რატომ მალავს ხელისუფლება კვლევის შედეგებს?

რატომ მალავს ხელისუფლება კვლევის შედეგებს?

ყველა ხელისუფლების მთავარი წყაროც და პრობლემაც ხალხია და ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნების შესრულება. მარტივი ჭეშმარიტებაა, როცა ხელისუფლება ხალხის დაკვეთას არ ასრულებს ის ხალხს შორდება და უფსკრულიც იზრდება. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს, იმის წინაც და ა.შ. არის თუ არა გამონაკლისი ახალი ხელისუფლება? რასაკვირველია, არა.

"პრემიერისთვის" ცნობილი გახდა ხელისუფლის მიერ დაკვეთილი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების შედეგები, რომელიც ხალხის განწყობის, მათი მოთხოვნებისა და პრობლემების განსაზღვრისთვის ჩაატარეს. შედეგები არსებობს, თუმცა ხელისუფლებას ქარავანი სხვაგან მიჰყავს.

"პრემიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც ხელისუფლებამ თავის "სახელმძღვანელოდ" გაიხადა, პრობლემები, ან თუ უკეთ განვმარტავთ, საზოგადოების დაკვეთა ასე გამოიყურება: 1 საარჩევნო დაპირებების შესრულება (საუბარია ეკონომიკურ და სოციალურ დაპირებებზე); 2. დასაქმება, 3. სამართლიანობის აღდგენა, 4 ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პროცენტული მაჩვენებლის მითითებისგან კონფიდენციალურობის გამო თავს შევიკავებთ. მთავარი აქ მაინც რიგითობაა და შედეგი. რას ითხოვს ხალხი და რას ახმოვანებს ხელისუფლება ხალხის დაკვეთად.

მოდით, ბოლოდან დავიწყოთ _ ნამდვილად საგანგაშო საკითხია ის, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უფრო გააღრმავა დაკარგული ტერიტორიების ნიველირების საკითხი, რომელიც საზოგადოების უმთავრეს პრობლემებს შორის _ დასაქმების შემდეგ, წლების განმავლობაში მეორე პოზიციიდან მეოთხეზე აღმოჩნდა.

რაც შეეხება პირველ სამ პრობლემას, აი, აქ კი ნამდვილად შეიძლება დაიბნე ადამიანი, რადგანაც, როგორც "პრემიერის" წყარო აცხადებს, ეს იყო კვლევის რეალური შედეგი, რომელიც ამჟამად "ინტერპრეტირებულია თვით თანაგუნდელებისთვისაც კი".

რას ემსახურება ეს თავის მოტყუების, უფრო მეტიც, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მოტყუების პროცედურა, ადვილად მივხვდებით, თუ გავიაზრებთ, რომ რეალური კვლევის შედეგებიდან ტრანსფორმირებულ შედეგებში, ფაქტობრივად, არ მოხვდა "საარჩევნო დაპირებების შესრულება" და "სამართლიანობის აღდგენამ" კი მესამედან პირველ პოზიციაზე "გადაინაცვლა". ანუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შედეგებს ასე წარმოაჩენენ თვით თავის თანაგუნდელებისთვისაც კი:

პირველ ადგილზეა "სამართლიანობის აღდგენა", მეორე _ დასაქმება, მესამე _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეოთხე _ ხელფასებისა და სოციალური დახმარებების ზრდა.

სოციოლოგია ადამიანთა, ჯგუფთა და საზოგადოებათა სოციალური ცხოვრების შემსწავლელი მეცნიერებაა; მისი მიზანია იმ სოციალურ წესთა და პროცესთა შესწავლა, რომლებიც აკავშირებენ და აცალკევებენ ხალხს არა როგორც ინდივიდუმებს, არამედ როგორც ასოციაციების, ჯგუფებისა და ინსტიტუციონალური გაერთიანებების წევრებს. ეს სოციოლოგიის აკადემიური განმარტებაა. ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ნებისმიერი გონიერი ხელისუფალი, ან ცალკეული საკითხებით დაინტერესებული პირი, თუ პირთა ჯგუფი, სწორედ სწორი კლვევების საფუძველზე ადგენს მის სამოქმედო სტრატეგიასაც და ტაქტიკასაც. ჩვენს შემთხვევაში კი რა გამოდის? იმისთვის რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოქმედების სწორი სტრატეგია აირჩიოს, მას ატყუებენ, ან თავს იტყუებს?

სოციოლოგიური კვლევის შედეგები ხომ ეხმარება ხელისუფლებას, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს სოციალური პრობლემების გადაჭრით და საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმულირებით?

კვლევებში "დაჭერების" წინა პლანზე წამოწევა რას ნიშნავს? იმას, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა? და რეალური "დაკვეთის" აბსოლუტური იგნორირება ჩაანაცვლებს "დაჭერების" სანახაობას? ისე, თუ მოვლენების განვითარებასაც დავაკვირდებით, ადვილი მისახვედრია, რომ, რაკი არა კვლევას, ანუ საზოგადოების მოთხოვნას, არამედ ვიღაცის ან რაღაცის ინტერესებს ემსახურება დაპატიმრებები თუ დაკითხვებზე ადამიანების წინა და უკან ტარება.

რატომ გაქრა კვლევიდან მთავარი პრობლემა (მთავარი მოთხოვნა) საარჩევნო დაპირებების შესრულება? ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი იმას, რომ საქართველოს ყოფილმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრებმა, ბატონებმა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა თითქმის ერთხმად განაცხადეს: "ქართულ ოცნებას" ყველა საარჩევნო დაპირება შესრულებული აქვს. აქედან გამომდინარე შესაძლოა, დავუშვათ, რომ ამ ყველაფერს ცალკეული ჩინოვნიკების მაამებლური და მლიქვნელური დამოკიდებულება განაპირობებს? თუ საკითხი უფრო ღრმა და სერიოზულია?

სოციოლოგების განმარტებით, იმთავითვე, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ეს სლოგანი შესთავაზა, მის ქვეშ, პირველ რიგში, ადამიანების დატუსაღებას გულისხმობდა, "ქონების დაბრუნების საკითხში სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მოგვიანებით იქნა გააზრებული". ალბათ, ამიტომაც მოხდა, რომ ქონება მხოლოდ ივანიშვილმა დაიბრუნა და სხვა ასეთი პრეცედენტი არ არსებობს ან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მეტიც, თუ ნამდვილად რთულია კერძო სტრუქტურებში მიმოფანტული ქონების დაბრუნება, რა უშლიდა მთავრობას, იმ ქონების დაბრუნებაზე ეფიქრა, რომელიც ბიზნესმენებსა თუ კერძო პირებს სახელმწიფოსთვის "აჩუქებინეს"? არც არაფერი! მიზეზი? _ პოლიტიკური ნების არქონა. ამ ფონზე კი, მთავარი, რითაც ამ სლოგანის გასამართლებლად ხელისუფლებამ ამომრჩევლების წინაშე თავი უნდა მოიწონოს _ "დაჭერებია".

რატომ? რეალურად, პირველი და მეორე პრობლემის გადასაფარად. თან ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ორ კურდღელს დაიჭერენ. "არჩევნები მოდის და ამომრჩეველს ეტყვიან, რომ ასრულებენ მთავარ დაპირებას, ანუ "იჭერენ" და ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა, რითაც საკმაოდ ბევრი მოტყუვდება და იფიქრებს "ჩემი სამართალიც მოვა ურმითო". მეორე _ ამით ოპონენტებსაც და მათ მხარდამჭერებსაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ".

კი მაგრამ, უმთავრეს მოთხოვნებს რა ეშველება? წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება გადადის თვითმოტყუების რეჟიმში და ცდილობს, ილუზიურ პერსპექტივაში დაინახოს საკუთარი ადგილი და რაც მთავარია, არცთუ უმნიშვნელო ადგილი _ სოციალური უზრუნველყოფიდან დაწყებული, კარიერული წარმატებით დასრულებული. თუმცა მთელი ამ წლების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ადამიანების, ანუ ელექტორატის უმეტესობას, არჩევნების მეორე დღიდან _ დიახ, არჩევნების მეორე დღიდან, ეწყება იმედგაცრუება, დეპრესია და ღრმავდება სოციალური აპათია.

სოციოლოგები აცხადებენ, რომ ისინი იძლევიან ნედლ მასალას _ ზუსტ კვლევას, დასაშვები ცდომილების ფარგლებში და შემდეგ უკვე გაურკვეველია, ვინ და რატომ მანიპულირებს ამით. სწორედ ამ მანიპულაციების გამო ეკარგებათ ნდობა სოციოლოგიურ კომპანიებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, როგორც თავად აცხადებენ, მათი კვლევები მეტწილად უტყუარია. სპეციალისტებმა მაგალითისთვის საპრეზიდენტო არჩევნებიც დაასახელეს, როდესაც ცალკეული კანდიდატები საკუთარ არარეალურ რეიტინგებს აცხადებენ, თუმცა მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები, არჩევნების შედეგების იდენტური აღმოჩნდა.

სოციოლოგები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ აზრზე, განსაკუთრებით პრობლემებზე, არაადეკვატური რეაგირება ან სულაც მათი იგნორირება, არათუ ხელისუფლებას, ქვეყანას შეიძლება დაუჯდეს საკმაოდ ძვირად.

ამ ყველაფრიდან კი მხოლოდ ორი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, ან ვიღაცას აწყობს, ხელისუფლებას არასწორი აქცენტები გააკეთებინოს და ამას, სავარაუდოდ, აქვს გარკვეული მიზანი. ან კიდევ თავად ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, სათანადოდ უპასუხოს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს _ "დაპირებების შესრულებას" და გადაწყვიტოს "დასაქმების" პრობლემა და ამიტომ გადააქვს ყურადღება მისთვის შედარებით "ადვილ" და მოკლევადიან სანახაობაზე _ "დაჭერებზე".

თუმცა იმავე სოციოლოგების განმარტებით, თუ მაგალითისთვის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს მიესალმებოდა გამოკითხული რესპონდენტების 58%, ამჟამად ეს მაჩვენებელი 22%-ია და მეტიც, 25% მიიჩნევს, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მერაბიშვილი პატიმრობაში იქნება თუ გარეთ, 11% კი საერთოდ მერაბიშვილის განთავისუფლების მომხრეა.

მოკლედ, "დაჭერები" საზოგადოებისთვის მოწყობილი სანახაობაა და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან, რომელიც "ოცნების" რომელიღაც გულშემატკივარმა თუ "მამამ" რეალური კვლევის დამახინჯებით მესამედან პირველ ადგილზე განათავსა. მიზეზი აქაც ნათელია, რადგანაც ქვეყანაში სამართლიანობის ერთბაშად ან ეტაპობრივად აღდგენის არანაირი ინსტიტუციონალური ეტაპები არ არის გავლილი. გამოდის რომ ამ "დაჭერებით" ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ გადაავადებს რეალურ პრობლემებს, რომელიც დროსთან ერთად შინაარსობრივად და მოცულობითად გაიზრდება და უფრო დიდ თავსატეხად იქცევა. მაგრამ, თუ ხელისუფლებას ვიღაც ატყუებს და მისით მანიპულირებს, მაშინ უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.