“ბევრი ადამიანისთვის ჯერაც არ არსებობს ტოლობის ნიშანი ეთნიკურ პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმს შორის”
“პოლიტიკოსს შეიძლება შეექმნას ილუზია, რომ მას სრული და სამარადისო მხარდაჭერა აქვს. არადა, საზოგადოებრივი განწყობები იოლად იცვლება”
“იტალიის კამპანიის შემდეგ ნაპოლეონს მთელი პარიზი ზეიმით შეხვდა. ერთმა გენერალმა, ვგონებ, ოჟერომ, უთხრა: ნახე, რა აღტაცებულები გხვდებიანო. ნაპოლეონს უპასუხია: ესენი ზუსტად ასევე შემხვდებოდნენ, ახლა გილიოტინაზე რომ მიგყავდეთო”
“პრემიერის” კითხვებს ფილოსოფოსმა ზაზაფირალიშვილმა უპასუხა:
- ბატონო ზაზა, მოგესალმებით, 18 დღეში გაიფორმაპუტინმა ყირიმი და მსოფლიო კიდევ ერთხელ “გააკვირვა” თავისი თავხედობით. ამ ფონზე ქვეყანაში, სადაც 2008 წელინათლად უნდა გვახსოვდეს, თითქოს არაფერი ხდება. უკრაინა თითქოს “ნაციონალების თემა” იყო და აბა, “კეთროვნების”გვერდით ხომ არ დავდგებოდით. თან, არაერთმა ადამიანმა წარმოთქვა ფრაზა, ნახეთ, რა ჭკვიანურად იქცევიან უკრაინელები,სისხლი არ დაღვარეს, მიშასავით კი არ შეაკლეს ბიჭებიო. თუმცა არავინ ამბობს, რომ ის ომი ჩემი, თქვენი და სრულიადქართველი საზოგადოების დაკვეთა იყო. სოხუმის, გაგრისა თუ ცხინვალის სურნელის კვლავ შეგრძნობის, ჩვენი ათასობითთანამოქალაქის სახლებში დაბრუნების სურვილი იყო. ახლა ჩვენი საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი აცხადებს, რომსაფრთხე კვლავაც რეალურია, მეორე ნაწილი კი გულარხეინობს. რა განაპირობებს სამშობლოსადმი, მისი მდგომარეობისადმისაზოგადოების დამოკიდებულების ამ ორ დიამეტრალურად განსხვავებულ სტანდარტებს?
- ჩვენი საზოგადოების შედარებით მშვიდი დამოკიდებულება ბევრმა რამემ განაპირობა. გახსოვთ, ალბათ, კრიზისის პირველ დღეებში მოვლენებმა ჩვენში საკმაოდ ცხოველი რეაქცია გამოიწვია. შემდეგ კი იგივე მოვლენებმა, ერთი შეხედვით, მოულოდნელი კონტურები შეიძინა. ერთი მხრივ, ნაციონალებმა სცადეს უკრაინის თემის, როგორც პოპულარული თემის, მონოპოლიზება. აქ დაწვრილებით აღარ შევეხები იმას, როგორ შეუძლიათ არაპოპულარულ პერსონებს ყველაზე პოპულარული თემების გასვრა. უკრაინის ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ და ნაციონალების რეანიმაციის საფრთხე ერთ კონტექსტში იქნა მოქცეული. ჩვენთან ხომ იდეასა და მის მატარებელ პერსონას ერთმანეთისგან ხშირად არ განასხვავებენ და ბევრისთვის ისე ჩანდა, რომ უკრაინელებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ნაციონალებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას უდრიდა. ზოგიერთს რომ ჰკითხო, არა მხოლოდ დასავლური ორიენტაციის, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეაც სააკაშვილსა და მის წრეს ეკუთვნის. ამას დაუმატეთ რუსული პროპაგანდის გააქტიურება. რუსული პოლიტიკის პროპაგანდისტებს სრულიად ნათელი ამოცანა ჰქონდათ: მათ უნდა გაენეიტრალებინათ ანტიიმპერიული განწყობები და რიგითი მოქალაქისთვის უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ არსებობს არანაკლებ “სოლიდური” ალტერნატიული აზრი. ამას დაერთო კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოწევა დასავლური სოდომის თემისა და ასე შემდეგ.
და მაინც, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დამოკიდებულება პასიური იყო და ასეთად რჩება. არა მგონია, 2008 წელს პოლონეთში უფრო მძაფრად გამოეხატოთ ჩვენს მიმართ მხარდაჭერა. მოვლენები რომ უფრო ახლოს ვითარდებოდეს, მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნებოდა. ეს შეიძლება კარგი არ იყოს, მაგრამ ბუნებრივია. მთავარია, რომ მხარდაჭერა არსებობდეს და ხელისუფლება მას ახმოვანებდეს.
რაც შეეხება 2008 წლის პარალელს. ომი, სავსებით შესაძლებელია, საზოგადოებრივი დაკვეთა იყოს. საზოგადოება ხშირად ექცევა ირაციონალური ემოციების ტყვეობაში. ასეთივე საზოგადოებრივი დაკვეთა იყო ნაციონალებზე ტოტალური შურისგება, სტალინური რეპრესიების მოწყობა და ასე შემდეგ. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს თურქეთის ქართული მიწების დაბრუნებაც საზოგადოებრივი დაკვეთა იყო. ხელისუფლების ამოცანაა, რაციონალურ ჩარჩოში მოაქციოს ამგვარი დაკვეთები და არ გადადგას ნაბიჯები, რომელთაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. არადა, ცთუნება ძალზე დიდია. პოლიტიკოსს შეიძლება შეექმნას ილუზია, რომ მას სრული და, რაც კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, სამარადისო მხარდაჭერა აქვს. არადა, საზოგადოებრივი განწყობები იოლად იცვლება. მარცხის შემთხვევაში ცალკეული ინდივიდი უარს ამბობს, პასუხისმგებელი იყოს კოლექტიურ განწყობებზე, მყისიერად გაუცხოვდება და საკუთარი სიმართლის გრძნობასაც ინარჩუნებს. ამიტომაც ვიტყვი, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა სერიოზული სასინჯი ქვაა ყოველი პოლიტიკოსისთვის.
2008 წელს მაინც სხვა ვითარებასთან გვქონდა საქმე. ჩემი აზრით, ეს იყო მცდელობა, ხანმოკლე ძლევამოსილი ომით გადაფარულიყო 2007 წელს განცდილი მორალური მარცხი. სხვაგვარად რომ ვთქვა, საქმე ბანალურ ბონაპარტიზმთან გვქონდა. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ვერ გავიგებთ, რატომ შეხვდა დასავლეთი ასე მშვიდად ჩვენი მიწების ოკუპირებას. ბოლო ხანებში მაკკეინიც კი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს იყო სავალალო შეცდომა. იმ კონკრეტულ მომენტში რუსებს რომ ჰქონოდათ სამხედრო ინიციატივა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს მივიღებდით.
იტალიის კამპანიის შემდეგ ნაპოლეონს მთელი პარიზი ზეიმით შეხვდა. ერთმა გენერალმა, ვგონებ, ოჟერომ, უთხრა: ნახე, რა აღტაცებულები გხვდებიანო. ნაპოლეონს უპასუხია: ესენი ზუსტად ასევე შემხვდებოდნენ, ახლა გილიოტინაზე რომ მიგყავდეთო.
- მეხუთე კოლონა - “საფრთხე” ხშირად უხილავი და მუდამ “პატრიოტულ” მანტიაში შემოსილი. ჩემმა წერილმა “დესანტთან”მიმართებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგმა მოდელირებულიც დაარქვა. ამ დროს ყველა ამბობს, რომ რუსეთისაქართველოში სწორედ რომ საკუთარი ჰუმანიტარული დესანტით გააქტიურდა და საზოგადოების გახლეჩის კონკრეტულიგეგმით მოქმედებს. “სამშობლო” ვერ ხდება ის უმთავრესი ღირებულება, რომლის გარშემო მაინც შეძლებდა ყველაკონსოლიდირებას. რა გვეშველება ამ პირობებში და რა უნდა გახდეს ის მუხტი, რომელიც შეგვაძლებინებს ერთიანობასუმთავრესი ღირებულების - თავისუფლებისა და ქვეყნის გადარჩენის იდეის ირგვლივ?
- ჩვენში საკმაოდ ნელა მიდის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი: ბევრი ადამიანისთვის ჯერაც არ არსებობს ტოლობის ნიშანი ეთნიკურ პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმს შორის. ერთხელ ერთი პროფესორი პოლიტოლოგისგან ასეთი ფრაზაც მოვისმინე: არ შეიძლება, ჩვენი ეროვნული იდეალები სახელმწიფოს იდეას გადავაყოლოთო. რუსეთისთვის ყოველთვის საყრდენი იქნებიან ადამიანები, ვინც ვერ გრძნობს ამ ტოლობის ნიშანს. აღარაფერს ვამბობ, წლების განმავლობაში დაკონსერვებული აგენტურის გააქტიურებაზე. ნამდვილად არავის მოვუწოდებ კუდიანების დევნისკენ. უბრალოდ, რუსული პოლიტიკა ძალიან სულელი უნდა ყოფილიყო, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ჩვენში ასეთი ქსელი რომ არ შეენარჩუნებინა. ეს გახლავთ ჩვეულებრივი პოლიტიკური პრაქტიკა და ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ამ ყაიდის ადამიანებს ჩვენ ვერაფერს ვუშველით. ის კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ სხვებს დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რომ სახელმწიფოებრიობის გარეშე ეროვნული იდეა ცარიელი აბსტრაქციაა, ფუჭი ილუზიებისა და იმედების წყაროა. ხომ გაგიგიათ გამოთქმა - “ზეციური საქართველო”? თავი დავანებოთ იმას, რომ თეოლოგიურად მკრეხელური იდეაა, რეალობაში ის სწორედ “სამშობლოსა” და “სახელმწიფოს” იდეათა დაშორების პროდუქტია, ერთგვარი სადღაც უკვე არსებული უტოპიაა.
- ამას წინათ თქვენ დაწერეთ ასეთი სიტყვები: მისმენდნენ ყოველთვის. მისმენდნენ კომუნისტებიც და პირველი ეროვნულიმთავრობაც, მისმენდა შევარდნაძეც, სააკაშვილიც და დიდი იმედი მაქვს, ახლაც პატივს მდებენ და მისმენენ. მაშინაც კიმისმენდნენ, როცა სათქმელი არაფერი მქონდა... მართალია, ამ სიტყვებს აქვს თავისი კონტექსტი, მაგრამ ცოტა განვავრცოთ -როგორც იტყვიან, “სხვა სივრცეში” - ახლა, როდესაც ყველაფერი ნამდვილად არ არის ისე, როგორც ადამიანი ისურვებდა,არამხოლოდ ქვეყანაში, სახელმწიფოსა თუ საზოგადოებაში, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, რომელიც ძალიან გინდათ,რომ მოისმინონ და გაითვალისწინონ კიდეც.
- ნამდვილად არა მაქვს ილუზია, რომ შემიძლია, რაიმე ისეთი ვთქვა, ქვეყნის ცხოვრებას რომ შეცვლის. საზოგადოებრივი აზრი უცნაური რამეა. თუკი ვინმე რაიმე მნიშვნელოვანს იტყვის, თუნდაც თავიდან ამას ყურადღება არავინ მიაქციოს, აზრი მაინც განაგრძობს ატმოსფეროში ცირკულირებას და სულ რამდენიმე ხანში უკვე სხვები გამოთქვამენ მას, როგორც საკუთარს. გავა დრო და ეს აზრი, თუ ის მართლა ღირებულია და თავიდან ძნელად იქნა აღქმული, ერთ დღესაც ბანალურ სიცხადედ იქცევა. ახლა რომ გითხრათ, პრეზიდენტობის კანდიდატს ნუ ვუცქერთ, როგორც სასწაულმოქმედს, რომელიც ხელის ერთი დაკვრით აქცევს ჩვენს ცხოვრებას სამოთხედ, ხომ უხერხული იქნება? არადა, დამიჯერეთ, ამ სულ მცირე ხნის წინ ამგვარი წარმოდგენები არა მხოლოდ გავრცელებული, დომინანტურიც კი იყო. რაც შეეხება მთავარ სათქმელს, მე თუ მკითხავთ, ნებისმიერი ადამიანის მთავარი სათქმელი მდუმარებაშია ჩამალული.
- დაბოლოს, ჩვენ მიერ გამოკითხული ასი რესპონდენტიდან კითხვაზე: “რა არის საქართველო?”, 55-მა უპასუხა, - ქვეყანა, 28-მ -სახელმწიფო და მხოლოდ 17-მა - სამშობლო. რა სიმპტომებს ხედავთ ამ პასუხებში?
- საკუთარი ქვეყნიდან გაუცხოების სიმპტომია, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვირგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, როგორც ჩვენი იდენტობის აუცილებელი ასპექტი და ძალიან ბევრ რამეს აღვიქვამთ მასში შემთხვევით გაჩენილ უცხო სხეულად. თითქოს ცალ-ცალკე ჩავკეტილვართ ჩვენ-ჩვენს წარმოდგენებში იმის შესახებ, თუ რა არის სამშობლო და ქართული სახელმწიფოებრიობა და არც ვცდილობთ, ჩვენი წარმოდგენები შევაჯეროთ.
თუ დამიჯერებთ, ისეთი დღეც დადგება, როდესაც მივხვდებით, რომ ყველაფერს ერთ მნიშვნელზე ვერ დავიყვანთ და ერთად, ერთ სახელმწიფოებრივ ოჯახში მოგვიწევს ცხოვრება ლიბერალებსაც და მორწმუნეებსაც, თანაც ისე, რომ ორივენი ერთად გავდევნით სადღაც პერიფერიაზე ექსტრემისტ ლიბერალებსაც და ფუნდამენტალისტებსაც; ერთად მოგვიწევს ცხოვრება ქრისტიანებსაც და მუსლიმანებსაც და ასე შემდეგ მტერს დავინახავთ არა ერთმანეთში, არამედ იმათში, ვინც ერთად ცხოვრებაში გვიშლის ხელს. დღესდღეობით ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოებრიობა იმ პატარა ბავშვის მდგომარეობაშია, რომელსაც ჭირვეული და არც ისე გონიერი უფროსები სათითაოდ თავის ჭკუაზე უპირებენ მოქცევას. ის დღეც დადგება, როდესაც ეს უფროსები საერთო ენას მოძებნიან.