"როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება? იურისტი და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი "ალიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმის გამოუცხადებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. როგორც "ალიას" პროკურატურიდან წყარომ განუცხადა, უწყებაში უკვე მუშაობენ სააკაშვილის მონაცემების ინტერპოლისთვის გადასაცემად, რადგან ექს-პრეზიდენტი ჩამოსვლას არ აპირებს. "აუცილებლად ჩამოიყვანენ სააკაშვილს. იმდენად მძიმე საქმეებია და იმდენად გამყარებულია მტკიცებულებებით, რომ გამორიცხულია, არ მიათრიონ დაკითხვაზე. საქმეები დასკვნით ფაზაშია შესული და როგორ ფიქრობთ, პროკურატურა ამ საქმეებს გვერდით გადადებს მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილს არ ნებავს გამოცხადება?" - ამბობს წყარო", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით"კულუარები" მთავარი პროკურატურიდან / ვის დაიბარებს გამოძიება დაკითხვაზე სააკაშვილის ოჯახის წევრებიდან?
"წყაროს ცნობით, სააკაშვილის მსგავსად უახლოეს მომავალში დაკითხვაზე გამოიძახებენ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილსაც. წყაროს თქმით, ადეიშვილის საქართველოში ჩამოყვანის მიზეზი "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმე გახდება, რადგან ეს საქმე სწორედ ადეიშვილის კაბინეტში დაიგეგმა სააკაშვილთან შეთანხმებით. არ არის გამორიცხული, ადეიშვილს ბრალი წაუყენონ ასევე შესაწყალებელი პატიმრების უკანონო სიების შედგენაში, რომელსაც ის სააკაშვილთან შეთანხმებით ადგენდა, ეს უკანასკნელი კი მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირებს იწყალებდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს, ფაქტია, რომ სააკაშვილის ოჯახსა და სანათესაოს კარგი დღე არ უდგათ. პროკურატურა თემურ ალასანიას უკანონო საქმეებითაც დაინტერესდა. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ თემურ ალასანიასთვის 5,5 ჰა მიწის დაბალ ფასში გადაცემის ფაქტს. შეგახსენებთ, რომ შპს "ბეზეკის" საქმე ერთ-ერთია, რომელთან დაკავშირებითაც ბადაშვილის უწყებას კითხვები სააკაშვილთან აქვს. "ბეზეკის" დირექტორი თემურ გაგნიძე ამბობს, რომ წისქვილკომბინატი "ბეზეკი" 2007 წლიდან მუშაობს. გაფართოების მიზნიღთ განაცხადი ობიექტის გვერდით არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეიტანეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი დაკანონება სამი წლის შემდეგ შეძლეს. როგორც გაგნიძე აცხადებს, მიწის ფართობში ოთხმა მფლობელმა, რომელთა შორის, ერთ-ერთი თემურ ალასანიაა, 1 მილიონ 825 ათასი ლარი გადაიხადეს", - წერს სტატიის ავტორი.
"ბეზეკის" საქმის პარალელურად, თემურ ალასანიას კუთვნილ ფირმა "ტავ ჯორჯიაში", რომლის წყალობითაც თავის დროზე პრეზიდენტის ბიძამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩაიგდო ხელში საერთაშორისო აუდიტორული ფირმა შევიდა. აუდიტორებმა უკვე განახორციელეს სამუშაოები, თუმცა საბოლოო დასკვნას ისინი სამ თვეში დადებენ. "ტავ ჯორჯიას" შესამოწმებლად აუდიტორული ფირმა სახელმწიფომ მოიწვია. დაინტერესდება თუ არა პროკურატურა თემურ ალასანიას საქმიანობით და გამოიძახებს დაკითხვაზე? იურისტი და ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ კითხვები თემურ ალასანიასაც უნდა დაუსვას, ვინაიდან როცა ჩნდება ეჭვი, რომ მიწა უკანონოდ გასხვისდა, მაშონ უკანონო შემძენიც დამნაშავეა. რაც შეეხება სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სახელმწიფო ქონების უკანონო დაუფლებასთან და კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბადაშვილის უწყება ამჟამად მთელი რესურსით მუშაობს, რომ მიიღოს კითხვებზე პასუხები სააკაშვილისა და ადეიშვილისგან. დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაო მათ სამშობლოში დასაბრუნებლად. მოგვიანებით კი და-ძმა გიული და თემურ ალასანიებისთვისაც მოიცლიან", - დასძენს გამოცემა.