ძველი თბილისი „პანორამა თბილისის“ გადმოსახედიდან

ძველი თბილისი „პანორამა თბილისის“ გადმოსახედიდან

სოლოლაკის დაკიდული ბაღების პროექტის მიმართ კრიტიკის პირველი ტალღა უკვე წამოვიდა. არქიტექტორები ჯერ თავს იკავებენ, სამაგიეროდ, უკვე გამოხატეს თავისი პოზიცია ხელოვნებათმცოდნეებმა და რაღა თქმა უნდა, პოლიტოკოსებმა.

როგორც ცნობილია, თანაინვესტირების ფონდი „პანორამა თბილისს“ ნახევარი მილიარდი დოლარით დააფინანსებს. მეგა პროექტი ოთხი, ახალი მრავალფუქციური კომპლექსის: სოლოლაკის მაღლობის, სოლოლაკის ბაღების, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნების განვითარებას და ერთ სივრცედ გაერთიანებას გულისხობს.

პროექტის ავტორთა აზრით, ბიზნესისა და ტურისტული ცენტრების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ერთმანეთს დახრილი ლიფტებითა და საბაგირო გზებით დაუკავშირდებიან. იგეგმება 30 000 ახალი ხის დარგვა და მიწისქვეშა პარკინგის 2000-მდე ადგილის მოწყობა.

ეს ყველაფერი სიტყვიერად და მაკეტზე ეგზომ შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ როგორ ჩაჯდება ძველი თბილისის საერთო ანსამბლში ცალკე საკითხია. ჯერჯერობით საერთო აზრი არ არსებობს, მაგრამ კრიტიკული მოსაზრებები უკვე გაისმა.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომელიც ისტორიულ ქალაქზე ზრუნვის მოსურნეთა გაერთიანება - „თბილისის ჰამქრის“ გამგეობის თავჯდომარეა, „პანორამა თბილისის“ პირველადი გაცნობის შემდეგ ამბობს, რომ ეს წამოწყება სამუდამოდ დაასამარებს ძველი თბილისის გამორჩეულ არქიტექტურას.

„ახალი ხელისუფლება თავიდან ძალიან აქტიურად განიხილავდა „მშვიდობის ხიდის“ გადატანის შესაძლებლობას, ასევე „შანგრილას“ და საკონცერტო დარბაზის. ეს პროექტები მხოლოდ იმიტომ არ არის ცუდი, რომ ეს მიხეილ საააკშვილის მიერ იყო გაკეთებული, ეს არის ცუდი იმიტომ, რომ ის არის ძალიან უხეში ჩარევა თბილისის ისტორიულ ზონაში, მას აკნინებს და ანგრევს!

დღეს, ახალი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ანალოგიური და უარესი პროექტს აპირებს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება ბოლო წერტილი, ეს იქნება ძველი თბილისი საბოლოო განადგურება“, - ამბობს თამარ ამაშუკელი.

არქიტექტორთა კავშირი „პანორამა თბილისის“ პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც კავშირის თავმჯდომარემ დავით აბულაძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ხასიათის შეხვედრა საკრებულოში გაიმართება და პროექტის შესახებ საკრებულო არქიტექტორთა კავშირს ინფორმაციას მიაწვდის.

რაც შეეხება „პანორამა თბილისის“ არქიტექტურულ მხარეს, დავით აბულაძის თქმით, ის ჯერ პროექტის დეტალებს არ იცნობს და იქამდე, სანამ არქიტექტორები ესკიზს არ გაეცნობიან, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

თუკი არქიტექტორები შეფასებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, სამაგიეროდ, მკვეთრ კრიტიკას არ იშურებენ პოლიტიკოსები.

„სახალხო პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პროექტი და მისი დაწყების გამოცხადებული ვადები არის თავნებობის ის ფორმა, რითაც გამოირჩეოდა წინა ხელისუფლება.

„ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო კონკრეტული პიროვნებების სურვილების რეალიზაციის ადგილი არ არის. ასეთ პროექტებზე უნდა მოხდეს სპეციალისტთა ფართო წრის ჩართვა, მათ მიერ კვალიფიცირებული შეფასება-ანალიზის გაკეთება, მოსახლეობის შენიშვნების გათვალისწინება, და საბოლოო სახის მიცემასთან ერთად, საჯარო განხილვები თბილისის მოსახლეობასთან ერთად. მისი დამტკიცება კი თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ უნდა მოხდეს და არა კერძო საინვესტიციო ფონდში“, - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისი აზრით, ასე უპირობოდ მშენებლობის დაწყების ვადის გამოცხადება არჩევნების წინ, მინიმუმ თბილისელების პოზიციის უგულებელყოფაა და არა მარტო თბილისელების, არამედ მთელი ქართული საზოგადოების.