სააკაშვილის ლაჩრული ბუნებიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, რომ იგი უარს იტყოდა ჩამოსულიყო საქართველოში და მოწმის სტატუსით ჩვენება მიეცა ცნობილ და უაღრესად რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით. ეს ასეც მოხდა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი სტრუქტურები მოძებნიან სამართლებრივ გზებს, რათა დღესა თუ ხვალ მიიღონ იმ ადამიანის ჩვენება, რომელიც, თუ მთავარი მონაწილე არა, მინიმუმ, ყველაზე ინფორმირებული მოწმე მაინც არის ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში.
რაც შეეხება იმ ვრცელ და გახმაურებულ ინტერვიუს, რომელიც ამ დღეებში სააკაშვილმა თავის „რუსთავი-2“-ს მისცა, უნდა ითქვას, რომ ამ ინტერვიუში სააკაშვილმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა - სიცრუის, უტიფრობის, უთავმოყვარეობის, უპასუხისმგებლობის ის ნიაღვარი, რომელიც საზოგადოებამ სააკაშვილის პირიდან მოისმინა, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ადამიანის მორალურ დეგრადაციას საზღვარი არა აქვს. მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს თავისთავად სასაცილო თვითგანდიდების მანიისა და საფრთხეების მიმართ დაუძლეველი შიშების პათოლოგიურ სიმბიოზთან.
ჩვენ არ ვიზიარებთ საზოგადოების ერთ ნაწილში გავრცელებულ შიშს იმის შესახებ, თითქოს, მოწმის სტატუსით სააკაშვილის დაბარებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა თუ ნატოს მომავალ სამიტზე მაპის მიღების პერსპექტივას, მით უმეტეს, შეაჩეროს ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი. შეუძლებელია ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს არ ესმოდეთ, რომ კანონის უზენაესობას ვერ შეზღუდავს პოლიტიკური მიზანშეწონილობა. ამასთანავე, აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების სათანადო არგუმენტირება, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში მოიხსნას ყოველგვარი ეჭვი პოლიტიკური შურისძიების შესახებ. ხოლო რაც შეეხება ჩვენს სწრაფვას ევროპულ ოჯახში დაბრუნებისაკენ, ეს ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და ამ ნების აღსრულების გზაზე ნებისმიერი ბარიერის შექმნა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, შეცდომაც იქნება და უსამართლობაც.
დასასრულ, ამ ბოლო დროს ზოგიერთი ტვინგადახურებული ნაციონალისაგან გვესმის ისტერიკული მუქარები არეულობის მოწყობის, სასტიკი რევანშის, მეორე მაიდანისა და მისთანების შესახებ. ბატონებო! არავითარი ევროპული ღირებულებების დამცველი და დამამკვიდრებელი თქვენ არ ყოფილხართ, არა ხართ და ვერც მომავალში იქნებით. თქვენ გმართავთ ძალაუფლებლის წყურვილი და ფულის ძალა. ეს დაადასტურა თქვენი მმართველობის ათწლეულმა, დამყარებულმა კანონის აბუჩად აგდებაზე, ჩლუნგ სისასტიკეზე, უდანაშაულოთა სისხლსა და ადამიანის ჩაგვრაზე. თქვენ უკვე წარსულს ეკუთვნით, თქვენ თქვენსავე საქციელმა მოგისპოთ პოლიტიკური პერსპექტივა. დაბეჯითებით გირჩევთ თქვენცა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ თქვენს ბელადსაც - ნუ მოუწყობთ გამოცდას ქართველი ხალხის მოთმინებას, ნუ გააღვივებთ მასში შურისძიების გრძნობას და ნუ დაიტეხთ თავზე ამ შურისძიებით გამოწვეულ რისხვას. ეს ჩვენი გულწრფელი რჩევაა, ხოლო გაითვალისწინებთ თუ არა ამ რჩევას, ეს უკვე თქვენი ნებაა.