აშშ-ის შეშფოთებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად დაბარებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საქართველოში. მაგალითად, თუკი ერთნი მოელიან დიდ პრობლემებს ევროკავშირისა და ნატოსკენ საქართველოს სვლის პროცესში, მეორენი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სიმართლეს გაიგებს და შეკითხვები მას დროთა განმავლობაში გაუქრება.
23 მარტით დათარიღებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი შეახსენებს თბილისს, რომ თებერვალში, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონს სტუმრობდა, უმაღლესი დონის შეხვედრებზე აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს ქვეყნის ენერგია მიმართონ მომავლისკენ, ძლიერი ეკონომიკისკენ, სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და სწრაფი პროგრესისკენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. განცხადების შინაარსის თანახმად, ამგვარ რეკომენდაციებთან შეუსაბამოდ მიიჩნევა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ პროკურატურაში დასაკითხად დაბარების გადაწყვეტილება. სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს და იქვე შეშფოთების საფუძველზეც მიუთითებს:
„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ გამოძიების ერთბაშად რამდენიმე საქმეზე დაწყება, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, წარმოშობს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იურიდიული და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ ისევ მყიფეა".
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ”რჩევად” განიხილავს საქართველოს ხელისუფლება. როგორც 24 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ვაშინგტონი საქართველოს სიფრთხილეს ურჩევს:
”აქცენტი არის სწორედ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის ფარგლებში. და სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდეც ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. მთავარია, როგორ წარიმართება პროცესი, თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული”.
ეს განცხადება მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჰააგაში გააკეთა, სადაც ბირთვული უსაფრთხოების სამიტი იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს და, როგორც მან აღნიშნა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, ამ წარმომადგენლობითი ფორუმის ფარგლებში ის მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მსოფლიო ლიდერებსა და მედიას შერჩევით სამართალთან დაკავშირებულ ეჭვებზე. "რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ლობისტური კომპანიები და ევროპაში თუ ამერიკაში შექმნას მცდარი განცდა, თითქოს დაკითხვაზე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეა დაბარებული. თუმცა ჩვენს მხარეს არის ძლიერი სიმართლე და არც ერთი კითხვის არ გვეშინია”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა იმავე ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დასაკითხად დაბარება ხელისუფლების ოპონენტებისთვის მკაფიო გამოვლინებაა საქართველოში გაჩაღებული პოლიტიკური ანგარიშსწორებისა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი სახიფათოა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამ შინაარსის განცხადებას აკეთებს ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი და ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში:
”საშიშროება იმისა, რომ ამან ხელი შეუშალოს ქვეყანას იმ პროცესში, რაც არის ჩვენი დაახლოება ევროკავშირთან, ნატოს სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამის საფრთხეები იზრდება, თუკი ამ განცხადების და იმ განცხადებების შემდეგ, რაც გააკეთეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა შვედეთიდან, ესტონეთიდან, ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს იმ უგუნურ პოლიტიკას შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რასაც დღემდე ჰქონდა ადგილი”.
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო შესაძლოა შეფერხდეს საქართველოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით, ხელისუფლების გარდა, არც ექსპერტთა ერთი ნაწილი იზიარებს. როგორც მაგალითად, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დასავლეთი არჩევანს, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებს:
”არ მგონია, რომ დღეს ასე კატეგორიულად დასვას დასავლეთმა საკითხი - ან სააკაშვილის თავისუფლება, ან საქართველოს მიერთება ასოცირების ხელშეკრულებასთან, რადგანაც ეს არანაკლებ საფრთხეს შეიცავს იმისა, რომ ევროპის თანამედროვე არქიტექტურა კიდევ ერთხელ შეიცვალოს და უსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტი რისკი დაემუქროს, ვიდრე აქვს დღეს. ეს იქნებოდა პირდაპირი ნიშანი იმისა (როგორც 2008 წელს MAP-ზე უარის თქმა), რომ რუსეთს საქართველოში ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი დილემის წინაშე დასავლეთი დღეს ჩვენ არ დაგვაყენებს”.
ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიზანს მიხეილ სააკაშვილის დაჭერა არ წარმოადგენს და რომ ასეთ შედეგზე ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, არავინ ფიქრობს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ექს-პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება შესაძლოა საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს, რადგანაც ქვეყანაში არსებული არცთუ სახარბიელო სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო მმართველმა კოალიციამ გადაწყვიტა წინა პლანზე წამოეწია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
ხოლო თუკი თავად მთავარი პროკურატურის განმარტებას გადავხედავთ, 27 მარტს 13 საათზე მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე ერთბაშად 10 საქმის გამო იმიტომ დაიბარეს, რომ ამ საქმეებზე ”გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე“. მთავარი პროკურატურის შეკითხვები ექს-პრეზიდენტის მიმართ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებული პირების შეწყალების გარდა, უკავშირდება, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლებას. მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავად განაცხადა, თბილისში ჩამოსვლასა და მთავარ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს.