[bizgeo.info]
გაუმარტივებს თუ არა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართველ მეწარმეებს გზას ევროპული ბაზრისკენ და რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით იმის გათვალისწინებით, რომ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე უკვე სარგებლობს საკმაოდ სერიოზული პრეფერენსირებით?
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნისთვის დაიხურა გასაღების ისეთი დიდი ბაზარი, როგორიც რუსეთია. მოსკოვის მიერ ქართულ პროდუქციაზე სანქციების დაწესებამ კიდევ უფრო გაზარდა ექსპორტის დივერსიფიცირების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის .
ღრმა და ყოვლისმომცველი
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი კვოტების, დამატებითი ბარიერებისა და დამატებითი გადასახადების გარეშე გაიტანონ და, შესაბამისად, ახალ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებასაც გაუადვილებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე აღნიშნავს, რომ არსებობს ორმხრივი მისწრაფება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასების შემდეგ მიღებულ იქნა დადებითი დასკვნა, რასაც მოჰყვა ევროკავშირის მიერ სიტუაციის ადგილზე, დამატებით შესწავლა. 2009 წლის მარტის ბოლოს ქართულმა მხარემ მიიღო კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება აუცილებელი იყო მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
მიღებული რეკომენდაციები ვაჭრობასთან და ზოგადად ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. თუმცა ევროკავშირმა ოთხი ძირითადი სფერო გამოჰყო – სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, რაც გულისხმობს ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
თამარ კოვზირიძის თქმით, სწორედ ამ სფეროებში განხორციელებული პროგრესით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის მოკლე დროში დაწყების შესაძლებლობა და სასურველი შედეგით დასრულება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ლეჟავა აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა ამ გზაზე არსებული ტექნიკური ბარიერების მოსახსნელად. ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე ადგილობრივი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის ძირითად კანონმდებლობასთან; მათ შორის, დაფუძნდა ეკონომიკის სამინისტროსგან დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტო, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.
თუმცა ქართული მხარის მიერ შემუშავებული ანტიმონოპოლიური სტრუქტურის მოდელი ევროკავშირიში დაიწუნეს. მათი მოთხოვნაა ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახურის და ისეთი კანონმდებლობის შექმნაა, რომელიც კარტელური შეთანხმებების შეზღუდვას, სახელმწიფო დახმარებების გამჭვირვალობას და კონკურენციის წესების დაცვას უზრუნველყოფს.
ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველომ მეტად ლიბერალური პოლიტიკა გაატარა იმპორტთან დაკავშირებით და ახლა დროა, ევროპამაც გააღოს კარი ქართული პროდუქციისთვის. თუმცა 2010 წლის ნოემბერში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ღიად მიანიშნა, რომ მართალია საქართველომ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს ლიბერალიზაციის კუთხით, მაგრამ ქვეყანას მათ განსახორციელებლად „მეტი ძალისხმევა“ სჭირდება, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმების ვადებს, ბაროზომ ისიც აღნიშნა, რომ „სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის დროის განსაზღვრა საქართველოს ხელშია“.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე ევროკავშირ-საქართველოს შორის მოლაპარაკებათა დაწყებას 2011 წლის ზაფხულში ვარაუდობს და იმედოვნებს, რომ ეს საქართველოსადმი უცხოელ ინვესტორთა ნდობას აამაღლებს. ხელშეკრულების გაფორმებას კი, თამარ კოვზირიძის აზრით, მაქსიმუმ 3 წელიწადი დასჭირდება.
ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშაკრულება გაფორმდება, ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე საკმაოდ სერიოზული პრეფერენსირების სისტემით სარგებლობს. 10000 სატარიფო პოზიციიდან, რომელთაც ევროკავშირის ერთიანი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს, დღეს 9300 დასახელების პროდუქცია, საქართველოდან ექსპორტის შემთხვევაში, გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. მათგან 2100 სასაქონლო კატეგორიაზე ტარიფები, ქვეყნისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ადრე მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის ფარგლებში, გაუქმდა, 7200 დასახელების პროდუქციაზე კი – ევროკავშირის მიერ 2005 წლიდან დაწესებული პრეფერენციების განზოგადებული სისტემის დამატებითი სატარიფო დათმობის ფორმატში (GSP+). მანამდე პრეფერენციების განზოგადებული სისტემა (GSP) 6900 დასახელების პროდუქციაზე ვრცელდებოდა და მათგან ნულოვანი განაკვეთით მხოლოდ 3300 სარგებლობდა.
ამის მიუხედავად, ევროპის ბაზარზე საქართველოდან მხოლოდ რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქცია გადის. აქედან GSP+-ის შეღავათების რეჟიმს უშუალოდ 34 დასახელების პროდუქცია ექვემდებარება. GSP+ რეჟიმის ამოქმედებამდე მინერალურ წყლებზე საბაჟო ტარიფი 6,1%–ს შეადგენდა, ამონიუმის სულფატზე – 3%ს, ხოლო თხილზე – 2,1 %ს.
ევროპის ბაზარზე ქართული კაკალი და თხილი განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. თუმცა პრობლემები ამ მიმართულებითაც არსებობს. საქართველოდან პორტუგალიასა და ჩეხეთში ექსპორტირებულ თხილში შარშან გაზაფხულზე ალფა–ტოქსინები, ერთგვარი სოკო აღმოაჩინეს, რომელიც მძიმე მოწამვლას, ხოლო ბავშვებში სიკვდილს იწვევს.
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, თხილი ადგილზე გაანადგურეს. საქართველომ კი ევროკავშირში სწრაფი შეტყობინების სისტემით მიიღო ცნობა ქვეყნიდან გასული თხილის ალფა–ტოქსინების შემცველობის შესახებ. ევროპულ ბაზარზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ, 2010 წლის გაზაფხულზე, 2009 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად, 12%–ით, შემცირდა.
ევროკავშირის ბაზარზე ასევე დიდია მოთხოვნა მინერალურ და შაქრის დანამატის შემცველ წყლებსა და მინერალურ და აზოტოვან სასუქებზე. სასუქები, ძირითადად, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში გადის.
ექსპორტი GSP+ სქემით
ოფიციალური მონაცემებით, 2003-2008 წლებში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდებოდა და ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტის გარკვეული ზრდაც აღინიშნებოდა. 2009 წელს კი, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 29,5%-ით შემცირდა. მიზეზად მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი დასახელდა. შარშან კვლავ ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. განსაკუთრებით მაღალი კი, ექსპორტის ზრდის ტემპი იყო.
2010 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა, 1 205 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის 26% დაიკავა. მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 20%-ით გაიზარდა, 205 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის 19% დაიკავა.
ევროგაერთიანების ქვეყნებში 2009 წელს 45,9 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის 71,6 % იყო.
მეორე საექსპორტო პოზიციაზე ღვინოები აღმოჩნდა. სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 5,9 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის 9,4 % იყო.
მინერალური წყლების ექსპორტმა ევროკავშირის ქვეყნებში 2009 წელს 3,6 მილიონი დოლარი, ანუ ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტის 5,6 % შეადგინა.
შარშან იანვარ-სექტემბერში კი ევროკავშირის ბაზარზე პრეფერენციული რეჟიმით გავიდა 75.09 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 24 სახეობის პროდუქცია. აქედან სამ სახეობაზე მოდის ექსპორტის 75,01% (56.32 მლნ. აშშ დოლარი): თხილი – 31,01% (23,28 მლნ აშშ დოლარი), ამონიუმის გვარჯილა – 28,42% (21,34 მლნ აშშ დოლარი), ფეროშენადნობები – 15,57% (11,69 მლნ აშშ დოლარი).
პროდუქცია პრეფერენციული რეჟიმით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 23-ში გადის. აქედან შვიდ ქვეყანაზე ექსპორტის 73,55% მოდის: გერმანია – 20,60%, იტალია – 14,47%, ჰოლანდია – 9,18%, ესპანეთი – 8,34%, საბერძნეთი –7,63%, საფრანგეთი – 7,22%, ბულგარეთი – 6,11%.
2010 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებთან პრეფერენციული რეჟიმით ვაჭრობის ფარგლებში ქართველი ექსპორტიორების სარგებელმა (უტილიზაციამ) დაახლოებით 3,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2010 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირში განხორციელდა 205 მლნ აშშ დოლარის საერთო ექსპორტი, აქედან GSP+ის რეჟიმით გასულმა პროდუქციამ 36,6% დაიკავა.
არასატარიფო ბარიერი
გაცილებით დიდი ჩამონათვალი იმ ქართული საექსპორტო საქონლისა, რომელიც გაერთიანებული ევროპის ბაზარზე ჯერ კიდევ არ შედის. ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოს აგროსამრეწველო სექტორს ევროპის ბაზრის ათვისების დიდი პერსპექტივა აქვს. სავაჭრო რეჟიმების გამარტივება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი პროდუქციის ექსპორტისთვის, როგორიცაა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხილფაფები, ჯემები, ხილის კონცენტრატები, დაკონსერვებული ნაყოფი და ღვინო.
ასე რომ, ქართულ ბიზნესს აქვს შანსი ევროპის ბაზარს მაღალი ტექნოლოგიებით დარგში შექმნილი პროდუქციაც მიაწოდოს. თუმცა ირკვევა, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით ჯერჯერობით, კვლავ დაბრკოლებებია და ძირითადად, არასატარიფო.
ევროპაში ქართული პროდუქცია რომ შევიდეს, ის ჯერ ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ამისთვის ქართულმა საექსპორტო საქონელმა ევროპის ან მესამე ქვეყნების საერთაშორისო აღიარების მქონე სასერტიფიკაციო ცენტრებში სერტიფიცირების პროცესი უნდა გაიაროს, საწარმოებში კი ევროპულთან ჰარმონიზებული სტანდარტები დაინერგოს.
დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი ამ ეტაპზე გადაჭარბებულად მიიჩნევს საუბარს იმაზე, რომ ქართული პროდუქცია ევროკავშირის სავაჭრო ბაზარს აითვისებს. რადგან ევროპული ბაზარი საქართველოს პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით სერიოზულ პირობებს წაუყენებს, რომელთა დაკმაყოფილებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ექსპერტთა გათვლებით, საწარმოებში ევროამერიკულთან ჰარმონიზებული სტანდარტების დანერგვას რამდენიმე წელი და სერიოზული ინვესტიციის მოძიება დასჭირდება. გარდა ამისა, სარეკლამო კამპანიის წარმოებისა და ბაზარზე ადგილის მოპოვებისთვის გარკვეული დრო და სოლიდური ფინანსური რესურსებია აუცილებელი. ამისთვის კი, საქართველოს მინიმუმ 5 წელი მაინც სჭირდება.
სპეციალისტთა ნაწილი ასევე შეუძლებლად მიიჩნევს იმას, რომ ქართული პროდუქციისთვის ევროპული ბაზარი რუსულს სრულად უახლოეს წლებში ჩაენაცვლოს. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამის ერთ–ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ „რა შეღავათებიც უნდა დააწესოს ევროკავშირმა ქართულ პროდუქციას, კარგად განვითარებულ ბაზრებზე ის ჯერჯერობით კონკურენტუუნარო იქნება“.
ექსპერტთა ნაწილის აზრით კი, ეს პროცესი არცთუ რთული იქნება. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების კუთხით სირთულეები შეიქმნას. რადგან „თანამედროვე წარმოება განახლებულ ტექნოლოგიებს მოითხოვს, რაც ჩვენთან ევროპიდან შემოდის და უკვე დანერგილია ბევრ სფეროში. თანამედროვე ტექნოლოგიებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოება ქართველი მეწარმეებისთვის გადაულახავ სირთულეს არ წარმოადგენს“. მეწარმეებს კი, წარმატება თუ უნდათ, ახალი ბაზრები უნდა ეძებონ.