი და 70 ტონამდე საწვავი რომ დაუტოვა მტერს, ის დააბრუნოს. ეს იმიტომ, რომ მტერს გაურიგდა, ფული აიღო და გაყიდა დალის ხეობა მიშასთან შეთანხმებით. რატომ დაუტოვა მტერს ყველაფერი, თუ მისი ინტერესი არ იყო? იმის ნაცვლად, ამ საქმის ავტორი პასუხისგებაში იყოს მიცემული, ახლა ისევ პირველი კაცის როლის თამაში მოუნდა, თუნდაც გორის ცხოვრებაში... ხალხმა თავისი არჩევანით უნდა გადაარჩინოს ეს ქვეყანა!