პოლიტპატიმრები და რეპრესირებული ბიზნესმენები დანებებას არ აპირებენ

პოლიტპატიმრები და რეპრესირებული ბიზნესმენები დანებებას არ აპირებენ

სააკაშვილის რეჟიმისგან ღირსებაშელახული ყოფილი პოლიტპატიმრები, რეპრესირებული თუ ქონებაწართმეული ადამიანებმა გუშინ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ: დაკმაყოფილდეს პოლიტპატიმართა 10 მარტის შეკრებისას მიღებული 5-პუნქტიანი რეზოლუცია, გადაისინჯოს უკანონო განაჩენები, პასუხისგებაში მიეცეს სისხლის სამართლის საქმეების გამყალბებლები და დამკვეთები, მეპატრონეებს დაუბრუნდეთ მართლსაწინააღმდეგოდ ჩამორთმეული ქონება.

საზოგადოებრივი ზეპარტიული მოძრაობა „ანტი ნაცი“ და სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული ბიზნესმენების მოძრაობა „დააბრუნე“ თავადვე აპირებენ საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას და აცხადებენ, რომ გამარჯვებამდე იბრძოლებენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „დააბრუნე“-ს თავმჯდომარე, „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მეპატრონე, მამია სანადირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 26 მარტის აქცია მიმართულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ყაჩაღებისა და კრიმინალების წინააღმდეგ. დამნაშავე პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები უნდა დაისაჯონ, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანები ციხეში ჩასვეს და ხელს უწყობდნენ ქვეყანაში კრიმინალური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების - „ნაცმოძრაობის“ ბოგინობას;

„მოძრაობა „დააბრუნე“ გვერდში უდგას მოძრობას „ანტი ნაცი“. ჩვენც ნაციონალების მიერ ვართ გაძარცულნი. ამიტომ ერთიანი აქცია მოვაწყვეთ. მოვითხოვთ, ახალი ხელისუფლება მკაცრად მოეპყრას ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ახერხებენ, თავი აარიდონ სასჯელს და გარიგებებით, მეგობრების, ფულის თუ ლობისტების დახმარებით იცილებენ სასჯელს. რაც შეიძლება, მალე უნდა მოხდეს დამნაშავე პროკურორთა და მოსამართლეთა სისტემიდან გაყვანა, რომლებიც საქმეებს აფუჭებენ და ჩიხში შეჰყავთ. ასევე, მოვითხოვთ, ჩამოყალიბდეს ახალ პროკურორთა კორპუსი, რომლებიც განიხილავენ ცხრა წლის განმავლობაში ჩადენილ ყველა დანაშაულს.

2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა 1350 პროკურორიდან 1000 პროკურორი გაათავისუფლა. ეს ადამიანები არ იღებდნენ მონაწილეობას მისი დანაშაულების გაპრავებაში და ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრად იყვნენ. მათგან უნდა შეიქმნას ცალკე პროკურორთა კორპუსი, ასი პროკურორის ოდენობით და ისინი, შედარებით კეთილსინდისიერი ადამიანები, დიდი ენთუზიაზმით გამოიძიებენ წინა მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ეს არ უკავშირდება დიდ თანხებს, წლიურად ჯდება 5 მილიონ 700 ათასი ლარი. ექსპერტისა და პროფესორის გია მეფარიშვილის გათვლებით, ეს ასი პროკურორი სამი წლის განმავლობაში სრულად გამოიძიებდა ყველა საქმეს“, - აღნიშნა მამია სანადირაძემ.

მანვე არ დამალა, რომ ძალზე სწყინს თეა წულუკიანის განცხადებები. ამიტომ ფიქრობს, თუკი წულუკიანს, სამართლიანობის სამინისტროს (Justice_სამართლიანობა) მინისტრს არ შეუძლია, ღარიბ საქართველოში სამართლიანობა აზეიმოს, მაშინ იგი უნდა გადადგეს და წავიდეს მდიდარ ქვეყანაში, სადაც შეიძლება იყოს წარმატებული იუსტიციის მინისტრი. საქართველოში კი გვჭირდება ისეთი მინისტრი, რომელიც ღარიბი ქვეყნის პირობებშიც სამართლიანობას აღადგენს.

მამია სანადარაძე მიიჩნევს, რომ სამართლიანობას არანაირი კავშირი არ აქვს ფულთან. მეტიც, ხელისუფლებას შეუძლია, ამხელა პრემიებს, ჯიპებს შეელიოს და საქმის საკეთებლად თუ მოვიდნენ, აკეთონ კიდეც საქმე. სხვის ხარჯზე ეკონომია კი არ არის ზნეობრივი საქციელი.

„აქამდე ანგარიშს ვუწევდით ამ მთავრობას, ვუფრთხილდებოდით, მაგრამ ჩვენს საქმეს არავინ ანგარიშს არ უწევს. არც პოლიტიკური პარტიები არ არიან ჩვენი პატრონი, არც მთავრობა, ყველამ მოგვატყუა, ყველა ცდილობს, ჩვენი ქონების გადანაწილებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვერავინ გამოგვიყენებს, პოლიტიკოსებთან საქმე არ გვაქვს, ეს არის ჩვენი ბრძოლა, ეს არის ამ ხალხის სასოწარკვეთილების გამოხატვა, რომელთაც თავიანთი საქმეების გამოძიების იმედი ამოეწურათ. აქცია 24-სათიანი, პერმანენტული იქნება და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დასასრული არ ექნება“, - გვითხრა მამია სანადირაძემ.

ყოფილი პოლიტპატიმარი და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია აცხადებს, რომ ისინი სააკაშვილისგან შელახული უფლებების აღდგენას ითხოვენ და მათი ადრესატი არის არა მხოლოდ ნაციონალური რეჟიმი, არამედ ახალი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია, აღადგინოს ამ ადამიანების უფლებები.

„გავიდა ათდღიანი ვადა და არც პრემიერ-მინისტრისგან, არც პრეზიდენტის და პარლამენტის ხელმძღვანელობისგან არ გვაქვს არანაირი პასუხი. ეს ადამიანები მოუთმენლად ელოდნენ კოაბიტაციის დასრულებასა და მათი საქმეების გადახედვას, თუმცა მოლოდინი გაუცრუვდათ. ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იმედი არ გაუმართლდათ, არ მოხდა მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. ზოგიერთებს აღარ სურთ, სიცოცხლის ბოლომდე დაუმსახურებლად ატარონ ჯაშუშობის იარლიყი. ჩვენ გამოვხატავთ არანაკლებ 300 ათასი დაზარალებული ადამიანის ინტერესს და ეს ხალხი პოტენციურად ჩვენი მომხრეა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ნაციონალები ახალი მაიდნის მოწყობით იმუქრებიან. ამიტომ სწორედ ჩვენი აქცია გახდება ფორპოსტი სახელმწიფოებრიობის და თუნდაც ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვისთვის. ჩვენს აქციას აქვს ორი დანიშნულება, მოვახდინოთ საკუთარი პერსონების რეაბილიტაცია და არ დავუშვათ საქართველოში მაიდნის მოვლენების განვითარება“, - აცხადებს ზაზა დავითაია For.ge-სთან საუბარში.

ყოფილ პოლიტპატიმარს მიაჩნია, რომ ნაციონალური რეჟიმის წარმომადგენლები ისე გათავხედდნენ, რომ დაჭერის შემდეგ თავს პოლიტპატიმრებად აცხადებენ და რეპრესირებულის სტატუსსაც თვითონ ირგებენ. ამ დროს მათგან დაჩაგრული ადამიანების უფლებები ჯერ არ აღდგენილა.

„პოლიტპატიმრებს და რეპრესირებულებს ერთმანეთთან ბევრად უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ზოგიერთი თუნდაც მყარი პოლიტიკური პარტიის წევრებს. კარგა ხანს ვფიქრობდით, ვინმეს არ გამოეყენებინა ჩვენი აქცია, ამიტომ თავს ვარიდებდით აქციების ჩატარებას. ახლა ვხედავთ, რომ ძველი ხელისუფლების ნამსხვრევები აპირებენ, დასავლეთს შეუქმნან ილუზია, თითქოსდა, ოპოზიციას და საპროტესტო მოძრაობას თავად წარმოადგენენ. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოში ამ ხელისუფლების ოპოზიცია არ არის ნაცმოძრაობა, ისინი კრიმინალები არიან და მათი ადგილი ციხეშია“.

ყოფილი პოლიტპატიმარი გია დადეშელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვს, ყველაფერი დაკარგეს და მათი სამართლებრივი და ქონებრივი უფლებები აღდგენილი არ არის.

პირადად იგი 2009 წლის მაისში დააკავეს საკნების აქციებში მონაწილეობის გამო. მას, როგორც პოლიციის პოლკოვნიკს, ჩაუდეს იარაღი, ეს მაშინ, როცა კანონმდებლობა იარაღის ტარების უფლებას აძლევდა.

„მამყოფეს გლდანის ციხეში, შემდეგ გადამიყვანეს ორთაჭალის „კრიტში“, ზონაც კი არ მაღირსეს და მომახდევინეს მთლიანი სასჯელი. ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა, ციხეში ყოფნის სამი წლის განმავლობაში ჩემს მიმართ ხმამაღალი სიტყვა არ ყოფილა, ეს განაპირობა ჩემმა ცნობადობამ, 25 წელი სისტემაში ვიმუშავე და ყველამ იცოდა, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიყავი დაკავებული. ჩემს მიმართ მითითება მიიღეს მხოლოდ ერთხელ, 2011 წლის სექტემბერში და მაშინდელ ციხის დირექტორს დაავალეს, ჭაობში გადაიყვანეო, ანუ საუბარია სხვა კორპუსში მდენარე ნესტიან საკანზე, რომელშიც წყალი ჩამოდიოდა. ასეთ კამერაში გამატარებინეს ექვსი თვე. ჩემი დაკავებიდან ორ-სამ თვეში დააკავეს ჩემი ვაჟი, ექვსი თვის შემდეგ დააკავეს სიდედრი, რომელიც სამზარეულოს იქით არ გასულა, წაიყვანეს ექვსი თვით და ამყოფეს ციხეში. იძულებული გახადეს, ციხეში დაეწერა განცხადება ქონების მიტოვების შესახებ, რის შემდეგაც გაუფორმეს საპროცესო და ექვსი თვის შემდეგ გამოუშვეს. ჩემი ქონება ახლა არის მერიის ბალანსზე, ხუთი წელია გადახურული არ არის და წვიმა, თოვლი ჩადის, ნადგურდება“, - აცხადებს გია დადეშელი და ითხოვს, ამ ეტაპზე წართმეულ ქონებას თუ არ უბრუნებენ, მათ გასხვისებაზე მაინც მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ქონება უკანონოდ არავის გაუყიდონ.

ყოფილი პოლიტპატიმარი, პოლიციის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა წიკლაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იგი 2009 წლის საკნების აქციის დროს დააკავეს, როგორც ბურჯანაძის პარტიის წევრი, დამფუძნებელი და აქტიური წევრი. თავის დროზე, ჯერ კიდევ 2006 წლიდან იგი პოლიციიდან წამოვიდა, რადგან ვანო მერაბიშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მიხვდა, რის გაკეთებასაც აპირებდნენ. ამის შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რის გამოც მერაბიშვილმა მისი დასჯა გადაწყვიტა.

„დილით ჩემი გატაცება, იარაღის ჩადება მოახდინეს და სამწლიან სასჯელთან ერთად, 1500 ლარი ჯარიმა მომისაჯეს. სასჯელი გლდანის ციხეში მოვიხადე. ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა, რადგან იქ ბევრი ძველი თანამშრომელი მუშაობდა. მათ იცოდნენ ჩემი კანონთან დამოკიდებულების შესახებ და გრძნობდნენ, რომ უდანაშაულო ვიყავი. ბადრაგიც კი გრძნობდა, რაც ხდებოდა. გარდა ამისა, 2011 წლის მოვლენების დროსაც გატაცებული გახლდით და ადმინისტრაციულ სასჯელად მომისაჯეს ერთთვიანი პატიმრობა, რომელიც გავატარე ყვარლის იზოლატორში, საშინელ პირობებში. იქ მართლაც იყო სადისტური დამოკიდებულება დაკავებულების მიმართ. იზოლატორის უფროსი იყო თემურ ველიჯანაშვილი, ის ახლა მუშაობს სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მეექვსე დაწესებულებაში. ეს ახალგაზრდა ბიჭი ფაშისტური ჩვევებით გამოირჩეოდა. 15 წელი ვიმუშავე ორგანოში და ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ არ მახსოვს, იმდენად გარეწარი ადამიანი აღმოჩნდა. იქ მარტო არ ვიჯექი, გენერალი ვოვა იმნაძეც იჯდა, იყო ცემაც, ზეწოლაც, სიტყვიერი, ფიზიკური, მორალური შეურაცხყოფა, ღამე არ გაძინებდნენ. ჩემთვის იქ გატარებული ერთი თვე ჯოჯოხეთი იყო, ვიდრე ექვსი თვის გატარება გლდანის საპყრობილეში“, - აღნიშნა გოჩა წიკლაურმა, რომელიც მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის ამუშავებასა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებთან უფლებრივ გათანაბრებას ითხოვს, რადგან გასული წლის დეკემბრამდე გათავისუფლებულ ადამიანებს პოლიტპატიმრის სტატუსი არ აქვთ.

ამასთან, გოჩა წიკლაური იმ ადამიანების ლუსტრაციას და სისტემიდან ჩამოშორებას მოითხოვს, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. მისი აზრით, თუ პოლიციელმა დანაშაულებრივი დავალება ერთხელ მაინც შეასრულა და უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაისტუმრა, იგი ამას კიდევ გაიმეორებს.

„ესენი იქნებიან იმ მეხუთე კოლონაზე უარესნი, რომელთაც ე.წ. ევრომაიდნისთვის გამოიყენებენ ნაციონალები“.