„მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ“ - იმ ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ“, - ასე გამოეხმაურა ნინო ქადაგიძე, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზურაბ ჟვანიას ოჯახმა მას ფული მოსთხოვა. ნინო ქადაგიძე ფიქრობს, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება - გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან და არსებითი საკითხებიდან ყურადღება გადატანილ იქნას სკანდალურ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუშლის გამოძიებას.
მისივე თქმით, სწორედ იმიტომ აკეთებენ ამ საქმის პოლიტიზაციას, რათა მერე ფარი გაიკეთონ, რომ „პოლიტიკური დევნის“ მიღმა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არსებობს. რაც შეეხება მისი და სააკაშვილის შეხვედრებს, ქადაგიძე ადასტურებს სააკაშვილთან რამდენიმე შეხვედრას.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანი იყო დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე და მე შემიძლია, შევაჯამო ეს სიტყვები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა - მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე, ეს არის მისი სიტყვები.
რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე თანხაზე მქონდა საუბარი, იყო სხვა კონტექსტში. ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ღამე გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ, აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც და მკვლელობაც შეიძლება იმის გამო მომხდარიყო. შეიძლებოდა, ეს თანხაც ყოფილიყო. მითუმეტეს, რომ ვიცოდი, ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც სეიფებში იყო, დაიკარგა. სულ ეს იყო, როცა თანხაზე იყო ლაპარაკი. რაც შეეხება იმას, თითქოს, ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა რაღაცა, ეს გარდაცვლილი ადამიანის, თამარ დეკანოსიძის მოწმედ მოყვანას ჰგავს ძალიან. არ განვეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც თავისი ოჯახის ღირსებით ვაჭრობენ“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
რაც შეეხება ინტერნეტით გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალებს, ყოფილი პრემიერის მეუღლე ამბობს, რომ ეს მასალები გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ ჰქონდა.
„ერთადერთი სურათი, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, არის ის სურათი, სადაც ტუჩი აქვს გადმოწეული და აქვს სისხლჩაქცევა. ეს ფოტო რომ შემხვდა, მივედი ზურაბ ადეიშვილთან და ვუთხარი, არსებობს ასეთი ფოტო, სადაც ჩანს დაზიანება-თქო. ადეიშვილმა მოატანინა ფოტოები და ეს ფოტო უკვე აღარ იყო. მითხარით ახლა, რა უნდა მექნა? რაც შეეხება მასალის განსაჯაროებას, გამოძიება ჯერ არაა დამთავრებული და შესაბამისად მე არავისთვის მითხოვია, რომ საქმის განსაჯაროება არ მომხდარიყო. სანამ გამოძიება არ დამთავრდება ეს მასალები ვერ განსაჯაროვდება, სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორის - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
გაკვეთას არ ვესწრებოდი, როდესაც დავიწყე ზურას ძებნა, 3 საათიდან ვრეკავდი და ბუნდოვან პასუხს მაძლევდნენ - 5 წუთში, 10 წუთში და მე არ მქონდა ჩემ ქმართან ის ურთიერთობა, რომ გადავტრიალებულიყავი და დამეძინა. ზამთარი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან. დამირეკეს გზაში, ჩამსვეს მანქანაში, მიმიყვანეს. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – რას დავინახავდი მე იქ? მე დავინახე, რომ ზურა აღარ არის ცოცხალი, დანარჩენი მე არაფერი მახსოვს.
გოგლა შეეცადა, რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. ჩვენ ელემეტარული მოკვლევები დავიწყეთ და ეჭვები სწორედ აქედან წამოვიდა. თავიდან არაფერი ვიცოდით, მაგრამ მასალები გროვდება, დალაგდება და მოგვცემს სურათს. 2005 წლიდან მოვითხოვდით დამოუკიდებელ გამოძიებას. ახლა გვაქვს თანხმობა, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ეს გულისხმობს ქვეყნებს შორის შეთანხმებას ამ საკითხზე. მაშინაც ეს დამოუკიდებელი გამოძიება იმიტომაც არ შედგა, რომ ჩვენმა მხარემ არ მისცა თანხმბობა“, - აცხადებს ნინო ქადაგიძე.
მისივე განცხადებით, თუ საჭირო იქნება, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ესგუმაციაზე თანახმაა. რაც შეეხება ყიფილი გენერალური პროკურორის განცხადებას, რომ საქმის მასალების განსაჯაროვება იმის გამო არ მოხერხდა, რომ იქ გარკვეული დელიკატური მომენტებია, ქადაგიძე განმარტავს, რომ ეს ის დელიკატური ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ არიან.
რაც შეეხება სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებას - „პატარკაციშვილმა ჟვანიას ბევრი ფული მისცა და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება“ - გოგლა ჟვანიას განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას ოჯახის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.
მისი თქმით, პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას შვილებს მატერიალურადაც დაეხმარა. ამასთან, როგორც გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, ჟვანიას ცხედარზე იარები შესამჩნვევი იყო, მაგრამ მას სხვადასხვაგვარი ახსნა ჰქონდა. გოგლა ჟვანიამ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიება შედეგიანად დასრულდება.
„ეს კადრები ვერანაირად ვერ ხსნის „იმ სულელურ ვერსიებს“, რაზეც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ. არსებობს FBI-ის დასკვნა. ეს არის ტექნიკური ექსპერიმენტი, რომელიც „ნიკალას“ მუშაობასთან დაკავშირებით ჩატადა. მათ ასევე გამოკვლეული აქვთ სისხლი და დაადგინეს სისხლში კარბოქსი-გემოგლობინის ოდენობა. ეს ორი კონკრეტული დასკვნაა ამ საქმეში. გარდა ამისა FBI-ის რამდენიმე ნივთმტკიცებაზე შესწავლილი აქვს დნმ-ის არსებობა, რომელიც არანაირ სურათს არ იძლევა, რადგან არასრული შესწავლა სრულ სურათს არ იძლევა.
რაც შეეხება დაწერილ დასკვნებს, დასკვნები ჩვენ განსაჯაროვებული გვაქვს ცხრა წლის წინ. ეს დასკვნები პირადად მე განვასაჯაროვე. ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ექსპერიმენტის დროს გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემოება არ შექმნილა. ამაზე ქართულ თარგმანში ეწერა, რომ CO-ს დონემ ოთახში უმოკლეს დროში მიაღწია და გადააჭარბა სასიკვდილო დონეს, რაც იყო ტყუილი და შემდეგ ეს თარჯიმნის შეცდომას დააბრალეს.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამოძიებაში ბევრი ახალი მტკიცებულებაა. ის მასალები, რომელმაც ინტერნეტით გაჟონა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან იქ დაფიქსირებულია ისეთი დაზიანებები და ის კადრები, რომელიც, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ. დაზიანებები დაფიქსირებული იყო ვიდეო-კასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მათ ყურადღებით არ გაანალიზეს და არ ნახეს“, - განაცხადა ჟვანიამ.
მისივე თქმით, მიდის ინტენსიური საგამოძიებო პროცესი და უმოკლეს დროში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ. გოგლა ჟვანია განმარტვას, რომ არის საკამოდ დიდი ეჭვი იმისა, რომ ის მასალები, რომელიც მიდიოდა გამოძიების ფედერალურ ბიუროში და დასკვნებიც რომელიც იქიდან მოდიოდა, ფალსიფიცირებულია. ამასთან გოგლა ჟვანიამაღნიშნა, რომ დაპირისპირება ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მუდმივად იყო.
„ზურას და სააკაშვილს შორის დაპირისპირება მუდმივად იყო და აგრესია უმეტესად მოდიოდა სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან. ეს არავისთვის დამალული არ ყოფილა და ამის უამრავი ფაქტი არის. ზურამ მოიყვანა სააკაშვილი პოლიტიკაში, მაგრამ ამის მიუხედავად, სააკაშვილმა შექმნა ცალკე პარტია და გამოეყო ზურას პარტიას. სააკაშვილი აქტიურად იბრძოდა ზურას წინააღმდეგ.
2003 წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც მოჰყვა „ვარდების რევოლუცია“, ძალიან მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ამ ორ გუნდს შორის და უმეტესწილად ეს დაპირისპირება და აგრესია მოდიოდა სააკაშვილის გუნდიდან. ეს დაპირისპირება გაგრძელდა ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობის დროს. ერთი ძალიან საჯარო ფაქტია, თუ გახსოვთ, როცა ოქრუაშვილი ბარამიძის დაჭერას აპირებდა. ოქრუაშვილი მაშინ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო ძალისმიერ ქმედებებში და ბარამიძე იყო ზურას გუნდის წევრი. ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო როგორი ურთიერთობა არსებობდა ამ ორ გუნდს შორის“, - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, ზურაბ ჟვანიას დედამ, რემა ჟვანიამ საზოგადოებას თხოვნით მიმართა, შეწყვიტონ ჟვანიას საქმეზე აჟიოტაჟი. მას ვერ გაუგია, ახლა როდესაც ინტენსიური გამოძიება მიდის, რა საჭიროა ასეთი აჟიოტაჟი ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით.
„გთხოვთ ყველს, ნუ გააგრძელებთ ამ კამპანიას, ეს საშინელი ტრავმაა ოჯახისთვის, ზურას შვილებისთვის“, - განაცხადა ჟვანიას დედამ.
ზურაბ ჟვანიას მეუღლის განცხადებებს გამოეხმაურა გიორგი ბარამიძე. ვიცე-სპიკერი ადასტურებს, რომ ნინო ქადაგიძე გარდაცვლილი ექსპრემიერის ექსპერტიზას არ ესწრებოდა. ბარამიძე ასევე აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის მიერ სეიფის გასაღებით სარგებლობისა და მათი დაცლის ვერსიას არ იცნობს. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ბარამიძე თავს იკავებს სააკაშვილის განცხადებების კომენტარზე და აცხადებს, რომ ის ამ შეხვედრას არ ესწრებოდა.
„პრეზიდენტმა რაც თქვა, ის თქვა. იმ საუბარს მე არ ვესწრებოდი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? რაც შეეხება ქალბატონი ნინოს განცხადებას, თუ ამბობს, რომ ფოტომასალები არ ჰქონდა ნანახი, ე.ი. არ ჰქონდა. ვიღაცის ტვინში შეიძლება არსებობდა ვერსია, რომ დაცვის უფროსმა სეიფები დაცალა, მაგრამ მე ასეთი ინფორმაცია და ვერსია არ მსმენია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის მიერ „რუსთავი-2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ჭორაობას უწოდებს.
„ერთი კაცი ერთი ტელევიზიის ფანჯარაში იჯდა და ჭორაობდა. ჭორაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუმიას მეძახის. ამ მუმიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, ის აღარ არის საინტერესო, აღარ არის აქტუალური, ცდილობს რაღაც მოთამაშედ ქართულ პოლიტიკაში დარჩეს, იმუქრება, მუშტებს გვაჩვენებს და ამით ძალიან სასაცილოა. ამაზე სერიოზულად რომ ვილაპარაკო, მეც მას უნდა დავემსგავსო. მთავარია ტალახი ისროლა. ამ მუმიაზე კითხვა არავინ დამისვას“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელმაც დაადასტურა, რომ კობა ხარშილაძემ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მისი სეიფები დააცარიელა. ხაინდრავა აცხადებს, რომ როგორც მაშინდელი მთავრობის წევრი, სრულიად იზიარებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ბურუსით მოცულ ვითარებაში იქნა გარდაცვლილი.
„ბატონმა ხარშილაძემ, რომელიც ზურას დაცვის უფროსი იყო, როდესაც ზურას გვამი იქნა აღმოჩენილი და ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა ვითარებაში, ამოიღო მისი ჯიბიდან გასაღები, წავიდა, გახსნა სეიფი ზურას სამუშაო ოთახში, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში და დააცარიელა ეს სეიფი, იქ აბსოლუტურად არაფერი დატოვა. შემდეგ წავიდა და ასევე გახსნა და დააცარიელა ზურას სეიფი პარტიულ ოფისში, რომელიც იყო ვაშლიჯვარში. ეს იყო დანაშაულებრივი ქმედება. არანაირი უფლება დაცვის უფროსს არ ჰქონდა, რომ ეს სეიფები გაეხსნა. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ნინოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.
რაც შეეხება მოტივებს, რასაც შეიძლებოდა ჟვანიას გარდაცვალება მოჰყოლოდა, ხაინდარავს თქმით, ამის რამდეიმე მიზეზი იყო.
„პირველი ელიტური კორუფცია, რასაც ზურაბ ჟვანია ხელს უშლიდა, ასევე პირდაპირი დაპირისპირება ჟვანიასა და სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას შორის ფოთის პორტთან, აეროპორტთან და მადნეულთან დაკავშირებით, სადაც ქართული ოქრო მოიპოვებოდა.
ასევე მესამე მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო ურთიერთობა რუსეთთან, რადგან სააკაშვილი ბიძა, მისი გარემოცვა, მერაბიშვილის თამადობით, რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ. ამ მიზეზით ჟვანიასა და კახა ბენდუქიძეს შორის დაპირისპირება მთავრობის მე-2 სხდომაზევე დაიწყო და არ გათავებულა“, - გვითხრა გოგა ხაინდრავამ.