ვინ არის ჯელი ძარია, ვისი დავალებით უთვალთვალებდა პრემიერს და რა კადრები გადასცა რუსებს მეგის ქარდავამ

ვინ არის ჯელი ძარია, ვისი დავალებით უთვალთვალებდა პრემიერს და რა კადრები გადასცა რუსებს მეგის ქარდავამ

ყოფილი პოლიტპატიმარი, უსართხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის სავარაუდო მოტივად ყოფილი პრემიერის ოპოზიციაში გადასვლის სურვილს ასახელებს. ამასთან, მეგის ქარდავას და დავით კეზერაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც საუბრობს:

 

- დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია. საამისოდ პოლიტიკური მოტივებიც არსებობდა და გარკვეული გარემოებებიც, მაგრამ გასარკვევია, ეს  კარგად ორგანიზებული შეკვეთილი მკვლელობა იყო თუ შემთხვევით ჩადენილი დანაშაული. ამ საქმესთან, გამორიცხული არაა, კავშირი საქართველოდან გაქცეულ მეგის ქარდავასაც ჰქონდეს.

- ბატონო ვახტანგ, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- მეგის ქარდავა პატიმარ ძარიას საქმეში ფიგურირებს. 2005 წლის იანვარში, ჯელი ძარია, სენსიტიურ თემაზე სასაუბროდ, ანაგის ქუჩაზე, ჟვანიას სამსახურეობრივ მანქანაში შეხვდა. პრემიერმა განუცხადა, რომ ოპოზიციაში გადასვლას აპირებდა და სამეგრელოში, პოლიტიკური ბირთვის შესადგენად, სანდო ხალხი სჭირდებოდა. ამ მიზნით დახმარება სთხოვა ჯელი ძარიას, რომელიც გამსახურდიას დროს ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის ლიდერი იყო და სამეგრელოში დიდი გავლენა ჰქონდა. ამ შეხვედრას ისიც ადასტურებს, რომ ძარია 2006 წლის 8 მაისს, ამირან მესხელისა და ვანო მერაბიშვილის განკარგულებით, დააპატიმრეს. დაპატიმრებამდე ერთი თვით ადრე კი, ძარიას მესხელი შეხვდა და ჰკითხა, თუ რა უნდოდა მისგან ზურაბ ჟვანიას. დაპატიმრებული ძარია ქუთაისის ციხის მაშინდელი დირექტორის კაბინეტში აიყვანეს, სადაც ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ აწამეს. ამის დამადასტურებელი მასალები არსებობს - ძარიას ჩვენება ინახება პროკურატურაში... სხვათა შორის, სწორედ მეგის ქარდავამ დაუდასტურა, რომ ჟვანიას უთვალთვალებდნენ და ასე მოხდა ძარიასთან შეხვედრის დაფიქსირება... როგორც ჩანს, ჟვანიაც გრძნობდა, რომ უთვალთვალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძარიას ასეთ კონსპირაციულ ვითარებაში არ შეხვდებოდა...

ის, რომ მეგის ქარდავა ბინძურ საქმეებში იყო გარეული და სწორედ ის ახორციელებდა პოლიტიკური მოტივაციით დაკვეთილ მკვლელობებს, მტკიცდება მეორე მოწმის ჩვენებითაც: ხელთ მაქვს ოსი ეროვნების ალექსანდრე თედეევის ჩვენება, რომელიც პოლიტპატიმარი და დღესაც ციხეშია. ამ ადამიანმა ჩვენება მისცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელ ზურაბ სამხარაძეს. ამ ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის ზაფხულში, მე-17-ე დაწესებულების მაშინდელი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის კაბინეტში აიყვანეს, სადაც დახვდნენ მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე, რომლებმაც ჩემი ლიკვიდაცია დაავალეს... მოკლედ, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, შემიძლია, დავასკვნა, რომ ჟვანიას მკვლელობა მეგის ქარდავას ჰქონდა დავალებული! ჟვანიას კარგად ვიცნობდი - მისი პირადი რეფერენტი ვიყავი და ანალიტიკურ მოხსენებებს ვუმზადებდი, რომლებიც ეხებოდა საგარეო პოლიტიკას, ეროვნულ უსაფრთხოებას... 2005 წლის 3 თებერვლამდე, რამდენიმე დღით ადრე, როგორც გავიგე, ჩემთან შეხვედრას ითხოვდა, მაგრამ ბაქოში ვიყავი და ვერ შევხვდი... ისე, საინტერესო იქნება ძებნილი მეგის ქარდავას დაკითხვა, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

- ეს საიდან იცით?

- ვეყრდნობი სამეგრელოს ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას... ქარდავას რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები იცავენ, ანუ მასზე ფედერალური დაცვის პროგრამა ვრცელდება. ქარადავს ფასეული მასალები ჰქონდა, რომლებიც რუსეთის ფედერალურ სპეცსამსახურებს გადასცა და მოითხოვა გარანტია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდებისგან, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში მეტი გასაქანი აქვთ, დაცული იყოს. შეიძლება ვინმემ ეს ფანტასტიკად ჩათვალოს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჟვანიას ფოტოკადრების ატვირთვა იმ მასალების საფუძველზე მოხდა, რომლებიც მეგის ქარდავამ საქართველოდან გაიტანა.

ისიც ლოგიკურია, რომ ზურაბ ჟვანია შეიძლება, აეროპორტის, ან ფოთის პორტის პრივატიზაციის გამო მოეკლათ. სხვათა შორის, ჟვანიას მკვლელობიდან მალევე მოხდა აეროპორტის პრივატიზაცია.

- ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა ვერ ხერხდება და ეს ფაქტები როგორ უნდა დამტკიცდეს?

- პირველ რიგში, ზურაბ ადეიშვილი უნდა დაიკითხოს, რომელიც იმ პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორი გახლდათ. მისი “სკაიპით” დაკითხვა, მართლაც, უპრეცედენტო და ამაზრზენი ფაქტია.

- ისე, უნგრეთმა ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, საფრანგეთის სასამართლომ კი, დავით კეზერაშვილი გაამართლა...

- ხელისუფლება აცხადებს, დასავლეთი გვაიძულებს, ასე მოვიქცეთო, მაგრამ ეს ტყუილია. დასავლეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მქონდა შეხვედრები, მაგრამ „ნაცმოძრაობისთვის“ ნაფტალინის დაყრა არავის მოუთხოვია. პირიქით, ბევრს უკვირს, თუ რატომ არ ხდება აქამდე რეალური სურათის წარმოჩენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა რეჟიმის დროს.

რაც შეეხება იარაღის ბიზნესს, რომელიც დავით კეზერაშვილს უკავშირდება, მაქვს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2008 წელს გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ხელს თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, მამუკა მუჯირი აწერს და რომელიც იორდანიაში შესყიდული იარაღის საქართველოში ექსპორტს ეხება, საუბარია საარტილერიო, საზენიტო ცეცხლის, ზალპური სისტემების, საარტილერიო ჰაუბიცებისა და ყუმბარების მთელ არსენალზე. ისიც საგულისხმოა, რომ დოკუმენტი რუსულ ენაზეა დაწერილი და ეს მაშინ, როცა იორდანია არასოდეს შედიოდა რუსული გავლენის ზონაში. მეორე მომენტია, ვინაა შუამავალი კომპანია - “მელორ კორპორეიშენი”, რომელიც დარეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე, ანუ ობშორულ ზონაში. ასეთი მსხვილი კონტრაქტის გაფორმება, ბუნებრივია, კეზერაშვილის გარეშე არ მოხდებოდა.

“მელორ კორპორეიშენი” იარაღის მწარმოებელ ცნობილ პიროვნებას, სლობოდან ტესიჩს უკავშირდება. 2010 წლის 11 მარტს სერბეთის სპეცსამსახურებმა სერბეთის გარკვეული საწარმოებიდან 50 მილიონის შეიარაღების გატანის აღკვეთა მოახდინეს, რომელსაც კომპანია „მელორ კორპორეიშენი“ ტესიჩის მეშვეობით ახორციელებდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იგივე ფაქტი დადასტურებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ. სპეციალურად ამისთვის შეიქმნა ექსპერტთა კომისია, რომელიც იკვლევდა ნიგერიაში იარაღის უკანონო ექსპორტის საკითხებს. დოკუმენტის 26-ე გვერდზე ფიგურირებს სლობოდან ტესიჩი. განიარაღების კომიტეტის ეგიდით შექმნილ სამუშაო ჯგუფში, როგორც თვითონ განაცხადა, თემურ ალასანიაც მუშაობდა... სვობოდან ტესიჩი ნიგერიაშია ვიქტორ ბუდის კომპანიონი და პარტნიორია. მათ ჰქონდათ კომპანიები - „ტემექსი“ და „ვაქსამი“ და ერთობლივად აწარმოებდნენ იარაღს. იარაღი ერთობლივად გადაჰქონდათ აფრიკის კონტინენტზე. ვიქტორ ბუდის უკანონო იარაღით ვაჭრობის ფაქტი უკავშირდება იორდანიასაც. 1988-დან 1999 წლის აპრილამდე უშუალოდ ვიქტორ ბუდის კომპანიამ, “ილუშინის” თვითმფრინავით განახორციელა საბჭოთა წარმოების იარაღის ტრანსპორტირება იორდანიიდან პერუმდე, პერუს მთავრობის დაკვეთით. თუ თემურ ალასანია საერთაშორისო საზოგადოების სახელით, იგივე განიარაღების კომიტეტის დოკუმენტებით საუბრობს, მაშინ ამ დოკუმენტების მიხედვით, დავით კეზერაშვილი მხილებული უნდა იყოს ვიქტორ ბუდთან საეჭვო ტრანზაქციების განხორციელებაში.