[გიორგი ბექაური]
ყაზახურმა „სილქროუდ ჯგუფმა“ წარმომადგენლობა გააუქმა, კომპანიაში აცხადებენ, რომ „საქართველოში „სილქროუდ ჯგუფის“ წარმომადგენლობა ლიკვიდირებულია“. შესაბამისად, მდიდრების უბნის „ტრამპ თაუერის“ აშენებაც სამუდამოდ თუ არა, საკმაოდ დიდი ხნით გადაიდო. აღნიშნული უბანი თბილისში სწორედ „სილქ როუდ ჯგუფს“ უნდა აეშენებინა.
„სილქ როუდ ჯგუფის“ საქართველოს წარმომადგენლობის დახურვა თავად კომპანიაშიც დაადასტურეს.
„კომპანიის წარმომადგენლობის ლიკვიდაცია 2010 წლის ბოლოს განხორციელდა, ამის კონკრეტულ მიზეზებს კი ვერ გეტყვით“, - განაცხადეს კომპანიაში და იქვე დასძინეს, რომ „სილქროუდი“ უკვე არსებულ პარტნიორებთნ კავშირის გაწყვეტას არ აპირებს.
ცნობისთვის, „სილქროუდ ჯგუფი“ დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო მარკა და ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ განხორციელებულ საქმიანობაში გამოიყენება. „სილქროუდ ჯგუფი“ საქართველოში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მფლობელია.
ამასთან, რა ბედი ეწევა საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობას, რომელიც „სილქროუდს“ უნდა განეხორციელებინა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა ცალსახად აცხადებენ, რომ „ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპსა და დეველოპერულ კომპანია „სილქროუდ ჯგუფს“ შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმი თბილისში საცხოვრებელი სახლის აშენებას არ გულისხმობდა“.
სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით თბილისში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურში „სილქროუდ ჯგუფს“ განაცხადი ამ დრომდე არ შეუტანია. პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფლობენ.
2010 წლის 22 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, დონალდ ტრამპმა დეველოპერულ კომპანია „სილქროუდ ჯგუფთან“ თბილისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ტრამპი საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მაშინ ქართული ღვინისა და საკვების დაგემოვნების შემდეგ წარმომადგენელმა მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ მისი მიზანი „სილქ როუდ გრუპის“ მიერ შეთავაზებული ობიექტების დათვალიერება და საინვესტიციო პროექტები განხილვა იყო.
რაც შეეხება ელიტური დასახლების პროექტს, მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ტრამპი მდიდრებისთვის განკუთვნილ კომპლექსს ააშენებდა 200 აპარტამენტით, სპორტ-დარბაზებით, დაცვით და კონსიერჟის მომსახურებით. ასეთი დასახლების აშენების მოტივი კი გახდა ის, რომ საქართველოში ბევრი მილიონერია, თუმცა ისინი ისეთ შენობებში ცხოვრობენ, რომლებიც მათ შესაძლებლობას სრულად არ ასახავს.
პირველ ეტაპზე საუბარი იყო თბილისში საქანელას ქუჩის და ვარდების მოედნის რეკონსტრუქციაზე და ბათუმში სასტუმროს მშენებლობაზე. თუმცა საქმე დღემდე არ დაწყებულა.
ტრამპის ბიზნესს გავლენიანი ინტერნეტ-გამოცემა „ევრაზია ნეტიც“ კი გამოეხმაურა. გამოცემა წერდა, რომ საქართველოში შემცირებული ინვესტიციების ფონზე, ტრამპის განათებამ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს იმედი გაუჩინა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების პრობლემა წარსულს ჩაბარდა. თუმცა, მაშინ იგივე „ევრაზია ნეტთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპის თანაშემწემ კვლავ უარი თქვა დაესახელებინა ინვესტიციის მოცულობა, პროექტის ზომა და სხვა. სამაგიეროდ, ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ტრამპისთვის პირველი ასეთი გამოცდილებაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია თავისი სასტიკი კონკურენციით, ჩახლართული საგადასახადო კანონმდებლობით და მესაკუთრის სუსტი სამართლებრივი დაცვით.
როგორც ჩანს, მილიარდერს, საქართველო აქ ჩამოსვლისა და უკან დაბრუნების შემდეგ აღარ გახსენებია, ვინაიდან ტრამპს ამერიკის პრეზიდენტობის ამბიცია გაუჩნდა. 64 წლის ბიზნესმენმა, შეიძლება, საკუთარი კანდიდატურა 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დააყენოს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მას არ მოსწონს ის მიმართულება, რომლითაც ქვეყანა „მოძრაობს“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდ ტრამპამდე საქართველოში ბიზნესის დაწყებას დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლე ივანა ტრამპიც აპირებდა. დონალდ ტრამპთან განქორწინების შემდეგ ივანა ტრამპმა 50 მილიონი დოლარი მიიღო. იგი თბილისში 2009 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და სააკაშვილსაც შეხვდა. მთავრობის განცხადებით, დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლე საქართველოში ქვეყნის საინვესტიცო პოტენციალის გასაცნობად და პროექტების განხორციელებაში ხელისუფლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ჩამოვიდა. მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ, საქართველო აღარც ივანა ტრამპს გახსენებია.