ბრიუსელის კრიტიკის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საქართველოს წევრობას მხარს უჭერს

ბრიუსელის კრიტიკის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საქართველოს წევრობას მხარს უჭერს

ბრიუსელის მკაცრი განცხადებების პარალელურად, „ევრობარომეტრის“ უახლესი კვლევა სხვა სურათს აჩვენებს - ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა საქართველოს გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. ეს იმ დაძაბული ურთიერთობის ფონზე ხდება, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად შეაჩერა თბილისთან მოლაპარაკებები და ღიად აკრიტიკებს ხელისუფლების პოლიტიკას.

მთლიანობაში, ევროკავშირში წევრი ქვეყნების მოსახლეობის 46% მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას, ხოლო 43% წინააღმდეგია. ყველაზე მეტად საქართველოს გაწევრიანებას შვედეთის (71%), ლიეტუვას (62%), დანიისა (61%) და ლატვიის (61%) მოქალაქეები უჭერენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად - ჩეხეთსა (29%) და ავსტრიაში (29%). ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 74% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 43%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა ევროკავშირზე.

თავად ევროკავშირის მოსახლეობის 56% მხარს უჭერს გაფართოებას. 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ კანდიდატები ევროკავშირს მას შემდეგ უნდა შეუერთდნენ, რაც საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები შედეგებს პოზიტიურად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ ევროპელების მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ევროპის მოსახლეობა ხედავს, რომ საქართველო წინ არის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე და იმსახურებს გაწევრიანებას. პოლიტიკური განცხადებები ბრიუსელიდან ხშირად სუბიექტურია, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა აჩვენებს რეალურ სურათს“, - ამბობს კალაძე.

ასევე, ხელისუფლების არგუმენტია, რომ კვლევა სწორედ კრიტერიუმების შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს შანსი მაღალია, თუ რეფორმების გატარებას განაგრძობს.

ოპოზიცია კი კვლევის შედეგებს სხვაგვარად კითხულობს. მათი შეფასებით, მაღალი მხარდაჭერა ევროპელ მოსახლეობაში პოზიტიური სიგნალია, მაგრამ მთავარი პრობლემა სწორედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაა, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობებს ამწვავებს.

ოპოზიცია განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ სკეპტიციზმი მაღალია ისეთ დიდ სახელმწიფოებში, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და იტალია. მათი აზრით, ეს პოლიტიკური გაუცხოების შედეგია, რომელიც ბოლო თვეებში, „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ და ბრიუსელთან მწვავე რიტორიკის ფონზე გაღრმავდა.  ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დიდი ხანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობისა და ბრიუსელის ბიუროკრატების პოზიციები ერთმანეთს აღარ ემთხვევა. მისი აზრით, ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, თუ როგორ იყენებს ბრიუსელი კანდიდატის სტატუსსა და წევრობას საქართველოს ხელისუფლების დასაშანტაჟებლად.

„არაერთი ევროპელისგან მომისმენია პირადად, როგორ დარწმუნდნენ საქართველოს ნახვის შემდეგ, რომ ნამდვილი ევროპული ქვეყანა ვართ. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა, განსაკუთრებით სპორტში, სადაც ჩვენს სპორტსმენებს ძალიან დიდი და სერიოზული წარმატებები აქვთ. ამ ცნობადობამ კი ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული ინტერესი შემატა. ასევე ვხედავთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენს წევრობას ყველაზე მეტად უჭერენ მხარს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც, ალბათ, სხვა ევროპულ ქვეყნებზე უკეთ გვიცნობენ. მათ საქართველოსთან აქვთ და ჰქონიათ გარკვეული შეხება, რაც მათ სენტიმენტებზეც მეტყველებს. ამიტომ, ეს ძალიან დადებითი მონაცემებია, თუმცა ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მძიმეა და ბოლო დროს სერიოზულ დაძაბულობაში გადავიდა“, - ამბობს მამრაძე.

მისი თქმით, უკვე დიდი ხანია, ბრიუსელი, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას შანტაჟისთვის იყენებს. მამრაძე იხსენებს ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებსა და იმ აქციებს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმართებოდა.

„ევროპაში ძალიან ბევრმა არ იცის, რა ხდება საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორ ზეწოლას განიცდის ჩვენი ხელისუფლება იმის გამო, რომ მას სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აქვს არჩეული და ის საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად ცდილობს მოქცევას. ვიცით ისიც, რომ სანამ საქართველოში რუსეთის ბაზებია და მისი 20% ოკუპირებულია, არავინ არსად მიგვიღებს. ამიტომ, ეს ბლეფი კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს.

მიუხედავად ამისა, ქართველების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპულ ოჯახს ვეკუთვნით, თუმცა ბევრ მათგანს გაუჩნდა სკეპტიციზმი: თუ რეფორმებს ვახორციელებთ და თუნდაც უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, მაშინ, რა არის მიზეზი, რის გამოც არ გვიღებენ? ხალხი სვამს ლოგიკურ კითხვებს და უკვე ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რატომ ხდება ეს ყველაფერი. რატომ გვემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის წართმევით? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთვის მისაღებ პოლიტიკას არ ატარებს“, - ამბობს მამრაძე. 

 

 

დოი ევროკომისრები და ევროკავშირის დელეგატები არ არიან ევროპელები,ეგენი არიან რუსულად წინაპრების ფაშიზმის მიმდევრები!
4 წუთის უკან