ყირიმის კრიზისის ექვსი სამწუხარო გაკვეთილი

ყირიმის კრიზისის ექვსი სამწუხარო გაკვეთილი

ტემპმა და სიიოლემ, რომლითაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება შეძლო, მსოფლიოში ბევრი გააკვირვა. მაგრამ, სინამდვილეში, ამ მოვლენას წინ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფორმირებული ფაქტორები უძღოდა.

1. არ დათმო ბირთვული იარაღი 
ოცი წლის წინ უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანა იყო, ბირთვული იარაღის თვალსაზრისით: მის მფლობელობაში იყო ცივი ომის პერიოდის საბჭოთა არსენალის ნაწილი, გრძელი რადიუსის 1,900 და მოკლე რადიუსის 2,400 სტრატეგიული ქობინი. მაგრამ კიევმა ეს იარაღი 1994 წელს თავისი სურვილით გადასცა რუსეთს, როცა ხელი მოაწერა უსაფრთხოების საკითხებზე ბუდაპეშტის მემორანდუმს. ბირთვული ძალა უკრაინამ გაცვალა სუვერენიტეტსა და პირობაზე, რომ რუსეთი „თავს შეიკავებდა ძალის გამოყენებისა ან ამით დამუქრებისგან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“.

იმ დროს ეს შეთანხმება ხელსაყრელად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა უკრაინის ბევრი კანონმდებელი მწარედ ნანობს მაშინ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღიარებს გარემოებას, რომელიც, მაგალითად, ინდოეთმა და პაკისტანმა კარგად გაითავისეს ათწლეულების განმავლობაში - რომ რაკეტები ყველა ხელშეკრულებაზე უფრო ძლიერი ფაქტორია საკუთარი ტერიტორიის დაცვის საქმეში. „თუ ბირთვული იარაღი გაქვს, შენს ტერიტორიაზე არ შემოიჭრებიანო“, - უთხრა უკრაინელმა დეპუტატმა პავლო რიზანენკომ USA Today-ს.

შესაძლოა დადგეს დღე, როცა ბირთვული იარაღის დათმობის  გადაწყვეტილება ინანონ ბუდაპეშტის ხელშეკრულების სხვა ხელმომწერებმაც - ბელორუსიამ და ყაზახეთმა. პარალელურად, ირანი და ჩრდილოეთი კორეა, სავარაუდოდ, თავიანთ ბირთვულ ამბიციებს არ დათმობენ, გლობალური ზეწოლის მიუხედავად. 

2. შეთანხმებებს აზრი არ აქვს
ეს პუნქტი ზემოთ განხილული საკითხიდან გამომდინარეობს. ბუდაპეშტის ხელშეკრულებამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივმა წევრმა დაამტკიცა, ვლადიმირ პუტინს ვერანაირად ვერ შეუშალა ხელი ყირიმის დაკავებაში. რუსეთის პრეზიდენტის არგუმენტაციით, მემორანდუმს ძალა აღარ აქვს, რადგან კიევში ამჟამად განთავსებული მთავრობა იქ „გადატრიალებით“ მოხვდა და მოსკოვის თვალში არალეგიტიმური რჩება.

ბუდაპეშტის შეთანხმებამ არც მის დასავლელ ხელმომწერებს - აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს - უბიძგა მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო ფორმით მოქმედებისკენ. შეთანხმება მოიცავს დაპირებებს, თუმცა უსაფრთხოების სფეროში რეალურ გარანტიებს არ ითვალისწინებს. საამისო მზაობა ვაშინგტონსა და ლონდონს არ აღმოაჩნდათ - არც მაშინ და არც ახლა.

ყირიმის ანექსირებით რუსეთმა, რეალურად, რამდენიმე ხელშეკრულება დაარღვია - მათ შორის, გაეროს ქარტია, ევროპის საბჭოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქარტია, 1975 წლის ჰელსინკის ხელშეკრულება, 1997 წლის ორმხრივი ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის. ამასთან, დაირღვა ახლახან გახანგრძლივებული შეთანხმება, რომელიც რუსეთს შავ ზღვაზე ბაზების ყოლის უფლებას აძლევს, მაგრამ არ ითვალისწინებს დამატებით ათასობით სამხედროს შეყვანას.

3. ეთნიკური წმენდა მუშაობს
ტერიტორიის დაკავება თუ მართლა გსურს, საამისოდ საუკეთესო გზა იქნება ადგილობრივი ხალხი მოაშთო და თავად იქცე ახალ უმრავლესობად. ეს ტაქტიკა წარმატებით იქნა გამოყენებული ამერიკელი ინდიელების წინააღმდეგ,  მუსლიმებისა და ხორვატების წინააღმდეგ ბოსნიაში და მილიონობით არასლავის წინააღმდეგ, რომლებიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ.

1944 წელს ყირიმიდან იძულებით გაასახლეს  200 ათასზე მეტი თათარი, ნაცისტებთან კოლაბორაციის ყალბი საბაბით. მათი ადგილის დასაკავებლად იქ ასიათასობით ეთნიკური რუსი ჩაასახლეს. ამით საბოლოოდ განმტკიცდა მოსკოვის გავლენა - ნახევარკუნძული იმპერიული ცენტრის ერთგული გახდა. 1980-იან წლებში, როცა თათრებმა ყირიმში დაბრუნება დაიწყეს, ისინი უმცირესობის წევრებად იქცნენ. ახლა - რეფერენდუმზე ნაჩვენები 97 პროცენტიანი შედეგით - რუსეთს შეუძლია თქვას, რომ „დემოკრატიული“ მონაცემებით ხელმძღვანელობს ყირიმის დაკავებისას. რიცხვები, როგორც ცნობილია, არ იტყუება. 

4. თუ გიჯერებენ, ესე იგი არ ცრუობ
ადოლფ ჰიტლერიც და მისი პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსიც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ე.წ. „დიდი სიცრუის“ ცნებას - ისეთი მასშტაბის ტყუილს, რომლის დაჯერება უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე იმის წარმოდგენა, რომ მის ავტორს ასეთი სიცრუის შეთხზვა შეეძლო.  პუტინმა, რომელსაც „კაგებეს“ სკოლამ  და ბოლო პერიოდში, როგორც ამბობენ, პლასტიკურმა ქირურგიამ  სახის გამომეტყველების დამალვა ასწავლა, რამდენიმე ასეთი დიდი და უამრავი პატარა სიცრუე გამოიყენა ყირიმთან მიმართებით თავის კამპანიაში: 

1) რუსების უფლებები ირღვევა;
2) პუტინს სწყინს, რომ რუსების უფლებები ირღვევა;
3) კიევში ძალაუფლება ფაშისტებმა ჩაიგდეს ხელში;
4) სიტუაცია ისეთი ცუდია, რომ თავად უკრაინელები მირბიან რუსეთში;
5) უკრაინაში რუსეთის სამხედროები არ შესულან;
6) „ჩვენ ყირიმის ანექსირების საკითხს არ განვიხილავთ“.


მაშინაც კი, როცა ასეთი განცხადებების სიცრუე ადვილად დასამტკიცებელი  იყო, - მაგალითად, ყირიმში რუსეთის სამხედროები საკუთარ თავს ღიად წარუდგენდნენ ხოლმე ჟურნალისტებს, - ტყუილმა თავისი საქმე მაინც გააკეთა. ამასთან, ამ ალტერნატიული ნარატივის გავრცელება მნიშვნელოვნად გააიოლა რუსეთში დარჩენილი რამდენიმე თავისუფალი საინფორმაციო წყაროს ჩახშობამ.

5. ბაზარს მორალი არ აქვს
ეს ჯერ სოჭის ოლიმპიურმა თამაშებმა შეგვახსენა, როცა ისეთმა სპონსორებმა, როგორიცაა მაკდონალდსი, კოკა-კოლა და პროქტერ & გემბლი, მოგების დაკარგვის შიშით, უარი თქვეს რუსეთზე ზეწოლა მოეხდინათ ჰომოსექსუალთა უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონების გამო. უკრაინის კრიზისთან მიმართებით ბაზარი ასევე ინერტული ჩანს. სანამ ევროკავშირი და აშშ დააწესებდნენ სანქციებს, არც ერთ კომპანიას თუ მთავრობას არ გამოუთქვამს სურვილი ყირიმის გამო რუსეთი, სიტყვების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯით დაესაჯა. არადა, მხოლოდ 2013 წელს რუსეთიდან 63 მილიარდი დოლარი გავიდა შვეიცარიის ბანკებში, კარიბის ოფშორულ ანგარიშებსა და ლონდონის, მანჰეტენისა თუ სამხრეთ საფრანგეთის ფეშენებელურ უძრავ ქონებაზე.

ეკონომიკურმა პრობლემებმა მნიშვნელოვნად გაართულა დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობა გამოსულიყვნენ მორალური ღირებულების დამცველებად. ეს ქვეყნები არა მხოლოდ რუსეთის ინვესტიციებზე არიან დამოკიდებული, არამედ პოტენციურად კავშირები აქვთ ამ ინვესტიციების უკან მდგომ მაფიურ ქსელებთანაც. უკრაინის კრიზისმა რუსეთის ორი ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკას გარკვეული დანაკარგი მოუტანა - ყირიმის ანექსირების პირდაპირი ფასი, სულ მცირე, 3 მილიარდ დოლარამდეა. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ეს სანქციები რა გავლენას იქონიებს ევროკავშირისა და აშშ-ის ეკონომიკებზე.

6. პატრიოტიზმი კარგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის საშინლად, საშინლად ცუდი რამ არის
პუტინმა ხელისუფლებაში ყოფნის უმეტესი დრო მიუძღვნა რუსეთის ეროვნული იდენტობის აღორძინებას - სტალინის რეინკარნაციას, მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებას, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ღია სინანულს, მსოფლიო ასპარეზზე პოზიციების გამყარებას და საბჭოთა ინტერნაციონალიზმის სულ უფრო და უფრო ნაციონალისტური ტენდენციებით ჩანაცვლებას. ეროვნული იდეის აღორძინება-გაძლიერების დიდმა პროექტმა რუსეთის ლიდერს მნიშვნელოვნად გაუადვილა იმ არგუმენტის გამყარება, რომ ყირიმის დაკავება არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ აუცილებელი ნაბიჯი იყო. ყირიმის და მისი ხალხის განსაცდელში დატოვება „ღალატის ტოლფასი“ იქნებაო, აცხადებდა პუტინი.

მაგრამ თავის ქვეყანაში პატრიოტული სანტიმენტებით მანიპულაციის ფონზე, პუტინმა უკრაინის სურათი დაამახინჯა და ევრომაიდნის საპროტესტო აქციები შიშის დასათესად გამოიყენა. უკრაინის ძალებს, რომლებმაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პროდასავლური დროებითი მთავრობით შეცვალეს, ვლადიმირ პუტინი უწოდებს ნაციონალისტებს, ნეონაცისტებს, რუსოფობებს და ანტისემიტებს.

ეს ტაქტიკა, პოტენციურად, სხვაგანაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. მაგალითად, რუსეთმა შეიძლება რუსი „პატრიოტების“ დაცვა გადაწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩრდილოეთ ყაზახეთში ან სხვა ადგილებში.