„ჩემი ძმა ერეკლე კოდუამ მოკლა“

„ჩემი ძმა ერეკლე კოდუამ მოკლა“

2006 წლის 16 თებერვალს სპეცოპერაციის დროს, პოლკოვნიკი გია თელია მოკლეს. სიკვდილამდე რამდენიმე თვის განმავლობაში თელია საჯაროდ აცხადებდა, რომ მას გააჩნდა კომპრომატები სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას წინააღმდეგ, რის გამოც კოდუა მის მკვლელობას გეგმავდა. თელია ამტკიცებდა, რომ მისი მოკვლის მცდელობას ორჯერ უკვე ჰქონდა ადგილი.

თელია 16 თებერვალს სპეცრაზმელებმა მეგობრის ბინაში ჩაცხრილეს, ხოლო შემდეგ ამ ბინაში შეყვანილ ტელეჟურნალისტებს დააფიქსირებინეს მაგიდაზე დაყრილი ნარკოტიკები და თელიას გვამი, რომელსაც მარჯვენა ხელში პისტოლეტი ეკავა. სწორედ ამითაც დასტურდება, რომ თელიას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ის ცაცია იყო. იქვე კედელში იყო რამდენიმე ნატყვიარი. ნასროლი იყო მოკლულის ხელში არსებული პისტოლეტიდან, ეს მაშინ, როცა პოლიცია ამტკიცებდა, რომ თელია სპეცრაზმელებმა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.

თელიამ წინასწარ იცოდა, რომ სამინისტროს ზოგიერთ მაღალჩინოსანს მისი თავიდან მოშორება სურდა, რადგან ნარკოტრაფიკში მათი შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაცია ჰქონდა. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, გია თელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერეკლე კოდუამ მისი მოკვლელობა დაგეგმა და თუკი მართლა მოკლავდნენ, სამხილებს დატოვებდა.

სიკვდილამდე თელიამ პროკურატურას მიმართა და განაცხადა, რომ სდევნიდნენ, თუმცა ამის გამო, მას დასცინეს და ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს.

„ჩემი ლიკვიდაცია სოდ-ის უფროსმა, ირაკლი კოდუამ საკუთარ კაბინეტში სპეციალურ თათბირზე დაგეგმა. კოდუამ თავის მოადგილეს, კახა მისირელს ინსტრუქცია მისცა, თუ როგორ მოეხდინათ ჩემი განეიტრალება - „სახლში შევარდნა და იარაღის ჩადება არ გამოდგება, რადგან ციხიდან ორ-სამ წელში გამოვა და ისევ თავში საცემი გაგვიხდება“-ო. ამიტომ, გადაწყდა, რომ უნდა მომკლან. დამხვდნენ, მესროლეს, მაგრამ ვერ მომკლეს.

მდევნიან იმიტომ, რომ მაქვს ინფორმაცია იმაზე, რაც იქ ხდება. საქმე ეხება ნაროტრანზიტს, რომელშიც თვითონ არიან ჩართულები და რომლის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია. როცა გადავრჩი, ირაკლი კოდუამ სასწრაფოდ თათბირი მოიწვია. ჯერ ის კაცი დაიბარა, ვინც მესროლა და უსაყვედურა - თუ სროლა არ შეგიძლია ბიჭო, მაშინ რას იღებ შენს თავზეო. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა და იკითხა - ვინ ესვრის, სასწრაფოდ არის მოსაშორებელიო“, - აცხადებდა მკვლელობადე გია თელია.

For.ge გია თელიას ძმას, დათო თელიას ესაუბრა.

ბატონო დათო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიმართეთ გამოძიებას განცხადებით, რომ დაწყებულიყო გამოძიება, პოლიციის პოლიკოვნიკ, გია თელიას მკვლეობის საქმეზე?

დათო თელია: ჩემმა რძალმა, გიას მეუღლემ მიმართა, მაგრამ მიეცა თუ არა მსვლელობა ამ საქმეს, ჯერჯერობით არ ვიცით. გია რომ მოკლეს, საქმე აღძრეს, მაგრამ ისინი რას გამოიძიებდნენ, როცა თვითონ მოკლეს. გიას მკვლეობას ძალიან დიდი ისტორია აქვს.

გარდაცვალებამდე, მან საქმის კურსში ჩააყენა ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის დეპუტატები, რომ ერეკლე კოდუას დაგეგმილი ჰქონდა მისი მკვლელობა. ის ამბობდა, რომ ჰქონდა დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა, რომ სოდ-ის ყოფილი უფროსი ჩართული იყო ნარკობიზნესში...

- მე რაც ვნახე და რა ინფორმაციაც ჰქონდა ჩემს ძმას, მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ. როცა გია ამბობდა, რომ მოსაკლავად დასდევდა კოდუას ხალხი, ბევრს ეს სისულელე ეგონა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი მკვლეობის შემდეგ დადასტურდა. მერე ყველამ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მანამდე არავინ არ დაეხმარა რატომღაც. გარდა ამისა, ჩემს ძმას ისეთი ინფორმაცია გააჩნდა, იტყოდნენ, რომ ეს გაგიჟდაო.

რა ინფორმაცია გააჩნდა, შეგიძლიათ გვითხრათ?

- რა თქმა უნდა, ჩემს ძმას გააჩნდა ინფორმაცია ნარკოტრანზიტის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. ჩემს ძმას პირადად ლაურა ღაჭავაზე გააჩნდა ინფორმაცია და ასევე ძმებ კოდუებზე. ამ საქმეში მფარველად მოიხენიებდა თემურ ალასანიას. ე.ი. ლაურა ღაჭავა მოქმედებდა ასე - ირანში ყიდდა წყალს, უფრო სწორედ ბარტერს აკეთებდა ნარკოტიკებზე, ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შეჰქონდა უკრაინაში, მერე უკვე ევროპაში გადიოდა ეს ნარკოტიკი. ეს ხდებოდა ჩვეულებრივი ავტომანქანით, ანუ ტრაილერით. ამ ინფორმაციების დეტალურად შეგროვება გიამ 2004 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, როცა დაიწყეს დევნა. დაადგინა იმ ტრაილერების ნომრები, რომელიც მე თვითონ ვნახე, მასალებში ჰქონდა ეს ნომრები.

რატომ დაიწყო ერეკლე კოდუაზე და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ამ სახის ინფორმაციის შეგროვება?

- ეს სიტუაცია გამწვავდა მაშინ, როდესაც კოდუამ დაუწყო ჭორების გავრცელება. ერთი პერიოდი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ით აჩვენებდნენ სიუჟეტს - აქ ცხოვრობს ბარიგა. ასეთი წარწერით აშინებდნენ ადამიანებს. ზუსტად ასეთივე სტატია დაიბეჭდა სადაც ჩამოთვლილი იყო 13 თუ 14 პიროვნება. ყველა მოხსენებული სახელით და მეტსახელით. რაც შეეხება გიას, ეწერა გიორგი პარმენის ძე თელია დაბადებული 1957 წელს და მისი მისამართი.

ზოგადად, დაპირისპირება თქვენს ძმასა და კოდუას შორის რატომ დაიწყო?

- როგორც ჩანს, მას უნდოდა ჩემი ძმის დაკავება, ეტყობა ეშინოდა. ჩემს ძმასთან სტუმრად ჩამოსული იყო ჩემი ბიძაშვილი. ბაზრობაზე იყიდა „06“-ის მარკის ავტომანქანა. ოზურგეთის მიმართულებით, რომ მიდიოდა, საბჭოს ქუჩაზე დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებამ. ერთ-ერთი იყო კოდუა, რომელიც მაშინ მუშაობდა არასრულწლოვნების მიმართულებით, რიგითი ინსპექტორი იყო. საერთოდ არ ჰქონდა მას ნარკომანიის განყოფილებასთან შეხება. წაიყვანეს მანქანა განყოფილებაში, პოლიციამ გაჩხრიკა და არაფერი არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ, რას ჰქვია არაფერი არ აქვსო და დაუწყო „სიდენიებს“ დანით ჭრა. ყველა „სიდენია“ დანით დაჭრა კოდუამ. ჩემმა ბიძაშვილმა დაურეკა გიას, გიამ მე დამირეკა და მითხრა, მაგას ნახე ახლა რა ვუყოო.

ვიცოდი ჩემი ბიძაშვილი რასაც წარმოადგენდა და მისი არ მეშინოდა, ვიცოდი, რომ სუფთა იყო. მეშინოდა ჩემი ძმის, ვიცოდი მისი ხასიათი. კედელთან ჰყავდა კოდუა მიყენებული და დედას აგინებდა, პოლიციამ გააშველა. იმ პერიოდში მეც პოლიციაში ვმუშაობდი, ნარკომანიის განხრით. მივედი კოდუასთან და ვუთხარი, რომ ამდენი წელია პოლიციაში ვმუშაობ და მსგავსი რამ ქალაქისთვის არ გამიკეთებია-თქო. რატომ უჭრი ამ „სიდენიას“, რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთე-თქო. ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ფაქტი იყო, მიზანმიმართულად გააკეთა.

ეტყობოდა, რომ რაღაცა უნდოდა. როგორც ჩანს, გიაზე გაიგო ინფორმაცია. თვითონ ეს ოჯახი იყო ნარკოტიკების რეალიზატორი. ერთ-ერთ დეტალსაც გავიხსენებ, ესეც არავისთვის არ მითქვამს. ნარკომანიის განყოფილებაში ჩემთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც გააჩნდა ინფორმაცია, რომ კრწანისის ქუჩაზე ვინმე ლაურა ყიდდა „ნორფინს“, რომელიც ჩამოტანილი ჰქონდა ინდოეთიდან.

ამ ქალთან იყვნენ ასულები, მაგრამ სახლში არ დახვდა. მაშინ გვარი არ ვიცოდი, მხოლოდ სახელი ვიცოდი, ამაზე ვმუშაობდით. სამწუხაროდ, დაიწყო აფხაზეთის ომი, ჩემი თანამშრომელი იქ დაიღუპა. მერე სუყველას დაავიწყდა ლაურა. ეს ინფორმაცია ყველამ იცოდა. ამით გამდიდრდა ეს ოჯახი. კოდუამ როდესაც თანამდებობა მიიღო და გაიგო, რომ გიას გააჩნდა სერიოზული ინფორმაცია, ეტყობა, ამის გამო დაიწყო გიასთან შერკინება, რაც ადვილი არ იყო. როგორც გიას ჰყავდა აგენტები კოდუასთან, ისე კოდუასაც ჰყავდა აგენტები. ეტყობა უთხრეს, რომ გია თელია არაა ის პიროვნება, როგორიც შენ გგონიაო და ამის გამო გადაწყვიტა მისი მოშორება. გიას სერიოზული ინფორმაცია გააჩნდა ამ ნარკოტრანზიტთან დაკავშირებით.

რა ინფორმაცია გააჩნდა თქვენს ძმას, ვინ იყვნენ ამაში ჩართული?

- ჩართული იყო კოდუას ერთგული თითქმის ყველა თანამშრომელი, რომელიც მფარველობდა ამ ნარკოტრანზიტს. ჩემი ძმა ასევე ახსენებდა კოდუას მოადგილეს კახა მისირელს და კიდევ ორ თანამშრომელს, ეს ინფორმაციები და დოკუმენტები მან გადასცა ერთ-ერთ პიროვნებას.

გარდა იმისა, რომ ამ დოკუმენტებში საუბარი იყო ნარკოტრანზიტზე და კონკრეტულ გვარებზე, დამატებით სხვა დოკუმენტები იყო?

- ძალიან ბევრი აუდიოჩანაწერი იყო. ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერი მეც მომასმენინა. იცით რატომ? - კორპუსების მშენებლობები ჰქონდა გადაღებული, თუ არ ვცდები საბურთალოს, ან ვაკის ტერიტორიაზე. როცა ვკითხე ეს ფოტოები რისთვის უნდოდა, მითხრა, რომ ერეკლე კოდუას ძმა, დავით კოდუა აშენებს ამ კორპუსსო. ახლა მოგასმენინებ რისთვისაც გადავიღეო და მომასმენინა აუდიო ჩანაწერი.

რა ჩანაწერი იყო, ვინ საუბრობდა?

- როგორც ჩემმა ძმამ ამიხსნა, ვინც ჩანაწერში საუბრობდა იყო იმ მშენებლობის  „პრარაბი“. ჩვეულებრივი ლაპარაკი იყო. გია რაღაცეებს ეკითხებოდა, ისიც ნორმალურად პასუხობდა და შემდეგ ასეთი რამ უამბო: „ერთ-ერთმა მუშამ მითხრა, რომ ერთ ღამეს მოვიდნენ ამ სამშებლო კომპანიის უფროსი დათო კოდუა, მისი ძმა ერეკლე კოდუა და კიდევ ორი პიროვნება, რომლებმაც საბარგულიდან ამოიღეს გვამი, საძირკველში ჩააგდეს და ჩამაბეტონებინესო“. ეს ამბავი რომ მომიყვა, მუშა სასწრაფოდ მოვაშორე აქაურობას, მაგრამ მე რა ვქნა არ ვიციო, რაზეც გიამ უთხრა - შენ არაფერი არ იცი, მუშის მონათხრობს ამბობო და იმათმა ხომ არ იციან, რომ შენ ეს ამბავი იციო.

როგორც ჩანს, იმ „პრარაბმა“ არ იცოდა, რომ გია იწერდა. ეს ჩანაწერი, რომ გამორთო, ვუთხარი - შარს ნუ ეძებ, დაანებე თავი-თქო. მიპასუხა, შენ აზრზე არ ხარ ვისთან მაქვს საქმე და რა პიროვნებები არიანო. ამის გარდა, ჰქონდა კიდევ სხვა აუდიოჩანაწერები - პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც თათბირის შემდეგ ერთმანეთში საუბრობდნენ - გია თელიას რატომ უპირებენ მოკვლას, მოკვლა რა პონტია, ვერ დავიჭერთ თუ რაო. პირდაპირ ლიკვიაციაზეა ლაპარაკიო.

თქვენ ეს ჩანაწერი, სადაც მის ლიკვიდაციაზე იყო საუბარი, მოისმინეთ?

- დიახ, მონასმენი მაქვს და ეს ჟურნალისტს ნათია მიქიაშვილსაც გადავეცი. ერთი ეუბნება მეორეს, ლიკვიდაცია რა პონტია, როცა დაჭერა შეგვიძლიაო.

ამ მასალებს, სადაც საუბარია მკვლელობაზე, ნარკოტრანზიტზე, რისთვის აგროვებდა თქვენი ძმა, ვისთვის უნდა გადაეცა ეს ინფორმაციები?

- თავდაპირველად უნდოდა, რომ ეს ინფორმაცია პოლიციისთვის გადაეცა, მაგრამ როცა მიხვდა საქართველოში არაფერი გამოვიდოდა, მასალები რომელიც შეაგროვა - ალბათ, იცით ჩინკენტის საქმე, მას ჰყავდა ამ საქმეში ერთ-ერთი თანამონაწილე, რომელიც უკრაინის უშიშროებაში მუშაობდა - მასთან წავიდა. ყველა მასალა მისცა უკრაინის უშიშროების თანამშრომელს, მათ შორის მანქანის ნომრები, რომლებიც 120-130 კილოგრამი გეროინით დატვირთული საქართველოდან უკრაინაში შედიოდნენ - მანქანები რომ შემოვა ჩაატარეთ ღონისძიება ამ მანქანების დასაკავებლად და ამ დანაშაულის გახსნისთვისო. 3 დღის მერე, ტელევიზორში აჩვენეს ერთ-ერთი დაკავებული პიროვნება და პოლიციის ფორმაში გადაღებული გიას სურათი.

გიამ დაურეკა უშიშროების იმ თანამშრომელს, რომელმაც გააფრთხილა გარეთ არ გამოხვიდეო. როცა მოვიდა უთხრა, რომ დაკავებულია პიროვნება „სვანიძის“ დაჯგუფებიდან, რომელსაც შენი სურათი აღმოაჩნდა ჯიბეშიო. სურათი პირადი საქმიდან ყოფილა ამოღებული. დაკავებულმა მისცა ჩვენება, რომ 5 ათასი დოლარი მაქვს აღებული ამ პიროვნების მოსაკლავადო. სხვათაშორის, გიას ინფორმაცია დაბლოკეს. ამ თანამშრომელმა უთხრა, რომ შენი უსაფრთხოების მიზნით რუსეთში ან საქართველოში გადაგიყვანო. გიამ საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.

საქართველოში თუ კი მას მოსაკლავად დასდევდნენ, რატომ დაბრუნდა?

- როცა დამირეკა, ვუთხარი, რომ მამა ორი დღეა არ ჩანს, ყველგან ვეძებთ და ვერ ვპოულობ-თქო. მითხრა, რომ დათო მაგათი წაყვანილია და მოკლული იქნებაო, მამას გამო ჩამოვიდა. ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველო შემოვიარე, პოლიციას შევატყობინე, ვერსად ვერ ვიპოვე. მამიდაჩემთან წავიდა ქობულეთში. გამცილებელიც დავკითხე, რომელმაც დამიდასტურა, რომ ჩვენს ვაგონში იჯდაო, ქობულეთში ჩავიდა და ორი ქალი ჩაჰყვაო. ქობულეთშიც ჩავედი, იქ ყველა იცნობდა მამას. 1-ლი იანვარი იყო, ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ დავინახე სადგურთან იდგაო.

სადგურიდან კი მამიდაჩემის სახლი პირდაპირ ჩანს, გზას გადახვალ და შედიხარ სადარბაზოში. სადგურიდან ადამიანი დაიკარგა ისე, რომ ვერანაირ კვალს ვერ მივაგენით. ვეძებდი მამას ყველგან, ამ დროს 16 თებერვალს მოკლეს გია. 3 აპრილს გურიიდან მირეკავს ნათესავი და მეუბნება, რომ „გურიანიუსს“ უდევს ინფორმაცია გარდაცვლილ ადამიანზე, ნახე მამაშენი არ იყოსო. ვნახე ეს სტატია, აღწერილი იყო ყველაფერი. დავრეკე ლანჩხუთის პოლიციაში, რადგან ლანჩხუთში იყო ნაპოვნი. გამომძიებელს ავუხსენი გასაღების ფორმა, რომელიც მამას ჰქონდა და მითხრა, რომ ასეთი გასაღები აქვსო.

თქვენ ფიქრობთ, რომ მოკლეს?

- დიახ. გამომძიებელმა მითხრა, რომ საქმე აღძრულია განძრახ მკველობის მუხლითო. მამაჩემის სხეულის მხოლოდ ძვლები იყო დარჩენილი. ჩემი დასაკითხად სამი პროკურორი მოვიდა. მივხვდი უკვე რაშიც იყო საქმე. დავწერე, რომ სკლეროზი ჰქონდა და დაიკარგა-თქო. არადა მას სკლეროზი არ ჰქონდა. ეს საქმეც, პირდაპირ უკავშირდება კოდუას. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ითქვა, რომ თითქოს, ნადირმა დაგლიჯა. ამ დროს ტანსაცმელი მთელი იყო. ნადირს, რომ დაეგლიჯა, ტანსაცმელიც ხომ უნდა დაეგლიჯა? საბუთები, პირადობა, საპენსიო წიგნაკი და ხელჩანთა ვერ ვიპოვეთ. მარტო ფული, გასაღები და ცხვირსახოცი იყო ჯიბეში.

ეს იყო ერთგავარი ზეწოლა თქვენს ძმაზე, რომ დაბრუნებული საქართველოში?

- რა თქმა უნდა. მამა 80 წლის იყო, როგორც ჩანს, შემოაკვდათ. წარმომიდგენია რა მდგომარეობაში იქნებოდა. ძალიან სადისტურად არის მამა მოკლული. გვამს ხორცი საერთოდ არ ჰქონდა. მარტო ძვალი იყო. წარმოუდგენელი სისასტიკით არის მამა მოკლული.

ძალიან მძიმე ისტორიას ყვებით, მამის გაუჩინარებაზე და შემდეგ უკვე მის გარდაცვალებაზე, ძმის მკვლეობაზე პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ?

- ერეკლე კოდუას, მაგრამ, ამ ისტორიაში კოდუა არის პაიკი. მთავარი არის თემურ ალასანია, რომელიც სათავეში უდგას ამ მაფიას. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და გივი თარგამაძე.

გივი თარგამაძე რატომ?

- იმიტომ, რომ ამ „სვანიძის დაჯგუფებას“ გივი თარგამაძე ლობირებსო, ასე ამბობდა გია. მოგეხსენებათ, რომ თარგამაძე ხშირად ჩადიოდა უკრაინაში. მე როგორც ვიცი, დღევანდელი შსს ძალიან დაინტერესებულია ამ საკითხით.

თქვენი ძმა ამბობდა, რომ ის ტოვებდა მტკიცებულებას, რომელიც ფარდას ახდიდა სინამდვილეს. თქვენთვის თუ არის ცნობილი სად არის მტკიცებულება რომელიც მან შეაგროვა?

- ჩემს ნათესავთან იყო გია, სახლში ვერ მოდიოდა. მანახა ყველა ეს დოკუმენტი, მაგრამ ეს იყო ასლები. დედანი ისეთ პიროვნებასთან მაქვს დატოვებული, რომ ის თვითონ მიხედავს ამ საქმესო, ასე მითხრა.

როგორ ფიქრობთ, თუ კი მან მტკიცებულება გადასცა ვინმეს, იმ პიროვნებამ რატომ არ გამოაჩინა?

- ისეთი ცხოვრება გავიარეთ ქუჩაში ადამიანების ჩაცხრილვა და ა.შ. ეტობა შეეშინდა და მესმის მისი. შეიძლება შეაშინეს კიდეც და ეს მასალები გადასცა კოდუას. ეს მასალები მარტო მე არ მაქვს ნანახი. ეს მასალები ანახა არასამათვარობო ორგანიზაციის წევრებს და დეპუტატებს, უშუალოდ კობა დავითაშვილს.

თქვენი ძმა იყო ცაცია, რაც მისი თქმით, არ იცოდა კოდუამ და ამბობდა, რომ მომკლავენ იარაღი მარჯვენა ხელში მექნებაო...

- იარაღი მართლაც მარჯვენა ხელში ჰქონდა. ჩხრეკის დროს ყველაფერი წაიღეს. სახლში რომ შემოვიდნენ იარაღს არ ეძებდნენ. მარტო საბუთებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს ეძებდნენ. კომპიუტერი დაამტვრიეს. ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც გია იყო ასახული, გაანადგურეს.

როგორ ფიქრობთ, წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა თქვენი ძმა? ოფიციალური ინფრმაცია იყო, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას...

- არა, ვნახე შემთხვევის ადგილი, სახლში. გიას სხეული დაფლეთილი იყო. ერთი ისეთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რომელიც თვითნ ექსპერტმაც ვერ გაარკვია რა ტყვია იყო. 45 გრამიანი ტყვიით იყო მოკლული, რომელიც მე-8 ხარისხის ბრონეს ხვრიტავს. სულ ჰქონდა 7 ტყვია და ყველა იყო სასიკვდილო.  როგორც ჩანს, ამ ოპერაციის დროს ინსტრუქტაჟი იყო ჩატარებული, რომ შეიძლება ბრონეჟილეტი ეცვასო. ამიტომ, სპეციალურად წაიღეს 45 გრამიანი ტყვია. ამ ტყვიას იყენებენ ომის დროს. ესეც ადასტურებს, რომ ეს იყო გამიზნული მკვლელობა. მისი ცოცხალად ყოფნა არ აწყობდა კოდუას.

გამოძიების დაწყების შემთხვევაში რამდენად მყარ მტკიცებულებას მიიღებს პროკურატურა?

- ერთადერთი მტკიცებულება არის ის, რომ ის პიროვნება მივიდეს და თქვას სიმართლე. ახლა საშიში უკვე არაფერია. კოდუამ ყველა მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებდა, წაშალა. აქამდე ამ დეტალებზე არ მისაუბრია, მაგრამ, რადგან ახლა უკვე დაინტერესდა პოლიცია ამ საკითხით, ამიტომ ვამბობ. მტკიცებულება გააჩნდა ჩემს ძმას. კულმინაცია იყო ჩემი ძმის უკრაინაში წასვლა, მაგრამ იქ ამათ სერიოზული კავშირები ჰქონიათ და დაბლოკეს ეს საქმე. არ ვიცი უკრაინის უშიშროების იმ თანამშრომლის სახელი, თორემ დავასახელებდი.

კოდუას ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა როგორც ირკვევა ის სასწავლებლად არის წასული...

- როცა პოლიციელი ხარ და დანაშაული არ ჩაგიდენია, ქვეყნისთვის რაღაცა გაქვს გაკეთებული, თანაც გენერალი - არ გაიქცევი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ძმას რა ინფორმაციაც ჰქონდა, ყველაფერი მართალი იყო და ამიტომ მოკლა კოდუამ გია თელია.