საქართველოს ისტორია სასახლეებით დიდად არ არის განებივრებული, ქვეყანას დიდებული მეფეები ჰყოლია, მაგრამ დიდებული სასახლეები მაინცდამაინც არა ჩანს. ეს, ალბათ, იმასაც უნდა მივაწეროთ, რომ ჩვენი მეფე-დიდებულები ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ქვეყნის ქონებაც სახელმწიფოს აღმშენებლობაზე ჰქონდათ გადაგებული და არა პირად ფუფუნებაზე. ჩვენს ისტორიაში ხომ ესოდენ იშვიათია ხალხისაგან გაქსუებული და ქვეყნისაგან გარიყულ-გაუცხოებული ხელმწიფე-ფეოდალები...
სამაგიეროდ, ჩვენმა უახლოესმა ისტორიამ მოგვივლინა ამგვარი გაქსუებული პოლიტელიტა და მმართველი, რომელიც ძალაუფლების ვნების დაკმაყოფილებით იყო დაკავებული და არა ერისა და მამულის შემოკრებით. ეს ორჯონიკიძის ღირსეული მემკვიდრეები დიდი სიბეჯითით ასრულებდნენ წინამორბედის ანდერძს - წაღმა-უკუღმა გადაეხნათ საქართველო!..
როდის ჩამოირეცხს ქართველი ხალხი ამ სატანისტური მმართველობის შეურაცხყოფასა და სირცხვილს, როდის გასწორდება წელში და გამოიხედავს თვალში? არადა, ჯერაც ისევ რომ ყელყელაობენ, ისევ სულში რომ აფურთხებენ საზოგადოებას! ეს დღევანდელი „ხალხის ხელისუფლებაც“ რომ გაუბედავად მოქმედებს, ფრთხილობს და კეკლუცობს, მოკოჰაბიტაციე ზრდილობით, ლამის, უკან დაბრუნება შესთავაზოს ამ მოუცილებელ ჭირს! იმათი „რეფორმებისთვის“ ხელი ვერ უხლიათ, იმათი სიმახინჯეები ვერ მოუცილებიათ. იმ თავხედებმა თვით დიდი დავითის ქანდაკება მოაძრეს და სადღაც ქალაქის ბოლოში გადაისროლეს... ამათ კი ერთი ჯაბახანა ველოსიპედიც ვერ დაძრეს იმავე ადგილიდან!..
ქართველი ხალხის აბუჩად აგდების, საზოგადოებაზე უტიფარი ძალადობის სიმბოლოდ მაინც ის საპრეზიდენტო სასახლე იქცა, რომლის მშენებლობაც სწორედ მაშინ გაცხოველდა, როდესაც მოსახლეობის შეჭირვებამ და სიძულვილმა ეშმაკებთან წილნაყარი მმართველის მიმართ საშიშ ნიშნულს მიაღწია. ამ სასახლემ სარკესავით აირეკლა ყოფილი ერთპარტიული ხელისუფლების და მათი ბელადის გაუკუღმართებული ნება და ენერგია.
ყოფილა ისტორიაში ცოდვითა და სირცხვილის მძიმე განცდით გათანგული სასახლეებიც და მათ შორის გამორჩეული მაინც ეს ერთი იქნება...
მაგრამ, თურმე, ასეთი ცოდვიანი სასახლეების გაკეთილშობილება და განწმენდაც შეიძლება!
თვალსაჩინო მაგალითი გნებავთ?
იქ, სადაც ახლა საპატრიარქო რეზიდენციაა, თბილისის მილიციის სამმართველო იყო განთავსებული. 80-იან წლებში, როდესაც ამ შენობაში კომუნისტებმა ენათმეცნიერებისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტები გადაასახლეს, იქ ჯერ კიდევ იყო წინასწარი პატიმრობის საკნები და სარდაფის ჯურღმულებში ძვლები ეყარა. ამ ინსტიტუტების შემდეგ აქ კათოლიკოს-პატრიარქი შევიდა თავისი სასწაულთმოქმედი ჯვარით და ურწმუნოების დროის ცოდვები განწმინდა...
ამდენად, ავადსახსენებელი საპრეზიდენტო სასახლეც შეიძლება გაკეთილშობილდეს. ნამდვილად არ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ის შთამომავლობას ძალადობის, დათრგუნვისა და სიძულვილის ძეგლად დარჩეს. ამისათვის ამ სასახლეს შინაარსი მთლიანად უნდა შეეცვალოს. კერძოდ, ამ სასახლეში ქართველი ერის საუკუნოვანი მხსნელი - ქართული ენა - უნდა შევიდეს მთელი თავისი დიდებულებით. იგულისხმება მთელი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა, განთავსებული, უპირველეს ყოვლისა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე ცენტრალურ სახელმწიფო არქივსა და გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმში.
აქვე უნდა ითქვას, რომ დღემდე ქართულ ენას, ქართულ მწიგნობრობას მაინც არა აქვს ის პატივი მინიჭებული, რასაც ის თავისი წარსულით იმსახურებს, რის მაგალითსაც თუნდაც ჩვენი მეზობელი სახელწიფოები იძლევიან (მხოლოდ მატენადარანი რად ღირს!). ჩვენ კი ჯერაც არა გვაქვს თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე დაბინავებული ჩვენი უმდიდრესი მწიგნობრული მემკვიდრეობა. სწორედ ამ ოქროს საგანძურს, უძვირფასეს ხელნაწერებს შეეფერება ყველაზე უფრო ხსენებული სასახლე - თავისი მდებარეობითაც, სიმტკიცითაც, სივრცითაც... აქ შეიძლება შეიქმნას ამ შეუდარებელი მემკვიდრეობის საუკეთესო დაცვის რეჟიმიც და საექსპოზიციო პირობებიც... ეს იქნება გამორჩეული მისამართი საქართველოს რუკაზე - ყველა კატეგორიის სტუმრისათვის...
აი, ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ეს შინაარსობრივად ცარიელი და განწყობისეულად საძულველი სასახლე უმნიშვნელოვანეს ეროვნულ კერად აქციოს და ის სულიერებით სამების დიდებულ კათედრალს დაუკავშიროს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის აზრი, რომელიც მთელი ერისა და ბერის გულისთქმას გამოხატავს, ამიტომაც მას ასევე თანხმობით განახორციელებს კურთხევა ღვთისა და კეთილი ნება ხელისუფლებისა.
ხმა ღვთისა, ხმა ერისა!