18 მარტს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ორი მნიშვნელოვანი ამბავი აუწყა: ერთი უსიამოვნო და მეორე - სასიამოვნო.
უსიამოვნო ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკა კვლავ შედის რაღაც გაურკვეველი კოჰაბიტაციის ფაზაში, რომლის დასასრულს ვერავინ განჭვრეტს.
"ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან. მრავლად იყო გაუგებრობა ჩვენ შორის. ორი თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული პოლემიკა. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა... ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს," განაცხადა "ტელეიმედის" ეთერში იმედგაცრუებულმა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მას შორის დასრულდა „არაფორმალური ურთიერთობები“ , რითიც ორივე პოლიტიკოსი ძალიან ამაყობდა ახლო წარსულში.
არადა, სწორედ მათი ეს არაფორმალური დამოკიდებულება, მათი ეს საამაყო მეგობრობა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად მოევლინა.
არავისთვის არის დასამალი, რომ გიორგი მარგველაშვილი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის "პროდუქტია" - სწორედ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა ყოფილი განათლების მინისტრის კანდიდატურა ჯერ მმართველ გუნდს და მერე მთელ საქართველოს, რომელსაც კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი პოლიტიკიდან წასვლითაც ემუქრებოდა, თუ მისი ფავორიტი არჩევნებში ხმათა 60 %-ზე ნაკლებს მიიღებდა.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წერტილოვანმა ბრეინვოშინგმა შედეგს მიაღწია. გიორგი მარგველაშვილმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს ისტორიაში პირველად მშვიდობიანი არჩევნების გზით მოხდა პრეზიდენტის შეცვლა, ინაუგურაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც მალე დატოვა თანამდებობა, მის მთავარ ფავორიტ ირაკლი ღარიბაშვილს გადააბარა პრემიერ-მინისტრის პოსტი და თავად მესამე სექტორს მიაშურა მესამე და უმთავრესი ამოცანის შესასრულებლად - პოლიტიკური მემკვიდრეებისათვის საიმედო ზურგის შესაქმნელად საზოგადოების ყველაზე ურჩ ნაწილში.
მაგრამ, როგორც გაირკვა, „ხასიათის გამოჩენით“, საქართველოს პრეზიდენტმა დისონანსი შეიტანა მენტორის დატოვებულ წესრიგში.
ხასიათის ეს უცნაურობა კი, ბიძინა ივანიშვილის თქმით, იმაში გამოიხატა, რომ გიორგი მარგველაშვილმა თანაშემწედ დაასაქმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა ვანო მაჭავარიანი, რომლის არასაიმედო ბუნების კრიტიკასაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიდი დრო დაუთმო. მარგველაშვილს ასევე შეცდომებად ჩაეთვალა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე გუნდის ნების საწინააღმდეგოდ ვეტოს დადების მცდელობა და სამუშაოდ გადასვლა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს აშენებულ ავლაბრის რეზიდენციაში, რომელში შესვლაზეც არჩევნების წინ მარგველაშვილი კატეგორიულ უარს აცხადებდა.
აი, ეს არის ძირითადად მარგველაშვილის ის არასწორი ნაბიჯები, რომელთა გამოც „ჩატყდა ხიდი“ საქართველოს პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის.
თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარ გავლენას ყველაზე დიდი ძალაუფლების ცენტრზე - ქვეყნის მთავრობასა და მის პრემიერ მინისტრზე, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორისაც ვერ იქნება კარგი.
ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტის პირველ საანგარიშო მოხსენების მოსასმენად 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი არ მივიდა.
ერთი სიტყვით, სახეზეა გაუფორმებელი, არაკონვენციური კოჰაბიტაცია, სადაც ერთ მხარეზეა ძალაუფლების ვერტიკალის გარეთ მყოფი, მაგრამ რეალურად დიდი გავლენის მქონე მოქალაქე ივანიშვილი და თითქმის უუფლებო პრეზიდენტი მარგველაშვილი.
მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს არ ჰყავს საკუთარი პოლიტიკური გუნდი, არ ჰყავს რწმუნებულები რეგიონებში, არ აქვს ფრაქცია პარლამენტში, არ გააჩნია მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა, არ ფლობს გავლენას საფინანსო წრეებსა და მედიაში. ასეთ ვითარებაში საზოგადოებასთან და მმართველ კოალიციასთან გიორგი მარგველაშვილის გრავიტაციას სწორედ ბიძინა ივანიშვილის უპირობო მხარდაჭერა უზრუნველყოფდა.
გრავიტაცია შემთხვევით არ მიხსენებია. საქართველოს ტურბულენტურ პოლიტიკურ სივრცეში მყოფი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად წააგავს რეჟისორ ალფონსო კუარონის ცნობილი ფილმის, „გრავიტაციის“ (2013 წლის „ოსკარის“ ერთ-ერთი პრეტენდენტი) მთავარ გმირს, ასტრონავტ რაიან სტოუნს (სანდრა ბალოკი). კატასტროფის შედეგად მშობლიურ კოსმოსურ ხომალდს მოწყვეტილ ასტრონავტს, თავიდან შიში შეიპყრობს, მაგრამ მოგვიანებით გააცნობიერებს, თუ რა დიდი დამსახურება გაუწია კოლეგა მეტ კოვალსკიმ (ჯორჯ კლუნი), როდესაც თოკიდან ჩახსნა და მარტო დატოვა იგი ღია კოსმოსში.
ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ანალოგია მართებულია და ბიძინა ივანიშვილს გიორგი მარგველაშვილის მიმართ იგივე მოტივაცია ამოძრავებდეს, რაც ჯორჯ კლუნის გმირ ასტრონავტს. მაგრამ უეჭველია, რომ პოლიტიკური მენტორის ორბიტიდან მოწყვეტა გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებელ და ანგარიშგასაწევ ლიდერად ქცევის შანსს აძლევს.
„ხასიათის ჩვენებითა“ და საკუთარი მიზერული უფლებების რეალიზებით: იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში გადასვლა, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ რომელიმე სადავო კანონპროექტზე ვეტოს დადება თუ სამომავლოდ რომელიმე პოლიტიკური ოპონენტის შეწყალება - გიორგი მარგველაშვილი ამტკიცებს, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტობა გადაწყვიტა და ეს, ჩემი აზრით, ძალიან სასიამოვნო ამბავია.
სულ მცირე, იმას მაინც აღარ წამოაძახებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ იგი ვინმეს მარიონეტი და ხელით სატარებელი ბავშვია.