დიმიტრი შაშკინი ,,ვერსიას’‘ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის

დიმიტრი შაშკინი ,,ვერსიას’‘ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის

რა მიზნით იმყოფებოდა საქართველოში რუს ექსპერტთა ჯგუფი, რა მოთხოვნა წაუყენეს მათ ხელისუფლებას და როგორ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას მიხეილ სააკაშვილი   

კომპრომატების ომი თუ ,,თბილისური მაიდნის’‘ ორგანიზება _ რა მეთოდით გეგმავს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მუხტის გაღვივებას? რამდენად მოსალოდნელია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე 7 ნოემბრის მსგავსი მოვლენების განვითარება და რას გულისხმობდა ბარაკ ობამა, როცა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობდა? ,,ვერსიას’‘ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.    
- საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოურ და პატარა სახელმწიფოს, შეთქმულებების თეორიებზე საუბარი დიდი ხანია ახასიათებს. როცა საზოგადოების ნაწილი ,,თბილისურ მაიდანზე’‘ საუბრობს, სააკაშვილმა საკუთარი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა _ პოლიტიკური ამბიციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს, რადგან ახლა მთავარი გამოწვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაა.      
             
- პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნების მეორე ვერსიაც არსებობს _ კომპრომატების ომით საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაზრდა და აქციების პიკზე, ექსპრეზიდენტის დაბრუნება.                       
- ამ ვერსიის არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ბოლო ორი წელია, ფაქტობრივად, კომპრომატების ზემოქმედების ქვეშ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, დღეს არავინ საუბრობს საქართველოს მომავალსა და პრობლემებზე. სამაგიეროდ, აქტუალური გახდა კითხვა, ვინ ვისთან, როგორ და რა დროს იყო? ქართულ პოლიტიკაში უამრავი სიბინძურის კონცენტრირება მოხდა. საქართველოში კომპრომატების გავრცელების პირველი პრეცედენტი, დაახლოებით, ორი წლის წინ, ციხის კადრების გამოქვეყნებისას დაფიქსირდა. წლების განმავლობაში ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია საარჩევნო კამპანიების მხარდაჭერა იყო, ამიტომ საზოგადოებისგან ხშირად მომისმენია ქართული საარჩევნო კამპანიის დონით უკმაყოფილება. ამ მიმართულებით, დიდხანს ერთ-ერთი მთავარი პოზიტივი ის იყო, რომ პოლიტიკოსები, ძირითადად, მომავალსა და დაპირებებზე საუბრობდნენ, კომპრომატებზე კი, აქცენტი არ კეთდებოდა. მსოფლიოში ყველაზე ბინძური საარჩევნო კამპანია რუსეთში ტარდება. გენერალური პროკურორი საუნაში ტიტველი გადაიღეს და ეს კადრები გაასაჯაროეს. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა რუსი პოლიტიკოსის ფარული ჩანაწერები. ჩემი აზრით, გარკვეული ძალა ცდილობს, ქართული საზოგადოებაც მუდმივად სიბინძურით გამოკვებოს. 
              
- თქვენც რუსულ მეთოდს იყენებდით, აბა, როგორ გაჩნდა არქივებში პირადი ცხოვრების ამსახველი 30 ათასი ფაილი?          
- როცა ხელისუფლებამ განაცხადა, შს სამინისტროში 30 ათასი ფაილი ვიპოვეთო, არავის უთქვამს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გადაუდებელი აუცილებლობის გამო რამდენი მასალა ჩაიწერა. იმის გამო, რომ არჩევნებამდე ნაწილობრივ დადგმული, ნაწილობრივ რეალური ციხის კადრები გავრცელდა, საზოგადოებამ 30 ათასი ფაილის არსებობაც დაიჯერა... თუ ეს მასალები ნაციონალური მოძრაობის უკანონობაზე მიანიშნებს, ვანო მერაბიშვილი, რომელიც არჩევნების შემდეგ, პრემიერის თანამდებობას 20 დღე ინარჩუნებდა, მათ არ გაანადგურებდა?! არ ვამბობ, ვისზეა ეს ჩანაწერები ან რა სახის კომპრომატებია, მაგრამ თუ ნაციონალური მოძრაობა კანონს არღვევდა, ამის გამოძიება მარტივია. დროა, ხელისუფლებამ კომრპომატებზე საუბარს თავი დაანებოს და მომავალზე ილაპარაკოს... რაც შეეხება საქართველოში უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარებას, უკრაინელმა ხალხმა კორუფცია, ძალადობა და სოციალური პრობლემები დიდხანს ითმინა. არავინ ელოდა, რომ ევროკავშირის თემა მაიდანზე ცეცხლის დასანთებად მნიშვნელოვანი ნაპერწკალი გახდებოდა. რთულია პროგნოზირება, რომელ ქვეყანაში რა საკითხი ააფეთქებს პროტესტს. ამას მხოლოდ მიმდინარე პროცესები აჩვენებს.    
         
- ქართულ პოლიტიკაში ,,ნაპერწკალს’‘ ლიდერები წარმოადგენდნენ. დღეს ვინაა ასეთი ლიდერი?         
- საქართველოში სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკური წონის ლიდერი არ არსებობს. ნებისმიერი კვლევა, რომელიც ახლა ტარდება, აჩვენებს, რომ პირადად სააკაშვილის ტრადიციული ელექტორატი საზოგადოების 28-30%-ია. ამ მხარდაჭერას საერთაშორისო პოზიციები და მისი პოლიტიკური გამოცდილებაც ემატება. სააკაშვილს ვერც ნაციონალურ მოძრაობაში ჩაანაცვლებს ვინმე, იგი ახალგაზრდაა და, ბუნებრივია, პოლიტიკაში დაბრუნდება. ამას თავადაც არ მალავს, ოღონდ დემოკრატიული მეთოდებით.             
- როგორია ეს დემოკრატიული მეთოდები, ,,ქართული ოცნების’‘ დაშლის იმედი აქვს თუ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პროდასავლური ძალა ჩამოყალიბდება?        
- რთულია, ,,ქართული ოცნების’‘ მომავალზე ისაუბრო, კოალიციამ ჯერ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩაატაროს. მმართველი გუნდისთვის ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება. ნებისმიერი გაერთიანებისთვის სუსტი წერტილია ადგილობრივი არჩევნები და სიის დაკომპლექტება. პოლიტიკურ სპექტრში გადალაგებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ბუნებრივია, უამრავი X და Y ფორმულა არსებობს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის პირად ამბიციაზე მაღლა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და მაპ-ის მიღებაა. მაპ-თან ისე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ, ვიდრე ახლა, რაც უპირველესად, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.   
       
- თუ ასეა, რას ნიშნავს ობამას განცხადება, უკრაინა და საქართველო ნატო- ში გაწევრიანების გზაზე არ დგანანო?        
- ობამას განცხადებას ინგლისურად თუ წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ მას ექსტრაორდინალური განცხადება არ გაუკეთებია. აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა, უახლოეს მომავალში ნატო- ს წევრები ვერ გახდებიან. ამ სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან რუსული საფრთხეების წინააღმდეგ. მაპ-ის მიღების უზარმაზარი შანსი გვაქვს. ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული გეგმა, როგორ გახდეს საქართველო ნატო- ს წევრი. სხვათა შორის, 2007 წლის მიწურულსაც იყო მაპ-ის მიღების დიდი შანსი, მაგრამ 7 ნოემბრის მოვლენებმა დღის წესრიგი შეცვალა. 7 ნოემბრის მოვლენებით, ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება არ სურდათ, მივეცით კოზირი, რაც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს კიდეც. ისტორიული შანსი მეორედ არ უნდა გავუშვათ.
           
- 7 ნოემბერთან პარალელი რატომ გაავლეთ?           
- იმიტომ, რომ მსგავსი გამოსვლები არ უნდა გახდეს საბაბი ჩვენ წინააღმდეგ. საბედნიეროდ, 2002 წლიდან მოყოლებული საქართველოში ვითარება არ იცვლება _ მოსახლეობის 75% ნატო- სა და ევროკავშირის მომხრეა. არსებობს ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელსაც რუსეთის მიმართ ნოსტალგიური განცდა აკავშირებს. სააკაშვილის პრეზიდენტობისას რუსეთზე დადებითი საუბარი კარგ ტონად არ ითვლებოდა. სამწუხაროდ, ეს შეიცვალა და მარგინალებმა თავი ამოყვეს. მათი ნაწილი მსგავსი აქტივობისთვის ფულს იღებს, ზოგსაც ბრძოლას მონობაში ყოფნა ურჩევნია. მარტივი ვითარებაა _ რუსეთი არ მალავს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების წინააღმდეგია. ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, საქართველოში პუტინთან დაახლოებული რუსი ექსპერტების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, ქართველებმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ უნდა მოაწეროთო.      
      
- ვინ არიან ეს ექსპერტები და მათთან რა დონის შეხვედრები გაიმართა?          
- ვერ გეტყვით... რუსეთიდან საკმაოდ მკაფიო მესიჯები მოდის, რა ბერკეტი აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ? ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა მხოლოდ 180 მილიონს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ქართული ეკონომიკის ბედს ვერ გადაწყვეტს. რუსეთი ვერც ენერგომატარებლებით დაგვაშანტაჟებს, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანია. რუსეთის ხელში არსებული ერთადერთი ბერკეტი შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება და ოკუპირებულ რაიონებში ვითარების დაძაბვაა. ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებს, ამ საკითხებზე უნდა იფიქროს.  
          
- გავრცელდა მოსაზრება, რომ დასავლეთმა ყირიმი საქართველოზე გაცვალა. ნატო- ში კი, იმ მოთხოვნის დაბლოკვის შემდეგ მიგვიღებენ, სადაც წერია, რომ ევროატლანტიკურ გაერთიანებაში ოკუპირებული ტერიტორიების მქონე სახელმწიფო ვერ გაწევრიანდება. თუ ეს შეთანხმება მართლაც დაიდო, რუსეთი დროებით მაინც არაა განეიტრალებული?            
- გეოპოლიტიკაში მსგავსი ვაჭრობა არ ხდება! შესაბამისად, არავის არაფერი გაუცვლია. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. შეცდომები არ უნდა დავუშვათ!   
           
-ნატო- ში გაწევრიანების შემთხვევაში, ჯავახეთში აჯანყების მუქარა უკვე გაისმა...          
- მოსალოდნელია, რომ რუსეთი ჯავახეთში ვითარების არევას შეეცდება, მაგრამ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევენ. ცუდია, რომ ჩახალიანი გარეთ იმყოფება _ ეს მავნებელი ადამიანი ვითარების ასარევად ყველაფერზე წავა, მაგრამ მაინც ეთნიკურ უმცირესობებში არსებული განწყობის იმედი მაქვს. საქართველოს დღეს ისტორიული შანსი აქვს და ამ ფონზე, ნებისმიერი პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნისთვის მავნებელია, მით უმეტეს, ეს ზედმეტი ჩარევის გარეშეც მოხდება, რადგან არჩევნები ახლოვდება. სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაც, ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.   
            
- ფიქრობთ, ეს მიზანმიმართულად გაკეთდა? დასავლელი ლიდერებიც აღნიშნავენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია.             
- ვერ გეტყვით, ეს შეცდომაა თუ მიზანმიმართული ქმედებები... დიპლომატიაში, სათქმელი, ხშირად სტრიქონებსშუა იმალება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა და ოფიციალური განცხადება დადო. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ, ევროპარლამენტმა მიტინგი გამართოს? სააკაშვილის მისამართით გაჟღერებული კითხვები პიარბრალდებებს ჰგავს. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პროკურატურა. ისე, ივანე მრისხანემ ზარი და კატა გაასამართლა. თუ ,,ივან გროზნის’‘ რუსეთის მსგავს ქვეყანას ვაშენებთ, თეორიულად, ყველაფერი შესაძლებელია.