„საშკო ბელის“ მითის დასასრული

„საშკო ბელის“ მითის დასასრული

უკრაინაში სამშაბათს ღამით, 25 მარტს,  მოკლეს ნაციონალისტური ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორის“ წევრი ალექსანდრ მუზიჩკო, რომელიც „საშკო ბელის“ სახელითაც არის ცნობილი. თავისი ბოლოდროინდელი რადიკალური გამოთქმებისა და მოქმედებების გამო, „საშკო ბელი“ ორ ცეცხლს შუა მოექცა და ასეთ დასასრულს თავადაც წინასწარმეტყველებდა.
 
„მემარჯვენე სექტორის“ ერთ-ერთი აქტივისტის, ალექსანდრ მუზიჩკოს გვამი ქალაქ როვნოს განაპირა რაიონში იპოვეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საშკო ბელი“  არავის გაუტაცია და არც ხელბორკილდადებული მოუკლავს ვისმე, როგორც ამას ინციდენტის პირველ წუთებში ავრცელებდნენ ადგილობრივი საიტები თუ ორგანიზაციის წევრები. ქალაქ როვნოს ერთ-ერთ კაფეში მყოფი „საშა ბელი“ სამართალდამცველებმა დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის გამო მოკლეს. „დაკავების დროს მუზიჩკო ფანჯრიდან გადახტა და ცეცხლი გაუხსნა პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილ „სოკოლის“ მებრძოლებს“,- განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ევდოკიმოვმა.
 
ნიშანდობლივია, რომ დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე ალექსანდრ მუზიჩკომ ინტერნეტში განათავსა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებდა, უკრაინის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი განადგურების ან „შეპყრობისა და რუსეთისთვის გადაცემის“ შესახებ, რომ შემდეგ „ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურებს დაბრალდესო“. ამას გარდა, მუზიჩკო სასტიკად ილაშქრებდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგ და აკრიტიკებდა უკრაინის გარდამავალი ხელისუფლების მოქმედებას.:
 
„უკრაინის ხელისუფლებას ბრძანება უნდა გაეცა მობილიზაციის თაობაზე და დიდი ხნის წინ უნდა გამოეცხადებინა განგაში სამხედრო ძალებში, რადგან ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ხდება. უცხო ქვეყნის ძალები ჩვენი ქვეყნის ნაწილს იპყრობენ. მათ მოახდინეს ყირიმის ოკუპაცია და ახლა ჩვენი ნაწილების პროვოცირებას ახდენენ. ყირიმში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ნაწილები და მესაბოტაჟეები მოქმედებენ. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი ახლა დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ ომი 1991 წელს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება, რადგან რუსეთი არ მოისვენებს, ვიდრე უკრაინის ოკუპაციას არ მიაღწევს“.
   
თუმცა, ამ განცხადებების გარდა, არსებობდა სხვა გამოთქმები და მოქმედებები, რის გამოც „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტმა უამრავი მტერი გაიჩინა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ - რუსეთში.
 
რუსეთმა „საშკო ბელიზე“  საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, მარტში კი უკრაინის სასამართლომ მუზიჩკოს დაკავებაზე სანქცია გასცა. რუსი სამართალდამცველების განცხადებით, „საშკო ბელი“ 1994-2000 წლებში ჩეჩნეთში რუსი სამხედროების წამებასა და მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. „მემარჯვენე სექტორის“ ერთ-ერთმა ყველაზე თავზეხელაღებულმა წევრმა რუსეთის პროპაგანდას სალაპარაკო ამასწინანდელი გამომწვევი ქმედებით მისცა.
 
საუბარია ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომლებზეც ასახული იყო როვნოს საოლქო საბჭოში ავტომატით შეიარაღებული მუზიჩკოს მისვლა, აგრეთვე ის, თუ როგორ დაარტყა მან როვნოს პროკურორს ერთ-ერთი მკვლელობის საქმის ცუდად გამოძიებისთვის.
 
უკრაინის როვნოს ოლქის „მემარჯვნე სექტორის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალექსანდრ მუზიჩკოს მოკვლისთვის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი პასუხს აგებს. „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ორგანიზაციის კოორდინატორმა რომან კოვალმა „საშა ბელის“ დახვრეტას მინისტრის მიერ შეკვეთილი მკვლელობა უწოდა.