პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააქტიურებულმა გამოძიებამ დღის წესრიგში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა დააყენა.ჰოდა, ,,ნაციონალებმაც” მსოფლიო შეძრეს, ვეღარც მაპ-ს მივიღებთ და ვეღარც ასოცირების ხელშეკრულებას ვეღირსებითო. ისევ ნაცარს გვაყრიან თვალებში, თორემ რამ დაავიწყათ აშშ-ის მექალთანე პრეზიდენტი, რომელიც არაერთხელ წარსდგა სასამართლოს წინაშე და დემოკრატიისა და სამართლიანობის მაგალითი მისცა მსოფლიოს?! ვინ არის სინამდვილეში ჰაკიმ ფაშა, ვინც “იუთუბი”-ზე სკანდალური კადრები ატვირთა? - ,,ქართული სიტყვა” სამედიცინო ექსპერტმაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა.
- ქალბატონო მაია, ინტერნეტით გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოების გავრცელება რამდენად ეთიკური და, ამავე დროს, სამართლებრივად გამართლებულია?
- შოკური თერაპია საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა ჩემი დაკავების მომენტში უამრავი ნიღაბაფარებული სპეცრაზმელიტრიალებდა, ცაში კი, ვერტმფრენები დაფრინავდნენ. ,,ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს ხალხს ყველა მეთოდით თრგუნავდნენ, მაგრამთქვენ წარმოიდგინეთ, უცნაური რამ მოხდა: ამდენი უბედურების შემყურე ადამიანები შეეჩვივნენ სკანდალებს.ბატონმა ბიძინამ საზოგადოებას შესთავაზა, გვეცხოვრა მშვიდად, ლიდერების გარეშე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას, როგორც ჩანს, ადრენალინის დიდი დოზა სჭირდება - დრო და დრო შენჯღრევა მოთხოვნილებად ექცა. ის დაძაბული და აგრესიული მუხტი, რაც საქართველოს ისტორიის ბოლო ათწლეულებმა მოიტანა, არსად გამქრალა, აქვე ტრიალებს, ჩვენ შორის.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, “იუთუბი”-ზე ატვირთული კადრები ამ მიმართულებით განსჯის საგანი ვერ გახდება, თუმცა მგონია, რომ ამ კადრებმა გააცოცხლეს გამოძიება, რომელიც სწორი ხაზით წავიდა.Pპრემიერ-მინისტრის მკვლელობის (ყოველთვის ამ სიტყვას ვიყენებ) გამოძიება ღირსების საკითხი გახდა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ, - საზოგადოებისთვისაც.
-,,ნაციონალებს” ისტერიკა აქვთ და ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით არც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოეწონათ...
- იმ ავადსახსენებელ თებერვლის დილას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რაც თანამდებობისთვის, პროფესიისთვის შეუფერებელი, მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ნათქვამი და, მეტიც, გამოძიებისთვის მიმართულების მიმცემი იყო. მერაბიშვილი არ დაელოდა სამედიცინო ექსპერტიზას, გვამის გაკვეთას, ლაბორატორიულ კვლევებს და ა.შ. ღარიბაშვილის გამოსვლა კი, ნამდვილად არგუმენტირებული გახლდათ. როგორც ჩანს, მისთვის იმაზე მეტია ცნობილი, ვიდრე - ჩვენთვის. ჟვანიას გარდაცვალების დასკვნაში წერია, რომ მაგარ გარსში არის მიკროსკოპული რაოდენობის სისხლჩაქცევა, მაგრამ არაა დანომრილი ადგილმდებარეობა, არც ისაა ცნობილი, რა მიზეზობრივი კავშირი შეიძლება ჰქონოდა სისხლჩაქცევას სიკვდილთან. ჩემთვის ყველაფერი ნათელია - არსებობს შესაძლებლობა, გაირკვეს სიკვდილის მიზეზი. გამოძიებისთვის ამ კადრებმა კატალიზატორის როლი შეასრულეს. სააკაშვილის დაკითხვაზე დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ გამოძიება კომპლექსში მუშაობს. გაჩნდა ახალი სამხილები, გარემოებები, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სიახლე შეიტანონ სიმართლის გარკვევაში.
- მაინც და მაინც, გაზით გაგუდვის ვერსია რატომ ამოირჩიეს?
- ვერ გაიგებ, ავადმყოფი ადამიანის ტვინში რა მომწიფდება. ,,ნაციონალები” დღეს გაჰყვირიან, მოეშვით სპეკულაციას, ოჯახი ცოდოაო! რას ნიშნავს ეს შეძახილები? მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა დაიფაროს?Lლაპარაკია დელიკატურ თემაზე. ამისთვის არსებობს დახურული სასამართლო პროცესები.
- ქალბატონო მაია, გარდაცვლილი პრემიერის გვამის ექსპერტულ კვლევებში მონაწილეობდით?
- იმ საღამოდანვე ყველა ოფიციალურ დასკვნას, რაც ჟვანიას შესახებ იდებოდა, ოპონირებას ვუწევდი. ნაადრევი იყო გაზის ნამწვის კონცენტრაციაზე ლაპარაკი, როცა ლაბორატორიული კვლევები არ იყო ჩატარებული, რადგან გაკვეთა საბურთალოზე ხდებოდა, ლაბორატორია კი, ავლაბარში იყო. დონაძის ექსპერტები ვანოსთვის მისაღებ დასკვნებს ამზადებდნენ. სერიოზული კონსულტაციები გავიარე გაზის გამათბობლებთან დაკავშირებით, დასკვნაც გავახმოვანე, რომ ეს არ იყო სასიკვდილო დოზა. ამას მოჰყვა ციფრების შეცვლა.
- გამოდის, რომ ამერიკელების დასკვნასაც ოპონირება გაუწიეთ. აქედან ხომ არ დაიწყო თქვენი უბედურება?
- დიახ, ამერიკული ექსპერტიზის დასკვნის რევიზია გავაკეთე. წლების შემდეგ, ჩემი პოლიტიკაში აღმოჩენა, ვფიქრობ, შემთხვევითი და, რაც მთავარია, ჩემი სურვილით არ მომხდარა.
- აბა, ბიძგი ვინ, ან რამ მოგცათ?
- ამაზე საუბარი არ მინდა, ყველაფერი თავის დროზე გამოჩნდება.
- მართლა აპირებდა იგორ გიორგაძე სახელმწიფო გადატრიალებას?
- დღემდე არ ვიცი მისი აზრები, დღესაც არ ვიცი, რა უნდოდა. ჩემი ცხოვრების უდიდეს შეცდომად ვთვლი ამ პარტნიორობას.
- ალბათ, ყველაზე მწარეა, იყო მართული, არა?
- როგორც შეცდომების აღიარებაა ძნელი, ამ ფრაზის თქმაც ძნელია. იყო მართული და, შენდა უნებურად, გაუთვითცნობიერებლად დაადგე გზას სხვის ომში, ნამდვილად მწარე რეალობაა.Mმადლობა უფალს, დღეს ისევ ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები და იმედი მაქვს,ჩვენი ქვეყანა ნორმალური გზით წავა, თუკი პროცესები ძლიერმა ხელმა არ არია.
- მაინც, რატომ მიეცით აღიარებითი ჩვენება?
- სხვაგზა არ მქონდა. შევარდნაძის პერიოდში ყოველთვის რისკიან საქმეს ვემსახურებოდი, საფრთხეებს შეჩვეული ვიყავი, მაგრამ მაშინ ვიცოდი, რომ რისკი მე მეხებოდა, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ვინმე ოჯახზე შურისძიებას იფიქრებდა. ,,ნაციონალების” პერიოდში კი, ახლობლებითა და ოჯახით მანიპულირება აპრობირებული იყო.
- ეს პირდაპირ გითხრეს?
- მითხრეს. მოდულის შენობაში განუწყვეტლივ ლოცვებს ვკითხულობდი. დედაშვილობამ მძლია - მივხვდი, რომ შვილებს ვერ გავწირავდი. ვფიქრობდი, მაქვს თუ არა უფლება, სიცოცხლე წავართვა უფლის შვილებს?! ვიცი, რომ ადამიანები დაზარალდნენ, მაგრამ ჩემი სიტყვით არავინ დაუჭერიათ, ჩვენ სრულიად სხვა პიროვნების მიერ, 30 აგვისტოს დაწერილი განცხადების საფუძველზე დაგვაკავეს. ჩემზე განსაკუთრებული ზეწოლაიყო - ჩემი აღიარებითი ჩვენება სჭირდებოდათ.
- განსაკუთრებით ირინა სარიშვილს აქვს თქვენს მიმართ პრეტენზიები...
- დაკვირვებული ვარ, ირინა სარიშვილი მაშინ ხდება აქტიური, როცა საქმე ექსპერტიზის საკითხებს უკავშირდება. ასე მოხდა გიორგი სანაიას მკვლელობის შემთხვევაშიც. ისტერიკა დაიმართა, ნიკოლეიშვილი სანაიას შეურაცხმყოფელ ექსპერტიზას უტარებსო. გავრცელდა ჟვანიას კადრები და ისევ ამ თემით გააქტიურდა. ადამიანებს უჭირთ შეცდომების აღიარება. როცა ჩემს შეცდომებზე ვლაპარაკობ, ირინა სარიშვილსა და იგორ გიორგაძესთან პარტნიორობასაც ვგულისხმობ. რა ვქნა, ჩვეულებრივი ადამიანი, დედა ვარ, ვერ გავუძელი ზეწოლას, ვერ გავხდი წამებული.
- გიორგი სანაიას გვამის ექსპერტიზაც გააკეთეთ...
- მკვლელობის ადგილზე იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით წავედი, მთელი გზა მირეკავდა, მაია, იჩქარეო. გიორგის ხელის მტევანზე კანი ჰქონდა ამომწვარი, ასეთი თერმული ზემოქმედების კვალი შემდეგ სულხან მოლაშვილის ზურგზე ვნახე. სპეციალურ სითხეში ჩადებული კანი ,,ეფ-ბი-აი-ს” ლაბორატორიაში, გამოკვლევაზე პროკურატურის ექსპერტიზის ხელმძღვანელთან ერთად მივიტანე. ამასთან, ცირკის ტერიტორიაზე აღებული ნიადაგის ნიმუშიც. ჩემი ხელით ავიღე ნაცხი და ჩავატარე ბიოლოგიური ექსპერტიზა... დელიკატური ვერსიაც გამოირიცხა. გამოძიებას ყველაფერი ჰქონდა, რომ სამართლიანი განაჩენი დაედო.
- სანაიას შემთხვევაშიც იყო გამოძიებისთვის ფარულად მიცემული მიმართულება?
- ეზოში, მისვლისთანავე, მეზობლები შემომეხვივნენ ტირილით, ქალბატონო მაია, გიორგი თავს არ მოიკლავდა, ტყუილიაო. იქით მოქალაქეთა მეორე ჯგუფი სკანდირებდა: “ჟვანია, მკვლელო!” გამოძიებას არც ვერსიები ჰქონდა, არც კვლევები ჩატარებულა და ეზოში უკვე ვიღაცისგან მართული ადამიანთა ჯგუფი ცდილობდა საზოგადოებრივი აზრი წარემართა გარკვეული მიმართულებით.
- ამბობდნენ, რომ გიორგი სანაიას კიწმარიშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა...
- ,,რუსთავი2”-ის მაშინდელი მფლობელი ეროსი კინწმარიშვილი, ჩემდა გასაკვირად, რატომღაც, დეტალურად კითხულობდა გამოძიების ამბებს. ბუნებრივია, პასუხს ვცემდი ისე, რომ გამოძიების ინტერესები არ შელახულიყო და ექსპერტიზის საიდუმლო არ გამეთქვა.
- ისიც ითქვა, თითქოს მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გიორგი ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ სურმანიძის დაცვის წევრებმა ტაბახმელაში აიყვანეს და სცემეს.
- მსმენია, რომ იყო კონფლიქტი, მაგრამ სანაიას დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. ვფიქრობ, ეს ,,ნაციონალებს” შორის შიდა დაპირისპირების გამოვლინება იყო - ვიღაცას ხელს აძლევდა გიორგი სანაიას ჟვანიას მიერ მოკვლის ვერსია.
- იმედი გაქვთ, რომ ზურაბ ჟვანიასა და გიორგი სანაიას მკვლელობებს ოდესმე ფარდა აეხდება?
- მეც, საზოგადოების მსგავსად, იმედი ნაკლებად მაქვს. უბრალოდ, ვხედავ ენერგიულ პროცესს, სწორ გზაზე დამდგარ გამოძიებას. იმასაც შევეჩვიე, რომ როცა ძლიერი ხელი ჩაერევა, პროცესები ჩერდება.
რაც შეეხება გიორგი სანაიას, აქ პირველ რიგში, ოჯახის სურვილი უნდა ჩანდეს, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებების შემთხვევაში, დაიწყოს სერიოზული მუშაობა ხელახალი გამოძიების დასაწყებად.
- თან, თუ “იუთუბი”-ზე აიტვირთება კადრები, არა?
-ეს “იუთუბი” დღევანდელი ყოვლისშემძლე ჯინია.
- კეთდება მინიშნება, რომ ლევან სამხარაულის მკვლელობა ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას უკავშირდება. ეს რეალურად მიგაჩნიათ?
- ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ამ ორ საქმეს ერთმანეთთან კავშირი აქვს. სამედიცინო ექსპერტიზა ურთულესი და უფაქიზესი სფეროა, რომელიც უდიდეს პროფესიონალიზმს მოითხოვს, მათ შორის, მაშინაც, როცა საქმის ,,გაფუჭება” სჭირდებათ. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ლევან სამხარაულს, ზურაბ ადეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, არ ჰქონდა სათანადო გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ვერ შეძლო დავალების შესრულება.
- გამოდის, რომ ლევან ჩაჩუამ შეასრულა მავანთა დავალება და მაამებლური დასკვნა დადო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით?
- ლევან ჩაჩუა, 17 წლის განმავლობაში, ჩემი სერიოზული და ღირსეული ოპონენტი იყო. ის მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა და ყველა ,,გასაფუჭებელ” საქმეს ავალებდნენ, თუმცა გაოცებული ვარ, პრემიერის გარდაცვალების საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით ასეთი ,,იაღლიში” როგორ მოუვიდა - თავის არეში დაზიანებების კერები, რაც ფოტოებზე გამოჩნდა, არ დაუფიქსირებია და არც კვალი წაუშლია, მაგრამ ასე რომ არ გაეკეთებინა, ალბათ, სამხარაულის ბედს გაიზიარებდა. ლევან სამხარაულმა ვერ შეძლო კოორდინირება ბევრ რამეზე, ამასობაში ვახტანგ კომახიძის ფილმი გამოვიდა, მეც გავაჟღერე ჩემი მოსაზრებები და დასკვნები, ყველას ხომ არ დაგვხოცავდნენ? მე ექვსი წლით გამაჩუმეს და გამომთიშეს პროცესებს.
- ქალბატონო მაია, რა დონეზეა ექსპერტიზის სკოლა საქართველოში?
- 2013 წლის მაისში, ექვსი წლის პაუზის შემდეგ, საექსპერტო მინდორზე დავბრუნდი და ვნახე, რომ სასამართლოებში სამედიცინო დასკვნები კი არა, დეპეშები შედის. საექსპერტო სკოლა გაუპატიურებულია, არც ექსპერტული აზროვნება არსებობს, ამის შედეგად, უამრავი ადამიანი დაუსაბუთებელი სამედიცინო დასკვნების საფუძველზე, ციხეშია. მოსამართლეები კი ენოტის თვალებით გიყურებენ და წინ დადებულ მტკიცებულებებს ვერც ხედავენ, ვერც აანალიზებენ და, როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იტყოდა, ,,კოფი-ფეისტის” პრინციპით მოქმედებენ და ეს იმ დროს, როცა უამრავი ადამიანი ელოდება იმ კომისიის შექმნას, რომელმაც საქმეებს, ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, უნდა გადახედოს.