2002 წლის გაზაფხულზე სასტუმრო ,,აჭარასთან’‘ სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის სიძის, ბიზნესმენ ჯონი გიგანის ავტომანქანა ააფეთქეს. ბედად, ბიზნესმენის ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი და მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ვაჟი მანქანიდან რამდენიმე წუთის გადასულები იყვნენ... გამოძიება საბჭოთა უშიშროების სტაჟიან თანამშრომელზე, ალექსანდრე (საშა) მაისურაძეზე გავიდა, რომელიც, თავის მხრივ, ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილთან იყო დაკავშირებული. მართალია, აწგანსვენებული ოლიგარქი მაისურაძესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა სააკაშვილის სპეცრაზმი ტელეკომპანია ,,იმედში’‘ შეიჭრა, გაირკვა, რომ საშა მაისურაძე ჰოლდინგის დაცვის უფროსი იყო... ,,ვარდების რევოლუციის’‘ შემდეგ, მაისურაძე ციხიდან გამოუშვეს. ბიზნესმენი ჯონი გიგანი ,,ვერსიასთან’‘ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მაისურაძის ციხიდან გამოშვება პატარკაციშვილ-ჟვანიას ფინანსური გარიგების შედეგი იყო. ამასთან, ბიზნესმენი, რომელსაც ინტერვიუ არასოდეს მიუცია და, რომელზეც ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თავდასხმა არაერთხელ მოხდა, ,,ვერსიას’‘ ექსკლუზიურად სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც აწვდის...
ბატონო ჯონი, როგორც ვიცი, დღემდე ჟურნალისტებს თავს არიდებთ. ახლა კი, როცა ამბობენ, ნაციონალების ცხრაწლიანი ტერორი ისტორიას ჩაბარდაო, საჯარო განცხადებების გაკეთება გადაწყვიტეთ. რატომ?
ნაციონალების დროს გაუბედურებული ბევრი ოჯახი ვნახეთ, მე კი ტერორისტული აქტი მანამდეც რამდენჯერმე მომიწყვეს. ბოლოს ოჯახი ამიფეთქეს...
თქვენს წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტებში ვინ იყო გარეული?
ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია ანუ ბოლო აფეთქება საშა მაისურაძემ განახორციელა, რომელიც პატარკაციშვილთან მუშაობდა და რომელიც ჟვანიამ გამოუშვა.
რას ნიშნავს, ,,გამოუშვა’‘?
მთელი საქართველო აღშფოთდა, მათ შორის მეც, როცა სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები ციხიდან გამოუშვა... აი, ჟვანიაც ზუსტად ასე მოიქცა. მართალია, გირგვლიანის ოჯახის მსგავსად, ჩვენი არ ამოწყდა, მაგრამ აფეთქების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეუღლე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და ბავშვი ფანჯარასთან რომ მიდიოდა, ყვიროდა, შვილო, თავი გაწიე, არ გესროლონო.
აწგანსვენებული ოლიგარქი რას გერჩოდათ ან რით ამტკიცებთ, რომ ამ აფეთქების უკან პატარკაციშვილი იდგა?
გამოძიებას საამისოდ ყველანაირი მტკიცებულება ჰქონდა; მაგალითად, შემთხვევის ადგილას და საშა მაისურაძის სახლში აღმოჩენილი ,,ტროტილი’‘, ასე ვთქვათ, ერთნაირი იყო... სხვათა შორის, პატარკაციშვილი ამტკიცებდა, მაისურაძეს არ ვიცნობო, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა სააკაშვილის სპეცრაზმი ,,იმედში’‘ შევარდა, აღმოჩნდა, რომ საშა მაისურაძე პატარკაციშვილის ჰოლდინგის დაცვის უფროსი იყო ანუ არათუ იცნობდა, არამედ მისი მარჯვენა ხელი ყოფილა დაცვისა და მკვლელობის დარგში... ყველაფერი კი ,,დინამოს’‘ გამო მოხდა _ შს მინისტრობის დროს, კახა თარგამაძე ,,დინამოში’‘ უკანონოდ შევარდა...
ანუ ,,დინამო’‘ თქვენი იყო და წაგართვეს?
დიახ, ჩემი იყო, სწორედ ამიტომ გავეჩხირე ყელში თარგამაძეს, პატარკაციშვილსა და ჟვანიას.
,,დინამო’‘ რომ არ გადაგეფორმებინათ, რა მოხდებოდა?
რომ არ გადავაფორმე, სწორედ ამიტომ მკლავდნენ!
ეს აფეთქება, როგორც მახსოვს, 2002 წლის გაზაფხულზე მოხდა. იმხანად, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელთანაც თქვენი სიმამრი, სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მეგობრობდა. მართალია, კახა თარგამაძესა და ზურაბ ჟვანიას ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ორივე შევარდნაძესთან დაახლოებულად ითვლებოდა. პრეზიდენტმა ვერ დაგიცვათ?
იცით, რაშია საქმე? მაშინ საქართველოში რუსული უშიშროების ფლანგი ძალიან ძლიერი იყო და ამ საკითხებში შევარდნაძე არაფერს წარმოადგენდა _ რამდენჯერმე თვითონაც ააფეთქეს... პატარკაციშვილი, ჟვანია და საშა მაისურაძე საქართველოში რუსული ,,გერეუს’‘ პირდაპირი წარმომადგენლები იყვნენ!
ამ ბრალდებას როგორ დაადასტურებთ?
პატარკაციშვილმა ერთხელ თქვა, ყოფილი ,,კაგებეშნიკები’‘ არ არსებობენო. მაისურაძე ,,კაგებეს’‘ ოფიციალური პოლკოვნიკი იყო და თუკი მათ საქმეებს ჟვანია ,,აპრავებდა’‘, ესე იგი, რა გამოდის? შევარდნაძე რომ გადააყენეს, ივანოვი ვისთან ჩამოვიდა _ სააკაშვილსა თუ ჟვანიასთან?
ივანოვი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან ჟვანიასთან ერთად მივიდა...
როგორც ადამიანს, ხომ მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ ჟვანია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა?
რა თქმა უნდა, გაქვთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილისა და ,,გერეუს’‘ კავშირებს ამტკიცებენ...
გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, მაგრამ იცით, ამ ყველაფერს ახლა რატომ ვამბობ? _ იმიტომ, რომ პარტიები ცდილობენ, ჟვანია ისე წარმოაჩინონ, როგორც გმირი. სინამდვილეში, ჟვანია გმირი კი არა, ძალიან ცუდ საქმეებში ფულისამღები იყო... პუტინის წარმომადგენელმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყანა ისე გააკოტრა, უკრაინას იმის ფულიც აღარ აქვს, ტანკში საწვავი ჩაასხას და დამპყრობელ რუსეთს ეომოს. თავის დროზე, ჟვანიამაც ეს გააკეთა _ ერთ დღეში ისეთი საგადასახადო კოდექსი მიიღო, მთელი საქართველო მათხოვრად აქცია ანუ ბიზნესმენები და მეწარმეები ხარჯვით ნაწილში დაბეგრა. გარდა ამისა, შევარდნაძე უცხოეთში რომ დადიოდა და საქართველოსთვის ფულს შოულობდა, ამ ფულის დახარჯვა სამინისტროებს პარლამენტის რატიფიცირების გარეშე არ შეეძლოთ. ყველაფერი ეს ჟვანიამ, ჩემი აზრით, ,,გერეუს’‘ დავალებით გააკეთა, რადგან ქვეყანა გაღატაკებულიყო, დაეჩოქა და რუსეთის ფარქვეშ ყოფილიყო...
ბატონო ჯონი, ეს თქვენი აზრია, ფაქტი კი ჟვანიას ცნობილი ფრაზაა: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!’‘ ამასთან გარდაცვლილმა პრემიერმა საფუძველი არაერთ დემოკრატიულ ინსტიტუტს ჩაუყარა, მათ შორის პარლამენტსაც...
საერთოდ, ქართველებს კარგი ზღაპრები გვაქვს... დიახ, გეთანხმებით, ჟვანიამ რაღაც კარგიც გააკეთა, რადგან მხოლოდ ცუდი რომ ეკეთებინა, ხალხი არ ენდობოდა და ეს პოლიტიკაა. ჩემი აზრით, მოჩვენებით კარგს იმიტომ აკეთებდა, ხალხის ნდობა ჰქონოდა... სხვათა შორის, როცა საგადასახადო კოდექსს იღებდნენ, ჯანსუღს ვუთხარი, ქვეყნის დამაქცევარ კანონს ხმა არ მისცე- მეთქი. მეორე დღეს, პარლამენტში გამოვიდა და ჩვეული იუმორით განაცხადა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემმა სიძემ მითხრა, ხმა არ მისცე და არ ვაძლევო... მოკლედ, ამ საგადასახადო კოდექსით ბიზნესი ,,გაშავდა’‘. ბიზნესს იმიტომ აკეთებ, ფული იშოვო ანუ გლეხურად რომ ავხსნა, ფულს ბრუნვა ჰქონდეს, ამ კანონით კი, ვთქვათ, ვიდრე სახლს ააშენებდი, 120 პროცენტი უნდა გადაგეხადა... გახსოვთ, შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი რომ იყო? მაშინ ყველამ იცოდა, ყალბი დღგ-ს ფაქტურები იყო დაბეჭდილი _ ესე იგი თანხა, რომელსაც ვიხდიდით, ბიუჯეტში არ მიდიოდა. ყველაფერი ეს საქართველოსთვის კატასტროფა იყო და არავინ უნდა გამოიძიოს? იმავე პერიოდში ათასნაირი დაჯგუფება შეიქმნა და ყველას უკან პატარკაციშვილი და ჟვანია იდგნენ. ეს რეალობაა!
ბატონო ჯონი, შეგეძლოთ, ყველა ეს ინფორმაცია ედუარდ შევარდნაძისთვის მიგეწოდებინათ. ასე რატომ არ მოიქეცით?
აზრი არ ჰქონდა, რადგან ჟვანია ყველაფერს კარგად ფუთავდა და ვერაფერს დავამტკიცებდი.
დღეს როგორღა დაამტკიცებთ?
ჯერ ერთი, ეს ისტორიაა; მეორეც, ყველა კრიმინალის უკან, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ,,კაგებე’‘ იდგა, საქართველოში კი ,,კაგებეს’‘ ფინანსური წარმომადგენელი პატარკაციშვილი იყო, რომელსაც სამასკაციანი ჯგუფი ჰყავდა...
რუსეთში მოღვაწეობისას პატარკაციშვილთან ურთიერთობა გქონდათ?
არა, თუმცა რუსეთში მისი მოღვაწეობის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი.
ესე იგი, პატარკაციშვილისთვის მიუღებელი მხოლოდ ,,დინამოს’‘ გამო გახდით?
არა, მიუღებელი პოლიტიკურად ვიყავი _ მე რუსეთი კი არა, ევროპა და ნატო მინდა, იქნებ რამე გვეშველოს! თან, სოლიდური ბიზნესის მქონე ადამიანი, რომელსაც ვერ მართავდნენ, მათთვის მიუღებელი იყო. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბიზნესს ვეღარ ვაკეთებდი.
საშა მაისურაძე, როგორც ვიცი, ნინო ბურჯანაძემ 40-დღიანი პრეზიდენტობისას შეიწყალა...
კი არ შეიწყალა, გაამართლეს... ისე, დღეს ნინო სად არის? _ პუტინთან. ნინო პოლიტიკაში ჟვანიამ მოიყვანა, ესე იგი, ვინ იყო ჟვანია? _ ,,კაგებე’‘. არ მჯერა, რომ ,,კაგებე’‘ საქართველოსთვის კარგ რამეებს აკეთებს...
ამის არც მე მჯერა, მაგრამ ბატონი ჯონი, ხომ შეგეძლოთ, ყველაფერი ეს მაშინ გეთქვათ, როცა პატარკაციშვილიც ცოცხალი იყო და ჟვანიაც? გარდაცვლილებზე აუგის თქმა, მინიმუმ, უხერხულია...
იცით, რა არის? _ დადგა დრო, როცა ყველაფერი უნდა ითქვას. პატარკაციშვილი და ჟვანია რომ გარდაიცვალნენ, გავჩუმდი, ჩემს მეუღლეს, თაკო ჩარკვიანსაც ვუთხარი, ოჯახებმა მათი მოქმედებების შესახებ შეიძლება, არაფერი იციან და გავჩუმდეთ- მეთქი. სხვათა შორის, პატარკაციშვილის ოჯახისგან ახლა რაღაც სითბოს ვგრძნობ და მსიამოვნებს... რაც შეეხება ჟვანიას, ჩემი აზრით, ოჯახმა ცოტა რიდით უნდა იმოქმედოს და გმირად არ გამოაცხადოს, რადგან ჟვანიას, ჩემნაირად, ძალიან ბევრი ჰყავს განადგურებული! ჩემი ოჯახის პირდაპირი ამფეთქებელი ჟვანია არაა, მაგრამ მის ოჯახს ვეუბნები: ჟვანია ჩემთვის ორჯერ მკვლელია, რადგან ჩემი ოჯახის მკვლელი გარეთ გამოუშვა! ჟვანია მაფია იყო და სახელმწიფოსთან საერთო არაფერი ჰქონდა! მიხეილ სააკაშვილმა რაღაც ფული ახსენა, რაც დიდი ხანია, ვიცი...
რა იცით?
პატარკაციშვილმა ჟვანიას მილიონები მისცა, რომ საშა მაისურაძე გამოეშვა.
თანამდებობრივად, ჟვანიას ციხიდან ვინმეს გამოშვება არ ეხებოდა...
კი, ბატონო, მაგრამ ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ქვეყნის პირველი პირი იყო _ ხომ გითხარით, პარლამენტის ანუ ჟვანიას რატიფიკაციის გარეშე მინისტრები ფულს ვერ ხარჯავდნენ, მუსიკას კი ის უკვეთავს, ვინც ფულს იხდის. მაშინ საქართველო მაფიოზური ქვეყანა იყო და ამ მაფიის ,,გლავარი’‘ ჟვანია გახლდათ _ ყველანაირ ფულს იღებდა. პატარკაციშვილი შეიძლება, შეშინებულის პოზიციიდან მოქმედებდა, ჟვანია კი ყველაფერს გათვლილად აკეთებდა და კორუფციის ბუდე იყო...
ბატონო ჯონი, ალბათ, ხვდებით, რომ თქვენს განცხადებებს დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვება...
პოლიტიკა არ მაინტერესებს! ამას წინათ, ტელევიზიით აჩვენეს ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჟვანია, სააკაშვილი, პატარკაციშვილი და ჩხარტიშვილი საქართველოს იყოფენ ანუ ეს ჩვეულებრივი მაფია იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხარჯვით ნაწილში ბიზნესის დაბეგვრას, იცით, რა მოჰყვა? _ წელიწადში სიმსივნის 7 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ეს იმის შედეგია, მაშინ ხალხს ლუკმა- პური რომ დააკლდა!
რუსეთის ,,გერეუს’‘ კონტექსტში სააკაშვილს რატომ არ ახსენებთ?
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე, ივანოვი ჟვანიასთან ჩამოვიდა. შეიძლება, სააკაშვილიც ,,გერეუშნიკია’‘, მაგრამ ,,გერეუს’‘, მინიმუმ, აწყენინა და ნატო- ს დაუჯერა, მაგრამ სააკაშვილიც ჩვეულებრივი ბოროტებაა.
მაინც, ვერ გავიგე, ნაციონალებმა რატომ არ დაგიჭირეს და ქონება რატომ არ წაგართვეს?
დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ექვსი დირექტორი დაიჭირეს და ყველა ბიზნესის საბუთი საგადასახადოში ჰქონდათ. საგადასახადო პოლიციაში მეც რამდენჯერმე წამიყვანეს და 11-11 საათი დაკითხვაზე ვიმყოფებოდი, მაგრამ მარტივად ვეუბნებოდი, არ ,,ვიწერ’‘- მეთქი.
რას ,,გაწერდნენ’‘?
მაგალითად, სასტუმრო ,,საქართველოს’‘, რომელიც ჩვენს სააქციო საზოგადოებას ეკუთვნოდა...
ამას ვინ გაიძულებდათ?
შუამავალი, მხდალი რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელმაც სააკაშვილთან ერთად, ძალიან დიდი ფული იშოვა... ჩემი აზრით, ოჯახის გამო არ დამიჭირეს: ჯერ ერთი, თაკოს ვერ გააჩერებდნენ; მეორეც, ჩემს ქალიშვილს, პიანისტ ირმა გიგანს ყველა იცნობს და თაკოსთვის ყველა ქვეყნის საელჩო ღიაა და მესამეც, ჯანსუღ ჩარკვიანი.
ვანო მერაბიშვილმა მართლა თქვა, გიგანის დაჭერით ახალ გირგვლიანს მივიღებთ და არ გვინდაო?
ეს ჭორის დონეზე მაქვს გაგებული.
თქვენს დაჭერას ვინ ითხოვდა?
პირველ რიგში, უდესიანი, რომელმაც მესროლა.
ამ საქმეზე, როგორც ვიცი, არჩევნების შემდეგ, მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. უდესიანს ახლა ვინღა მფარველობს?
როგორც გავიგე, უდესიანმა ,,იბლატავა’‘, ამ საქმის მოგვარება 20 მილიონი დოლარი დამიჯდაო... იმასაც ამბობენ, რომ ამ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის, ამ ორი ,,დუპლეტის’‘ ხელი ურევია _ ძალიან გთხოვთ, ეს ფრაზა ისე დაწერეთ, როგორც გითხარით!
რა თქმა უნდა, მაგრამ ,,დუპლეტი’‘ რას ნიშნავს?
რას და, ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანს. ისე, უდესიანისგან ფულს რომ აიღებ, ეს ასჯერ უბედურებაა...
ქონება დავით კეზერაშვილმაც ხომ წაგართვათ?
არავის არაფერი წაურთმევია, რადგან წართმევას სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ გამყინეს _ ბიზნესი გამიყინეს.
რაც შეეხება სასტუმრო ,,საქართველოს’‘ კოდუასთვის მიყიდვას...
,,საქართველოს’‘ ყიდვა ებრაელებს უნდოდათ, მაგრამ უცებ გამოჩნდა კოდუა, რომელმაც ებრაელებზე მეტი შემოგვთავაზა... სასტუმრო ,,საქართველო’‘ სააქციო საზოგადოება იყო და, სხვათა შორის, კოდუა, როგორც მყიდველი, მე არ მომიყვანია.
აბა, ვინ მოიყვანა?
სხვა აქციონერებმა, რაც გამიკვირდა. ებრაელების შემთხვევაში, ერთიანი გადაწყვეტილება იყო, კოდუას გამოჩენის შემდეგ კი, ყველაფერი ინდივიდუალური გახდა და კოდუასაც მხოლოდ ჩემს აქციებზე ველაპარაკე...
ეს ბიზნესგარიგება თუნდაც ჯანსუღ ჩარკვიანს უხერხულობას არ უქმნიდა?
შეიძლება, მაგრამ უმცირესობაში ვიყავი...
ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა, დათანხმდებოდით თუ არა, კოდუა ,,საქართველოს’‘ მაინც იყიდდა?
დიახ. კოდუა მე არ მომიყვანია, მაგრამ არც იმას ვიტყვი, სააქციო საზოგადოებაში ვინ მოიყვანა, ეს თვითონ თქვას...
მოდით, დამიკონკრეტეთ, ნაციონალების დროს, როგორც ბიზნესმენი დაბლოკილი იყავით თუ არა?
ექვსი კაცი დამიჭირეს და მათ ციხეში შენახვა ხომ უნდოდა? ყველა ჩემი ფირმა დაკეტილი იყო და ბანკს მივმართე, რის შემდეგაც ჩემი ქონება ბანკში აღმოჩნდა. სხვათა შორის, ამ ექვს ადამიანს აიძულებდნენ, ეთქვა, ჯონი გიგანი შავს საქმეებს მავალებდაო, მაგრამ ერთიც არ შეშინდა და ტყუილი არ თქვა...
ამ წნეხის მიუხედავად, პირველი კლინიკური საავადმყოფოს ანუ ე.წ. არამიანცის მიმღების ყიდვა მოახერხეთ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ტენდერში გამარჯვების შანსი რატომ მოგცათ?
ამასაც მოგახსენებთ... ,,მორკინალის’‘ ტერიტორიაზე ძალიან დიდ პროექტს ვაკეთებდი, ლატვიელ მილიარდერთან დრაფ-კონტრაქტი უკვე გაფორმებული იყო და პირველი ტრანში, 35 ათასი აღებული გვქონდა, მაგრამ ეს პროექტი უდესიანმა ანუ ნაციონალებმა ჩამიშალეს.
როგორ?
ლატვიელი მილიარდერი გააქციეს, ჯონი გიგანი ოპოზიციაშია და მასთან არ ითანამშრომლოო. უდესიანი ,,მორკინალის’‘ წილში არ იყო. მეორე ტრანშს ველოდებოდი, მაგრამ ლატვიელი პარტნიორი გაქრა, ამასობაში ჩემთან უდესიანი მოვიდა და მითხრა, მაგარი ინვესტორი მყავს, რომელიც 28 სართულს ააშენებსო. მივუგე, პარტნიორი უკვე მყავს-მეთქი... როგორც ახლა გავარკვიე, ამ პარტნიორის გაქცევაში წვლილი სააკაშვილის ძმასაც მიუძღვის... მოკლედ, გავიდა უდესიანის წინადადება და ერთ-ერთ საქმიან შეკრებაზე უდესიანმა მესროლა.
რატომ?
ლაპარაკს არ გვაცდიდა, ხან ვითომ ერთ გენერალს ურეკავდა, ხან მეორეს... ვთხოვე, დაბრძანდი და საუბარი დაგვაცადე- მეთქი. ამოიღო ,,ნაგანი’‘ და სამი მეტრიდან მესროლა. ,,მორკინალის’‘ მაშინდელმა დირექტორმა, დათო მიქაბერიძემ გადამარჩინა _ ხელი აუკრა, მეორე და მესამე უდესიანმა ჰაერში გაისროლა... პირველმა ტყვიამ კი თმა შემიტრუსა ანუ უდესიანი მკლავდა...
ესე იგი, ,,არამიანცის’‘ მიმღების ყიდვაში ხელი იმიტომ არ შეგიშალეს, რომ ამ ინციდენტზე ხმა არ ამოგეღოთ?
არა... მოკლედ, უდესიანმა რაც თქვა ინვესტიციასთან დაკავშირებით, არ შეასრულა. მოგეხსენებათ, მას პირის ნაცვლად, რაც აქვს... ყველაფერ ამის გამო, პრაქტიკულად, გაკოტრების პირას მივედი. ამ დროს ,,არამიანცის’‘ მიმღები გამოიტანეს აუქციონზე, ვიფიქრე, ,,მორკინალს’‘ ბანკში ჩავდებ და ტენდერში მონაწილეობას მივიღებ- მეთქი. წესით, ბანკს კრედიტი არ უნდა მოეცა, მაგრამ ესეც, ალბათ, ხრიკი იყო _ უნდოდათ, ერთიანად კუთხეში მივემწყვდიე. სხვათა შორის, იმხანად ბანკიდან მსხვილი კრედიტის აღების საკითხს სამი კაცი _ სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი წყვეტდა...
ბატონო ჯონი, თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამე შეიცვალა?
კი, ბევრი რამ: ჯერ ერთი, ივანიშვილმა ყველა ფიზიკურად გადაგვარჩინა; მეორეც, კარგი ქნა, რომ გვერდით გაიწია და პრემიერად ისეთი ადამიანი მოიყვანა, რომელმაც არ იცის, კომუნიზმი რა არის. დღეს უკვე იმის საშუალება მაქვს, ვიფიქრო და ეს ბედნიერებაა, თორემ ვინმე გამოვიდეს და თქვას, შევარდნაძის ან სააკაშვილის დროს ვინმესთან თუ მივსულვარ და შემიწუხებია. დღესაც არავის შევაწუხებ!
ამბობენ, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში ისევ გააქტიურდნენ. ამ ფონზე, საფრთხე ისევ გემუქრებათ?
ალბათ...
ბატონო ჯონი, თქვენს სიმამრს, ჯანსუღ ჩარკვიანსა და მეუღლეს, პუბლიცისტს თაკო ჩარკვიანს რატომ არ აჩუმებდით, რომ ნაციონალებთან პრობლემები აღარ შეგქმნოდათ?
(იღიმის) კარგი, რა, ამას როგორ ვიკადრებდი?! ჯანსუღი კომუნისტების დროს არ გაჩუმებულა და მე როგორ ვეტყოდი, გაჩერდით- მეთქი. გირგვლიანი რომ მოკლეს და თაკოსთვის მეთქვა, ქუჩაში არ გახვიდე- მეთქი, ეს ხომ საზოგადოების კვდომა იქნებოდა და თუ საზოგადოება მოკვდება, მაშინ საქართველოც დაიღუპება!
ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლოა, გაჩნდეს მოსაზრება, რომ პოლიტიკაში გინდათ მოსვლა და ამიტომ გააქტიურდით...
არა, რა სისულელეა! უბრალოდ, საქართველოს ისტორია კარგად ვიცი _ ქვეყანა ფსევდოგმირებმა წალეკეს! ფსევდოგმირები ისინი არიან, რომლებიც რუსულმა ,,კაგებემ’‘ შეგვიქმნა. ახალგაზრდობას თუ არ ვეტყვით, სინამდვილეში, პავლიკ მოროზოვი ვინ იყო, ქვეყნად ვერ შევდგებით!
ბატონო ჯონი, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: როგორ ფიქრობთ, ზურაბ ჟვანია მოკლეს?
რა თქმა უნდა, მოკლეს და ეს საქმე უნდა გამოიძიონ, მაგრამ ამასთან, ჟვანიას მოქმედებებიც გამოსაძიებელია. გერმანია თვლის, რომ შევარდნაძემ სიკეთე გაუკეთა და ამიტომ ლეგენდარულ მე-9 ბლოკისთვის თანხას აძლევდა, მაგრამ ეს მილიონები სად მიდიოდა?
სად?
გამოიძიონ ეს ფული ვის მიჰქონდა და ჟვანიასთან მივლენ, რომელიც საბოტაჟით იყო დაკავებული. გითხრათ, სად წავიდა ეს ფული? _ რუსეთის ,,გერეუმ’‘ წაიღო. ეს რეალობაა და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ! სხვათა შორის, მაშინ გაზს რუსეთი გვაწვდიდა, ფულს ვერ ვუხდიდით, მაგრამ არ გვითიშავდა და იცით, რატომ? _ ვთქვათ, ერთი კუბი გაზი 10 ლარი ღირს. საზღვარზე მრიცხველმა დააფიქსირა, რა რაოდენობის გაზი შემოვიდა. ხალხისგან ამოღებული ფულის 50 პროცენტი, როგორც ,,შავი ფული’‘ რუსეთში მიდიოდა, 50 კი ჟვანიასთან. ამასთან, სახელმწიფო რუსეთს დავალიანებას ოფიციალურადაც უხდიდა. ეს მხოლოდ კორუფცია კი არა, პოლიტიკაც იყო, რომ რუსეთის წინაშე დაჩოქილი ვყოფილიყავით... დიახ, ჟვანია ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ რუსეთს ემსახურებოდა! ჯონი გიგანის განცხადებას, რომ ბადრი პატარკაციშვილმა საშა მაისურაძის პირველი პატიმრობიდან გათავისუფლებაში ზურაბ ჟვანიას რამდენიმე მილიონი გადაუხადა, ერთი გარემოებაც ამყარებს: როგორც აწ განსვენებული ოლიგარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში, რომელიც გაზეთ ,,ქრონიკა+’‘-ში გამოქვეყნდა, განაცხადა, 2007 წლის 7 ნოემბრის ამბების მერე, მისი და საშა მაისურაძის თავისუფლებაში პატარკაციშვილი მზად იყო, 20 მილიონი გადაეხადა. ,,სანამ მე ციხეში ვიყავი და ბადრი ცოცხალი იყო, ჩემს ოჯახს შეუთვალეს, რომ ჩვენი გათავისუფლება შესაძლებელი იყო 25 მილიონი დოლარის გადახდის სანაცვლოდ. რამდენადაც ვიცი, 20 მილიონზე შეთანხმდნენ და ბადრი გადახდას აპირებდა, მაგრამ აღარ დასცალდა’‘, _ აცხადებს ზემოხსენებულ ინტერვიუში გიორგი ბერიძე. მოკლედ, აწ განსვენებული პატარკაციშვილისთვის საშა მაისურაძე იმდენად ძვირფასი გახლდათ, რომ მზად იყო, მისი თავისუფლება 20 მილიონად ეყიდა. რატომ იყო პატარკაციშვილისთვის ასე ძვირფასი უშიშროების პოლკოვნიკი მაისურაძე? - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მკითხველს არ გაუჭირდება...