დაეხმარება თუ არა გაზსადენის ჩინური პროექტი - „ციმბირის ძალა 2“ პუტინს?

დაეხმარება თუ არა გაზსადენის ჩინური პროექტი - „ციმბირის ძალა 2“ პუტინს?

ჩინეთმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნა. ვლადიმერ პუტინისთვის კი პეკინში ვიზიტი იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ომის დროს რუსეთი მარტო არ არის.

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრების სერია რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის სამმხრივი სამიტით დაიწყო, რასაც პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა მოჰყვა. თავდაპირველად, ჩინეთისა და რუსეთის დელეგაციები სრული შემადგენლობით შეხვდნენ, შემდეგ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებმა კომუნიკაცია „ფინჯან ჩაიზე“, ხოლო შემდეგ სეირნობის დროს განაგრძეს.

კრემლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვმა და პეკინმა ხელი მოაწერეს 22 დოკუმენტს. შეთანხმებები შედგა ენერგეტიკის, ჯანდაცვის, მრეწველობის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის სფეროებში.

მოსკოვისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია რუსეთის „გაზპრომსა“ და ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციას (CNPC) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. როგორც „გაზპრომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პეკინში ხელი მოეწერა იურიდიულად სავალდებულო მემორანდუმს ჩინეთში ახალი გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2“-ის მშენებლობაზე. თუმცა, ჯერ არ არსებობს ინფორმაცია კონტრაქტის, ფასისა და სხვა დეტალების შესახებ, მაგრამ ექსპერტებმა ხელმოწერამდეც კი აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე ეს მთავარი არ არის.

„თავდაპირველად, რუსეთისთვის ეს პროექტი არაკომერციული ფაქტორებით იყო განპირობებული. ჩინეთისთვის მთავარი საკითხები გაზის ფასი და ერთ მომწოდებელზე ზედმეტი დამოკიდებულება იყო, თუმცა აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს“, - ამბობენ ექსპერტები.

რატომ სჭირდება პუტინს ახალი გაზის მილი?

პუტინმა ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფსონი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში დადო და გვერდზე გადადო რუსეთის ეკონომიკის ნავთობისგან განთავისუფლების ადრინდელი იდეები. თუმცა, უკრაინაში შეჭრამ ეს გეგმები ჩაშალა. ამან გამოიწვია დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგო, ხოლო გაზის ომმა ევროპასთან რუსეთს გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების უმეტესი ნაწილი წაართვა, რამაც ისტორიაში პირველად, „გაზპრომი“ წამგებიანი გახადა.

პროექტი „ციმბირის ძალა 2“ კი „გაზპრომისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი განხორციელება უზრუნველყოფს მის ლიდერობას რუსეთის გაზის ინდუსტრიაში, ხოლო წარუმატებლობა საფრთხეს შეუქმნის კომპანიის არსებობას“, - წერენ გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსები.

მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო, რუსეთი მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს კარგავს, ამერიკა, კრემლის მთავარი გამოცხადებული მეტოქე, ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ იქცა. ის ყველაზე მეტ ნავთობსა და გაზს აწარმოებს და მუქარის გამოყენებით, დონალდ ტრამპი, სხვა ქვეყნებისგან ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვების გაზრდის დაპირებებს იღებს.

ამ ფონზე, რუსეთის ევროპულ ბაზარზე დაბრუნების იმედი გაქრა და ჩინეთი რჩება ერთადერთ მყიდველად, რომლისთვისაც შესაძლებელია ციმბირიდან გაზსადენის გაფართოება.

შეძლებს თუ არა ჩინეთი დაკარგული ევროპის ჩანაცვლებას?

ექსპერტების მოსაზრებით, „ციმბირის ძალა 2“, სავარაუდოდ, ხუთ-ექვს წელიწადში აშენდება და თავის საპროექტო სიმძლავრეს ათ წელიწადში მიაღწევს , ამიტომ ის ევროპაში დაკარგულის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.

ანალიტიკოსების თქმით, დეკლარირებული სიმძლავრე - 50 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში, ნაკლებია ევროპასა და თურქეთში ექსპორტის პიკზე. ომამდე, „გაზპრომი“ გერმანიაში, „ნორდ სტრიმის“ მეშვეობით, მიწოდებიდან ყოველ 1000 კუბურ მეტრზე 135-155 აშშ დოლარს იღებდა, წმინდა შემოსავლის სახით.

მაგრამ, მაინც ცუდი არ არის

„ამ გაზსადენს შეუძლია წელიწადში 2.5-დან 4.3 მილიარდ დოლარამდე გენერირება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია ევროპასთან გაზის ვაჭრობის ყოველწლიურად გენერირებულ 20 მილიარდი დოლარის ოდენობაზე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი თანხაა“, - ამბობენ ანალიტიკოსები.

რუსეთის ეკონომიკაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, დამატებითი შემოსავალი კრემლისთვის სასარგებლო იქნება. ამავდროულად, მეგაპროექტი გააცოცხლებს რუსეთის ფოლადისა და ქვანახშირის მრეწველობას, რომელმაც სანქციების გამო, უცხოური ბაზრები დაკარგა.

წყაროები: https://www.bbc.com/russian/articles/cx2929w64vzo

                    https://www.bbc.com/russian/articles/ce353wqv9g5o