„ახლა კი, თქვენ, არა, თქვენ კი არა, არა თქვენ, არამედ თქვენ, - თითი მიაბჯინა დუილიომ კუმეოს, რომელიც ემალებოდა, - რას უფრო აფასებთ თქვენი თანატოლების ბუნებაში: ფიზიკურ ძალას, გონებრივ მონაცემებს, რაც საწინდარია ღირსშესანიშნავი გამარჯვებებისა, უჰ, დაცხა, ხო იცი, თუ ნამდვილ ადამიანობას, ანუ პირდაპირობას, რომელიც ჩვეული ოსტატობით ძერწავს სათქმელს?“ „მე, არა? - თითი მიიდო გულზე კუმეომ, უცებ შეიცვალა, გაამაყდა, - მე მგონია, რომ ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი, გონიერი, პირში მთქმელი, და თუ ღონიერი ინება და ფულიც ექნება ჯიბეში, ამით არაფერი დაშავდება“. „აჰაა, - კიდევ უფრო გაიმართა დუილიო, - ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი უნდა იყოს ბევრი დადებითი თვისებებით შემკული?
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
ეს ამბავი ორიოდე თვის წინ ერთმა უაღრესად გონიერმა ადამიანმა მომიყვა: „ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი პამირში, კომუნიზმის პიკის დასალაშქრად ემზადებოდა. მაშინ ჩვენ ჰიმალაებში ვინ გაგვიშვებდა, ჰოდა, კომუნიზმის პიკი ჩვენთვის ევერესტიც იყო, კანჩენჯანღაც და ანაპურნაც. იქ ასვლაზე ყველა საბჭოთა მთამსვლელი ოცნებობდა. იმ ჯგუფში, წეღან რომ ვახსენე, გიორგი მარგველაშვილიც შედიოდა. მზადების ბოლო დღეები იყო, საათებს ვითვლიდით და ამ დროს მარგველაშვილმა თქვა, ერთი ალპინიზმის დედაცო, შეკრა ბარგი და... თბილისში წავიდა. ეს იმას გავს, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ შესასვლელში რომ იდგე, „რეალი“-„ბარსამდე“ ნახევარი საათი რომ რჩებოდეს, ბილეთიც გქონდეს და ამ დროს რომ თქვა, ერთი ფეხბურთის დედაცო და... თბილისში გამოფრინდე. მარგველამ ბიძო მაგრად დააგოიმა. ნახავ, მთელი სეირი ჯერ კიდევ წინ გველის“.
როგორც უკვე გითხარით, ეს ამბავი ერთმა უაღრესად გონიერმა ადამიანმა მომიყვა.
საქართველო გონიერი ადამიანების ქვეყანაა, მაგრამ პოლიტიკოსები მათ არ უსმენენ, როცა უსმენენ, ვერ უგებენ და რადგან გაგებაა მთავარი, ამიტომაც არის, რომ ამდენი წელია დიდ გაუგებრობაში ვიმყოფებით, მზე ხან ჩრდილოეთიდან ამოდის, ხან დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან ამომავალი მზე დასავლეთში ჩადიოდა, დასავლეთიდან ამომავალი მზე კი ჩრდილოეთში ჩადის.
ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარიაო - უთქვამს ჭკვიან ხალხს, მაგრამ თუ ჩემი მეგობრის მეგობარი არის ჩემი მტრის ძმა და მეგობარი, მაშ ჩემი მეგობარი ვინ გამოდის? ჩემი მეგობარი გამოდის ჩემი მტრის ძმისა და მეგობრის მეგობარი, ან ის ჩემი მეგობარი აღარ არის. ის ჩემი მტრის მეგობარია. ასე მგონია მე, მაგრამ ჭკვიან ხალხს ისიც უთქვამს, „მგონია“ გრამაფონშიაო. ჩვენც გრამაფონში ვართ.
გრამაფონს მიღმა გაზაფხულია. და რა ხდება გრამაფონში? გრამაფონში ხდება ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. ანუ, რაც ხდებოდა, ისევ იგივე ხდება - ქურდები ქურდობენ, მათხოვრები მათხოვრობენ, ბო... პოლიტიკოსები პოლიტიკოსობენ, ვარსკვლავები მღერიან და ცეკვავენ და ენჯეოშნიკებიც მათხოვრობენ. ამ ენჯეოშნიკებიდან იღებს შევსებას პოლიტიკოსთა, ექსპერტთა და ვარსკვლავთა მრავალათასიანი არმია. მათ კვლავ უსმენენ და ეს ჩვენ გვეხება. იქ სესიაშვილიო, იქ ჯანიკაშვილიო, იქ ამაღლობელიო, ანთაძეო, ქორიძეო, არმაზ ახვლედიანიო, მარგველაშვილიო... ვისაც კი ბიძომ ტელევიზორად წოდებულ ყუთში უსმინა, ყველა სადღაც მოსვა და ეს სადღაც სხვა არაფერია თუ არა ვიღაცის კისერი, ის ვიღაც სხვა არავინ არის თუ არა მისი დაღმატებულება ქართველი ერი. ერთი ეს ნიუსი წაიკითხეთ: „13 მაისს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები და პროგრამა ზუსტდება. ამასთან, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გაზაფხულისთვის საქართველოში არაერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება“.
მე არ ვიცი, როგორი იქნება პროგრამა და რა დეტალები ზუსტდება, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვივარაუდო, რომ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ყველა გაზეთი, სააგენტო და ტელევიზია გვამცნობს, რომ „საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი, კერძოდ, აღინიშნა, რომ შეშფოთებას იწვევს უმცირესობათა, განსაკუთრებით კი სექსუალურ უმცირესობათა მდგომარეობა“.
13 მაისს რომ ვამბობთ პირველ რიგში დიუსელდორფის „რაინშტადიონი“ და ვიტალი დარასელიას გოლი გვახსენდება, მაგრამ 13-დან 17-მდე სულ ოთხი დღეა, 17-ში კი... ვნახოთ, რა მოხდება 17 მაისს, მანამდე კი ვინმე მშვენიერაძესთან და ვინმე მენაბდესთან შეხვედრიდან გამოსული მესსირ ოლანდი გაბრწყინებული სახით გვახარებს: „დავაქორწინეთ, მაააშ“.
ეს მერე იქნება. ჩვენ ის ვთქვათ, რაც მანამდე იყო, დღემდე, მაგრამ არა უადრეს წინა ორშაბათისა. ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიურ-სიმპტომატურ-რელევანტური, მგონია, რომ იყო ეს: „არ დავმალავ - ველოდი უკეთესს. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან. მრავლად იყო გაუგებრობა ჩვენს შორის. ორი თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან ჩაჭიდებული პოლემიკა. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა... ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. დღეს ჩვენ აღარ ვაგრძელებთ არაფორმალურ ურთიერთობებს და ამაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბრით, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა „ტელე იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.
აი, მეც 47 წლის ვხდები და არ მახსოვს, რომ კაცს, რომელიც 60 წლის ხდება, არ სცოდნოდა, რომ ადამიანები ხასიათს 45 წლამდე ბევრად ადრე ამჟღავნებენ. ნაცებთან მეგობრობა ხასიათის გამომჟღავნება არ არის? ეგ თუ არ არის და მაშ რაღა არის? კიდევ ბევრ ვინმე-რამეზე გავიგებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მასთან არაფორმალურ ურთიერთობებს აღარ აგრძელებს და რომ ეს მისთვის, ივანიშვილისთვის, სულაც არ არის ტრაგედია, მაგრამ ტრაგედიაა ის, რომ ასეთი ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილთან, მერაბიშვილთან, ადეიშვილთან, მარგველაშვილთან...
იმ ჩემი გონიერი ნაცნობისა არ იყოს, მთელი სეირი ჯერ კიდევ წინ გველის, ხოლო სეირთა ერთობლიობა ტრაგედიაა. მარგველაშვილი კი... მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. თუ ბარამიძე-მაჭავარიანებთან მეგობრობ, შენთვის იოლია ავლაბრის რეზიდენციას ერთ დღეს უზნეობისა და უსამართლობის სიმბოლო უწოდო, მეორე დღეს კი იმ სიმბოლოში დაიდო ბინა არა იმიტომ, რომ პრეზიდენტობა შეიტკბე და შეიკოკლოზინე, არამედ იმიტომ, უბრალოდ ასეთი ხარ - უსაქმური, უზნეო და თვითკმაყოფილი, ანუ ენჯეოშნიკი, რომელმაც თავისთვის წესად ეს წესი დარგო - „ყოველ დღესა შენს თავს კითხო, აბა დღეს მე ვინ რა მარგო“.
ტფუ ნა ვას იშჩო რაზ!!!
ერთმა მითხრა, მარგველაშვილი ფილოსოფოსია, ფილოსოფოსები კი უცნაური ხალხიაო. ჯერ ერთი, ფილოსოფოსი მე ვიცი პლატონი და მამარდაშვილი, და მეორეც, თუ ფილოსოფოსი ხარ, სააკაშვილის სასახლეში რა გინდა, წადი და დიოგენეს ბოჩკაში იცხოვრე... მამაძაღლი!
იქ კიდევ იყო რაღაც-რაღაცეები - ვანო მაჭავარიანი აბობოქრდა, ირმა ნადირაშვილმა მარგველა დაიცვა, უგულავა გამოექომაგა, კუკავა-მუკავები ახითხითდნენ, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა და ვიღაცა ტიროდა. ეგრეა, როცა გრამაფონს მიღმა გაზაფხულია, შენ კი გრამაფონში ხარ ჩაკეტილი, პერიოდი კი არის გარდამავალი, რაც ჩვენებურად დაუსრულებელ ზამთარს ნიშნავს. დაუსრულებელი-მეთქი... აი, დაუსრულებელი ზამთრის პირველი ნიშანი: „პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ვიზიარებ ივანიშვილის მოსაზრებას. ეს საკითხი არაერთხელ დასმულა პოლიტსაბჭოს სხდომაზე და პოზიციის შეცვლა ნამდვილად არასწორად მიმაჩნია“, – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები უმრავლესობის ყველაწარმომადგენლისთვის მისაღები უნდა იყოს, რათა კონსტრუქციული მუშაობა შედგეს“.
აქამდე სად იყავი?
ტყემალაძეზე ლევან ბერძენიშვილის სიტყვები გამახსენდა: „მე მგონი, ასეთი კრიტიკა პირიქით, ძალიან სასარგებლოა. ბიძინა ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ოპოზიციონერი იქნებოდა და ხელისუფლებას გააკრიტიკებდა. თუ ახლა აკრიტიკებს პრეზიდენტს, პრეზიდენტმა და სხვებმაც უნდა მოისმინონ კრიტიკა და თავად გასცენ პასუხი, რა არის სამართლიანი და რა - არა. ამიტომ, იმ განცხადებებმა, რაც გუშინ გაკეთდა, ჩემზე დატოვა ერთი შთაბეჭდილება – ბიძინა ივანიშვილი, როგორც იყო, ისე რჩება თავისუფალ ადამიანად, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრებები. ნაწილი ალბათ არის სწორი, ნაწილი - შეიძლება არა“.
როგორ გგონიათ, ზურაბ ტყემალაძე და ლევან ბერძენიშვილი რომ შევაჯვაროთ, რას მივიღებთ, ბერძნულ ტყემალს? არამც და არამც! მივიღებთ ქლიავს, და როდის იყო, რომ ქლიავს საკუთარი აზრი გააჩნდა? სხედან პირდაღებული ქლიავები და რასაც ბიძო ჩასძახებთ, უკანვე ამოსძახებენ.
ეეეჰ... ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ! გამოკითხვები რომ ტარდება ხოლმე, რას ფიქრობს ხალხი მთავრობაზე, პრეზიდენტზე ან ამა თუ იმ პოლიტიკოსზე, ალბათ, კარგი იქნება, ისეთი გამოკითხვაც თუ ჩატარდება, საიდანაც შევიტყობთ, რას ფიქრობენ მთავრობა და პოლიტიკოსები ხალხზე. ნაცების აზრი ცნობილია - ყველანი ციხეში. გასულ კვირაში კი, ყოველგვარი გამოკითხვის გარეშეც მივხვდით, თუ რას ფიქრობს ხალხზე პრეზიდენტი მარგველაშვილი - აი, ბიძინას გამოსვლის მეორე დღეს რომ დააანონსა, პრეს-კონფერენციას ვატარებ და თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იქნებაო... წადი რა, ერთი ვანო ნახე და მეორე ვანოს კოჭი გაუგორე!
„მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პრეზიდენტი სასამართლოში მოწმეების დაკითხვის წესის გადავადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებდა. "ბიძინასა და ჩემს შორის დიალოგებს არ მოგიყვებით. ვეტო არის ამბავი გარდასულ დღეთა. არ დავადე იმ კანონს ვეტო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ დიალოგებს არ მოვყვები. მინდა რომ გამიგოთ და მიხვდეთ რატომ ხდება ეს. მე ასეთი ურთიერთობების მომხრე ვარ, რომ რასაც ორი ადამიანი ილაპარაკებს, აღარ მოვყვე მედიასთან“, - განაცხადა მარგველაშვილმა“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.
ჩვენში დარჩეს და, მკვლელობები, ბიზნესების დაყაჩაღება, პატიმრების გაუპატიურება და სხვა უამრავი ძაღლობა-მამაძაღლობა, რასაც ნაციონალები სჩადიოდნენ, ეს ყველაფერი არის გარდასულ დღეთა ამბავი და კიდევ მოვა აგვისტო, მივლენ ადამიანები და პატივს მიაგებენ გმირებს, მაგრამ არ მივა მარგველაშვილი, რადგან აგვისტოს ომი არის „გარდასულ დღეთა ამბავი“.
ჩვენისთანა ბედნიერი... არადა, ეს ჩვენ გვეხება, ჩვენ კი არავინ გვისმენს. მაშ, ვის უსმენენ? ვინ არის ის ბედნიერი, ვისაც უსმენენ?
„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" კამპანიას დღეს რუსთავიც შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში რუსთავის მერიის წინ ცენტრალურ მოედანზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „სამართლიანი არჩევნების" რუსთავის ოფისების წარმომადგენლებმა კოსტავას გამზირზე ფეხით მსვლელობა და ცენტრალურ მოედანზე მშვიდობიანი აქცია გამართეს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" რუსთავის ოფისის წარმომადგენლებმა დღესვე ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ შემუშავებული, კანონპროექტის მხარდასაჭერად ქალაქში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს“ - ეს ერთი.
„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანიის ფარგლებში ბათუმში აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, ხელმოწერები შეაგროვეს და მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელმოწერებს, მიმართვასთან ერთად, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს მურმან დუმბაძეს გაუგზავნიან“ - ეს ორი.
„დღეს, ქუთაისში, „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანიის ფარგლებში მშვიდობიანი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის აკრძალვა“ - ესეც სამი.
რუსთავის ფოტოები ვნახე, შვიდი თუ რვა ქათამი დგას და იღრიჭებიან. ქუთაისი და ბათუმი რუსთავზე დიდი ქალაქებია და იქ უფრო მეტნი იქნებოდნენ - 10-15 ქათამი. ამ სამი ნიუსიდან ყველაზე მეტად პირველმა აღმაშფოთა. ჩემი ნება რომ იყოს, ენჯეოშნიკებს საერთოდ ავუკრძალავდი მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, შოთა რუსთაველისა და სხვა დიდი პიროვნებების სახელობის ქუჩებზე სიარულს, მაგრამ ეს ერთი უკიდურესობაა, მეორე უკიდურესობა კი ის იქნება, თუ სწორედ ასეთ ქუჩებზე სიარულს ვაიძულებთ, იქნებ რამე ისწავლონ და რამე შეიგნონ.
„კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები დღეს იწყებენ აქციას „1 საათი მოსმენების გარეშე“. კამპანიის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია ყოველ პარასკევს 13:00-დან 14:00 საათამდე მობილური ტელეფონების გამორთვას გულისხმობს. „ჩვენ გამოვრთავთ მობილურ ტელეფონებს 1 საათით და მოგიწოდებთ, ამ ფორმით ჩვენთან ერთად გააპროტესტოთ ფარული მიყურადება და შემოურთდეთ კანონის ცვლილების მოთხოვნას“, - აცხადებენ კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები“ - ესეც ოთხი, და დასკვნა: ამ ასოთამწყობებს რას შეაგნებინებ!
ცოტა წავიუზრდელებ და მაწანწალა ენჯეოშნიკებს და მათ რესპექტაბელურ მესვეურებს ვეტყვი: „ეს თქვენ გეხებათ, მაგრამ დადგება დღე, როცა ეს თქვენ მოგხვდებათ“.
თითქმის ბოლოში გავდივარ, გახსენებით კი მხოლოდ მარგველა და ენჯეოშნიკები გავიხსენე, რაც, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. კარგი იქნებოდა, გოჩა ცქიტიშვილზე და ე.წ. ფიფლმეტრებზეც მეთქვა ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ ვამბობთ მარგველაშვილს და ვგულისხმობთ ენჯოეშნიკებს, ვამბობთ ნაცებს და ვგულისხმობთ გოჩა ცქიტიშვილს და, საერთოდაც, ვამბობთ ენჯეოშნიკებს და ვგულისხმობთ ნაცებს.
ჯერ სად ხართ?! აი, დაკომპლექტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და მერე ნახეთ ელგებეტე პროპაგანდა, მერე ნახეთ სრულიად საქართველოს დაკომპლექსება ყველაზე საზიზღარი არასრულფასოვნების კომპლექსებით, მერე ნახეთ აღშფოთებული და შეშფოთებული საზოგადოების მაგარ-მაგარი გამონათქვამები ელგებეტე ნაუწყებარის თაობაზე... მაგრამ ჩვენ არავინ გვისმენს და არც მოგვისმენს.
ერთიც და დავასრულებ:
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავარ პროკურატურაში დაბარების თაობაზე უწყება დედას, გიული ალასანიას ჩაბარდა. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, უწყება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრს, დედას დღეს ჩაბარდა“.
ჩაბარდა სააკაშვილის დედას… სააკაშვილის დედას... დედა შინ რომ არ დახვედროდათ? ხომ იქნებოდა ვინმე კარგი და კეთილი? ჩაბარდებოდათ მათ - სააკაშვილის კარგებს და კეთილებს.
ისე, ბევრნიც არ არიან სააკაშვილის კარგები და კეთილები...
ჩვენთან, გრამაფონში.
ე.კ.ე.კ. (ეს კი, ეს კი) „ისე კი, მე არ შემხვედრია ნამდვილად კარგი ადამიანი...“ - ისევ წასჩურჩულა სილვიას კონჩეტინამ. “არა? და დუილიო ვიღაა მაშინ...“ „ეგ კი, ეგ კი... მაგრამ ხნიერია. მე ახალგაზრდებზე ვამბობ. “აჰ, ეგრე ამბობ? ჰო... ისე კი, ახალგაზრდები ასაკში რომ შევლენ, შეიძლება მერე ისინიც კარგები გახდნენ...“ „ეს კი, ეს კი...“ ისხდნენ, საუბრობდნენ.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)