სკანდალური მოწმე: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია!

სკანდალური მოწმე: მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია!

"2005 წლის 2 თებერვალს ღამის 12-ს 20 წუთი აკლდა, როდესაც წყნეთიდან უკან გამოვბრუნდი. გზა მოყინული იყო, საბურავები ცურავდა და ნელა მოვდიოდი. წყნეთი-თბილისის გზის ბოლო მოსახვევში დიდი სისწრაფით გზა მომიჭრა წყნეთისკენ მიმავალმა ციმციმაანთებულმა ვაზ-07 მარკის მანქანამ. მოვცურდი და ხრამში გადავარდნისგან ნაძვის კუნძმა მიხსნა. მარჯვენა "გიტარა" გატეხილიყო. იმ ადგილას გაყინულ აღმართზე მოსახმარებლად მანქანას არავინ გამიჩერებდა, ცოტა ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე. გზაზე ფეხი ცურავდა, ამიტომ ტყის პირს ჩავყევი, ასე 150 მეტრი ჩავიარე და ის იყო, მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც მაშინ ფიცრული იდგა და ახლა კი თანამედროვე "ბოქსი" დგას, მანქანების ხმა გავიგონე. მალე გამოჩნდა ქალაქის მხრიდან მომავალი "ტოიოტას" მარკის შავი ჯიპი, რომელსაც თეთრი ვაზ-06 მოჰყვებოდა. მესამე მანქანა მოგვიანებით შევნიშნე. მივხვდი, რომ თანამდებობის პირის ესკორტი იყო და მათთვის დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა...", - აცხადებს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მოწმე ანზორ ს. გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სკანდალური მოწმის აღიარება: "მე დავინახე, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია" / "ლევან სამხარაული ჟვანიას ამბავს შეეწირა. თუ ხმას ამოვიღებდი, მეც მომენტალურად გამაქრობდნენ". 

"უცებ წინ მომავალმა ჯიპმა დაამუხრუჭა, ასე 10 მეტრი იცურა, ჩემამდე 5 მეტრში მოტრიალდა და შუა გზაზე, გარდიგარდმო გაჩერდა. ამ ადგილას გარე განათება იყო, ლამპიონები დგას. აი, მაშინ ვიცანი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ჯიპი. ბატონ ზურაბს ჯერ კიდევ "მწვანეებიდან" ვიცნობდი და იმ პერიოდშიც ხშირად ვხვდებოდი. მე ფარდულის კუთხიდან ვაკვირდებოდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თეთრი 06-დან გადმოვიდა მაღალი, სიმპათიური, შავთმიანი ბიჭი. თმა ისე ულაპლაპებდა სინათლეზე, რომ უეჭველად ბრიოლინი ან რაღაც ასეთი ესვა. ბიჭს გრძელი პალტო გახსნილი ჰქონდა და ორი ცალი "სტეჩკინი" მოუჩანდა. ერთხანს შსს-ს უწყებაში ვმუშაობდი და იარაღს კარგად ვცნობ. ვიდრე ჯიპამდე მივიდოდა, ბიჭს ორ ადგილას გაუცურდა ფეხი, თითქოს ფეხსაც ითრევდა... მერე ჯერ ჯიპის მარცხენა მხარეს წავიდა, მაგრამ მობრუნდა, მარჯვნიდან მოუარა, უკანა კარი გააღო და ჩაჯდა. კარი მიიხურა, მაგრამ არ დაიკეტა, რადგან პალტოს კალთა მოჰყვა. ბიჭი მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ყვირილი გავიგონე: რას შვრებით?! ზურაბ ჟვანიას ხმა იყო. მალევე გაისმა ორი გასროლა, მანქანის ოდნავ ღია კარიდან გამოვარდნილი ბოლიც დავინახე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას ანზორ ს. 

"ამის მერე უკანა მარჯვენა კარის დაკეტვა ისევ სცადეს, თუმცა არც მეორე ცდაზე დაიკეტა, ისევ პალტოს კალთამ შეუშალა ხელი. მანქანა მყისიერად დაიძრა და თბილისისკენ დიდი სისწრაფით გაქროლდა. ის ორი მანქანაც უკან მიჰყვა. ყველაფერი სულ რაღაც ხუთ წუთში მოხდა. როგორც ჩანს, ამ მესამე მანქანიდან ჩემი ლანდი დაინახეს და გავიგონე გინება, - ეს ვინღაა აქო?! აღარ დავაყოვნე, ვისკუპე ტყისკენ და გავიქეცი. ამ დროს დავხედე საათს და პირველის თხუთმეტი წუთი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი ხუთ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა, მკვლელობა, სადღაც პირველის ათ წუთზე მოხდა. იმ ერთი ახალგაზრდის გარდა, სხვა არავინ დამინახავს. მესამე, შავ მანქანაში, თუმცა მარკა ვერ გავარჩიე ზუსტად, ან "მერსედესი" იყო, "ბეემვე", მინა ჩაწეული იყო და ჩანდა, რომ ვიდეოკამერით ვიღაც ამ ყველაფერს იღებდა. ვფიქრობ, რაღაც ჩრდილი დაინახეს, შესაძლოა, ვერც კი მიხვდნენ, რომ ადამიანისა იყო. უცნაური კია, მაგრამ არავის მოვუძებნივარ. შესაძლოა, ისე ეჩქარებოდათ, ჩემთვის დრო აღარ დაკარგეს. ტყეში შევვარდი და დავიმალე. ძალიან შევშინდი, მივხვდი, რომ საშინელების მოწმე გავხდი" - განაგრძობს რესპონდენტი.

"იმ ბიჭს, რომელმაც, სავარაუდოდ, ჟვანია მოკლა, ნებისმიერ დროს ვიცნობ, მეტიც, მე ის ამოვიცანი და გოგლა ჟვანიასაც ვაჩვენე. ჟვანიას ორი მძღოლი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთს მოგვიანებით შევხვდი. ამ ამბავსაც მოვყვები. 2005 წლის 2 თებერვალს 5 საათიდან რომელი მძღოლი მორიგეობდა, ეს უნდა გაირკვეს აუცილებლად... მეგონა, ჩემს მოსაძებნად გამოგზავნიდნენ ვინმეს, მაგრამ არანაირი ხმაური არ ისმოდა. გზაზე გასვლა მეშინოდა და ტყე-ტყე ვიარე. ასე მივაღწიე ჩემს მანქანასთან. რადაც უნდა დამჯდომოდა, როგორმე უნდა გამომეყვანა და ქალაქში ჩამოვსულიყავი. დიდი წვალების შემდეგ გამოვედი და გატეხილი გიტარით ჩავედი ბაგებამდე. მანქანა იქ დავტოვე და ქალაქამდე ფეხით ჩავედი. მეორე დღეს ხელოსანი ავიყვანე და ისე წამოვიყვანე მანქანა. იმ ღამესვე დავრწმუნდით, რომ ჟვანია მოკლეს, თუმცა როცა დილით ეს ყველაფერი დადასტურდა, კიდევ უფრო საშინლად გავხდი", - ამბობს სკანდალური მოწმე.

"სასწრაფოდ წავედი ლევან სამხარაულთან, რომელიც ჩემი ახლო ნათესავი იყო. მაგრამ არ დამხვდა სამსახურში. ასე, თორმეტის ნახევარი იქნებოდა. მისაღებში ერთი ახალგაზრდაც ელოდებოდა, ვიცნობდი, ყვარლელი იყო, გვარად მჭედლიშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა. ლევანი რომ მოვიდა, ჯერ ის ბიჭი შევუშვი, ცოტა ხანში კაბინეტიდან კამათის ხმა გაისმა, ლაპარაკი ფრაგმენტულად ისმოდა, ეს პოლიციის თანამშრომელი ლევანს ეუბნებოდა - შენ ცხვირს ნუ ყოფ, ეგ შენი საქმე არ არისო. ლევანიც ეპასუხებოდა. გინებაზე რომ გადავიდნენ, ავდექი და მეც შევედი. როგორც კი დამინახა, მჭედლიშვილი წავიდა. ლევანს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. არაფერი ისეთი, ჩემი კლასელია და მეგობრულად წავკამათდითო. ლევანს ყველაფერი მოვუყევი, რაც ვნახე, სასწრაფოდ წამოხტა და მითხრა, წამიყვანე და ყველაფერი მაჩვენეო. მისი მანქანით წავედით, თვითონ დაჯდა საჭესთან და ყველაფერი ადგილზე ვაჩვენე. ძალიან დაფიქრებული იყო, მითხრა, დაახლოებით ვიცი ეს ამბავიო. ვფიქრობ, მჭედლიშვილი ლევანს მაშინვე მიუგზავნეს და მასზე ზემოქმედებას ცდილობდნენ. ლევანი ზურაბ ჟვანიასთან ძალიან ახლოს იყო", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"დარწმუნებული ვარ ლევან სამხარაული ჟვანიას საქმის ფალსიფიკაციას შეეწინააღმდეგა და ამიტომ მოიშორეს. ლევანი ადეიშვილის მეგობარიც იყო, თან ენათესავებოდა კიდეც. ლევანის მამასაც ველაპარაკე ამას წინათ, ყველაფერი ვუამბე, თუმცა თვითონ არაფერს ამბობს... ამ ამბიდან ცოტა ხანში ლევანი ამერიკაში წავიდა სწორედ ჟვანიას საქმეზე, დნმ-ის ანალიზის პასუხები უნდა ჩამოეტანა. კარგად მახსოვს, როცა დაბრუნდა, მეორე დღესვე ისევ სამსახურში მივაკითხე. მდივანმა მითხრა, ცოტა ხანს დაელოდეთ, სტუმარი ჰყავსო. ლამის იგივე სიტუაცია გამეორდა. უცებ ლევანის კაბინეტიდან ხმამაღალი ლაპარაკი და გინება გაისმა, ისევ ვიღაცასთან ჩხუბობდა, კაბინეტში დიდი გაწევ-გამოწევა იყო. ავდექი და ისევ შევედი. ჩემდა გასაკვირად ისევ მჭედლიშვილი დამხვდა, რომელიც სასწრაფოდ გავიდა კაბინეტიდან. ოღონდ გასვლისას, ლევანს დაემუქრა, ჩამოხვალ სოფელში და ნახავ, რაც მოგივა, ამას არ გაპატიებო. ლევანს კიდევ ვკითხე, რატომ გეჩხუბება-მეთქი, მაგრამ ისევ არ მიპასუხა. რა თქმა უნდა, ჟვანიაზე ჩამოვაგდე ლაპარაკი, რა ხდება ამ საქმეზე-მეთქი? მხრები აიჩეჩა, - დაივიწყე ყველაფერიო. იმავე კვირას, შაბათს ჩავიდა ყვარელში, მეგობართან ერთად იყო, როდესაც მჭედლიშვილი დახვდა გზაში და ესროლა. ლევანმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო და იქვე, ვენახში შევარდა, თუმცა მკვლელი გაეკიდა და ჩაცხრილა. მერე კი შინ მიბრუნდა, ორი ცეცხლსასროლი იარაღით - გადაჭრილი თოფისა და "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტის ვითომ ერთდროული გასროლით მოიკლა თავი, რაც სრულიად გაუგებარი რამ არის. სავარაუდოდ, ისიც მოკლეს", - მიიჩნევს ანზორ ს. 

"კარგად ვხვდებოდი, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, მეც მომენტალურად გამაქრობდნენ, ამიტომაც ვდუმდი აქამდე. როცა ამ ერთი თვის წინ გოგლა ჟვანიას შევხვდი, ყველაფერი მოვუყევი, გოგლამ ახლა ყველაფერი იცის. ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი უტიფარი განცხადებები, რამდენი სიბინძურე თქვა. მეტად აღარ ვაპირებ გაჩუმებას. მზად ვარ პროკურატურასთან სათანამშრომლოდ და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად", - დასძენს სკანდალური მოწმე.