ტაფტსმა უნდა გააკეთოს განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით

ტაფტსმა უნდა გააკეთოს განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით

ხუთშბათს ფლეტჩერის სკოლის ლექტორი [Senior Statesman: ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში არის ჩართული] მიხეილ სააკაშვილი დაბარებულია პროკურატურაში (თბილისი). გამოუცხადებლობის შემთხვევაში მასზე გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა. პროკურატურა დაინტერესებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტით ათ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. მათ შორის არის 2005 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და სააკაშვილის ახლო მოკავშირის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული შესაძლო გამოძიება. ეს საქმეების ასევე მოიცავს დამოუკიდებელი მაუწყებლის დარბევას, აქტივების უკანანო დაყადაღებასა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას. სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოიწურა ნოემბერში. მას შემდეგ ის ფლეტჩერის სკოლაში, კითხულობს ლექციებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გამოცხადდება პროკურატურაში.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის, როგორც მაღალი რანგის საერთაშორისო პოლიტიკოსის, საქმიანობა ტაფტსში ჩვეული მოვლენაა, მისი მოღვაწეობა სკოლაში სტუდენტებმა კითხვის ქვეშ დააყენეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ წამოაყენა ხსენებული ეჭვები. თუმცა ასეთ ცნობილ და გავლენიან დიპლომატთან თანამშრომლობა საამაყოა, ტაფტსის უნივერსიტეტმა, როგორც მისმა ამჟამინდელმა დამქირავებელმა, უნდა გამოთქვას თავისი აზრი ამ ბრალდებების შესახებ. სააკაშვილის გადაწყვეტილებებს გავლენა აქვს ტაფტსზე. ასე რომ, ამ წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეს რეპუტაციას და გააკეთოს განცხადება საკუთარი თანამშრომლის შესახებ.

ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არც ფლეტჩერის სკოლას და არც უნივერსიტეტს არ დაუფიქსირებია, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა განცხადება, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ეჭვს ბადებს და ისინი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების და არა მართლმსაჯულების შედეგი. განცხადებაში გამოთქმულია მოწოდება საქართველოს მიმართ, ყურადღება გაამახვილოს „მომავალზე, ძლიერ ეკონომიკაზე, მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარების გაგრძელებასა და სწრაფ წინსვლაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“. სწორედ ამ მიზნებზე მუშაობდა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის დროს და სწორედ ამ მიზნების მიღწევას ცდილობს დღეს საქართველოს ხელისუფლება.

როგორც გლობალური დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროთა ლიდერებმა, ფლეტჩერის სკოლამ და უნივერსიტეტმა ამა თუ იმ ფორმით უნდა გააკეთონ განცხადება ხსენებულ ათ საქმესთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსად განცხადების გაკეთება, მიუხედავად იმისა, იქნება ეს სააკაშვილის მხარდამჭერი თუ მისი საწინააღმდეგო განცხადება, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე იმისთვის, რომ სააკაშვილმა გააცნობიეროს თავისი, როგორც ლექტორის, როლი. სააკაშვილი დაიბარეს შაბათს. მისი რეაქცია კვირას გახდა ცნობილი. ტაფტსმა აღარ უნდა გადადოს ეს საქმე და გააკეთოს განცხადება ამ სადავო საკითხზე, რომელიც ესოდენ აქტუალურია უნივერსიტეტის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტის, პოზიციისათვის.