ნატოს ერთგული პატარები

ნატოს ერთგული პატარები

მარტის შუა რიცხვებში კანადელმა სამხედროებმა დაასრულეს მრავალწლიანი მისია ავღანეთში, სადაც ნატოს ერთ-ერთი წამყვანი წევრი ქვეყნის ჯარისკაცები 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. თითქმის იმავე დროს კი საქართველოში მორიგი ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა.
 
ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოფიციალურ საიტზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სამხედროთა რაოდენობა მუდმივად იცვლება. სამხედროთა რიცხოვნების შემცირების მხრივ ეს ცვლილება დრამატულია:  2013 წლის 1 დეკემბრის მონაცემების თანახმად, ნატოს უდიდეს ქვეყნას და კოალიციური ძალების ლიდერს, აშშ-ს, ავღანეთში 60 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა, ახალი მონაცემებით კი, ეს რაოდენობა განახევრებულია. თითქმის ორი მესამედით არის შემცირებული   ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთისა და იტალიის სამხედრო ქვედანაყოფები. მარტის შუა რიცხვებში ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილეობა საბოლოოდ დაასრულა კანადამ. ქაბულში განთავსებულ კოალიციური ძალების მთავარ შტაბში 12 მარტს კანადის სახელმწიფო დროშის დაშვებისა და კანადელ მშვიდობის დამცველებთან გამოთხოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
 
კანადის სამხედრო პერსონალის 12 წლიან მოღვაწეობას ავღანეთში „სიმამაცისა და თანამონაწილეობის“ მაგალითი უწოდა  ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის (ISAF) სარდალმა ჯოზეფ დანფორდმა. სხვათა შორის, ეს ის გენერალი დანფორდია, რომელმაც შარშან, ივნისში, ქალაქ ბათუმში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე მაღალი შეფასება მისცა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მოქმედებას.
 
„ამას ადასტურებს ის 10 წელი, რაც მე ქართველ სამხედროებთან ერთად ვიმსახურე ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში. საქართველოს სამხედროებს კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან. ქართველმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და დიდი სიმამაცე", – თქვა ავღანეთში კოალიციური ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა შარშან, ივნისში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
 
ასეთი ქება ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში - ქაბულსა თუ ჰელმანდის პროვინციაში - გატარებული რთული 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახიფათო დავალების შესრულების გამო დაიმსახურეს.

2009 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ავღანეთში საქართველოს 29 ჯარისკაცი დაიღუპა, ასზე მეტი დაიჭრა, მათმა უმრავლესობამ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების დროს კიდურები დაკარგა და დღემდე გადის რეაბილიტაციის კურსს აშშ-ის საავადმყოფოებში.
 
ამ დანაკარგს ჯარისკაცების მშობლებს ვერავინ აუნაზღაურებს, მაგრამ ასევე აუნაზღაურებელია ის გამოცდილება, რასაც ქართველი ჯარისკაცები ყველაზე მძლავრ საერთაშორისო კოალიციასთან ერთობლივი მოქმედებით ღებულობენ.
 
„საერთო ჯამში (5 წლის განმავლობაში), ჩვენ 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე გვყავს გაგზავნილი ავღანეთში. ვინც იქ გაიარა როგორც მომზადების ეტაპი, ასევე მისიის ამოცანების შესრულებაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ეს ჩათვალეთ, რომ ჩვენ 11 ათასი საუკეთესოდ მომზადებული არმია გვყავს. ეს ძალიან კარგი არის“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

ნატოს არაწევრი პატარა საქართველო ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში (ISAF) ყველაზე დიდი დონორია. თუმცა, სარდლობის საიტის ბოლო მომაცემებით, საქართველოსაც გაუნახევრებია მისია ავღანეთში და იქ ამჟამად საქართველოს 800 ჯარისკაცი იმყოფება. აქ გასაკვირი არაფერია, ავღანეთიდან, სადაც 2014 წლის ბოლოს  უსაფრთხოების ოპერაცია (ISAF) უნდა დასრულდეს, ყველა ქვეყანას გეგმიურად გაჰყავს ქვედანაყოფები და მათ ადგილს ავღანეთის არმიის ნაწილები იკავებენ. მაგრამ, როგორც გაირკვა, საქართველოს კონტინგენტის შემცირება დროებითი, ანუ „ცოცხალი პროცესი“ ყოფილა. 
 
“ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ერთი ბატალიონი და ერთი ასეული. ის ერთი ასეული უახლოეს პერიოდში გაიზრდება ერთ ბატალიონამდე.  იცით, რომ ეს ცოცხალი პროცესია და უკვე 2014 წლის შემდეგ ჩვენი კონტრიბუცია შემცირდება 750 ჯარისკაცამდე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი სესიაშვილმა.
 
20 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე  სამთო-სადაზვერვო და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონების ავღანეთში ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონია გაიმართა. ორი ბატალიონი შთამბეჭდავი ციფრია - მით უფრო იმ დროს, როდესაც ავღანეთში სამხედრო კონტრიბუციას დრამატულად ამცირებენ ნატოს უძლიერესი არმიების მყოლი ქვეყნები.

ასეთი შთამბეჭდავი ციფრების ფონზე, შეიძლება სალაპარაკოდაც არ ღირდეს, მაგრამ, სტატისტიკისათვის საჭიროა აღინიშნოს, რომ ნატოს წევრი თუ არაწევრი პატარა სახელმწიფოები ზრდიან ჯარისკაცების რაოდენობას. სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, ქვედანაყოფი გააორმაგა უკრაინამ - კიევს შარშან ავღანეთში 14 ჯარისკაცი ჰყავდა, დღეს კი 28 ჰყავს. ჩეხეთმა 37 ჯარისკაცით გააძლიერა თავისი სამხედრო მისია, ჰოლანდიამ კი კიდევ 24 ჯარისკაცი დაუმატა თავის 200 კაციან ქვედანაყოფს.  

ნატოს ამ პატარა ერთგულ ქვეყნებს შორისაც კი საქართველოს ბადალი არ ჰყავს. თბილისი აპირებს წლის ბოლომდე შეინარჩუნოს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და, წინმსწრებად აცხადებს, რომ მზად არის დატოვოს ავღანეთში ასეულობით ჯარისკაცი 2014 წლის შემდეგაც. და ეს იმ დროს, როდესაც ავღანეთი კვლავ გზაგასაყარზე დგას და არავინ იცის, თუ რით დასრულდება და ვინ გაიმარჯვებს 5 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.