დიტო გელოვანი: „არმაგედონი, ანუ მაკუმბა მაკუმბას შემდეგ“

დიტო გელოვანი: „არმაგედონი, ანუ მაკუმბა მაკუმბას შემდეგ“

„მუდამ ასეა, ბერიქალები ღმერთს ან წარუდგებიან, ან სულს აბარებენ. გააჩნია, რანაირი ბერიქალია. თქვენი, მაგალითად, პატარა ტანის იყო - მაშასადამე, წარუდგა. თუ მაგალითად, ბერიქალი უფრო მაღალი და გამხდარია, იმაზე იტყვიან, ღმერთს სული ჩააბარაო“. „იტყვიანო? ვინ იტყვის?“ „ჩვენ, ოსტატები ვიტყვით. აი, თქვენ, მაგალითად, შესამჩნევი მამაკაცი ხართ, მაღალი ტანისა, ოღონდ გამხდარი. ღმერთმა დაგიფაროთ და თუ მოკვდით, თქვენზე იტყვიან - ყუთში ჩახტაო. ვაჭრებზე, ვთქვათ, გილდიის წევრებზე, იტყვიან - თქვენი ჭირი წაიღოო. პატარა ჩინის ხალხზე, მეეზოვეებზე ან გლეხებზე - ფეხები გაფშიკაო. მაშ! ჰოდა, როცა დიდნი კვდებიან, - ვთქვათ, რკინიგზის კონდუქტორი ან ვინმე უფროსთაგანი, მაშინ იტყვიან - მუხა წაიქცაო. დიახ, სწორედ ასე იტყვიან: “გაიგე, ჩვენი მუხა წაიქცაო“.

(ილია ილფი, ევგენი პეტროვი. „თორმეტი სკამი“)

პოლიტიკურ გვამებზე რაღას ამბობენ? ალბათ ამას - ძაღლი მიაკვდაო, ან მ...ნია პატრონიო, წავიდეს მაგისიცო... სტოპ!!! სად უნდა წავიდეს? კი არ უნდა წავიდეს, უნდა ჩამოვიდეს, რადგან იქ, სადაც ჯერ არს, კითხვები დაუგროვდათ, კითხვა კი ისეთი რამ არის, რომ აუცილებლად მოითხოვს პასუხს, ან ისე, ან ასე, რამენაირად და რაღაცნაირად, ოღონდ პასუხი უნდა იყოს დამაჯერებელი.

აბა, გვამს რა პასუხი უნდა მოთხოვო, მაგრამ პოლიტიკური გვამი სხვაა, იგი სხვაა, თუნდაც იმიტომ, რომ წესიერი გვამებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გვამებს ბევრი ლაპარაკი უყვართ და ხშირად ისეთ სისულელეებს ამბობენ, პირი ღია დაგრჩება.

„პრეზიდენტობის დროს აღმოვაჩინე, რომ ბებიაჩემს - მზია წერეთელს ბაბუაჩემმა გივიმ დაუტოვა ერთ-ერთი რესტორნის წილი - 5% და გავგიჟდი. მოვიყვანე ბებიაჩემი, რომელიც ძალიან აქტიური ქალია,  ძალიან მიყვარს და არ დაგიმალავთ, ხმას ავუწიე და ვუთხარი, რომ როგორ შეიძლება, პრეზიდენტის ბებიას ჰქონდეს რესტორნის წილი-მეთქი?! როგორ მოგივიდათ ეს თავში მეთქი?.. თავს იმართლებდა, ბაბუაშენმა დამიტოვაო. სხვათა შორის, აქეთ მეჩხუბა და მითხრა, რომ ერთხელ მაინც იკითხე, რითი ვცხოვრობ ეს წლებიო! ამ რესტორნიდან თვეში 2000 ლარის შემოსავალი მაქვს და ამით ვცხოვრობო… მართალი იყო, არ მიმიცია არასდროს ფული. საბოლოოდ ეს წილი უსასყიდლოდ სხვისთვის გადავაფორმებინე და დავტოვე ამ შემოსავლის გარეშე. ასე ვექცეოდი მე ჩემს ნათესავებს“,  - განაცხადა ცნობილმა პოლიტიკურმა გვამმა.

ეს რომ სამოციან წლებში მომხდარიყო, იქნებ კამათიც კი შეექმნათ ზოგიერთებს, ერთნი იტყოდნენ - თქვა და გაწითლდაო, მეორენი შეეწინააღმდეგებოდნენ, გაწითლების უნარს შუბლის ძარღვი უზრუნველყოფს და ვინ მისცა მაგას შუბლის ძარღვიო.

თუმცა, ახლა 21-ე საუკუნეა, ტელევიზორები ფერადია და ეგეც არ იყოს, ზუსტად არის დადგენილ-დადასტურებული, რომ თანდაყოლილ სიმახინჯეთა შორის ყველაზე საშიში უშუბლისძარღვობაა, რამეთუ უშუბლისძარღვოები უტვინოთა და უხერხემლოთა ხორცით იკვებებიან, ასეთები კი კაცობრიობის (მეტადრე - პოსტსაბჭოთა კაცობრიობის) დიდ უმრავლესობას შეადგენენ.

ასეა თუ ისე, საახოვი დაბარებულია და საკითხავი ის არის, რა უფრო წაგვადგება, სკაიპიდან ურცხვი ტყუილები გვაფრქვიოს თუ იწანწალოს ქალაქიდან ქალაქში და ნებისმიერ უწყინარ კითხვაზე (მაგალითად, „უკაცრავად, რომელი საათია?“ ან „ზედმეტი ბილეთი ხომ არ გაქვთ?“) შიშით გული უჩერდებოდეს.

კი, ამბობენ, პროკურატურაში მაგის დაბარებას რევანშის სუნი ასდისო, მაგრამ მერე რა - კანონის აღსრულება სწორედაც რომ რევანშია, რომელსაც ზნეობა და სამართალი უზნეობასა და უსამართლობაზე იღებს.

მოკლედ, მე რევანშისტი ვარ და ყველა ბილდტმა და ბარუზომ თავის თავს და, თუ უნდათ, ერთმანეთს მოუარონ.

25 წელია ეს ქვეყანა ინგრევა და პარტახდება, დასჯით კი ჯერ არავინ დასჯილა. ევროპის კარი ღიააო და... არ გვიშვებენ, ნატოს კარი ღიააო და თურმე ჯერ ნატოსკენ მიმავალ გზას არც დავდგომივართ... იქნება და ეს ყველაფერი სწორედ იმის ბრალია, რომ ვინგრევით, ვპარტახდებით, ხოლო დასჯით კი არავინ არ დასჯილა? დაისაჯოს დასასჯელი და თუ მაინც არ გაგვეღება ნატოს ალაყაფი, სამართლიანობის აღდგენა ხომ მაინც შეგვრჩება? მეტი რა შეგვრჩება!

რაც შეეხება იმას, აი, სამიტების წინ ამგვარი დაკითხვა-დაბარებები ხელისშემშლელი იქნებაო... მსოფლიოში თვე ისე არ ჩაივლის, რაღაც მნიშვნელოვანი სამიტი რომ არ გაიმართოს, ამიტომ, ვთხოვოთ და დაგვიწესონ რაღაც პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეგვეძლება სამართლიანობის აღდგენა, დანარჩენ დროს კი გინებასა და გულისხეთქვაში გავატარებთ.

ანაც ის... რა ამბავია ერთბაშად ამდენ საქმეზე დაკითხვაო... ეს საყვედურ-არგუმენტი ძირითადად იმათ მოყავთ, მწვადსა და შამფურს რომ უფრთხილდებიან, მე კი ამ პროკურატურის გამკვირვებია, რომ არ გამოდის და არ ამბობს, სულ რამდენ საქმეზე არსებობს კითხვები და რომ ეს ათი-თორმეტი მხოლოდ მცირე ნაწილია, ანუ ეს არის ჟურნალი და თუ კოლმეურნეობების ინკოგნიტო თავმჯდომარეები ბევრს ილაპარაკებენ, კინო ყოველგვარი ჟურნალის გარეშე დაიწყება.

ოეეე, მეხაშეეე!!!

"მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ერთ-ერთი აქტიური საერთაშორისო მოღვაწე და ლიდერი ანტიპუტინური ფრონტისა. ეს ასეა საქართველოს გასული წლების მოვლენების გათვალისწინებით და აქედან გამომდინარეობს ივანიშვილის პათოლოგიური შიში, შიზოფრენიული ბოღმა სააკაშვილის მიმართ, რომელსაც ვერ ფარავს მაშინაც კი...“ - თქვა გოკა-თვალებამ და თვალები ფართოდ დახუჭა.

"დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ხოლო ის, თუ როგორ გააკეთებს ამას, შესაბამის ფორმას თავად მოიფიქრებს" - თქვა რიჟა-ზურაბამ და თმაში ჭაღარა შემოერია.

პოლიტიკური მუმია - თქვა თინა ხიდაშელმა და ის ფილმი გამახსენდა - „ანქსუნამუუუნ“

„აშშ-ში არც ერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გვარი არ თქმულა“ - თქვა თედო ჯაფარიძემ და ეს კი უკვე ვეღარ დავიჯერე. გვარი არ არის მთავარი, მთავარი არის გაგება, გაგების აღსანიშნავად კი ხშირად სხვადასხვა სიტყვებს იყენებენ ხოლმე, ზედსართავ სახელებს და ა.შ. მაგ. გიჟი, შიზოიდი, დორბლიანი, ჩოყლაყი, ბიძას ბიჭი, დაშნაკი, საახოვი... ილი ია ეო ვიდუ ვ ზაგს, ილი ანა მინია ვიძიოტ ქ ფრაქურორუ.

გიჟი, შიზოიდი, დორბლიანი, ჩოყლაყი... - ეს ყველაფერი თანმხლებია ძირითადისა,იმ ძირითადისა, საიდანაც ხდება ყველაფრის განსაზღვრა, ანუ რა, სად, როდის, ვინ, როგორ, რატომ, რისთვის და სხვ.

ძირითადი კი, ჩემი ღრმა რწმენით, ბიძას ბიჭობაა, ბიძა უყვარს ნამეტნავად, თან ისე უყვარს, რომ ბიძის გამო დედის დაგინებასაც წარბშეუხრელად იწერს, როგორც ეს გასულ კვირაში მოხდა: "რანაირად არის "კა-გე-ბე-შნიკი", ცოლი ამერიკის მოქალაქე ჰყავს, ორივე შვილი ამერიკის მოქალაქე ჰყავს, თვითონ "გრინ კარტა" აქვს და არ იღებს მოქალაქეობას მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პასპორტის დათმობა არ უნდა. "კაგებეშნიკი" ბიძაო იმდენჯერ გაიმეორეს, მე რომ ვუყურებ ხოლმე, ძალიან ხშირად ვხვდები, მეც ხანდახან წამომცდება ხუმრობა, აბა ხომ არ დაგაწინაურეს, აბა გენერალ-ლეიტენანტო და არ სიამოვნებს, მასაც ყელში აქვს ამოსული", - ჭირიანთან ინტერვიუში დაიწუწუნა წვინტლიანმა.

რამდენმა უნდა დაიგინოს, რამდენჯერ უნდა დაიგინოს, რა უნდა დაიგინოს... აზრი არ აქვს, უშუბლისძარღვოს  რა უნდა ელაპარაკო?! საერთოდაც, ყველა საქმეს ცოდნა უნდა, მათ შორის ლაპარაკსაც. ადამიანების ბევრი სხვადასხვანაირი კატეგორია არსებობს, ზოგს ტკბილი სიტყვა ესმის, ზოგს დაყვავება, ზოგს მკაცრად უნდა უთხრა, ზოგიერთს გინება შველის, ისეთებიც არიან, სანამ ფეხქვეშ არ წაიგდებ, ვერაფრით შეაგნებინებ, რომ თოვლი თეთრია.

„თუ მიხეილ სააკაშვილი ახსნა-განმარტებებს აძლევს ერთ-ერთ ტელეკომპანიას, რატომ არ შეიძლება პროკურატურას მისცეს განმარტება?! გასაგებია, რომ მშიშარა ადამიანია, მაგრამ დისტანციური საშუალებებით უზუნველყოფილი იქნება, რომ მას არ შეეშინდება ისე, როგორც ეშინია ხოლმე და ის ყველა ჩვენება, რომელსაც ის მისცემს, რეალურად იქნება დაფიქსირებული და ვერავინ ამაში ეჭვს ვერ შეიტანს", - თქვა გასულ კვირაში ირაკლი ჩიქოვანმა. ეგრე, რა... „მშიშარაა, მშიშარაა“. აბა ის იყო, ეკონომიკისა და რაღაცნაირი განვითარების მინისტრმა, კვირიკაშვილმა რომ თქვა: "არა მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში თავის არიდება, თუნდაც დისტანციური დაკითხვისაგან. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ვერ გეტყვით, რატომ უნდა არიდებდეს თავს", ან სრულიად სახალხო დამცველმა რომ განაცხადა: „ცუდი ნიშანია, როცა სახელმწიფოს ყოფილი მეთაური პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს“.

ერთი არცთუ ძველი ანეკდოტი გამახსენდა: სუფრასთან ბიძა-კაცი პირდაპირ მჯდომ რამდენიმე ახალგაზრდას ეუბნება: „ბიჭებო... აი, შენ, შენ, შენ და შენ...“ „მეც, ბიძაჩემო“ - თავი გამოიდო მეხუთემ. “კარგი, შენც... ჰოდა, თქვენი სუყველას დედას...“

ასე უნდა ველაპარაკებოდეთ ნაცებს და ის წივილ-კივილი, გასულ კვირაში კინოს სახლთან რომ გაიმართა, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ორივე მხრიდან ნაცების ორგანიზებული არ იყო. ხომ გახსოვთ, ევრაზიული კავშირის ვითომ მომხრეებს ევროპისა და ამერიკის ვითომ მომხრეებმა რომ დააყარეს. ნუ, ეგ იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ეს: „ევრაზიული ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე რამდენიმე სასულიერო პირი მივიდა“.

ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ ერთს აღვნიშნავ. აი, ხომ არიან მწერლები და პოეტები, წერა რომ არ იციან, ანაც მხატვრები, ხატვის რომ არაფერი გაეგებათ, მომღერლები, არც სმენა რომ არ აქვთ, არც ხმა და არც სინდისი... ზოგი სასულიერო პირიც ასეა - ანაფორა აცვია, მაგრამ ღმერთი არ წამს.

მგონი ადრე მითქვამს, მაგრამ ახლა კიდევ უნდა გავიმეორო: ჩემი ღრმა რწმენით, კაცობრიობის ერთი ნაწილი ადამისა და ევასგან წარმოიშვა, მეორე ნაწილის წინაპარი კი დიდხანს იჯდა ხეზე და მაიმუნობდა. ისხდნენ ხეებზე, ახლა კი პარლამენტში სხედან, დადიან კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე, პრეზენტაციებზე, მაიმუნობა კი მაინც ვერ მოიშალეს, უფრო მეტიც - იმით საზრდოობენ, რის ჭამასაც ღორი ვერასდროს მოიშლის.

ეს ვოლსკი მესიმპათიურება, როცა ვუსმენ, სულ მგონია, რომ აი, ახლა დაიწყებს დედის გინებას, ახლა, პირდაპირ ეთერში დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს. რაღაც ეგეთი იყო გასულ კვირაში: „პარლამენტის წევრობა არ არის ინდულგენცია და ხალხმა უნდა იცოდეს,  ვინ ზის პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი ვოლსკი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, როლანდ ახალაიას პროკურატურაში დაბარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა“. 

დიახ, ხალხმა ნამდვილად უნდა იცოდეს, ვინ ზის პარლამენტში, თუმცა ხალხმა ისიც იცის, ვინ რაზე ზის, რაზე უნდა იჯდეს და, რაც მთავარია, რაზე ჯდომის საფასურად მიიღო პარლამენტში ჯდომის უფლება. ხალხის რჩეულნი კი ქვიათ, მაგრამ ირჩევდე და არ ენდობოდე, ცოტა ისეთი რამ არის... მით უმეტეს, არ ენდობოდე და მაინც ირჩევდე.

„ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ გააცნო“ - ხომ მართლა სასაცილო ნიუსია? „ყველა ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული სააგენტოების მიერ, რათა გამოირიცხოს მთავრობის ზეწოლა. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ სიმართლე დაასრულებს საჯარო სპეკულაციას და საზოგადოებას მისცემს საშუალებას“ - ხომ მართლა სასაცილო ამონარიდია?

„არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურას განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა), "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) განცხადებას ავრცელებენ“ - ასეთი ტიპის ნიუსები საზოგადოებას ორ ბანაკად ყოფს, ერთი ნაწილი იცინის, მეორე ნაწილი ტირის, თუმცა ორივეს თანაბრად აინტერესებს, საერთაშორისოდ გამჭვირვალე ეკა გიგაური უფრო შეშფოთებულია თუ უფრო აღშფოთებული.

აი, კიდევ ერთი სასაცილო სათაური, რომელიც აღშფოთებასა და შეშფოთებასთან ერთად სიამაყის გვარიან დოზასაც შეიცავს: „ზვიად ქორიძის ინფორმაციით, ევროსაბჭოს ექსპერტებს ფარულ მოსმენებზე მომზადებული ცვლილებები მოსწონთ“.

თქვენც ხომ გაგახსენდათ ეს მომენტი „ცისფერი მთებიდან“ – „მოეწონა...“ „რა მოეწონა, სოსო?“ „ცისფერი მთები...“ „შენს „ცისფერ მთებს“ კიდევ რა ჰქვია?“

გასულ კვირაში ცისფერ მთებს ბევრი მეორენაირი სათაური ქონდა: „ცისფერი მთები, ანუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“, „ცისფერი მთები, ანუ პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა "აღტაცება თუ გაბრაზება" ავლაბრის რეზიდენციაში მის გადასვლას“, „ცისფერი მთები, ანუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკრაინაში მიემგზავრებიან“, „ცისფერი მთები, ანუ სევდია უგრეხელიძემ ევროსაბჭოში თბილისის მერიაში არსებულ სერვისებზე ისაუბრა“... და როგორც ვატყობ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება სერიალი სახელწოდებით „ცისფერი მთები, ანუ გიორგი მარგველაშვილი“.

გასულ კვირაში ორი სერია ვიხილეთ: „გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, რომ ზურა იყოს არა მოკლული, არამედ გაგუდული“ და „გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გარკვევის შესაძლებლობა არ მქონია“.

პირველზე კომენტარს არ გავაკეთებ, უბრალოდ ივანიშვილის სიტყვები მახსენდება, ისეთი პრეზიდენტი გვეყოლება, რომ ვერ წარმოიდგენთო“. მართლაც ვერ წარმოვიდგენდი. რაც შეეხება მეორეს, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის გარკვევის შესაძლებლობა არ მქონიაო... დალოცვილო, ან სკაიპი არ იცი, ან ფეისბუქი, ან ტელეფონი არ გაქვს და ანაც მისამართი ხომ მაინც იცი? იტყვის, ტელეფონში ნომრები წამეშალაო. იტყვის და იქნებ ვინმემ დაუჯეროს კიდეც, აგერ ხომ გვჯეროდა, მარგველაშვილი ქსოვსო... კი არ ქსოვს, არამედ კერავს, უფრო სწორედ, სულ ერთხელ სცადა და მაშინაც კარგად გამოუვიდა - თვით ბიძო დაკერა, ახლა კი უკვირს, რატომ მოჰყვა "აღტაცება თუ გაბრაზება" ავლაბრის რეზიდენციაში ჩემს გადასვლას, გაუგებარიაო

აი, ხომ ხედავთ - მთავარი მაინც გაგებაა.

მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ გინდა რომ გააგებინო, ამისათვის რამდენიმე ხერხი არსებობს, ტკბილი სიტყვიდან დაწყებული და წიხლქვეშ წაგდებით დამთავრებული.

გასულ კვირაში ფინანსური პოლიცია ცდილობდა, გაეგო რაღაცეები და ამისათვის ვიღაცეებს დაკითხვაზე იბარებდა. „ფინანსური პოლიცია პოლიტიკურ დევნას ახორციელებს“ - თქვა კოტე გაბაშვილმა და გაიფიქრა: „მაგას ისევ არმაგედონის ზანგი მირჩევნია“.

დამშვიდდით, კოტევ და ნაცებო, ეგეც იქნება და იმას, რაც იქნება, ხალხი და ჯამაათი თავის სახელს დაარქმევს - „არმაგედონი, ანუ მაკუმბა მაკუმბას შემდეგ“.

ერთი ნიუსიც და მორჩა: „როგორც ფილიპ დიმიტროვმა "ქორთიარდ მერიოტში" გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, იგი აქ არ იმყოფება იმისთვის, რომ ვინმეს რაიმე რეცეპტი მისცეს. "გეხვეწებით, ნუ მოელით ჩემგან, რომ მე შემიძლია მოგცეთ რეცეპტი თუ როგორ უნდა იქცეოდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პირი", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა“. 

ვინ გეხვეწება, ძმურად?

მ.რ.ვ.მ. (მე რა ვქნა, მეეე?!) „კარგი და, შენ როცა მოკვდები, მაშინ რას იტყვიან?“ - ჰკითხა სიკვდილთა ამ უცნაური კლასიფიკაციით შეძრწუნებულმა იპოლიტ მატვეევიჩმა. „მე პატარა კაცი ვარ.იტყვიან, ბეზენჩუკი გადაყირავდაო, მეტს არც არაფერს იტყვიან, - და მკაცრადდაუმატა, - მე ყუთში ჩახტომას ან მუხასავით წაქცევას ვერასოდეს ვეღირსები.მე ჩია კაცი ვარ...“

(ილია ილფი, ევგენი პეტროვი. „თორმეტი სკამი“)