შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი დაკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ შვიდბიჭაშვილი მოქალაქე გივი ო-ს აუქციონის შედეგების გაუქმებას და მიწის ნაკვეთის დაუბრუნებაში დახმარებას დაპირდა, რასაც იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსნებისთვის 50000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოახერხებდა.
მალხაზ შვიდბიჭაშვილმა მოტყუებით, თაღლითურად, თითქოს-და სასამართლო ინსტანციებში პროცესების მოგების სანაცვლოდ, გივი ო-ს 2012 წლის სექტემბერში 25000 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის თებერვლში 15000 აშშ დოლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).