[ეკა ბაქრაძე]
3-4 დღეში ჰიბრიდული სიმინდის თესლის გავრცელება დაიწყება. სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში სერტიფიცირებული სათესლე მასალა პირველი მარტიდან გაიცემა. თუმცა, როგორც გაირკვა, ქართველი გლეხები ამ თესლის დათესვას არ აპირებენ.
თესლის მისაღებად პროგრამაში დარეგისტრირება აუცილებელია. დასარეგისტრირებლად მსურველმა პროექტის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიაკითხოს. ერთ ჰექტარზე მეტი ფართობისთვის სათესლე მასალის გაცემისას აუცილებელია სადაზღვევო ან საბანკო საგარანტიო წერილის წარმოდგენა, რომლის მიღება ნებისმიერ ბანკსა და წამყვან სადაზღვევო კომპანიაშია შესაძლებელი.
პროგრამას სოფლის მეურნეობის კორპორაცია ახორციელებს. მის ფარგლებში ჰიბრიდული ტიპის სიმინდის სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფაა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში სიმინდის თესლის 4 სახეობაა წარმოდგენილი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია PIONEER სიმინდის სათესლე მასალის მსოფლიო ბაზრის 30%-ს ფლობს და შესაბამისად, ამ სექტორში გლობალური ლიდერია. სიმინდის თესლის პირველი ნაწილი უკვე საქართველოშია. სათესლე მასალა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დასაწყობდება.
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში დღევანდელი მონაცემებით, 15500-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
„ეს პროგრამა სიმინდის გასამმაგებულ მოსავალს მოგვცემს. შესაბამისად, შემოსავლები გაუსამმაგდება თითოეულ იმ საწარმოსა და ადამიანს, რომელიც ამ პროგრამაში მონაწილეობს. ჩვენ ვთავაზობთ მომსახურების მთელ პაკეტს. გვაქვს შანსი წლეულს პირველად, სიმინდი ექსპორტზე გავიტანოთ და წელს პირველად, გავხდებით სიმინდის ექსპორტიორი“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.
ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით აქტიური საუბარი სულ რაღაც ორიოდე თვის წინათ დაიწყო. მთავრობაში მაშინაც და დღესაც ირწმუნებიან, რომ ამ თესლის შემოტანა მოსავლის თვალსაზრისით მომგებიანი იქნება, ექსპერტები კი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ იწონებენ და აცხადებენ, რომ ამით მარცვლეული კულტურის ქართული ჯიშების გადაშენება მოხდება.
ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „მწვანეები“.
მწვანეთა მოძრაობაში ამბობენ, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით გაიარა თუ არა აღნიშნულმა თესლმა გამოცდა, რამდენად ეფექტური და მისაღებია ისინი ჩვენი რეგიონისთვის.
„რამდენიმე წელიწადში დაიკარგება უნიკალური ქართული ჯიშები, რომლებიც უკეთ არის შეგუებული ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებები არაერთ ქვეყანაში განხორციელდა, რაც კვალიფიცირდა, როგორც ეკონომიკური დივერსია“, - აცხადებენ მოძრაობაში.
შედარებით მშვიდადა არიან თავად გლეხები. როგორც „პრესაგე.ტვ“-თან საუბარისას მათ აღნიშნეს, სახელმწიფო პროგრამა უშუალოდ გლეხებში პოპულარობით არ სარგებლობს. გარდა ამისა, ისინი ინფორმირებულნი არიან იმის თაობაზე, რომ ჰიბრიდული სიმინდი საკვებად არ გამოყენება (სხვათა შორის, შინაური ცხოველები და ფრინველებიც ძნელად ეგუებიან ამ ტიპის სიმინდს), მიწას ფიტავს და მოსავალს მხოლოდ პირველ წელიწადს იძლევა. ამიტომაც გლეხები მის გამოყენებას არ აპირებენ.
თანაც, როგორც სოფლის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, ჰიბრიდული თესლის გავრცელების მცდელობები ადრეც იყოს, მაგრამ ყველა მათგანი კრახით დასრულდა.