პური და სხვა პროდუქტი ძვირდება?!

პური და სხვა პროდუქტი ძვირდება?!

რატომ გაზარდა ბუნებრივი აირის ფასი ,,სოკარმა’‘ 10%-ით

საქართველოს ბაზარზე, ბუნებრივი აირის ერთადერთმა დისტრიბუტორმა კომპანია ,,სოკარმა’‘, ქართველ მწარმოებლებს გაზი 10%-ით გაუძვირა. ,,სოკარის’‘ ამ გადაწყვეტილების გამო, ექსპერტები შიშობენ, რომ პროდუქტი, პირველ რიგში კი, პური გაძვირდება. პურის საცხობები ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ და 10%-ით გაძვირებული გაზი პურის ფასზეც აისახება. ჯაჭვური რეაქციით კი ამგვარი ტენდენცია სხვა პროდუქტსაც გააძვირებს, რადგან ფასთწარმოქმნის საერთო სისტემაში, ბუნებრივი აირი ერთ-ერთი კომპონენტია.
ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაძვირებული გაზის გამო, პურის ფასის ზრდა ქვეყნის ყველაზე შეჭირვებულ სოციალურ ფენას მძიმე ტვირთად დააწვება. რატომ მიიღო ,,სოკარმა’‘ ასეთი გადაწყვეტილება? ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანულ კომპანია ,,სოკარს’‘, პურის საცხობებზე ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც ჰქონია. საქართველოში არსებული 6 მსხვილი წისქვილკომბინატიდან, 5-ს აზერბაიჯანული ბიზნესჯგუფები მართავენ და ამიტომ აზერბაიჯანული ბიზნესის ქსელი პურის ფქვილის საბითუმო ბაზარზეც მონოპოლისტია. მართალია, პურის წარმოების ბაზარზე აზერბაიჯანული ინტერესები არ ჩანს, მაგრამ ,,სოკარს’‘ ეს ბიზნესიც მარწუხებში აქვს. ეკონომიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნაციონალ მაღალჩინოსნებს ჯერ კიდევ აქვთ კავშირი ,,სოკართან’‘. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეთანხმების შედეგად, ამ კომპანიის ქართული ბიზნესიდან გარკვეული წილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვასთან მიდის. M საზოგადოებისთვის უცნობია იმ ხელშეკრულების დეტალები, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაფორმდა და, რომლითაც ,,სოკარი’‘ ქართულ ბაზარზე მონოპოლისტია. ენერგეტიკოსების გათვლით, ,,სოკარი’‘ სათავო ოფისიდან გაზს 185 აშშ დოლარად ყიდულობს და საქართველოში 345 აშშ დოლარად ჰყიდის. საწარმოო მოხმარებაში, 1 კუბ/მეტრი გაზის ფასი, ტრანსპორტირებისა და გადასახადების ჩათვლით, 0.85 ლარია. რაც შეეხება გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფს (0.45 ლარი), მას საქართველოს მთავრობა საგადასახადო შეღავათებითა და იმ პრეფერენციებით აბალანსებს, რასაც საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები გულისხმობს. შესაბამისად, ექსპერტები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული ,,სოკარი’‘ არაფერს თმობს და ამ სეგმენტშიც ზემოგებაზე მუშაობს. ,,ვერსია’‘ კომპანია ,,სოკარის’‘ კორპორატიული და ბიზნესკომუნიკაციების განყოფილების უფროსს, ირაკლი ზუბიტაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო ირაკლი, რატომ გაუძვირა ,,სოკარმა’‘ კერძო მეწარმეებს გაზის გადასახადი 10%-ით?
- კითხვა არაკორექტულია _ ,,სოკარს’‘ კომერციული გაზი ყველა აბონენტისთვის არ გაუძვირებია. ფასი რამდენიმე კონკრეტული აბონენტისთვის გავზარდეთ, რომლებიც აქამდე გაზს საკმაოდ იაფად იღებდნენ. ამ გადაწყვეტილებით, ყველა კომერციულ მეწარმეს თანაბარ პირობებში ვაყენებთ.
- ექსპერტების ინფორმაციით, ,,სოკარი’‘ საქართველოს ბაზარზე მონოპოლისტის მდგომარეობით სარგებლობს, ასეა?          
- რა არის ,,სოკარის’‘ მონოპოლიური მდგომარეობის მიზეზი, თუკი ასეთი რამ მართლაც არსებობს? _ გაზის მიწოდების სფეროში საქართველოს ბაზარი თავისუფალია. შეგიძლიათ იყიდოთ რუსული გაზი, ან შემოიტანოთ ყატარიდან, ნიგერიიდან, ნორვეგიიდანაც... თუ იმაზე დაბალ ფასად შემოიტანთ ბუნებრივ აირს, ვიდრე ,,სოკარს’‘ შემოაქვს, მონოპოლიური მდგომარეობა გაქრება. ვიდრე ყველაზე იაფი გაზი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ,,სოკარს’‘ შემოაქვს, შენარჩუნდება მონოპოლია. შიდაბაზარზე, გაზის კომერციული, სამომხმარებლო და სოციალური ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე ბუნებრივი აირის იმპორტიორ სხვა ქვეყნებში. ამჟამად ,,გაზპრომმა’‘ ევროკავშირის ქვეყნებისთვის, 1 000 კუბ.მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 380 აშშ დოლარამდე დაწია, მაგრამ ამ ფასში ტრანსპორტირებისა და სხვა გადასახადის ხარჯი არ შედის. რაც შეეხება საქართველოს, კომერციულ სტრუქტურებს ამ ფასად გაზის შეძენა შეუძლიათ, მაგრამ მასში ტრანსპორტირების, მიწოდებისა და ყველა გადასახადის ხარჯი უკვე შედის.
- ექსპერტების თქმით, ,,სოკარი’‘ ნავთობპროდუქტის ბაზარზე, სხვა მიმართულებითაც ცდილობს მონოპოლიის შენარჩუნებას. საქართველოში მოქმედი წისქვილკომბინატების მფლობელები აზერბაიჯანული ბიზნესჯგუფები არიან და არ არის გამორიცხული, გაზის გაძვირება, სწორედ მათი ერთობლივი ინტერესი იყოს...  
- უახლოეს მომავალში, ,,სოკარი’‘ არ გეგმავს გაზის გაძვირებას მთლიანობაში, მათ შორის, არც მეპურეებისა და არც სხვა კომერციული სტრუქტურებისთვის. თუ მეპურეები ბუნებრივ აირში იმდენს იხდიან, რაც ზოგადად, კომერციული ფასია, მათთვის ტარიფი არ შეიცვლება. სხვა მხრივ, გაუგებარია, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ წვრილ წისქვილკომბინატებს? თუ პური გაძვირდება, მისი გაყიდვებიც შემცირდება და წისქვილკომბინატები წაგებაზე წავლენ.  
           
- ,,სოკარი’‘ ბუნებრივ აირს მოსახლეობასაც ხომ არ გაუძვირებს?          
 - საქართველოში ორი ტიპის სოციალური ტარიფი მოქმედებს: რეგულირებული _ აბონენტებისთვის, რომლებიც ბუნებრივი აირის ქსელში 2008 წლის 1 აგვისტომდე ჩაერთვნენ და დერეგულირებული _ ყველა დანარჩენი აბონენტისთვის. დერეგულირებული ტარიფის გაზრდას არ ვაპირებთ. რეგულირებულ ტარიფს კი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადგენს.    
      
კონკრეტულად რაში გამოიხატება ნაციონალური მოძრაობის ინტერესები ,,სოკარში’‘, რაზედაც უკვე დიდი ხანია საუბრობენ?        
 - საქართველოში ,,სოკარი’‘ კომერციული ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური. ჩვენს საქმიანობაში არცერთი პოლიტიკური მოძრაობის ინტერესი არ იკვეთება. ჩვენი კომპანიის ძირითადი ამოცანა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.