[დავით კირვალიძე]
თბილისში კერძო სახლებზე მოთხოვნა, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს და ამის მიზეზი ის არის, რომ მთავრობამ მიწის გადასახდი შემოიღო. განსაკუთრებით პრობლემა შეექმნებათ თბილისს შემოერთებული სოფლების მცხოვრებლებს, რადგანაც გადასახადი 600 კვ_მ-ზე მეტი მიწის ფართობის მფლობელებს დაეკისრებათ. სოფლად ასეთი მცირე ნაკვეთები თითქმის არ არსებობს.
წლის დასაწყისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც თბილისში 600 კვ_მ მიწის ნაკვეთზე მეტის მფლობელებს ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ ეზოიანი სახლების მფლობელები გარკვეული თანხით დაიბეგრებიან. რაც შეეხება ქონების გადასახადის ოდენობას, ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთითა და ტერიტორიულ კოეფიციენტით გამოიანგარიშება. გადასახადის საბაზისო განაკვეთი 1 კვ_მ-ზე 0,24 ლარია.
თბილისის ტერიტორიაზე კერძო სახლებზე მოთხოვნა ისედაც ნაკლები იყო. ქონების გადასახადის დაწესება კი ამ მოთხოვნას კიდევ უფრო შეამცირებს. მართალია, კერძო სახლების პოტენციური მყიდველი, ძირითადად, მაღალშემოსვლიანი სეგმენტია, თუმცა ასეთი კლიენტები უკვე თითქმის აღარ არიან.
თანაც ისინი ეზოს ფართობს დიდ ყურადღებას აქცევენ, რომელიც 1000-დან 1500 კვადრატულამდე უნდა იყოს და არა 600 კვადრატი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფართობში სახლიც უნდა იდგეს, ეზოსთვის საკმაოდ პატარა ადგილი რჩება, რაც კერძო სახლს მთავარ უპირატესობას უკარგავს.
პრობლემა განსაკუთრებით თბილისის ტერიტორიაში შემავალ სოფლებს შეექმნებათ, რადგან იქ საცხოვრებლად უფრო დიდი ფორთბებია. ეს სოფლებია: დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი და ახალდაბა.
ერთი სიტყვით, უძრავი ქონების სპეციალისტები ისედაც დაბეჩავებული უძრავი ქონების ბაზრის კიდევ უფრო დაკნინებას პროგნოზირებენ. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ დედაქალაქს ეხება. რეგიონების ნაწილში კი უძრავი ქონებაზე ფასები იზრდება.
უძრავი ქონების სააგენტო ”გორო ჯგუფის” ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აჭარაში უძრავ ქონებაზე ფასებმა 15%-ით მოიმატა. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, აჭარაში ბევრი ინვესტიცია შევიდა, რამაც ფასების მატებას მისცა ბიძგი. როგორც გიორგი ბარვენაშვილმა ”კომერსანტს” განუცხადა, გარკვეული როლი სამშენებლო მასალების გაძვირებამაც ითამაშა.
საერთოდაც, ბარვენაშვილის თქმით, ბაზარზე გაჩნდა ახალი მოთხოვნები და ახალი სტანდარტები. ”უკვე არავინ არ ყიდულობს ე.წ. ”ხრუშჩოვკებს”, შემცირდა ინტერესი ”შავი კარკასების” მიმართაც. მოთხოვნა გაიზარდა დამთავრებულ ბინებზე, ასევე მეტი ინტერესია საოფისე ფართებსა და მიწის ნაკვეთებზე”, - აცხადებს ბარვენაშვილი, რომელიც მიუხედავად მრავალი პრობლემისა იმედოვნებს, რომ უძრავი ქონების სექტორი წელს საბოლოოდ გამოცოცხლდება.
გარკვეული მცირე გააქტიურება შეინიშნება ქუთაისშიც. პარლამენტისა და რამდენიმე სახელმწიფო უწყების იმერთქალაქში გადატანამ უძრავი ქონების სეგმენტში გარკვეული კორექტივები შეიტანა.
აჭარის რეგიონის მიმართ მომხმარებელთა დიდ ინტერესს ადსასტურებენ უძრავი ქონების სააგენტო ”პრივატ ჯგუფშიც”. მათი თქმით, ძირითადი მოთხოვნა მიწებზეა. ”პრივატ ჯგუფი” ბაზრის კიდევ უფრო გამოცოცხლებას გაზაფხულიდან ელოდება. აჭარაში მიწის ფასები კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, 60 დოლარიდან იწყება.