ტრამპი პუტინით უკმაყოფილოა

ტრამპი პუტინით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2 სექტემბრის პრესკონფერენციამ და სატელეფონო ჩართვამ ფართო გამოხმაურება გამოიწვია, როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ მედიაში. ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ვლადიმირ პუტინით და გარკვეულ ნაბიჯებს ელოდება ომის მსხვერპლთა შესამცირებლად. მისი თქმით, „ჩვენ გავაკეთებთ რაღაცას, რათა ადამიანებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ“.

ტრამპის ეს ტონი განსხვავდებოდა მისი ადრინდელი განცხადებებისგან, სადაც ის ხშირად ცდილობდა, პუტინთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილი ბალანსი დაეცვა. თუმცა, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ტრამპის განცხადებით, მას უკრაინაში ომის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობები აქვს: „ძალიან საინტერესო რაღაც გავიგე. უახლოეს დღეებში თქვენც გაიგებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა არ შედგება, მაშინ ამას შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს: „ვნახოთ, რა მოხდება. მე ამას დიდი ყურადღებით ვაკვირდები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

დასავლური მედია ტრამპის გამოსვლას ორად ჰყოფს. სააგენტო Reuters ტრამპის განცხადებებს „ჰუმანიტარულად შეფუთულ პოზიციად“ აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  პრეზიდენტის სიტყვები კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმად ვერ ჩაითვლება. CNN და The Daily Beast კი უფრო კრიტიკულად მიუდგნენ და აღნიშნეს, რომ ტრამპის ფრაზები ზოგადი და ბუნდოვანია, რეალური ზეწოლის მექანიზმებს კი რუსეთზე ვერ უზრუნველყოფს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის განცხადებებს პარალელურად, საკუთარი კომენტარით უპასუხა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი მხოლოდ ძალას ისმენს“ და დასავლეთს მოუწოდა, მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო გაამკაცროს. მისი თქმით, „დამატებითი სანქციები აუცილებელია, რათა ომი შეაჩეროს იმ სახელმწიფომ, რომელიც მხოლოდ სამხედრო ძალით ლაპარაკობს“.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რისთვისაც 500-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა და თავდასხმის შედეგების ამოსაფხვრელად ამჟამად ყველა საჭირო საგანგებო სამსახური, ენერგეტიკის სფეროსა და რკინიგზის მუშაკი მუშაობს.

„მთავარი სამიზნეები იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტები, სატრანსპორტო კვანძი, ავტოფარეხის კოოპერატივიც კი და, როგორც რუსებისთვის უკვე რუტინად იქცა, საცხოვრებელი ტერიტორიები. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ღამით ათობით საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციები მიმდინარეობს. ეს აშკარად დემონსტრაციული რუსული დარტყმებია. პუტინი თავის დაუსჯელობას აჩვენებს და ეს, უდავოდ, მსოფლიოსგან რეაგირებას მოითხოვს. ეს აგრესია მხოლოდ საკმარისი ზეწოლის არარსებობის გამო, პირველ რიგში, რუსეთის საომარ ეკონომიკაზე გრძელდება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პარტნიორებთან ერთად განიხილავენ ზეწოლის ძლიერი ზომების საჭიროებას. დღეს კი დანიაში, უკრაინა-სკანდინავიური და ბალტიის ქვეყნების სამიტი გაიმართება.

ზელენსკის გზავნილი მკაფიო იყო: უკრაინას არ ჰყოფნის მხოლოდ „ჰუმანიტარული თანაგრძნობა“ და საჭიროა რეალური ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს შეასუსტებს.

ანალიტიკოსების შეფასებით , ტრამპის განცხადება შეიძლება პოლიტიკური მანევრი იყოს - საკუთარი მგრძნობელობის დემონსტრირება მკაცრი პოზიციის დაფიქსირების გარეშე. ეს მას აძლევს საშუალებას, ერთდროულად წარმოაჩინოს თავი, როგორც „ჰუმანიტარული საკითხების მომხრემ“ და ისე შეინარჩუნოს მოქნილი სივრცე მოსალაპარაკებლად.

თუმცა, როგორც უკრაინაში აღნიშნავენ, მსგავსი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთი ხშირად მხოლოდ კონკრეტულ სანქციებსა და სამხედრო წნეხზე რეაგირებს. შესაბამისად, ტრამპის განცხადება დასავლეთისთვის ერთგვარ გამოცდად იქცა: რამდენად შეძლებს საერთაშორისო საზოგადოება სიტყვების ნაცვლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.       

საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარის, გიორგი ბილანიშვილის განცხადებით კი, რეალურად ძალიან რთულია ტრამპის განცხადებების სერიოზულად შეფასება და რამე პროგნოზის გაკეთება. ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, რომ მას ხშირად ახასიათებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, განსაკუთრებით, რუსეთთან მიმართებით.

„ბოლო დროს რუსეთს სანქციებით ემუქრებოდა, მაგრამ ამაზე საერთოდ აღარ საუბრობს. მაინც ვფიქრობ, რომ ის მოლოდინის რეჟიმშია. ელოდება, რომ პუტინი რამე ადეკვატურ ქმედებაზე გადავა, რაც ცოტა არარეალურია. მოსკოვი ომის დასრულებას მხოლოდ საკუთარ პირობებზე თანხმდება. ეს პირობები იმდენად რადიკალური აღარ არის, როგორც აშშ-თან დიალოგის დაწყებამდე იყო, მაგრამ ახლაც არარეალურია. პუტინს სურს, რომ უკრაინელებმა დონეცკი დატოვონ. ეს შეუსრულებელი მოთხოვნაა, რადგან ზელენსკის ამის სურვილიც რომ ჰქონდეს, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. რუსეთი კომპრომისული გადაწყვეტილების სივრცეს არ ტოვებს.

ამიტომ ტრამპს ახლა მხოლოდ ორი გამოსავალი აქვს: ან ახალი სანქციების დაწესება და ძველის გაფართოება, ან უბრალოდ უნდა თქვას, რომ ის ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გადის. ტრამპმა ეს მუქარა უკვე გააჟღერა, შესაბამისად, პუტინის გაჯიუტების შემთხვევაში, რისი მოლოდინიც რეალურია, აშშ-ის პრეზიდენტს ეს ორი გამოსავალი აქვს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, რთული სათქმელია“,-ამბობს ანალიტიკოსი.

ბილანიშვილი აცხადებს, რომ ალიასკაზე გამართული სამიტის შედეგი მხოლოდ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება, თუმცა ამ ეტაპზე, მკაფიოდ ვერ ითქმის, რომ ეს პროცესი შეჩერდა.

ბილანიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ კონსტიტუციის თანახმად გადაწყვიტა ომის პირობებში არჩევნები არ ჩაეტარებინა, რუსეთმა ფორმალურად მიიღო საფუძველი, რომ უკრაინის პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოეცხადებინა.

„პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა არასდროს სურდა, ახლა კი მას ფორმალური საბაბიც მიეცა, რაც ხელს აძლევს. კრემლი ამ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რომ პირისპირ მოლაპარაკებებზე უარი თქვას. ჩემი შეფასებით, პუტინს არც პირისპირ და არც ცალმხრივ ფორმატში ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს.  რუსეთს ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია იმ სამხედრო მიზნებისთვის, რაც თავდაპირველად ჰქონდა დასახული, ამიტომ პუტინი მით უმეტეს არ აპირებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას. ეს, საბოლოო ჯამში, თავად პუტინისთვის იქნება წამგებიანი“, - ამბობს ბილანიშვილი.