ჯანსუღ ჩარკვიანის „პახმელია“ და „მორბენალი“ ნოდარ ნათაძე

ჯანსუღ ჩარკვიანის „პახმელია“ და „მორბენალი“ ნოდარ ნათაძე

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ.

დღევანდელ წერილში საუბარი ჩვენებურ „ოპოზიცია-პოზიციის” წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას გაგაცნობთ.

მოგონებების დასაწყისში სიტყვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილ მრჩეველ თემურ მირიანაშვილს გადავცემ. ცნობილ ქართველ პოეტს ჯანსუღ ჩარკვიანს თურმე საშინელი „პახმელია“ ჰქონია. ყოფილი პარლამენტარის ერთ „შემთხვევას“ ბატონი თემური მოგვიყვება.

„კარგი იუმორი აქვს ჯანსუღ ჩარკვიანს. ერთხელ „პახმელიაზეა“ და რუსთაველზე სუფთა ჰაერზე სეირნობს. ჩაუარა იუსტიციის სამინისტროს. გახსოვთ, ალბათ, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა სამინისტროს წინ თეთრ ფორმაში გამოწკეპილი ბიჭები რომ გააშეშა. იმ დროს ჯანსუღსაც თეთრები ეცვა. გაუსწორდა მათ, ეგონა, სარკეში ჩავიხედე და თავს გაორებულად ვხედავო. ცოტა არ იყოს შეშინდა კაცი, თვალები მოიფშვნიტა. მერე იფიქრა, ეს ორი კაცი თაბაშირის მანეკენი იქნებაო და აკვირდება გაშტერებით მათ. ამ დროს ერთმა ბიჭმა თვალები დაახამხამა. შეხტა ჯანსუღი, მერე წამოიძახა, გაცოცხლდით, თქვე დალოცვილებოო და მკვირცხლად გაქუსლა უკანმოუხედავად“.

იცით თუ არა რომ წინა საუკუნის 90-ან წლებში, ყოფილ პარლამენტში, ბატონი ნოდარ ნათაძე სირბილში ტოლს არავის უდებდა. ამ უჩვეულო ისტორიას კვლავ თემურ მირიანაშვილი გაიხსენებს.

„ერთხელ გულდაწყვეტილმა რომან გოცირიძემ შემომჩივლა, სირბილში მარცხი ვიწვნიე, ნოდარ ნათაძემ თავი მომჭრაო. გამიკვირდა, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და მოხუცმა სირბილში როგორ გაჯობა-მეთქი. იმ დროს პარლამენტის შენობა ქალებს ჰქონდათ ბლოკირებული, აქციებს მართავდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ. არადა, რომანს და ნოდარს იქ უნდოდათ თურმე შესვლა. მერე როგორღაც, შეძვრნენ და კუთხის შესასვლელიდან შეიპარნენ. მათი შესვლა ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩათ. ჯერ ბუზღუნი დაიწყეს და მერე უფრო გაავდნენ. ამ დროს რომანი წინ გარბოდა, ნოდარი კი უკან მისდევდა. აქციის მონაწილეები გაკაპასდნენ და იყვირეს: მოდით, ამათ ვაჩვენოთ ახლა სეირი და ნოდარ ნათაძეს შარვალი ჩავხადოთო. ეს რომ გაიგო ნოდარმა, თურმე, ისეთი მტვრის ბუღი დაუყენებია შენობაში, ხალხს თვალებზე ბინდი გადაეკრა. ნათაძემ გოცირიძე ხომ ჩამოიტოვა უკან და შემფასებლები რომ ყოფილიყვნენ, ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში რეკორდს მოხსნიდა ნამდვილად“.

დროა წინ გადმოვინაცვლოთ და სიტყვა უფრო ახალგაზრდა, ამჟამად ყოფილ პარლამენტარ კობა ამირხანაშვილს გადავცეთ. ბატონი კობა თბილისის ნამდვილ კოლორიტს - პლეხანოველ მარინას ახლო იცნობდა.

„კარგად ვიცნობდი მარინას. ახალგაზრდობაში მართლა ლამაზი ქალი იყო. მერე ვიღაც კაცმა შეაცდინა და ტყუპი ბიჭებიც ეყოლა მისგან. ამის მერე ფსიქიკა ცოტა შეელახა, თორემ ისე, საღი აზროვნება ჰქონდა, ბევრს „გადაუჯოკრავდა“. მერე დაიწყო დალევა და ბოჰემური ცხოვრება. უნდა გენახათ, ისე ატრიალებდა ჭიქას ორი თითით, რომ წვეთი არ ეღვრებოდა იქიდან. გამგები და კაი გულის ქალია, საწყალი. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და მივსეირნობთ კინოში. ამ დროს მარინა „გამეჩითა“. შორიდანვე მომაძახა, „ვა, კობა-ჯან, საღოლ, რა კარგი გოგო დაგითრევია“. კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი, პირველი შვილი ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო. გავიდა რამდენიმე თვე და მართლა არ ახდა მარინას წინასწარმეტყველება?! ბიჭი მეყოლა და გიორგი დავარქვი. სიცოცხლის ბოლო წლებში მარინა დადიანის ქუჩაზე იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. არ არსებობდა, ქალაქელ კაცს იქ მანქანით გაევლო და თუ მართლა ჯიბეში ფული ჰქონოდა, მარინასთვის არ მიეცა. მარინა იმ ფულით ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა - უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა. მიდიოდა იქ და ბოლო კაპიკამდე ასეთ ბავშვებს აძლევდა ფულს. მან რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა შიმშილს. მოკლედ, ჯიგარი ქალაქელი ქალი“ ბრძანდებოდა“.

მარინასთან ახლო ურთიერთობა „კონსერვატიული პარტიის“ წევრ გია ყრუაშვილსაც აკავშირებდა.

„ადრე, ბავშვობის პერიოდში, როცა სკოლაში ვსწავლობდი, ძალიან ბევრი კოლორიტი ადამიანი ტრიალებდა ჩემს გვერდით - გიჟიც და ჭკვიანიც. კარგად მახსოვს კიკა, მარინა, რომელმაც რამდენჯერმე დაგვპატიჟა მე და ჩემი ორი მეგობარი.

მაშინდელ პუშკინის სკვერში ლუდის ავტომატები იყო, სადაც კარგი ხორციანი „პერაშკები“ იყიდებოდა. ბიჭები ვგიჟდებოდით იმ ფუმფულა „პერაშკებზე“. მარინამ ერთხელ დაგვინახა, რომ ცოტა ფული გვქონდა, თავად კარგი სუფრა ჰქონდა გაშლილი და მიგვიწვია. ოღონდ არ უგრძნობინებია, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ფული არ გვქონდა. თავადაც მოწყალებით ცხოვრობდა. ღვინოს სვამდა, ორი თითით დაატრიალებდა ჭიქას და დაურტყამდა. იმ დროს მე და ჩემი მეგობრები სკოლიდან „შატალოზე“ ვიყავით გამოსულები. ცოტა მოგვიანებით, ჩვენმა ხელმძღვანელმა დაგვინახა მარინასთან ერთად, თან თითო კათხა ლუდი გვედგა. მორალის კითხვა დაგვიწყო. მარინამ ისეთი უწმაწური სიტყვებით შეამკო ის, არ ვიცი, ჩვენ რაღას გვერჩოდა, ატირებული გავარდა.

მეორე დღეს ჩვენს მშობლებს სკოლაში მოუწიათ მისვლა დირექტორთან. თქვენი შვილები გიჟებთან ერთად ლუდხანაში დადიანო, უთხრეს. ამის მიუხედავად, ჩვენ გვეამაყებოდა, რომ მარინასთან ნაქეიფრები ვიყავით. კარგი პურისმჭამელი და კარგი მოქეიფე ქალი იყო. თბილისში მისთვის პოპულარობით იშვიათად რომ ვინმეს „გადაეჯოკრა“. ასე ვცელქობდით და ვხალისობდით ბიჭები. მაშინ თბილისში მართლა ბევრ კოლორიტს შეხვდებოდი, მარტო რუსთაველის პროსპექტზე გასეირნება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ახლა კი დროც შეიცვალა და ჩვენი მენტალიტეტიც. აღარც ის ადათ-წესებია გავრცელებული ადრე რომ იყო“.

ჩვენი საკვირაო რუბრიკის მომდევნო სტუმარი ბატონი გერმანე ფაცაცია იქნება. თურმე ბატონ გერმანეს პარლამენტში თავის დროზე სხვადასხვა „საპატიო“ ნომინაციებში გაუმარჯვია.

„სხვათა შორის, ადრე ჟურნალისტებმა დააწესეს ნომინაციები, პარლამენტარებისთვის: თუ ვინ იყო პარლამენტარებიდან „ყველაზე მსმელი“, „ყველაზე მწეველი“, „ყველაზე მექალთანე“ და „ყველაზე სიმპათიური“. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მოხდა, რომ ლამის მე გავიმარჯვე ყველა ნომინაციაში. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაზე სიმპათიურად რომ დამასახელეს, მაინც გამიკვირდა, რადგან გიორგი კობახიძის დასახელებას ვვარაუდობდი, მაგრამ მოწევასა და სმაში რომ ვერავინ „გადამიჯოკრავდა“, ზუსტად ვიცოდი. თუმცა, მექალთანეც ვიყავი - ამას ვაღიარებ. მე, ეტყობა, დანარჩენ ნომინაციებში რომ ვლიდერობდი, მერე კობახიძეს ეს ნომინაციაც „დავაწერე“. სულ მუდამ ჟურნალისტების გვერდით ვტრიალებდი, სულ ბუფეტში ვიყავი გამოჯგიმული და ამიტომაც ვუყვარდი ბუფეტის თანამშრომლებს. მქონდა ფული თუ არა, იქიდან ვერ მაგდებდნენ და მერე ისე შემეჩვივნენ, რომ აღარ ვენახე იქაურ პერსონალს, მომისაკლისებდნენ ხოლმე. მეხვეწებოდნენ, ოღონდ მოდი და „პოსლეზეც“ თანახმა ვართო. იმ დროს გამოჩნდნენ ფულიანი პარლამენტარებიც და შევიძინე ისეთი მეგობარი, როგორიც ზურაბ ახმეტელია. მან თავისი სამუშაო ოთახის გასაღები მომცა და იმის ოთახში გამოტენილი მქონდა მაცივარი სასმელებით.

ამის მერე ვიღაცას ეგონება, რომ ჩვენ არ ვმუშაობდით, მაგრამ ეს მომენტებიც იყო თანმდევი, რადგან ყველა ქართველში ვაზისა და ღვინის ღვთაება თანაბრად ზის. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადრე ჟურნალისტებმა მე თბილისელ დარდიმანდად მაღიარეს.

ახლა კი, დარდიმანდი კი არა, საშინლად დადარდიანებული ვარ, რადგან მთელი ქართული ისტორია ეფუძნება იმას, რასაც ჰქვია ტრადიცია, რომელიც ამავდროულად ჭეშმარიტებაცაა. ქართველობა და მართლმადიდებლობა არის ერთმანეთის სრული თანხვედრა და, თუ დავრწმუნდი, რომ ამას გაქრობა ემუქრება, მაშინ აღარ მინდა სიცოცხლე და ესაა. არ მინდა მე ევროპიზაცია, რადგან ჩვენ ვართ გამორჩეული ერი, ეს მართალია“.

„მექალთანე“, „მწეველი“ და „მსმელი“ გერმანე ფაცაცია ერთხელ ვლადიკავკაზში აღმოჩნდა. ქვემოთ მოთხრობილი უჩვეულო ამბავი ამ ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში განვითარდა.

„ჩავედი ვლადიკავკაზში, სასტუმროში ვარ გაჩერებული. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაბელური კაცი ვარ, ლამის მთელი სასტუმრო გავიცანი. მერე მითხრა სასტუმროს ადმინისტრატორმა, აქ ჩვენ საინტერესო სიტუაციები გვაქვსო. რომ დავინტერესდი, რაზე იყო საუბარი, გამანდო, აქ ერთი კარგი, წესიერი გოგოა, ერთდღიანი კონტაქტისთვის სერიოზულ მამაკაცს ეძებს და ასეთს ხომ არავის იცნობო? მეც ჩავიქირქილე: რაღა შორს მიდიხარ, მასეთი მე ვარ-მეთქი.

შემოიყვანეს ის გოგო ნომერში ჩემთან, როგორც სერიოზულ კაცთან, თან, ოთახში არიან ჟურნალისტი, ოპერატორი და ბორის კაკუბავა. მათ ეს შეხვედრა დააფიქსირეს, მერე კი ყველა გავუშვი და ამ გოგოს ვეკითხები, რა თანხას ითხოვდა, თან, ვაძლევ ფურცელსა და კალამს და ვეუბნები, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერო განცხადება, უნდა აღნიშნო, რა ანაზღაურებაც გინდა. ამას გადავუგზავნით მას ფაქსით და მერე მოგვახსენებს, გადმოგვირიცხავს თუ არა აღნიშნულ თანხას-მეთქი. იმ გოგოს არ გაუკვირდა და დიდი სერიოზულობით წერდა, რასაც ვკარნახობდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ტექსტის შინაარსი ასეთი გამოვიდა: რუსეთის იმპერიამ საქართველოში მრავალნაირი აგრესია ჩაიდინა, მათ შორის, სექსუალურიც - წაგვართვა მამაკაცები. მან რუსი ქალების მეშვეობით წამართვა მე ქმარი და, ამდენად, ვარ რუსეთის სექსუალური აგრესიის მსხვერპლი. ამდენად, გთხოვთ, მომცეთ ნება, ამა და ამ თანხის საფასურად, საქართველოს პარლამენტის წევრთან ერთი ღამე გავატაროო.

გოგონამ ეს განცხადება ისე დაწერა, რომ მის ძალის კანონიერებაში ეჭვიც არ შეჰპარვია. მერე ვუთხარი, მოდი, გადავცემ ამ განცხადებას ჩვენს უხუცესს-მეთქი. ბორის კაკუბავამ მთელი სერიოზულობით წაიკითხა ეს განცხადება და პასუხს მალე გეტყვითო - დაგვამშვიდა. თხუთმეტ წუთში თანხმობა მივიღეთ. იმ გოგოს, რა თქმა უნდა, ფული სჭირდებოდა, რაც მთელი ამ პოლიტიკური პრეისტორიის შემდეგ მივეცი“.