"ნუ დაემსგავსებით ცოცხების პარტიას!" - რას ითხოვენ პერმანენტულ აქციაზე ყოფილი პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან

"პერმანენტული აქციების წამოწყება განაპირობა ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობამ. სხვა გზა არ იყო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ისეთივე ყრუ კედელია აღმართული, როგორიც "ნაციონალებსა" და საზაოგადოებას შორის არსებობდა. წელიწადნახევარია, მოთმინებით ველით, რომ დაგვიკმაყოფილებენ ელემენტარულ მოთხოვნებს, მაგრამ ამ ხელისუფლებას ვერაფერი შევასმინეთ. პოლიტპატიმრებად გვაღიარეს, თუმცა ბევრისთვის ნასამართლეობა არ მოუხსნიათ. უამრავი პოლიტპატიმარი დგას ბინის დაკარგვის წინაშე. არ შეჩერებულა იმ გამომძიებლების და მოსამართლეების უფლებამოსილება, ვინც პოლიტიკური დაკვეთით საქმეები გაგვიყალბა და ციხეებში ჩაგვყარა", - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან ჩაჩუა: "სანამ ხელისუფლებაში რესპუბლიკელები არიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება" / რას ითხოვენ ყოფილი პოლიტპატიმრები ხელისუფლებისგან.

"პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ვიყავი, ყველა შეხვედრაზე გავიძახოდი, რომ ჩვენი საქმის პროკურორი დააწინაურეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იურიდიული ნონსენსია, როცა ადამიანს პოლიტპატიმრად აღიარებ, მისი საქმის შემთითხვნელ პროკურორს კი დააწინაურებ. სულ რაღაც 10 საქმე იყო ყველაზე გახმაურებული და რეზონანსული. მათ შორის გირგვლიანის, რობაქიძის, 7 ნოემბრის, 26 მაისის, ყინწვისის, კიდევ რამდენიმე, ასევე ჩვენი - ანუ ტელეკომპანია "კავკასიაში" მოგონილი ბრალდებით დაკავების საქმე. ჩვენ საქმეზე ადვოკატი იყო ახლანდელი ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე. თუ დადგინდა, რომ უდანაშაულოები ანუ პოლიტპატიმრები ვიყავით, თუ გაირკვა, რომ რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით გაგვწირეს სააკაშვილი გულაგებისთვის, ჩვენი საქმის პროკურორი და მოსამართლე ხომ ავტომატურად არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები? ასეთი რეზონანსული საქმეების მოქმედ პროკურორებს რომ აწინაურებ, რომლებზეც ადვოკატებად ხელისუფლების მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანები იყვნენ, რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩაჩუა.

"ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასე ექცევიან საზოგადოებას. ხელისუფლებასა და საზოგადოებას ყრუ კედელი აღიმართა. რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ არავისი აღარაფერი ესმით - არც პოლიტპატიმრების, არც გაჭირვებული ადამიანების, არც კათოლიკოს-პატრიარქის. ადამიანებს უსამართლობისა და გაჭირვებისგან გულები უსკდებათ. ბევრს საკუთარ სახლებს ატოვებინებენ, მაგრამ ეს არ ხდება არც ხელისუფლების და არც ტელევიზიების ინტერესის საგანი. სამაგიეროდ, საკმარისია, ტელევიზიით რომელიმე საეჭვო ყოფაქცევის ქალი გამოვიდეს, ამას მერე მთელი კვირის განმავლობაში განიხილავენ. არც ჩვენი პრობლემები აინტერესებთ. მიმდინარეობს უწყვეტი აქცია. 20-30 ყოფილი პოლიტპატიმარი ღამეებს ათევს პარლამენტთან. კანცელარიასთან რომ შევიკრიბეთ, გადაიჭედა იქაურობა. ტელევიზიები კი ამაზე ხმას არ იღებენ. კიდევ კარგი ბეჭდური მედია არსებობს. ტელევიზიებს სხვა თემები აინტერესებთ - 5 მამამათმავალმა პატარა აქცია რომ მოაწყოს, ტელეკომპანიები ამაზე ერთი კვირა ილაპარაკებენ", - განაგრძობს ყოფილი პოლიტპატიმარი და შეკითხვას - "აქციებს მოთხოვნილების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებთ?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა! ხელისუფლებამ გაგვხადა იძულებული, არ დავთმოთ და მუდმივი პრესინგი გვქონდეს. ჩვენ ბევრი სიმძიმე გადავიტანეთ, საზოგადოების ინტერულობაც ვნახეთ. ისიც გვახსოვს, რომ 2 წელიწადის განმავლობაში "ნაციონალებიც" არ აჩენდნენ თავის კლანჭებს. ყველაფერი რომ მოიგდეს ხელთ, ყველა სფეროს რომ დაეპატრონნენ და საზოგადოებამ წაუყრუა, იმიტომაც მივირეთ ის საშინელებები. საზოგადოებამ ახლა მაინც არ უნდა წაუყრუოს, თორემ სავალალაო შედეგები გვექნება. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებაში არიან "რესპუბლიკელები"... თუკი საზოგადოების მხრიდან მუდმივი მონიტორინგი და პრესინგი არ იქნება, უკან-უკან წავალთ. სამართლიანობის, დაპირებების შესრულებას და სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას თუ არ მოვითხოვთ, კიდევ უფრო გავრყვნით ამ ხელისუფლებას და სისაძაგლეებს მივიღებთ. ჩვენი ერთ-ერთი სლოგანია - "ნუ დაემსგავსებით ცოცხების პარტიას!" მსგავსება უკვე შეინიშნება..."