მიზანდარი ოდიშარიას დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს

მიზანდარი ოდიშარიას დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი მინისტრ გურამ ოდიშარიას პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს. საქმე ეხება კულტურის სამინისტროს მიერ 21 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნას, რომლის თანახმადაც, კომპანია RMG gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში სამთო-მომპოვებითი სამუშაოების ნება ეძლევა. მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ სამინისტრომ დასკვნა განგებ გააყალბა და ამის გამო ხელმძღვანელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

For.ge მარინე მიზანდართან ინტერვიუს გთავაზობთ.

ქალბატონო მარინე, თქვენმა ყოფილმა კოლეგამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა გამოაცხადა, რომ საყდრისის მაღაროს საკითხი გადაწყვეტილია და იქ ოქროს მოპოვებითი სამუშაოები განახლდება. ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება კვლავ შეიცვალოს?

- საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს საკითხზე საჯარო ინტერესი მაღალია და საზოგადოების ნება იქნება გადამწყვეტი. ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებულნი იქნებიან, გადახედონ სამუშაო მაგიდაზე დაწყობილი ყალბ, მანიპულირების შედეგად გამზადებულ დასკვნებს და თავიანთ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი საერთაშორისო სკანდალის თემაა. ეს ადამიანები, საკუთარი ქმედებით, ფაქტობრივად, საქართველოს უხშობენ კულტურათაშორისი დიალოგის გზას, სხვა ქვეყნებთან ხიდების გადების საშუალებას. ისინი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შელახვით აკეთებენ ანტიეროვნულ საქმეს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევიან.

კულტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტრომ კერძო საწარმოს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი მისცა ძეგლის განადგურებაზე და თუ ეს ასე მოხდა, მძიმე შედეგი მოჰყვება არა მხოლოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, პრობლემა შეიქმნება საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისითაც - ეს გამოწვევს ჩვენი სამეცნიერო წრეებისა და ხელისუფლების დიკრედიტაციას.

აცხადებთ, რომ კულტურის სამინისტროში სამუშაო მაგიდებზე გაყალბებული დოკუმენტები უწყვიათ. რით ადასტურებთ, რომ ეს დოკუმენტები ყალბია?

- კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დიდხანს მალავდნენ და როგორც იქნა, გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სინამდვილის გაყალბება. ეს არის ჩვენი სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა სრული დისკრედიტაცია, გერმანული და, საერთოდ, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების დისკრედიტაცია. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ საყდრისის მაღაროში არ დასტურდება კულტურული ფენების არსებობა. წარმოგიდგენიათ? ქვეყანაში გვაქვს მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო - ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულით დათარიღებული, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მესვეურები კი აცხადებენ, რომ აქ მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ეს არის დანაშაული.

რა ინტერესით შეიძლება იყოს გამოწვეული კულტურული ძეგლის ხელოვნურად გაუფასურება?

- ეტყობა, კერძო ბიზნესის ინტერესი არის ძალიან დიდი და ლობი ჰყავთ ხელისუფლებაშიც. როგორც ჩანს, პრობლემა ისიც არის, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე ვერ მიდის მართალი ინფორმაცია - დამახინჯებული ან გაყალბებული სახით აწვდიან მათ ცნობებს.

ხდება კულტურული ღირებულების ინტერესების ხელოვნური დაპირისპირება ქვეყნის ეკონომიკური განვთარების ინტერესებთან. ეს მცდარი მიდგომაა და არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც, თავი მხრივ, გულისხმობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გამოყენებას სოციალური და სიცოცხლისუნარიანი განვითარებისთვის.

მაგალითად, საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროში რომ მოეწყოს მუზეუმი, ეს იქნება სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერა. ჩამოვლენ მსოფლიოს ქვეყნებიდან, მოეწყობა კონფერენციები, აყვავდება ტერიტორია, გარშემო ინფრასტრუქტურაც განვითარდება.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ საყდრისის მაღაროს მუზეუმად გადაქცევა ეკონომიკური თვალსაზრისითაც უფრო მოგებიანი იქნება?

- რა თქმა უნდა. ადგილობრივ მოსახლეობასაც არჩევანი გაუჩნდება - საწარმოში იმუშაოს, თუ კულტურულ ტურიზმს მიხედოს. გაჩნდება პირობები ეკოლოგიური კუთხით გარემოს გასაჯანსაღებლად. იგივე საწარმოსთვისაც ამგვარი მიდგომა უფრო სასარგებლო შეიძლება გახდეს - პრესტიჟის, ბრენდის თემად იქცეს.

მაგალითად, პოლონეთში მე-13 საუკუნის მარილის მაღარო აქვთ მუზეუმად ქცეული. იქვე მუშაობს მარილის თანამედროვე საწარმო. ტურისტების რიგები დგას მუზეუმში შესასვლელად. ათვალიერებენ არა მხოლოდ მუზეუმს, არამედ, თანამედროვე წარმოებასაც. აქაც იმავეს გაკეთება შეიძლება, ტურისტები ოქროს უძველესი მაღაროს შემდეგ თანამედროვე წარმოებასაც დაათვალიერებდნენ და ფერადი ლითონების მოპოვების პროცესს გაეცნობოდნენ. ქვემო ქართლი დახუნძლულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, აქ არ არის მხოლოდ სპილენძისა და ოქროს მაღაროები. აქვეა ბალიჭისა და აროხლოს ნამოსახლარები, სადაც, სწორედ, ის ადამიანები სახლობდნენ, რომლებიც ოქროს მოიპოვებდნენ. აქვეა ორსაყდრები, ახლოსაა დმანისიც, უშუალო სიახლოვეს გვაქვს ბოლნისის სიონი - ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი პირველი ქართული წარწერით. ბოლნისსა და მიმდებარე სოფლებში არის გერმანული კულტურული მემკვიდრეობის კვალი და აქ 2017 წელს იგეგმება გერმანული კვალის ამსახველი მუზეუმის აშენება. გერმანული მემკვიდრეობის წარმოჩენაც სერიოზულ პერსპექტივას გაუხსნიდა ამ კუთხეს, ერთიან კულტურულ მარშრუტს თუ შევიმუშავებდით. ამოუწურავი შესაძლებლობაა კულტურული ტურიზმის განსავითარებლად.

სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღარო 4 ათასი წლის წინანდელი ვერ იქნება, რადგან იმ პერიოდში ოქროს მოპოვება-დამუშავება, პრაქტიკულად, არ დასტურდება. რა არგუმენტები გაქვთ ამ მოსაზრების წინააღმდეგ?

 - ამას ამბობს ერთი-ორი არქეოლოგი, რომელიც არის მიკერძოებული, ისინი მხარეს წარმოადგენენ, „RMG gold-ის“ კონტრაქტორები არიან. უნდა ითქვას სიმართლე, ისინი, სამწუხაროდ, გარიგებულები არიან ოქროს მომპოვებელ კომპანიასთან. კომპანია კი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და მრავალწლიანი სამეცნიერო შრომების დისკრედიტაციას ცდილობს. მაგრამ, ამის საპირწონედ, არსებობს საერთაშორისო პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული უამრავი კვლევა, უამრავი ნაშრომი. მნიშვნელოვანი ნაშრომი არსებობს ქართულად, რომელშიც საყდრის-ყაჩაღიანს 50 გვერდზე მეტი ეთმობა. ეს ნაშრომი 2011 წელს რუსთაველის ფონდის დაფინანსებით არის გამოცემული. ახლახან გამოიცა ოთარ ჯაფარიძის კიდევ ერთი ნაშრომი მეტალურგიის საფუძვლებზე, რომელშიც საყდრის-ყაჩაღიანი ასევე უძველეს ოქროს მაღაროდ არის მოხსენიებული. საერთაშორისო დონის სამთოარქეოლოგებისა და მეტალურგების კვლევები ადასტურებს, რომ სწორედ, აქ არის უძველესი ოქროს მაღარო. მაღაროს არსებობას ხომ არავინ უარყოფს? სიტყვაზე რომ ვთქვათ, ეს არ იყოს ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის და იყოს მეორე ათასწლეულის ან თუნდაც ჩვენი წელთაღიცხვის 1-ელი საუკუნის ძეგლი, მაინც უდიდესი სიმდიდრეა.

რეალურად კი, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო და საეჭვოა ვინმეს სურვილი, რომ ეს დასკვნა შეცვალოს ან გააბათილოს თავისი ყოვლად უფერული არგუმენტაციასმოკლებული მტკიცებულებებით. მე მგონი, ამ ადამიანებს რაღაც სხვა მიზნები ამოძრავებთ და ვფიქრობ, ეს არის საწარმოს წარმომადგენლებთან გარიგება. 1987 წლის კვლევებშიც კი ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ აღმოჩენილი გვირაბები საქართველოში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობაზე მიანშნებს და ადასტურებს ძველ წყაროებში მოხსენიებულ ოქროუხვი საქართველოს სინამდვილეს. კვლევაში წერია, რომ საქართველოში ოქრო მოიპოვებოდა არ მხოლოდ ქვიშით და ოქროს საწმისის, არამედ, ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიური პროცესით - მაღაროს წესით და ამდენად, ოქროუხვი კოლხეთისა და იბერიის მითი სწორედ რომ სინამდვილეა. ამას წერდნენ 1987 წელს და აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა აქ მუზეუმის დაარსება და მისი განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც კი ღიად დაიწერა ამ არქეოლოგიური აღმოჩენის ეროვნულ მნიშვნელობაზე.

რა რეაგირებას აპირებთ სამინისტროს დასკვნაზე, რომელიც  თქვენი თქმით, გაყალბებულ მონაცემებს ემყარება?

- აუცილებელია სამართლებრივი ბრძოლა. უნდა დაისვას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას, სამინისტროს სხვა მესვეურებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.