ნოე ჟორდანიამ რუსებთან შეტევაზე გადასვლისთვის მზადმყოფი ქართული არმია უკან მოაბრუნა

ნოე ჟორდანიამ რუსებთან შეტევაზე გადასვლისთვის მზადმყოფი ქართული არმია უკან მოაბრუნა

ბოლშევიკები ქართველების ხელით ანადგურებდნენ ქართველებს. ორჯონიკიძე ამაყობდა კიდეც - დახვრეტილებმა იარაღი გაგვიწმინდესო. ამას მოჰყვა საყოველთაო  წმენდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი შეფიცულების დევნა. დადეშქელიანმა, გარდაფხაძემ, ბიძინა პირველმა და 1924, 1937 წლებში დახვრეტილმა სხვა ვაჟკაცებმა ბრძოლა არ შეაჩერეს. ილია ჭავჭავაძის ძმისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა, თავის თანამოაზრე-14 კაციან რაზმთან ერთად დასახვრეტად გაიყვანეს. გზად მიმავალმა ერთ-ერთმა მისმა რაზმელმა იცნო ავბედითი ადგილი და თავის საშველად მანქანიდან გადახტა. ამიტომ ჩეკისტებმა გზა აღარ განაგრძეს, ყველანი იქვე, ვაკის პარკთან ჩამოყარეს და დახვრიტეს. ამბობენ, პირველ თანამებრძოლს რომ არ ეჩქარა და არ გადამხტარიყო, ქაქუცა ჩოლოყაშვილი კოტე აფხაზს ჩასაფრებული ელოდა და გაათავისუფლებდაო. თურმე, დღევანდელი ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორიაზე ქაქუცას ალყა ჰქონდა შემოტყმული, ცეცხლს გახსნიდა და დასახვრეტად გასაყვან გენერალს და მის მხარდამჭერებს გაათავისუფლებდა. თუმცა, იქამდე მისვლა კოტე აფხაზს და მის რაზმს არ დასცალდა. მოგვიანებით კომუნისტებმა მათი დახვრეტის ადგილას საპირფარეშო დადგეს.    

1918  წლის 26 მაისს მკვდრეთით აღმდგარი საქართველოს დამოუკიდებლობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და ბელგიის გარდა საბჭოთა რუსეთმაც ცნო და თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დაუდო ქართველებს. თუმცა სულ რაღაც რვა თვეში რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება. 1921 წლის 11 თებერვალს კი წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს. სწორედ მაშინ დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული ბრძოლების გმირული ეპოპეა - 1924 წლის აჯანყებას 10 ათასი ქართველი ემსხვერპლა.

ისტორკოსთა აზრით, ჟორდანიას ხელისუფლება არ იყო ნაციონალისტურად, ეროვნულად მოაზროვნე. პირველივე დღეს, 26 მაისს, როცა ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადა, ასეთნაირად მიმართა ქართულ საზოგადოებას: ”დღევანდელი დღე არის ბედნიერიც და უბედურიც. ბედნიერია, რადგან იბადება ახალი სახელმწიფო და უბედური, რადგან ძველი ქვეყანა იშლება”. ჟორდანიამ იქვე დადო პირობა, თუკი რუსეთში დემოკრატია კვლავაც იზეიმებს, ჩვენ დავუბრუნდებით დიდ ოჯახსო (იგულისხმება რუსეთი). როდესაც ასეთი მთავრობა გყავს, დამოუკიდებლობის ნაყოფი ჩანასახშივე უკვე სიკვდილისთვისაა განწირული.

ჟორდანიას მთავრობა რომ არ გადაეგდოთ და დაეტოვებინათ, თანახმა იყო ალიანსში შესულიყო საბჭოთა რუსეთთან. ამიტომ საკითხავია, ასეთი მთავრობის პირობებში ჰქონდა თუ არა აზრი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. თუმცა ერთი კია, დამოუკიდებლობა პატრიოტ ქართველთა-ილიას, ექვთიმეს, კირიონ საძაგლიშვილის და სხვათა გამოძახილი იყო, რაც მოგვანებით სამწლიანი დამოუკიდებლობით აღსრულდა კიდეც.

1921  წლის ოკუპაციასთან მიმართებით ისტორიკოსებში აზრი გაყოფილია. ერთნი ყველაფერში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას  ამხელენ, რომელიც თავის დროზე (1918 წელს) საქართველოს დამოუკიდებლობამ დააფრთხო და, რუსეთის გარეშე რას გავაკეთებთო - გოდებდა. რუსების მიერ საქართველოში შემოჭრის დროს კი უსუსურობა გამოამჟღავნა და ემიგრაციაში გაქცევა ამჯობინა და საკუთარი  ხალხი ბოლშევიკებს შეატოვა. თუმცა, მეორე ვერსიით, ჟორდანიას მთავრობას სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, თუ არა -ემიგრაციაში გაქცევა. 

ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე მიიჩნევს, რომ  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელები უმწიკვლონი ნამდვილად არ იყვნენ და  დამოუკიდებლობის დაკარგვაში  სწორედ მათ მიუძღვით დიდი ბრალი.

„პირველ რიგში, მათ ძლიერი ჯარი და რეგულარული არმია არ შექმნეს, რომელიც დაიცავდა პირველ რესპუბლიკას. 1921 წლის  დასაწყისში მე-11 არმიასთან მებრძოლი მთელი ჯარის რაოდენობა სულ რაღაც 15-20 ათას კაცს არ აღემატებოდა, ანუ  რაოდენობით ორჯერ ჩამორჩებოდა დამპყრობლის ჯარს. მაშინ, როცა სულ რაღაც ერთი წლის წინ, 1920 წელს, როცა ბოლშევიკებმა პირველად შემოგვიტიეს, განსხვავებული მდგომარეობა იყო. გენერალი კვინიტაძე ამბობდა კიდეც, მაშინ მე 40 ათასი ხიშტი მქონდაო, ანუ 40 ათასი ჯარისკაცი მყავდაო.

კითხვები მრავლადაა. რატომ მოხდა ერთი წლით ადრე ორჯერ მეტი ჯარის შეკრება შესაძლებელი? ხოლო 1921 წელს, როცა რუსების 4 თუ 5 არმია გვიტევდა, 15-20 ათასი კაცი რატომ ვერ შეკრიბეს? ეს ვის უნდა დავაბრალოთ? ცხადია, ინგლისსა და საფრანგეთს ვერ დავაბრალებთ, არც დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი ლოიდ ჯორჯი არის დამნაშავე. ეს ჟორდანიასა  და მისი ხელისუფლების ბრალია. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 1920 წელს, მე-11 არმია არც კი იყო ჩამოყალიბებული, როცა გენერლები ეუბნებოდნენ ჟორდანიას, რუსებმა აზერბაიჯანი აიღეს, ძალიან სუსტები არიან და, თუ შეტევაზე გადავალთ, ადვილად მოვსპობთ, გავანადგურებთო. ჟორდანიამ შეტევაზე გადასვლისთვის მზადმყოფი ქართული არმია უკან მოაბრუნა, ჩვენ აზერბაიჯანის საქმეში ვერ ჩავერევითო.

რას ჰქვია არ ჩავერევით? მაშინ, როცა საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთდახმარების ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული 1919 წელს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ, თუ აზერბაიჯანს ვინმე დაესხმოდა თავს, უნდა დავხმარებოდით. ეს ხელშეკრულება არ შეასრულა ჟორდანიამ. ჟორდანიას რომ ვიმეორებ, არ ნიშნავს, რომ მარტო მას ვაბრალებ ყველაფერს. ეს მაშინდელი ხელისუფლების უუნარობის ბრალია. მათ საკმარისი გამბედაობა არ გამოიჩინეს და ეს მომენტი არ გამოიყენეს. კიდევ სხვა უამრავი შეცდომა დაუშვეს. უბრალოდ, ახლა მხოლოდ ჯარსა და სამხედრო თავდაცვისუნარიანობაზე ვსაუბრობ.

სამწუხაროდ, არ  შემიძლია დოკუმენტურად დავასაბუთო, (რადგან ჭირს შესაბამისი დოკუმენტის მოძებნა), მაგრამ არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია,  რომ  ზუსტად ოკუპაციის წინ ქართული ჯარის  დემობილიზაცია გამოცხადდა. ნოე რამიშვილს აბრალებენ ამას. ეს ფაქტი დაფიქსირებულია, მაგრამ საგაზეთო ცნობაა და მე არ ვენდობი საგაზეთო ვერსიას. უბრალოდ, ცოტა უფრო კარგად მოსაჭიდებელი დოკუმენტია მოსაპოვებელი. თუმცა, რასაკვირველია, ეს ინფორმაცია დასაჯერებელია. ფაქტია, რომ ჩვენი ჯარის რაოდენობა ძალიან ჩამორჩებოდა. ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა არ სცადეს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები. მეტიც - ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქოს ნაკლები სიძლიერის ქვეყნად თვლიდნენ. მათთან არც მოლაპარაკება წარმოებდა, არც დიპლომატთა გაგზავნა. არადა, შეერთებულმა შტატებმა იმ დროს საკმაოდ სერიოზული როლი შეასრულა მაშინდელი მსოფლიოს მოწყობაში.         

წარსულის ეს შეცდომა, შესაძლოა, დღეს გაკვეთილად გამოვიყენოთ?

- ყოველ წელს ჩვენ ამ ფაქტს აღვნიშნავთ, ინტერვიუს ვიძლევით, კონფერენციას ვაწყობთ და თითქმის ერთსა და იმავეს ვიმეორებთ. იმიტომ გავამახვილე მაშინდელი ხელისუფლების შეცდომებზე ყურადღება, რომ დღესაც ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, თორემ ხვალ შეიძლება ევროპამ, ამერიკამ თუ ვიღაც სხვამ ისევ არ დაგვიჭიროს მხარი. ევროპელები მაშინ იცით რაზე იყვნენ განცვიფრებულნი? როგორ, ორ კვირაზე მეტი ვერ გაძელითო? ორ კვირაზე მეტი ვერ გაძლო ჩვენმა პირველმა რესპუბლიკამ, რომ წინააღმდეგობა გაეწია. ევროპელები მერე ჩვენ გვაბრალებდნენ, ერთი თვე მაინც რომ გაგეძლოთ, შეიძლება ცოტა შეცვლილიყო სიტუაცია და უფრო აქტიურად დაგხმარებოდითო.

იქნებ, ეს თავის მართლება იყო და არც დაგვხმარებოდნენ?

- შესაძლოა, ასეც ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმის  საბაბი არ უნდა მისცე. ორი კვირის მანძილზე ხალხი წინააღმდეგობას თუ არ უწევს, მაშინ მე რაღატომ დაგეხმაროო?!

რამდენადაც ცნობილია, ერთეულები თავდაუზოგავად ებრძოდნენ მომხდურებს, თუმცა - არაორგანიზებულად.

- ისიც გასათვალისწინებელია,  რომ  საქართველოს მოსახლეობამ წინააღმდეგობა არ გასწია, ანუ ხალხში, საზოგადოებაში მუშაობა არ წარმოებდა. გაკვეთილიც სწორედ ეს არის. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი დღევანდელობა, რომ რაღაც ამის მაგვარი დაგვემუქროს. მაგრამ ფაქტია, დაგვემუქრა კიდეც 2008 წლის აგვისტოში. ორი დიდი ისტორიული პროვინცია წაგვართვეს. ნუ ვიშვერთ ხელს ევროპისა და დასავლეთისკენ. მათი იმედი უნდა გვქონდეს, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან, ძალიან ბევრს გვშველიან დიპლომატრიურადაც, ფინანსურადაც, ეკონომიკურადაც, მაგრამ სხვისი მოიმედეობა დიდი შეცდომა იქნებოდა.

პოლონეთის, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წინააღმდეგობის მიუხედავად, საბჭოეთმა ისინი მაინც დაიპყრო. ამბობენ, უაზროდ დაღვრილი სისხლი არ არსებობსო, მაგრამ ეს სისხლისღვრა უაზრო არ იქნებოდა?

- იცით რა - არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთი შემდგომში,  უკვე 1939-40-იან წლებში  დაიპყრეს რუსებმა და მათ 20-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია ჰქონდათ. იქ იყო ძლიერი ემიგრაცია, პატრიოტულად განწყობილი საზოგადოება. ჩვენ რომ დამოუკიდებლობა 10-15 წელი მაინც დაგვცლოდა, მაშინ მოსახლეობა სულ სხვაგვარად იქნებოდა განწყობილი. მებრძოლი სულისკვეთება ექნებოდა, პატრიოტზმი გამჯდარი იქნებოდა, სახელმწიფოებრობას შევეჩვეოდით.  მართვას ვისწავლიდით. საქართველოს დამოუკიდებლობის იმ სამმა წელმა (1918-21) რაღაც კი მოგვცა, მაგრამ ფაქტობრივად - ბევრი არაფერი. ვერაფერი მოვასწარით.

იმ დროს ერთა ლიგა არსებობდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ორგანიზაციის შემხედვარე ქართველები მოტყუვდნენ და არავინ აპირებდა ჩვენს გამო რუსეთის გადაკიდებას?

- ერთა ლიგაში სხვადასხვა კომისიები არსებობდა. ჩვენი საკითხი მესამე კომისიის ერთ-ერთ ქვეკომისიას 1920 წლის დეკებერში გადაეცა, რომელსაც ცნობილი ნორვეგიელი მოგზაური და პოლიტიკური მოღვაწე თავმჯდომარეობდა. იგი ჩვენთვის ძალიან ბევრს იღვწოდა, დიდად მხარს გვიჭერდა, ძალიან ესიმპათიურებოდა ქართველები. მხარს გვიჭერდნენ პოლონელებიც, მათ კენჭისყრისას ბოდიშიც მოგვიხადეს. ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ვერ წავალთ, ვერც ხმას მოგვცემთ და ვერც თქვენს წინააღმდეგ წავალთო. მოკლედ, ნეიტრალიტეტი დაიჭირეს. ინგლისს არ დაუმალავს თავისი უარყოფითი პოზიცია. რაში იყო საქმე? ერთა ლიგის მეათე მუხლი ძალიან ჰგავდა ახლანდელი ნატოს მეხუთე მუხლს - თუ  ერთა ლიგის რომელიმე წევრ ქვეყანას ვინმე თავს დაესხმებოდა, დანარჩენი წევრები მას უნდა მიხმარებოდნენ. ინგლისმა პირდაპირ თქვა, ჩვენ ვერ მივეხმარებით საქართველოსო. ფიშერი იყო მაშინ მათი წარმომადგენელი.

რატომ ვერ მოგვეხმარებოდნენ?

- მიხმარების თავი არ ჰქონდა ევროპას, რადგან მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. ევროპა დაღლილი, დანგრეული გახლდათ ომისგან. ფინანსურადაც გამოფიტული იყო. რუსეთი კი ჩვენს მეზობლად მდებარეობდა, მეომარი სახელმწიფო იყო. მართალია, მშიერ-მწყურვალები იყვნენ, მაგრამ მაინც ომობდნენ. ინგლისიდან და საფრანგეთიდან კი ჩვენს დასახმარებლად ესკადრა (სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების დიდი შენაერთი), ჯარი უნდა გამოგეგზავნათ, რაც ნამდვილად აღარ შეეძლო მაშინდელ ევროპას.

იმ პერიოდში სომხების ჯარი შემოიჭრა საქართველოში, თითქოს უსამართლო საზღვრის გამო, მაგრამ ჩვენმა ჯარმა ისინი მოიგერია და დიდხანს სდია დამარცხებულთ, სანამ ინგლისელები არ ჩაერივნენ და ჩვენს მთავრობას არ სთხოვეს ქართული ჯარის შეჩერება. ამანაც ხომ არ დაჩქარა, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტება?

- სწორედ სომხების მხრიდან შემოვიდნენ მე-11 არმიის ნაწილები. მათ შორის, რა თქმა უნდა, სომხებიც იყვნენ, მაგრამ ისინი რას გვიზამდნენ? კაცმა რომ თქვას, სომხების ჩარევას ჩვენს ოკუპაციაში არავითარი როლი არ უთამაშია, ისედაც საკმარისად აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობა.

თქვენ ძირითადად ადანაშაულებთ ჟორდანიას ხელისუფლებას, თუმცა ალბათ წითელი არმია მისი ხელისუფლების უუნარობის მიუხედავადაც, შემოიჭრებოდა.

- სხვათა შორის, ადრე ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი. უფრო ვიცავდი ჟორდანიას  ხელისუფლებას, რადგან მაშინდელ საერთაშორისო ვითარებას წარმოვიდგენდი ხოლმე. იმდროინდელი რუსეთის ძალასაც წარმოვიდგენდი. კი, ბატონო, დავუშვათ ჩვენ დავმარცხდებოდით, ამაში გეთანხებით. მაგრამ, როცა შენი დამოუკიდებლობა, შენი სახელმწიფოს მოწყობა გინდა, მაშინ საზოგადოება ისე უნდა იყოს მომძლავრებული და მომზადებული, რომ ამისთვის სისხლიც გაიღოს, ფრონტზეც წავიდეს და საკუთარი ქვეყანაც დაიცვას. ისე არ არის, ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდოდეს და ქვეყნის დაცვა არ გვსურდეს. ყველანი სახლებში დავსხდეთ. დამოუკიდებლობას ასე არავინ მოგვცემს და არ შეგანარჩუნებინებს. ამიტომ ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და საკუთარი სახელმწიფო ჯერ-ჯერობით ისე არ უყვარს, როგორც საჭიროა.

შეგვეძლო აგვეცილებინა 1921 წლის შემოჭრა?

- შესაძლოა, ვერ აგვეცდინა თავიდან, მაგრამ უფრო მეტი გამძლეობა უნდა გამოგვეჩინა და ერთი-ორი თვე წინააღმდეგობა გაგვეწია. მაშინ შეიძლებოდა ცოტა უფრო მეტი სიმპათია ყოფილიყო ევროპის მხრიდან, ცოტა უფრო მეტი დამთმობი ყოფილიყო საბჭოთა რუსეთი. შეიძლება - დავეპყარით, მაგრამ გარკვეულწილად, დამთმობი  ყოფილიყო.

მართალია, თითქოს ლენინი ამბობდა, არ შევიჭრათ ამ თავისუფლების მოყვარე ქვეყანაშიო? ქართველმა ბოლშევიკებმა გადაათქმევინეს ეს აზრი?

- ლენინი ცოტა უფრო ფრთხილობდა, რადგან ის იყო მთავრობის თავმჯდომარე და პირადი ურთიერთობა ჰქონდა საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებთან. ამიტომ ის ერიდებოდა საერთაშორისო გართულებას. ოღონდ საქართველოს დაპყრობას კი არ ერიდებოდა, უბრალოდ, გარანტიებს ითხოვდა ჰეკერისგან, მე-11 არმიის სარდლისგან, ორჯონიკიძისა და სხვა მეთაურებისგან, რომ სწრაფად და უმტკივნეულოდ, მყისიერად დაემთავრებინათ საქმე. ამიტომ კარგად მოემზადეთ, რომ გართულება არ იყოსო.

 

საქართველოს დაპყრობის თვალსაზრისით, ორჯონიკიძის და სტალინისდამსახურებადიდი იყო. მათ შესთავაზეს რუსის ჯარს საქართველოში შემოჭრა...

- რა თქმა უნდა, მათი როლი დიდი იყო, რადგან ისინი ყველაზე მეტად რუსობდნენ, ცდილობდნენ, რომ წარმომდგარიყვნენ, როგორც რუსები. მე ორ ნაწილად ვყოფ ბოლშევიკებს. ერთნი, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რაშიც იყო საქმე, ე.ი. ჭკვიანი ბოლშევიკები. ასეთი  სტალინი იყო. როგორც იტყვიან, ეშმაკის მოგზავნილი, არ მინდა სხვა სიტყვა მოვიშველიო. ხოლო მეორენი იყვნენ წმინდა წყლის იდეალისტები, უბრალოდ იდიოტები იყვნენ, მაპატიეთ ამ სიტყვაზე. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს იყო იდეალი, რომელიც ადრე თუ გვიან ვერ განხორციელდებოდა.