ტრეფიკინგი უგმიროდ

ტრეფიკინგი უგმიროდ

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელინაციონალებისშავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილისმარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვააგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

რომ დავიბადე, სახლში გვიცხოვრია ოთხ ადამიანს - დედას, მამას, ბებიას და მე... სოფელში ჩვენზე კარგი მაცხოვრებელი არვინ ყოფილა... მამა ოცნებობდა, რომ ბიჭი ჰყოლოდა, მაგრამ დედას ჯანმრთელობამ  ხელი არ შეუწყო... მოკლედ, როცა დარწმუნდნენ, რომ ერთი გოგოს მეტი შვილი არ ეყოლებოდათ, მამას ნოსტალგია დასწყებია და... დედას სულ წიხლით სცემდა, ბერწს ეძახდა...

არ ვიცი, რისი ბრალი იყო, მაგრამ მამაჩემის მიერ ნაცემ და გაუბედურებულ დედას მკერდზე სიმსივნე აღმოაჩნდა და 6 თვეში მოკვდა. მაშინ 5 წლის ვიყავი, ძალიან ბუნდად მახსოვს დედა...

წლისთავამდეც არ მოიცადა და აჭარელი ქალი მოიყვანა მამაჩემმა ცოლად... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც მას ეყოლა ბიჭი, ტყუპი გოგო გააჩინა... მშობიარობა კი, ისეთი მძიმე ჰქონდა, რომ ყველაფერი ამოკვეთეს... ზუსტად დედაჩემის ბედის გაზიარება დაიწყო ცოტა ხანში - მამა ახლა მას ურახუნებდა... ბოლოს, ადგა ის ქალი და გაიქცა...

რამდენიმე წელი ცოლი არ ჰყავდა, ლოთობდა და მე, 9 წლის გოგო ვიყავი მისი და ბებიაჩემის პატრონი...

14 წლის ვიყავი, მამამ ცოლი ისევ რომ მოიყვანა, ის ბერწი აღმოჩნდა და ნანატრი ოცნება - ვაჟი ვერ გაუჩინა... მანაც წინა ცოლის ბედი გაიზიარა - 3 წელიწადში ჩვენი სახლიდან წავიდა...

მამა ლოთობდა...

გაკვეთილებს ბოსელში ვსწავლობდი, რომ მთვრალს ჩემი წიგნები ცეცხლისთვის არ მიეცა...

მალე ბებიაჩემი ლოგინად ჩავარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სკოლაში ვეღარ ვივლიდი... 9-კლასიანი განათლებაც რომ მივიღე, მიკვირს... ერთი წლის მერე, ისე დავიღალე ბებიაჩემის მოვლითა და მამაჩემის გამოუდმებული ჩხუბით, რომ გადაწყვეტილება მივიღე, ცოტა გავთავისუფლებულიყავი - ბებიაჩემს “კლოფერინის” აბები მივეცი, ბევრი, სადღაც წავიკითხე, რომ თუ ბევრს მიიღებდა ამ წამალს, ადამიანი მოკვდებოდა... და ისე მოკვდა, რომ ვერავინ მიხვდა მისი სიკვდილის რეალურ მიზეზს...

მეგონა, ამით შემიმსუბუქდებოდა ცხოვრების მძიმე ჯაფა, მაგრამ შევცდი - თუ მანამდე გულამოსკვნილი ლოგინად ჩავარდნილ ბებიას შევჩიოდი ჩემს ვაიუბედურებას, მერე, მის და დედაჩემის საფლავზე მიხდებოდა გულის მოოხება, მაგრამ ყოველთვის არ შველის ტირილი საქმეს...

ზუსტად ვიცი, მამაჩემი მთელი თავისი ცხოვრების უბედურებაში მე მადანაშაულებდა, ეგონა, რომ მე ვიყავი თარსი - ჩემი გაჩენის მერე ხომ აღარასდროს ყოფილა ბედნიერი?!

ნასვამი ხან მცემდა, ხან ამტვრევდა... მერე კი, იმ დონეზე გალოთდა რომ “ჩაფსმამდე” სვამდა და სადაც დალევდა, იქვე იძინებდა... მივდიოდი და ზურგზე მოკიდებული მომყავდა კაცი, რომელსაც მხოლოდ ერთი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში - უბრალოდ, შემქმნა და ამასაც ნანობდა...

ასე გაიარეს წლებმა...

26 წლისას ერთი მთხოვნელიც არ მყავდა, ყველა “ბასიაკის” შვილად მთვლიდა, რომელსაც საკუთარი ზურგით მიწევდა ზამთრისა და ზაფხულის გადაგორება...

მეზობლად ერთი რძალი იყო. მისი და ხშირად ჩამოდიოდა... ერთხელ, დამიძახეს და მითხრეს, რომ თურქეთში წამიყვანდნენ, ვიმუშავებდი, ფულს დავაგროვებდი, სახლს ვიყიდიდი და დამოუკიდებლად ვიცხოვრებდი. მახსოვს, ლენა ისეთი მუშტრის თვალით მიყურებდა, თავიდან უარი ვუთხარი, მერე კი, ისე შემომიჩნდნენ, რომ დავფიქრდი, მაგრამ...

მამა?

მამას ვის დავუტოვებდი?

უნდა გავპარულიყავი სახლიდან...

მოკლედ, ისე, რომ სოფელში და ამ ქვეყანაზე არავინ იცოდა, დილით, უთენია გავედი სახლიდან და ლენას გავყევი...

ერთი კვირა თბილისში ვიცხოვრეთ...

ჩამაცვა, სალონში წამიყვანა, მივლიდა და პირველად, სულ პირველად ვიგრძენი, რომ ვიღაცა უცხო ჩემზე ზრუნავდა...

მივენდე და მოვეშვი...

რადგან პასპორტი არ მქონდა, ლენამ სხვა გზა მოიფიქრა - ვიღაცის პასპორტი მოიტანა, თმაც ისე შემიღება და დამვარცხნა, იმ ქალს როგორც ჰქონდა... რაღაცით მიმამსგავსა და...

წავედით სტამბულში...

ქალი, რომელსაც ერთი დღითაც არ გამეხედა სოფლის გარეთ, სტამბულში აღმოვჩნდი...

სტამბულში 5 დღე დავყავით. მერე კი, გადავედით სხვა მხარეს... მეგონა, იქაც ქალაქი იყო და იქ ვიცხოვრებდი, მაგრამ შევცდი...

სადღაც, მიტოვებულ შენობას ჰგავდა, იქ მიმიყვანა... რომ შევედით, უცხო გოგონები დამხვდნენ, ჩაშავებული სახეებით, ძლივს დადიოდნენ... 4 დღე ვუყურე მათ საცოდაობას... ღამე გაჰყავდათ და დილით მოდიოდნენ დაქანცულები... მერე, მთელი დღე ეძინათ...

მოკლედ, ის ოთხი დღე ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს - თურქული არ მესმოდა, ლენა კი სულ თურქულად ლაპარაკობდა და კისკისებდა....

ოთხი დღის მერე, ლენამ ვიღაცა თურქ ქალზე მითხრა, ეს არის აქაურობის უფროსი და ამისი ქმარი. მზარეული უნდათ და შენ მოეწონეო...

შემპირდა, რომ ერთ კვირაში მოვიდოდა და... ლენა წავიდა...

არც პასპორტი, არც ენა, არც ნაცნობი, არც შინაური, არც გარეული, ყველაფერი იყო უცხო და შემზარავი...

სამი დღე კიდევ არავის მოუცლია ჩემთვის... კარგად მაჭმევდნენ, მიცინოდნენ და იმ გოგონებს ჩემთან ლაპარაკის უფლებას არ აძლევდნენ.

თარბია - ასე ერქვა იმ თურქს, რომლის მზარეულიც უნდა ვყოფილიყავი,

მაგრამ სადილი ერთხელაც არ გამიკეთებია...

სამი დღის მერე, ნაშუაღამევს, თარბია შემოვიდა და მითხრა, რომ ჩამეცვა და გავმზადებულიყავი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. კი არ მითხრა, ხელით მანიშნა. მერე კი, თავად დამვარცხნა, გამიკეთა მაკიაჟი და მისაღებში ვიღაცა კაცს მიაბარა ჩემი თავი. რატომ არ მეშინოდა, არ ვიცი - უცნობს გავყევი...

იმ კაცს ზედაც არ შემოუხედავს... სადღაც წამიყვანა მანქანით, ვიღაცის სახლში მივედით. იმ სახლში შემიშვა და თავად გარეთ დარჩა... ხალათში გამოწყობილმა თურქმა მაღლიდან ხელი დამიქნია, ამოდიო... ავედი... დავჯექი სავარძელზე... კაცი დგას და მიყურებს, ხელით მანიშნებს, მოდიო... არ მივდივარ... ის კი მეუბნება, რომ მივიდე... ბოლოს, მოვარდა თმაში ხელი მომკიდა და ისე მიმიზიდა... მთელი ღამე თან მცემდა და თან მაუპატიურებდა, მთელი ღამე.... დილით ნიკაპზე მაკოცა, ერთი ბღუჯა ფული მომცა და ისევ იმ კაცს მიმაბარა... იმ კაცმა თარბიასთან წამიყვანა...

ის იყო, თარბიას სადგომში შევედი, დავეტაკე და თმით ვითრიე, მე ქართულად ვუყვიროდი, ის - თურქულად...

ბოლოს, ისე მცემა, რომ ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი... ის ფულიც წამართვა, რაც ღამის გასამრჯელოდ მივიღე...

ასე დაიწყო ჩემი წამება...

ნახევრად მშიერს წამიყვანდა ვიღაცა კლიენტი, იქ დავნაყრდებოდი, მერე სექსუალურ მოთხოვნებს დავუკმაყოფილებდი და ბოლოს, ან მცემდა, ან მუჯლუგუნით მომიშორებდა...

ასე გაგრძელდა ორი წელი...

ერთ მშვენიერ დღეს, თურქეთის პოლიცია დაგვესხა, თარბია დააკავეს, მისი ვითომ ქმარიც და ჩვენ, ქალებიც... ის ციხე არ გამახსენდეს, სულ იმას ვფიქრობ - თურქეთის ციხეზე საშინელი ციხე არ არსებობს...

მერე, ექსტრადირება გამიკეთეს და ასე აღმოვჩნდი საქართველოში...

სოფელში ჩასულს მამა მკვდარი დამხვდა, სახლი, ჭერი ჩამონგრეული, ერთი მეზობელიც არ მესალმებოდა...

ვცხოვრობდი ისე, როგორც განდეგილი და ველოდი იმ დღეს, თუ როდის შემხვდებოდა ლენა...

ლოდინი დიდხანს არ მომიწია - გავიგე, რომ ლენა დასთან ჩამოსულიყო. საღამოს, პურის საჭრელი დანა მოვიმარჯვე და მშიერი კუჭით და შურისძიებით სავსე გულით გავწიე მათი სახლისკენ...

არ მიყვარს იმ მომენტის მოყოლა, მაგრამ ბავშვებისა და დის თვალწინ მოვკალი...

როცა დანა გავუყარე, ასე მეგონა, ყველაზე მძიმე ტვირთი და ის ჭუჭყი ჩამოვირეცხე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თან დამდევდა...

ამოვისუნთქე...

მშვიდად წამოვედი სახლში...

ლენას დის კივილი და მისი შვილების წივილი ზეცას ესმოდა...

მე კი, არაფერი მესმოდა, ვიყავი მშვიდად...

ვიჯექი სახლში, ჩაის ვსვამდი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა პოლიცია...

დამიჭირეს...

15 წელი მომისაჯეს...

არ მინანია...

ახლაც რომ უკან დაბრუნდეს ის წუთები, თავიდან მოვკლავ!..

რა მადარდებს?

მადარდებს მარტო ის, ციხიდან რომ გავალ, სახლი აღარ დამხვდება და სად უნდა წავიდე, არ ვიცი...

 

P.S. ესეც ტრფიკინ უგმიროდ