გოგი თათუხაშვილის შვილმა, სიცოცხლე თვითმკვლეობით დაასრულა. თუმცა, მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს გატაცებული ჰყავდათ, რომელიც მისი თქმით, ერთადერთი მოწმე იყო ახალაიას საქმეში. მთავარი პროკურატურა არ ადასტურებს ახალაიას ადვოკატების განცხადებას.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, თათუხაშვილი მართლაც იმყოფებოდა 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში, რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა. როგორც პროკურაურაში აცხადებენ, მან გამოძიებას დათ ახალაიას, ლევან ქარდავას და სხვათა მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები მისცა.
„აღნიშნულის თაობაზე ოჯახმა გააკეთა განცხადება და საუბრობდნენ ზეწოლაზე. როგორც მოგვიანებით თავად შალვა თათუხაშვილისგან გახდა ცნობილი, ის ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში ჰყავდათ გადაყვანილი, მაგრამ თავის დაღწევა შეძლო. ამის შემდეგ ისევ დააკავეს ლილოში და იარაღით, ზეწოლის ქვეშ ათქმევინეს, რომ მის მიმართ არანაირი იძულება არ ყოფილა. შემდეგ გაათავისუფლეს. შინ მისულმა უამბო ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, რა მოხდა სინამდვილეში, როდესაც თავდაპირველად გაიტაცეს.
როგორც თავად ყვებოდა, თავდაპირველი გატაცებისას მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ გამომძიებლები დავით ძნელაძე და გურგენ გილაური, შემდეგ კი მასთან მისთვის უცხო პირი შევიდა, რომელიც, მისი ვარაუდით, ქალაქის პროკურორი იყო, თუმცა ზუსტად ვერ დაასახელა მისი ვინაობა. დაემუქრნენ ოჯახის ლიკვიდაციით.
უთქვამთ, ვიცით, შენი შვილი სად სწავლობს, რამდენიმე დღეში გაიგებ, რომ მთვრალმა მძღოლმა გაიტანაო, შემდეგ ეს მძღოლი ყველაფერს აღიარებს და საპროცესოთი გავათავისუფლებთო. შინ დაბრუნებულს ტელეფონზე დაუწყეს რეკვები, გუშინ კი უთქვამს ოჯახისთვის, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ყველას გაგანადგურებენო. წამლები დაულევია და გარდაცვლილი იპოვეს ოჯახის წევრებმა. ექსპერტიზაზე როდესაც მივედით, გამომძიებლებს ვუთხარით მომხდარის მიზეზების შესახებ, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურაში for.ge-ს განუცხადეს, უსწრაფესად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. მთავარი პროკურატურა არ ადასტურებს ახალაიას ადვოკატების განცხადებას. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, თათუხაშვილი მართლაც იმყოფებოდა 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში, რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა.
შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტანემტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი მის მიერვე წარმოდგენილი ორი ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა. დაკითხვის შემდგომ, იმ მოტივით, რომ მან გამოძიებას მისცა დათა ახალაიას, ლევან ქარდავას და სხვათა მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები და მის სიცოცხლეს შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში.
შესაბამისად, თათუხაშვილის სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და შალვა თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა. მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას მოეხსნა დანიშნული დაცვა.
გარდა ამისა, შალვა თათუხაშვილი დამატებით დაკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა თბილისის პროკურატურაში. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, განმეორებით დაკითხვაზე თათუხაშვილი თითოეული დაკითხვისას ნებაყოფლობით აცხადებდა, რომ მას სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა და რომ მისი გატაცება არ მომხდარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა საკუთარ სახლში.
ამასთან, მას შემდეგ, რაც ახლაიას დაცვის მხარემ გაავრცელა განცხადება თათუხაშვილის დაკარგვასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში თათუხაშვილის თითქოსდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად, თავად შალვა თათუხაშვილისა და სხვათა გამოკითხვებიდან დადგინდა, რომ თათუხაშვილის გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მის გატაცებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„დათა ხალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაავრცელოს დეზინფორმაცია თითქოს, შალვა თათუხაშვილი სამართალდამცავების მიერ იყო გატაცებული. აღნიშნული აბსურდული ბრალდებები არის ტყუილი და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
შვილის გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს გენერალ გოგი თათუხაშვილიც. მისი განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ მისი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა.
„24 მარტს მას გული გაუჩერდა. პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას. 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით. ჩემს მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს.
ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს ადვოკატები. შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისათვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს“, - აცხადებს გოგი თათუხაშვილი.