საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მთავარ პროკურატურაში 27 მარტს, 13.00 საათზე ელოდებიან, სადაც მოწმის სახით დაკითხავენ. ექსპრეზიდენტს მოუწევს, უპასუხოს კითხვებს სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გახმაურებულ საქმეებზე, მუხროვანის ამბოხის, ტელეკომპანია ,,იმედისა’‘ და გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისების ფაქტებზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეებზე. ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას უკვე ფლობს, მაგრამ პროკურატურას სააკაშვილის მიმართ სხვა ისეთ საქმეებზეც დაუგროვდა კითხვები, რაც მაინცდამაინც ცნობილი არ არის; მაგალითად, როგორ გაფლანგა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი ქონება; რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც 2004 წელს, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’‘-სა და ,,მზეს’‘ დაეუფლნენ; როგორ გადაეცა სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მფლობელობაში არსებულ შპს ,,ბეზეკს’‘ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება უკანონოდ და რატომ გადასცეს ექსპრეზიდენტის განკარგულებით, 3 000 000 აშშ დოლარის კუთვნილი ქონება აჭარის ტელეკომპანია ,,ტვ 25’‘-ს, რათა საარჩევნო პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებს გაეკონტროლებინათ. ,,ვერსია’‘ სწორედ ამ უცნობი ფაქტების დეტალებით დაინტერესდა.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტები
ეს სკანდალი მაშინ აგორდა, როცა ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი მდივანი ირინე იმერლიშვილი ჯერ კიდევ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, გიგა ბოკერიაც თანამდებობაზე რჩებოდა და მიხეილ სააკაშვილიც ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. ირინე იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ფარულ ხარჯს გრიფი ,,საიდუმლო’‘ მოხსნა და გაარკვია, რომ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და მეგობრების საჩუქრებსა თუ დასვენება- გართობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა. იმ პერიოდში ბევრი ისეთი ფაქტი გამოვლინდა, რაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად იმსახურებს განმარტებას _ ბუნებრივია, არ ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების სტუმრობისას დახარჯულ, ანდა იმ აუცილებელ ხარჯებზე, რომელიც ნებისმიერმა ხელისუფალმა ბიუჯეტიდან უნდა გაიღოს, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, მეგობარი ქალბატონების სამკაულებისა თუ სამგზავრო ბილეთებისა და სასტუმროს ხარჯებს რატომ უნდა იხდიდეს საქართველოს ისედაც გაღატაკებული ბიუჯეტი?!
ნაციონალური წილები ,,რუსთავი 2’‘-სა და ,,მზეზე’‘
2004 წლის ივნისში, ეროსი კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“- ის გაკოტრების პროცედურები წამოიწყო, რასაც უსწრებდა ტელეკომპანიის განცხადება 9 200 000 ლარის ოდენობის ვალის არსებობის შესახებ, საიდანაც 4 600 000 ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაუგროვდა. მთავრობამ ტელეკომპანიას ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა და „რუსთავი 2“-ის მფლობელობის მრავალჯერადი ცვლილებაც სწორედ ამ დროიდან დაიწყო. 2004 წლის 16 ივნისს, პაატა კარსანიძემ, რომლის ბიზნესსაქმიანობაზეც ცნობები არ არსებობს, „რუსთავი 2“-ის კუთვნილი 60%-იანი წილი შეიძინა (30-30% ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისგან), იმავე დღეს კი ეს წილები, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიყიდა. თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის კომპანია ,,პანორამამ’‘ ,,რუსთავი 2’‘-ის წილები ეროსი კიწმარიშვილისა და ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა. 2005 წლის დეკემბერში, „საქცემენტმა’‘, ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამასგან“ „რუსთავი 2“-ის 22%-იანი წილი 131 994 ლარად შეიძინა. „საქცემენტის“ 100%-ის მფლობელი, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისა (ნაციონალური მოძრაობა) და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის, გელა ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილი იყო. ერთი წლის შემდეგ, „საქცემენტისგან“ ეს წილები ისევ რობერტ ბეჟუაშვილის კომპანია „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინა. ჯგუფს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობდა, რომელიც მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის“ მფლობელობაშია. 2006 წელს, ქიბარ ხალვაშმა და ბეჟუაშვილმა ტელეკომპანია „მზის“ წილებიც შეიძინეს. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ტელეკომპანია „პირველი სტერეოშიც“ ფლობდა წილს. 2006 წლის აგვისტოში, „რუსთავის 2“-ის დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა და ,,რუსთავი 2’‘-ს დაუბრუნდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ტაბატაძე ტელეკომპანიაში კობა დავარაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირი იყო, არველაძე კი იმ პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია „პანორამამ“, „რუსთავი 2“-ის საკუთარი წილი, შპს „ჯეო-ტრანსს“ მიჰყიდა. „ჯეოტრანსს“ ბიძინა ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა, რომლის ბიზნესსაქმიანობის შესახებაც საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. ათ დღეში კი „ჯეო-ტრანსმა“ ეს წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Dელგადო ღესოურცეს- ში გააფორმა. ამ ოფშორული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ლევან ყარამანიშვილი იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, რეზო შარანგიას დის ქმარია. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მესამე დღეს, 3 ოქტომბერს ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა საჯარო რეესტრში ორი კომპანია _ ,,მედია ჯორჯია’‘ და ,,ჯორჯიან მედია კომპანი’‘ დააფუძნა. 4 ოქტომბერს, ,,რუსთავი 2’‘-ისა და ,,მზის’‘ დამფუძნებელთა საპარტნიორო კრებამ წილების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და ,,მედია ჯორჯიამ’‘, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’‘-ის აქციათა 40%-იანი წილი, ლევან ყარამანაშვილისგან შეიძინა. იმავე დღეს, ლევან ყარამანაშვილმა ტელეკომპანია ,,მზის’‘ 40%-იანი წილი, შპს ,,ჯორჯიან მედია კომპანის’‘ მიჰყიდა. ორივე გარიგებით, დავით კეზერაშვილი ,,რუსთავი 2’‘-ისა და ,,მზის’‘ აქციების 40%-40%-ს ფლობდა, რომელიც ორიოდე დღეში კვლავ ლევან ყარამანაშვილს გადაუფორმა... წლების განმავლობაში, ,,რუსთავი 2’‘-ის წილების ყიდვა- გაყიდვის შედეგად, მისი მფლობელები იმდენჯერ შეიცვალნენ, რომ სამართალდამცავებს კანონიერი მესაკუთრეების დადგენა ნამდვილად გაუჭირდებათ. ამ ტიპის ფინანსური ოპერაციების უკან კი ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები იდგნენ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს პასუხის გაცემა მოუწევს.
,,ბეზეკის’‘ საქმე
2012 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძას, თემურ ალასანიას უპირატესობა მიანიჭა, რის შედეგადაც ალასანიას კუთვნილმა შპს ,,ბეზეკმა’‘ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების უკანონო პრივატიზება განახორციელა. საინფორმაციო სააგენტო ბპნ.გე-ს ინფორმაციით, ამ ფაქტს ,,ბეზეკის’‘ დირექტორი თამაზ ძაგნიძეც ადასტურებს და აზუსტებს, რომ საუბარია 5.5 ჰექტარი მიწის დაბალ ფასად გადაცემაზე. თამაზ ძაგნიძის განცხადებით, წისქვილკომბინატი ,,ბეზეკი’‘ 2007 წლიდან ფუნქციონირებს. გაფართოების მიზნით, შპს ,,ბეზეკმა’‘, საპრივატიზებო განაცხადი წარადგინა ობიექტის გვერდით არსებული არასასოფლო- სამეურნეო მიწის შეძენის შესახებ, თუმცა მისი დაკანონება მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლო. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს ,,ბეზეკის’‘ ოთხმა მფლობელმა 1 825 000 ლარად შეიძინა. თამაზ ძაგნიძის თქმით, წისქვილკომბინატი ,,ბეზეკი’‘ უკვე ერთი წელია არ მუშაობს, მიზეზი კი იაფფასიანი იმპორტირებული ფქვილია, რომელსაც კომპანია კონკურენციას ვერ უწევს. თამაზ ძაგნიძესთან დაკავშირება ,,ვერსიამაც’‘ სცადა, თუმცა უშედეგოდ, შპს ,,ბეზეკის’‘ დირექტორმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
,,ტვ 25’‘-ის ნაციონალური კონტროლი
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის თებერვალში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელეკომპანია ,,ტვ 25’‘-ის დამფუძნებლებს, 3 000 000 აშშ დოლარად ღირებული სახელმწიფოს კუთვნილი ქონება სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადასცეს, რათა საარჩევნო პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებს ტელევიზია გაეკონტროლებინათ. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ დეტალებზე არ ისაუბრებენ. ,,ვერსია’‘ ტელეკომპანია ,,ტვ 25’‘-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, მაია მერკვილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებისგან არავითარი კონტროლი არ ყოფილა, რადგან საინფორმაციო სამსახური თავისუფალ რეჟიმში მუშაობდა. მისი თქმით, თუ პროკურატურის ვარაუდი მართალია, ეს პირველ რიგში, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს უნდა ეგრძნოთ. ,,ტვ 25’‘-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი სურმანიძე კი 26 მარტს ბრიფინგს გამართავს, სადაც საზოგადოებას დეტალურად უამბობს, რა მოხდა სინამდვილეში. მანამდე კი ,,ვერსიის’‘ თხოვნით, გიორგი სურმანიძე რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს ექსკლუზიურად ამხელს: ,,რაც შეეხება ქონებას, რომელიც სააკაშვილის განკარგულებით, ტელეკომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადმოეცა, 3 000 000 აშშ დოლარის კი არა, 1 500 000 აშშ დოლარის ღირებულების იყო. დიახ, გიდასტურებთ, რომ ეს ქონება, ანუ სხვადასხვა კომერციული ფართი ტელევიზიას, მართლაც, გადმოეცა, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ არჩევნების პერიოდში გავეკონტროლებინეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ტელევიზია ამ ბაზარზე 20 წელია არსებობს და ეს ნამდვილად დავიმსახურეთ. შეგიძლიათ, ნებისმიერი გამოკითხვა შეამოწმოთ, მათ შორის NDI-სა და IRI-ს კვლევები და დარწმუნდებით, როგორ მუშაობდა ,,ტვ 25’‘, რომელიც რეგიონის ტელევიზიებს შორის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. სიტყვის თავისუფლება და ობიექტურობა ყოველთვის დაცული იყო და ამ მხრივ, არავის ჰქონია პრეტენზია ჩვენს მიმართ. რაც შეეხება კონტროლს, თქვენთან ერთად, მეც მაინტერესებს, 1 ლარად გადმოცემული ქონების ხარჯზე, როგორ უნდა გაეკონტროლებინათ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებს ტელევიზია? გიმეორებთ, კონტროლის არავითარი მექანიზმი არ არსებობდა, არავითარი ჩარევა არ ყოფილა და არც მითითება გვქონია, რა სიუჟეტი გასულიყო არხზე და რა არა. იმის გამო, რომ ქონება მივიღეთ, ნაციონალური მოძრაობიდან არანაირი დირექტივები არ მიგვიღია. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო, ჩვენთვის სიმბოლურ ფასად გადმოცემული ქონება არავის წაურთმევია. არადა, პროკურატურის ინფორმაციით, ქონება იმიტომ გადმოგვეცა, თითქოს ნაციონალური მოძრაობისთვის უნდა გვემუშავა. თუ ერთ სიუჟეტს მაინც ნახავთ, რომელიც იმ პერიოდში ნაციონალების სასარგებლოდ იყო მომზადებული, ვაღიარებ ჩემს დანაშაულს. პირიქით, იმ პერიოდში ,,ტვ 25’‘-ზე, ყოველდღე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ტელეკომპანია ,,ობიექტივის’‘ რეტრანსლირებას ვახდენდით. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როგორ მუშაობდა ,,ობიექტივი’‘... თუ ჩვენს ტელევიზიაში ნაციონალების პოლიტიკური ინტერესი არსებობდა, რა თქმა უნდა, ისინი ,,ობიექტივის’‘ რეტრანსლირების საშუალებას არ მოგვცემდნენ. ამდენად, პროკურატურის ბრალდებას პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან ამ ხნის მანძილზე რვაჯერ დამიბარეს დაკითხვაზე, შვიდჯერ არჩილ კბილაშვილის დროს, ერთხელ ოთარ ფარცხალაძის პერიოდში. სხვათა შორის, ოთარ ფარცხალაძემ ჩემზე ზეწოლაც კი განახორციელა. მითხრეს, რომ არც ტელევიზია გვაინტერესებს და არც ქონება, მთავარია, ნაციონალური მოძრაობის ის მაღალჩინოსნები დაასახელოთ, რომლებსაც ინტერესი ჰქონდათ ამ არხზე. მართალია, დაკითხვაზე ფარცხალაძემ დაგვიბარა, მაგრამ ზეწოლას საგამოძიებოს მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი ახორციელებდა, რომელიც ოჯახის წევრების კომპრომეტირებით დამემუქრა’‘. საინტერესოა, რა ქმედება მოჰყვება სურმანიძის ამ განცხადებას ანდა რით დაამტკიცებს პროკურატურა, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი ეკონომიკური დანაშაულის უკან მიხეილ სააკაშვილი იდგა. ჯერჯერობით კი, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყოფილი პრეზიდენტი 27 მარტს პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.