გიორგი მუსხელიშვილმა წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გიორგი მუსხელიშვილმა წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილსის საკრებულო დედაქალაქის შემოგარენში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი ამჯერად ზემო და ქვემო ფონიჭალას ეწვია და მიმდინარე სამუშაოები კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ ადმინისტრაციულ დირექტორ - ნიკოლოზ ბახტაძესთან და კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის გზატკეცილი N40-ისა და „თბილავიამშენის“ მიმდებარედ, მოძველებულ მაგისტრალურ ქსელებს ახლით ცვლის.

როგორც "GWP“-ს  წარმომადგენლები აცხადებენ, 26 მარტიდან ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდება.

მათივე თქმით, კომპანია, ობიექტის ექსპლუატაციაში გასაშვებად, დღეს, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს და ახალ მაგისტრალურ ქსელს არსებულ ქსელთან აერთებს. აღნიშნული მაგისტრალით სასმელი წყალი ზემო და ქვემო ფონიჭალას მიეწოდება. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ეს ობიექტი იმ 70 ქუჩის ნუსხაშია, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი' მიმდინარე წელს გეგმავს. კომპანიამ რუსთავის გზატკეცილი N40-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარა 700 მმ-იანი მაგისტრალური მილის ხანდაზმულსა და ავარიულ მონაკვეთს. შეცვლილი ქსელის საერთო სიგრძე 900 მეტრს შეადგენს.

პარალელურად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „თბილავიამშენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანიამ რეკონსტრუქცია ჩაუტარა ამავე მაგისტრალური მილის ავარიულად ამორტიზებულ მონაკვეთს. ამ შემთხვევაში ახლით შეიცვალა მაგისტრალური მილდენის 850 მეტრი. ასევე, განახლებულ ქსელებზე დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა. მაგისტრალური მილის ხანდაზმული მონაკვეთების ახლით შეცვლის შემდეგ, ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობა სასმელ წყალს გაცილებით სტაბილურ რეჟიმში მიიღებს.

საკრებულოს დეპუტატი მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია.

როგორც გიორგი მუსხელიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია მინიმუმამდე იქნას დაყვანალი უწყლოობის პრობლემა, როგორც დედაქალაქში, ასევე მის მიმდებარე სოფლებში და ამ პროექტის განხორციელებაში დედაქალაქის საკრებულო ყველანაირად დაეხმარება მოსახლეობას.

,,საკანონმდებლო ორგანო დაინტერესებულია, თუ რამდენად ეფექტურად და გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება მიმდინარე სამუშაოები, ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და განვახორციელებთ მონიტორინგს, მანამ, სანამ უწყლოობის პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრება“,- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს იმ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია’.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ თბილისის სხვადასხვა რაიონის, უკვე 500-ზე მეტი ქუჩის მიწისქვეშა კომუნიკაციებს ჩაუტარა რეაბილიტაცია და ქსელების 400 კმ-ზე მეტი მთლიანად ახლით შეცვალა.