ადგილობრივები ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის საპატრიარქოსთვის დაბრუნებას ითხოვენ

ადგილობრივები ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის საპატრიარქოსთვის დაბრუნებას ითხოვენ

„ვარძია საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…“ - ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, მე-14 საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ.

ვარძია ამჟამად მიუვალი სულაც არ არის და შესაძლოა, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე „რაკია საქართველომ“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შეჩერებული პროექტი განაახლოს. „რაკია საქართველოს“ დირექტორის გუგა ცანავას თქმით, სასტუმროები კომპანიისთვის მიმზიდველი აქტივია. ამდენად, იგი არ გამორიცხავს, სამომავლოდ კომპანია აღნიშნულ პროექტს დაუბრუნდეს. თუმცა ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე ვარძიაში სასტუმროს პროექტის განხორციელების საკითხს არ განიხილავენ.

ვარძიის მიმდებარედ დასახლებული მოსახლეობა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ისტორიული ტერიტორია საპატრიარქოს დაუბრუნდეს და ძეგლის შემოგარენზე მეურვეობა დედა ეკლესიამ აიღოს. მათთვის გაურკვეველია, რა ინტერესი ამოძრავებს არაბ ბიზნესმენს (ცნობილია, რომ „რაკიას“ სახელი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს უკავშირდება) ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმართ.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ ძეგლის სტრუქტურისა და მასალის გათვალისწინებით, საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. კომპლექსს ყველაზე დიდ პრობლემას პერიოდულად ქვების ცვენა უქმნის, რომელიც მის კედლებსა და სტრუქტურას აზიანებს.

საზოგადოება „მშობლიური მესხეთის“ დარბაზის თავმჯდომარე თამარ სამსონიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2004-05 წლებში, როგორც კი ძეგლის წინ არსებული ტერიტორია, ტურისტული კომპლექსი მოულოდნელად გაიყიდა, მას შეწუხებული ადგილობრივები შეეხმიანენ და დახმარება სთხოვეს.

„ცალსახად, ასპინძელების დამოკიდებულება უარყოფითი იყო. მითხრეს, არიქა, გვიშველე, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიაო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არაბმა მილიარდერმა თავის ქალიშვილს უყიდა ეს მიწა. უფრო ადრე კი ამბობდნენ, კომპლექსი ადგილობრივმა პირმა, მერაბიშვილის ახლობელმა იყიდა, სამ დღეში იქ ვერტმფრენით ჩაფრინდა მერაბიშვილი და ტერიტორია არაბზე გადაყიდაო. ადგილობრივები მეუბნებოდნენ, მერაბიშვილმა კომპლექსი 20 მილიონად გაყიდა არაბზეო. ამ დროს კი „მე-9 არხთან“ არსებულმა სტუდია „დეტექტორმა“ გააკეთა გადაცემა, რომ 2 მილიონ დოლარზე იყო საუბარი. ზუსტი თანხა არ ვიცი, 20 მილიონი თუ 2 მილიონი, თუმცა, რასაკვირველია, სხვაობა დიდია. ამ დროს თვითონ ასპინძისგან თუ სახელმწიფოსგან ეს ადგილი კაპიკებშია ნაყიდი“, - გვითხრა თამარ სამსონიძემ.

მისთვის უცნობია, მერაბიშვილმა მთლიანად გაყიდა ტერიტორია თუ გარკვეული წილი შეინარჩუნა. იგი აცხადებს, რომ ასეთი ადგილები ექსპრემიერს ისედაც ბევრი აქვს. ამიტომ აუცილებელია, უკანონოდ გასხვისებული კომპლექსი სახელმწიფომ არაბი ინვესტორისგან ისევ გამოისყიდოს და შემდეგ საპატრიარქოს გადასცეს.

„ადრეც საუბრობდნენ, რომ ვარძიაში აპირებდნენ კაზინოების და საუნების მშენებლობას. საერთოდ, მერაბიშვილს ეს ჰქონდა იდეაში, როცა ასეთ რამეს აკეთებდა და უცხოელები შემოჰყავდა, რომ ახლო აღმოსავლეთში კაზინოების ცენტრად ქცეულიყო სამცხე-ჯავახეთი. მკვეთრად უარყოფითია ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა. იქვე ვარძიასთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ვარძიის სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ჩვენი სიამაყეა და ამ დროს მარჯვენა სანაპიროზე ამ კომპლექსის აშენება დაუშვებელია. უფალმა ასეთი სამოთხე მოგვცა და ესენი ვერ აფასებენ, ასხვისებენ“, - აცხადებს თამარ სამსონიძე.

ამასთან, ისტორიულ წყაროსაც იშველიებს. კერძოდ, სანამ ვარძიაში ავალთ, ხიდზე გადასვლისას, მარცხენა მხარეს ბრძოლები გამართულა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის. იქ თითქმის ასი ათასამდე მუსლიმანი ჩახოცილა. ამიტომაც მუსლიმანებს ჯერ კიდევ 80-იან წლებში ამ ადგილას უნდოდათ ბარელიეფის დადგმა. რამდენჯერმე ჰქონდათ ამის მცდელობა, ცდილობდნენ, დაკავშირებოდნენ მაშინდელ რაიკომს, თუმცა ქართული მხარე ამას დელიკატურად იცილებდა.

თამარ სამსონიძის თქმით, ამავე რაიონში ააშენეს სხვა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებიც და ისინიც დაუტვირთავია, ერთი-მეორის მიყოლებით იხურება. ამდენად, როგორც ჩანს, ისევ კაზინოებსა და აკრძალულ სათამაშო ბიზნესზე ფიქრობენ. არადა, შეუძლებელია, აქეთ მამათა მონასტერი არსებობდეს, იქით - დედათა მონასტერი, ზემოთ - ვარძია და ამ დროს ამ წმინდა სავანეს შუაში არაბების სასტუმრო იყოს.

ასპინძის მკვიდრი რამაზ სანდროშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვით და მის პოზიციას იზიარებდა იქაური მოსახლეობა. მათი აზრით, ეს ადგილები ისევ საპატრიარქოს უნდა დაუბრუნდეს და მთავრობამ ამისთვის უნდა იზრუნოს, გააუქმოს გაყიდვის ის ხელშეკრულება, რაც ვანო მერაბიშვილისა და მისი „კამანდის“ ჩარევით განხორციელდა.

„სასტუმროს მშენებლობა ვარძიის ძეგლსაც დააზიანებს. სპეციალისტებმა კომპეტენტური დასკვნა უნდა დადონ. ვისთანაც მისაუბრია ასპინძელებთან, ყველა უარყოფითადაა განწყობილი, რომ არ უნდა გაყიდულიყო ეს ადგილები. ვის გაუგია ამხელა ისტორიული მუზეუმის და ამხელა ციხე-ქალაქის გაყიდვა, ყველაფერი ფულით ხომ არ იზომება? ვარძიაში სასტუმროს პრობლემა არ გვაქვს, აქ საოჯახო სასტუმროებიცაა. უცხოელი სასტუმროს რომ ააშენებს, იქ კაზინოსაც გააკეთებს, ბოდიში და, ბორდელსაც მიამატებს. ამას ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვიცით, რომ ინვესტორები არაბები არიან, მაგრამ ასე დეტალურად ვინ ჩაგვახედებდა დოკუმენტაციაში“, - აღნიშნა რამაზ სანდროშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით საპატრიარქოს პრესმდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს. მან აღნიშნა, რომ ასპინძელების მიმართვის შესახებ მისთვის აქამდე უცნობი იყო. ამიტომ პოზიციას შეუთანხმებს საპატრიარქოს და ამ თემაზე პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.