“პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან გამძაფრებული მაქვს. ყოველთვის ოპოზიციაში ვიყავი, ახლა კი, პოზიციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ზოგჯერ მავიწყდება, რომ პოზიციაში ვარ და მინდა, ძველებურად ვიაქტიურო”, - ამბობს ისნის რაიონის “ოცნებელი” მაჟორიტარი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რეჟისორი ნუკრი ქანთარია, რომლის სახელსაც თელავის თეატრის ოქროს ხანა უკავშირდება... მაშ ასე, რატომ გაცვალა გენიალურმა რეჟისორმა თეატრი პოლიტიკაზე, რა კავშირი ჰქონდა “მხედრიონთან”, მფარველობს თუ არა თეატრისა და კინოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ გოგი მარგველაშვილს და რას ფიქრობს შვებულებაში გასულ კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიაზე?
- ბატონო ნუკრი, როგორ ხართ? ამასწინათ, მე და ჩემი მეგობრები ვლაპარაკობდით, ქანთარია მშვენიერი რეჟისორი იყოო. ჰოდა, პოლიტიკაში რატომ წახვედით?
- არ ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიის მიღმა ვარ დარჩენილი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ჯგუფი მყავს... სხვათა შორის, 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ სახელმწიფო თეატრში კარი მქონდა დაკეტილი და თუკი ვინმეს აზრად მოუვიდოდა, ქანთარია ხომ არ მოვიწვიოო, ეს აზრი მაშინვე უქრებოდა, რადგან თეატრში ამ ადამიანსაც აღარ გააჭაჭანებდნენ. ერთხელ, მახსოვს, ახლობელმა მითხრა, ჩვენთან სპექტაკლს ხომ არ დადგავდიო. მივუგე, ჯერ ზემოთ შეათანხმე, რომ არ მოგხსნან-მეთქი. ეტყობა, შეათანხმა და აღარაფერი უთქვამს.
- “ნაციონალებისთვის” მიუღებელი რატომ იყავით?
- ცალკე თემაა, კარგია თუ ცუდი, მაგრამ იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომ ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო და 1978 წლიდან ასე ვარ. თავიდანვე ვიცოდი, “ნაციონალების” სახით ვინც მოდიოდნენ...
- პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ალბათ, ხვდებოდით, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა და თეატრების კარიც გაიღებოდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატობა გადაწყვიტეთ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს კენჭი ისნის რაიონში იყარეთ. რატომ?
- მეცნიერებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა და სხვა პროფესიის ადამიანებმა “ქართული აკადემია” დავაარსეთ. ეს ის პერიოდია, როცა ფოთოლიც არ იძვროდა და ვფიქრობ, საზოგადოებაში იმის მუხტი შევიტანეთ, რომ ხმის ამოღება და სიმართლის თქმა იყო საჭირო. ალბათ, ისიც გახსოვთ, მთელი პოლიტიკური სპექტრი “ქართულ აკადემიაში” რომ იკრიბებოდა... 2011 წელს, როცა ე.წ. ოპოზიციური ექვსეული დაიშალა, სრული სიჩუმე დადგა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და გვერდზე ვერ გავიდოდი... მთელი ქვეყანა მოვიარეთ. შემომთავაზეს, რომ ისნის რაიონში კენჭი მაჟორიტარად მეყარა და ამ გადამწყვეტ ბრძოლაში დღემდე ჩართული ვარ.
- ბატონო ნუკრი, გლობალურ პრობლემებზე არაფერს გკითხავთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ე.წ. ჩარეცხილობის პერიოდი დამთავრდა, ხელოვანი ხალხისთვის რამე შეიცვალა?
- კი, როგორ არ შეიცვალა... ხელოვანი მიუღებელი აღარაა და, დამერწმუნეთ, რომ რაღაც სია აღარ არსებობს... ისიც შეიცვალა, რომ რაღაც იაფფასიან კონცერტებზე, ან ვიღაცის “ბლატით” მილიონები აღარ იხარჯება...
- რას ლაპარაკობთ, ბატონო ნუკრი! წლევანდელი საახალწლო კოცერტი მოგეწონათ?
- ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ისეთი იყო...
- იცით, ამ კონცერტზე კულტურის სამინისტრომ რა თანხა გამოყო? თუ არ ვცდები, - 200-ათასი ლარი. სხვათა შორის, მარინა ბერიძე და სხვები, ვინც ე.წ. შავი სიების შედგენასა და სხვა კულტურულ მაქინაციებში იყვნენ შემჩნეულნი, ისევ ძველ თანამდებობებზე მუშაობენ...
- კი, ფაქტია, რომ ისინი ისევ მუშაობენ, ხელი არავინ ახლო და რეპრესირებულები არ არიან.
- რეპრესიები რა შუაშია? თუკი ადამიანი დანაშაულშია შემჩნეული...
- ვანო, თუ დანაშაულია ჩადენილი, ამას პროკურატურა გამოიძიებს... სხვათა შორის, პროკურატურა ნელ ტემპში მუშაობს, მაგრამ მაგალითად, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პროცესები დაწყებულია და შევხედოთ... ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი იქნება თუ საბანკო, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პროკურატურა ყველას მიაკითხავს...
- ესე იგი, ბატონო ნუკრი, ამტკიცებთ, რომ ცხოვრება წინ ნელ-ნელა მიდის, არა?
- ერთმა ამომრჩეველმა მითხრა, დიდი მადლობა, რომ ამოგვასუნთქეთ, მაგრამ ჩასუნთქვაც ხომ გვინდაო. ახლა სწორედ ეს “ჩასუნთქვის” პროცესი მიდის. საერთოდ, ადამიანს ამოსუნთქვაც სჭირდება და ჩასუნთქვაც. შიში გაქრა, მაგრამ რეჟიმი როგორც წავიდა, თავი სხვა პრობლემებმა ამოყვეს.
- რეჟიმი წავიდა? - “ნაციონალების” იდეოლოგები, მაგალითად, რამაზ ნიკოლეიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ახლახან გარემოს დაცვის პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა, თან კონკურსის გარეშე... ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ხალხი ხუმრობს, თუ გინდა, რომ სამსახური იშოვო, აუცილებლად “ნაციონალი” უნდა იყოო...
- (იღიმება) თქვენ და კიდევ ბევრი ამას ამბობთ, “ნაციონალებს” კი სხვა პრეტენზია აქვთ, აი, სამსახურიდან 5-ათასამდე ადამიანი გაუშვით, დააწიოკეთ და ახლა დეპუტატებზე გადახვედითო...
- ბატონო ნუკრი, კონკრეტული ფაქტი დაგისახელეთ...
- კი ბატონო, ამ ფაქტზე შეიძლება, რეაგირების მოხდენა...
- მეორე ფაქტი - მარინა ბერიძე...
- არ შეიძლება, ადამიანი, თუ დანაშაული არ აქვს ჩადენილი, მხოლოდ იმიტომ, რომ “ნაციონალების” დროს მუშაობდა, უსამსახუროდ დარჩეს...
- ეს არ მითქვამს, მაგრამ საჯარო სამსახურში ადამიანები კონკურსებით უნდა ინიშნებოდნენ...
- კონკურსები გამოცხადდება... დღევანდელი პოლიტიკა ასეთია: დავნიშნოთ საუკეთესოები!
- უკაცრავად, ოლეგ იაძე საუკეთესო იყო?
- ოლეგ იაძე ვინ არის?
- კასპის ყოფილი გამგებელი...
- (იცინის) პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კოლორიტული პიროვნება აღმოჩნდა. მგონი, თანამდებობა დატოვა... ნუ დავივიწყებთ, რომ გადავრჩით, თორემ ჩვენთან შეიძლება, გაცილებით უარესი მომხდარიყო, რაც დღეს უკრაინაში ხდება... სწორედ ამიტომაცაა დასაფასებელი ბიძინა ივანიშვილი, რომ პროცესები არჩევნებისკენ წაიყვანა და, თუ ქვების ერთ სროლას არ ჩავთვლით, არჩევნები მშვიდობიანად დამთავრდა. “ნაციონალები” ამბობენ, აი, ხელისუფლება ხომ გადმოგეცითო. რომ არ გადმოეცათ, სად მიდიოდნენ? - საშინელებისკენ! ხაშურის ინციდენტი სწორედ ამას მოწმობდა. მოკლედ, პრეცედენტი შევქმენით, რომ ხელისუფლებები არჩევნებით უნდა შეიცვალოს და ეს უდიდესი მონაპოვარია! არჩევნებიდან მეორე-მესამე დღესვე თავი პრობლემებმა ამოყვეს, მაგრამ ადამიანებს იმის პირობა შევუქმენით, რომ თავისუფლად ილაპარაკონ! სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნებმა ისე ჩაიარა, რომ ერთი “ბწკენა” არ ყოფილა.
- სიტყვამ მოიტანა და, პეზიდენტი სად არის?
- თბილისშია...
- მიშას ავლაბრის რეზიდენცია არ მოგწონდათ, მაგრამ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იქ უცხოური დელეგაცია მაინც მიიღო...
- იმიტომ მიიღო, რომ თავისთან სივრცე არ ჰყოფნის... ვანო, თქვენი სტილი კარგადაა ცნობილი და ამაში ნიჭიერი კაცი ხართ, მაგრამ უცებ მეკითხებით, პრეზიდენტი სად არისო და ქვეტექსტი გასაგებია...
- ქვეტექსტებით საუბარი არ მჩვევია... ისე, მშვიდობის ხიდი მომწონს, თქვენ?
- მოგწონთ? ხიდი თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ თუ სხვაგან იქნება, სადაც პოლიციის შუშის შენობაა... ახლა, ჩვენ თემიდან თემაზე გადავდივართ...
- ვცდილობ, ის გათქმევინოთ, რაც მე მინდა... მოკლედ, გავიგე, რომ შიში მოიხსნა...
- ადამიანები თავისუფალნი გახდნენ, რეჟიმი წავიდა და როგორც კი რეჟიმი წავიდა, თავი პრობლემებმა ამოყვეს, ყველას პრეტენზია აქვს და ეს, ერთის მხრივ, ძალიან კარგია. სასამართლოშიც “ნაციონალების” კუდებია დარჩენილი, თორემ ვერ მეტყვით, რომ ვინმემ მოსამართლეს დაურეკა... როცა ეკონომიკა თავისუფლებას ვერ ეწევა, ეს კონფლიქტს წარმოშობს ხოლმე და დღეს ძირითადად სოციალური პრობლემები გვაქვს, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა წინ წავა... მაგალითად, იგივე ჯანდაცვის სისტემა, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი: აქ რომ მოვედი, საშინელი რიგები იდგა და 90 პროცენტი დაავადებული ხალხი იყო, იქნებ, როგორმე საავადმყოფოს კარი გამიხსნაო და ვწერდი სერგეენკოს წერილებს, შენი ჭირიმე, როგორმე დავაფინანსოთ-მეთქი, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის ამუშავების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ახლა ისეთი სათხოვარით მოდიან, რომელიც ჯანდაცვის სისტემას საერთოდ არ ეხება. დაზღვევა ხალხისთვის, მართლაც, დიდი შვებაა, მაგრამ შიგნით, მენეჯმენტის თვალსაზრისით, ვერტიკალია გასასწორებელი და ამის შესახებ სერგეენკოსთვისაც მითქვამს.
- საყოველთაო ჯანდაცვა და პაციენტზე ზრუნვა კარგია, მაგრამ მედპერსონალმა რა დააშავა - სახელმწიფო ჯადაცვის ობიექტებს დაზღვევის თანხას თვეობით არ უხდის, რის გამოც საავადმყოფოები და პოლიკლინიკები ლამის დახურვის პირას არიან...
- შეიძლება, გარკვეულწილად ხარვეზები არის... მოლოდინი დიდი იყო... ერთია წარმოსახვით შექმნილი რეალობა და მეორე - ნამდვილი, რომელსაც წავაწყდით. მეც მეგონა, რომ პრობლემებს გაცილებით ადვილად მოვერეოდით, მაგრამ ასე ადვილი არ აღმოჩნდა. მესმის, რომ რეალობა მძიმეა, მაგრამ ის, ვინც განსხვავებას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან - ყრუ... ხალხი გაჩუმებული რომ იყოს, რა გამოვა?.. სხვათა შორის, წინსვლაა სოფლის მეურნეობაში...
- გეთანხმებით, რომ “რთველი 2013”, მართლაც, ბრწყინვალედ ჩატარდა.
- ხომ გვახსოვს, რთველს სამხედროები რომ ატარებდნენ?!
- რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს თბილისში გზები გაფუჭდა...
- ამას მეც ვატყობ, მაგრამ ეს ცენტრალური ხელისუფლების ბრალი არ არის. მერიასა და გამგეობაში ისხდნენ, სხედან და 15 ივნისამდე ისევ ისინი ისხდებიან, ვინც ეს პრობლემები დააგროვეს. ბრძოლა არ დამთავრებულა - იყო ერთი ოქტომბერი, მეორე და ახლა იქნება 15 ივნისი, სადაც გარდატეხა თუნდაც თბილისის მასშტაბით უნდა მოხდეს და ამის შემდეგ ქალაქზე პასუხისმგებლობას მთლიანად “ქართული ოცნება” აიღებს. აქამდე, ხომ იცით, რომ ეს ასე არ იყო?
- დიახ, ვიცი... ბატონო ნუკრი, ბოლო თვეებია ტკბილეულს ვერიდები, თორემ უფრო ტკბილ შეკითხვებს დაგისვამდით... ისე, მიშამ ცოდვები რომ მოინანიოს, “ოცნებაში” მიიღებთ?
- არა! ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, სამართალი, ადრე თუ გვიან, მიაკითხავს!
ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მაქინაციებს არ დავიწყებთ და რაც ვთქვით, 50 პლუს ერთი...
- ეს თქვენ კი არა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, თორემ მანამდე “ოცნება” ამ ფორმულირების წინააღმდეგი იყო... საერთოდ, ირაკლი ღარიბაშვილი კაი ტიპია...
- ძალიან ნიჭიერი კაცია და თავი ღირსეულად უჭირავს, აშშ-იც ღირსეულად ეჭირა და წარმატებული ვიზიტი ჰქონდა... ჩვენი მთავარი ამოცანა, ერთის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება და, მეორეს მხრივ, ისაა, რომ საარჩევნო ველში ისეთი არაფერი იყოს, მერე რაღაცები თქვან...
- ეჭვი არ მეპარება, რომ პრემიერი არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებს, მაგრამ, ბატონო ნუკრი, იცით, რა არის უხერხული? - ჩვენი ძალიან მაგარი პრემიერის გვერდით ისეთი მინისტრიც რომ მუშაობს, რომელიც გასუქდა და შვებულებაში გასახდომად გავიდა. საყდრისსა და სამინისტროსგან დაფინანსებულ რუსული რომანსების საღამოზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ თქვენ, როგორც ხელოვანმა, დამისახელეთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გურამ ოდიშარიამ, როგორც კულტურის მინისტრმა მიიღო!
- პროექტებს გულისხმობთ?
- დიახ...
- ალბომი აქვთ გამოშვებული, სად რა გააკეთეს, მაგალითად, თელავში ბატონის ციხის მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ წვრილ-წვრილი ხანძრების ჩაქრობას მოუნდნენ...
- ამ ხანძრებს ოდიშარია და მისი გუნდი, ვეჭვობ, მიზანმიმართულად აჩენდნენ...
- არა, იქ ხანძრები დახვდათ და ვერ ვიტყვი, რომ არაფერი გაუკეთებიათ...
- კონკრეტული გაკეთებული საქმე მითხარით!
- გითხარით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კულტურის სტრატეგია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უნდა შეექმნათ და ამბობდნენ, ვმუშაობთო, ჯერჯერობით არ გამოიკვეთა...
- ამ სტატეგიაზე, ალბათ, 160 კილოგრამი ყავის თანხლებით მუშაობდნენ!
- ახლა, თქვენ ძალიან აშავებთ...
- მე კი არ ვაშავებ, ოფიციალურად გამოქვეყნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში, კულტურის სამინისტრომ 10 ათასი ლარის ყავა შეიძინა...
- 10 ათასი ლარის ყავა იყიდა?.. გავერკვევი, ამდენი ყავა რა ამბავია? ხომ იცით, ბევრი არაფერი ვარგა...
- ბევრი რომ არაფერი ვარგა, მინისტრი ამიტომაც გასუქდა და შვებულებაში გავიდა!
- გურამ ოდიშარია კეთილი და თავის საქმეში ძალიან ნიჭიერი კაცია... გადაწყვეტილების მიღებაში ზედმეტად ლოიალური იყო...
- ბატონო ნუკრი, “ნაციონალებს” ოდიშარიას მსგავსი მინისტრი რომ ჰყოლოდათ, ხომ არ გაჩუმდებოდით? ახლა კი, აქ დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ, არა!
- თავისუფალი პიროვნება რომ ვიყო, რა თმა უნდა, შეიძლება, სხვანაირად მელაპარაკა, მაგრამ ახლა გუნდის წევრი ვარ, გურამ ოდიშარიაც ჩვენი გუნდის წევრია და ვცდილობ, რომ...
- დაიცვათ, არა?
- აქ დაცვას სად ხედავთ? მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, გარდა იმისა, რომ ნელი ტემპია. ისე, კულტურა ძალიან რთულია - ყველას აქვს პრეტენზია, მე უფრო ნიჭიერი ვარ, რატომ ჩემი პროექტი არ დააფინანსეთო. ბატონი გურამი კი ყველას ეუბნებოდა, კი ბატონოო, მაგრამ რეალობა სხვა იყო და ისინი ნაწყენები რჩებოდნენ... სხვათა შორის, კულტურის კანონზე ვმუშაობთ...
- ბატონო ნუკრი, კიდევ ერთი უხერხული შეკითხვა უნდა დაგისვათ და ხომ არ გამიბრაზდებით?
- არა...
- ამბობენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი მარგველაშვილს მფარველობთ...
- ძალიან კარგია, რომ ეს თემა შემოიტანეთ. მფარველობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვმფარველობ პროფესიონალიზმს. მართალია, გოგა მარგველაშვილი ჩემი თანაკურსელია, მაგრამ დამერწმუნეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის აღმოჩნდა, ერთის მხრივ, ძალიან კარგი პედაგოგი. მეორეს მხრივ კი, “ნაციონალების” დროს არავითარ პოლიტიკაში არ ჩარეულა. მისი გაგდება უნდოდათ და, ბოლოს, გააგდეს იმიტომ, რომ მათ შენობების გაყიდვა უნდოდათ. შარი რომ ვერაფერი მოუდეს, აიპ-ებად გადააკეთეს, საქმე სასამართლოში იყო და ეს კაცი გააგდეს, მოიყვანეს უმწიფარი ბავშვი, მგონი, ნოე ერქვა, გვარი დამავიწყდა და სულ სამი-ოთხი თვე იყო. როცა 2012 წლის ამბები მოხდა და ხელისუფლება შეიცვალა, აკადემიური საბჭო შეიკრიბა და, ვინ აძალებდათ, ისევ გოგა მარგველაშვილი აირჩიეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
- როგორც ვიცი, თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს, მარინა მიქაუტაძეს გოგი მარგველაშვილის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში აქვს შეტანილი და საუბარი, თუ არ ვცდები, ფინანსურ დარღვევებზეა...
- ყველაფერს დავიჯერებ, მაგრამ ის, რომ მარგველაშვილი ციფრების საკითხებში ძალიან პედანტურია...
- შეიძლება, მაგრამ ამ დოკუმენტებს რა ვუყოთ?
- ამას გამოვრიცხავ, რადგან იქ ვმუშაობ და ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, რამე არ ვიცოდე და თუ რამეა საპროკურატურო, მოვიდეს პროკურატურა და შეამოწმოს. გეუბნებით, ეს შეთითხნილი ამბებია. უბრალოდ, ხალხის განაწყენებაა... შეიძლება, ვიღაც გასაშვები არ იყო და გაუშვა, რაღაც შეცდომები მოხდა, მაგრამ...
- პროკურატურამ კორუფციული მაქინაციები რომ დაასაბუთოს?
- ამაში მარგველაშვილის წილი არ იქნება. კაპიკი რომ კაპიკია, ის კაცი არ არის, რომ გვერდზე გადაედო. გოგა მარგველაშვილი ხელმეორედ აირჩიეს და რადგან შუალედში სხვა იყო, კანონი აძლევდა საშუალებას, რომ კენჭი ეყარა. არჩევნებზე სრული გამჭვირვალობა იყო, ყველაფერი კამერების წინ მოხდა, ქალბატონმა მიქაუტაძემაც იყარა კენჭი და გოგა ჩართოლანმაც, ჩართოლანმა ორი ხმა მიიღო, მარგველაშვილმა - მეტი, იმან - ვერაფერი...
სხვათა შორის, სამინისტრომ გამოყო თანხა და კინოინსტიტუტმა შეიძინა უახლოესი აპარატურა - სამონტაჟოები, რაც, თუ არ ვცდები, მილიონამდე დაჯდა. დღეს სასწავლებელს თანამედროვე ტექნიკა აქვს. ახლა სტუდიაზეცაა ლაპარაკი. სამინისტრო, ასევე, მონაწილეობს სასწავლო თეატრ “სპარტაკის” რემონტში, რომელიც ჩაქცეული იყო...
- ყოჩაღ, გურამ ოდიშარიას! აი, ხომ ხედავთ, კარგის დანახვაც შემიძლია!..
ბატონო ნუკრი, კიდევ ერთი უხერხული შეკითხვა: “მხედრიონელი” მართლა იყავით?
- ვანო, ამაზე ინტერვიუ ადრეც გავაკეთეთ და მაშინაც გითხარით, რომ როგორც ასეთი, “მხედრიონელი” არ ვყოფილვარ და არც იარაღი მჭერია. ამას “ნაციონალები” ამბობენ და გაკვირვებული ვარ, რომ თქვენც იმეორებთ. ჯაბა იოსელიანი, რომელიც “მხედრიონს” ედგა სათავეში, ახლობელი იყო... იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი და რაღაც პროცესებში, როცა საჭირო იყო, მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ რაღაც ფორმირებაში არ ვყოფილვარ და ამაზე ლაპარაკი მოსაბეზრებელია!..
- ბატონო ნუკრი, წელიწადნახევარია, ისნის მაჟორიტარი ხართ. რამდენჯერ იყავით, მაგალითად, მეტრომშენში?
- ხალხი ძირითადად ბიუროში მოდის და როცა ქუთაისში არ ვარ, აქ ვარ ხოლმე. კარი მუდამ ღიაა, რამდენიმე იურისტი მყავს, რომელიც ხალხს იღებს... ვერავინ იტყვის, რომ ჩემი პოვნა რთულია. იმაზეც კი მირეკავენ, ეზოში გველი შემოვიდა და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო... ზოგჯერ ისეთ რამესაც მეუბნებიან, რომ ჩემს კომპეტენციას სცილდება. მაგალითად, ერთმა ქალბატონმა მთხოვა, ერთი ბინიდან მეორეში გადავდივარ და იქნებ, ავეჯის გადაზიდვაში დამეხმაროო.
- ავეჯის გადაზიდვას არა, მაგრამ როგორც ისნის რაიონის მკვიდრი, როგორც დეპუტატს, გთხოვთ, ჩემს კორპუსს მიხედოთ, თორემ უბედურება მოხდება - დაინგრევა და რვა ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება!
- მეზობლებმა, იქნებ, ერთობლივი წერილით მომმართონ, მდგომარეობა ახსნან და ჩემი მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდება... ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი, სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ, რადგან საქმე ჩემს თანამოაზრეებთან მექნება.
- ისე, ბატონო ნუკრი, რომ გითხრათ, პირველი ოქტომბრის არჩევნებში ხმა თქვენთვის არ მომიცია-მეთქი, ჩემს კორპუსს მაინც მიხედავთ?
- რა თქმა უნდა...
- რომ იცოდეთ, ხმა არც თქვენს “ნაციონალ” კონკურენტ გიორგი ვაშაძეს მივეცი...
- თუნდაც მიგეცათ! ეს ამბავი დამთავრდა. ხალხს ამის მიხედვით “ნაციონალები” ეხმარებოდნენ. ამომრჩეველი ამომრჩეველია, პრობლემა კი, - პრობლემა! სხვათა შორის, ისნის რაიონში უამრავი ავარიული სახლია, საიდანაც ხალხი არ და ვერც გამოდის. ზოგი სახლი რესტავრაციას ექვემდებარება, მაგრამ ძირითადად, დიდი პროექტია საჭირო, რომლითაც ინვესტორების მოზიდვა მოხდება. მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოსაწესრიგებელია. ისნის რაიონში მდიდარი მოსახლეობა არაა და უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ, რის შემდეგაც ამ პრობლემების გადაჭრაზე თანამოაზრეთა გუნდი ერთად ვიფიქრებთ!
- ბატონო ნუკრი, კიდევ ერთი პრობლემა მაქვს და უნდა დამეხმაროთ!
- აბა, მითხარით...
- ეგებ, გურამ ოდიშარიას დიეტა გამიგოთ, მინდა, წონაში მეც დავიკლო...
- წონაში დასაკლები არაფერი გაქვთ, მშვენიერ ფორმაში ხართ!.. ვნახოთ, ოდიშარია დაიკლებს თუ არა, მაგრამ აი, მაგალითად, გუბაზ სანიკიძემ დაიკლო...
- გუბაზ სანიკიძე გამქრალია და ვეღარ ვხედავთ, ალბათ, მილიონი იშოვა...
- არის ხალხი, ვინც დაიკლო და დიეტაზე მას შევეკითხოთ...
- ...პოლიტიკოს ნუკრი ქანთარიას რეჟისორი ნუკრი ქანთარია არ ენატრება?
- ამ საქმეს არ დავშორებულვარ და ამდენად, სანატრელი არ მაქვს. მეუბნებიან, სპექტაკლი დადგიო, მაგრამ სად დავდგა - რიკოთზე? ეს წანწალი ხელისშემშლელია. გადმოვალთ თბილისში და თუ იქნება საშუალება, ერთ სპექტაკლს დავდგამ! ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს არ ვარ მოწყვეტილი. სხვათა შორის, თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის ინსტიტუტი დაბრუნდა და ესეც მნიშვნელოვანია, რადგან თეატრის ხელმძღვანელი ისევ შემოქმედი გახდა. საერთოდ, თეატრების მდგომარეობა სახარბიელო არც ადრე იყო და არც ახლაა - უამრავი შენობა სარემონტოა, განსაკუთრებით, რაიონებში. არ შემიძლია, არ ვთქვა, თელავის თეატრს რაც უქნეს - შენობის წინ რაღაც სამარცხვინო მილებია ჩარჭობილი.
- კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილს ერთ-ერთი უფლებადამცველისთვის პრივატულ საუბარში უთქვამს, მსახიობები მონები არიანო. თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა! მსახიობები არაფერს გაპატიებენ! პროფესიონალი მსახიობი რთული ფსიქოლოგიური აგებულებისაა და მისი ბუნება ფაქიზია. მსახიობები გასაფრთხილებლები არიან და მონობაზე ლაპარაკი ზედმეტია!
P.S. დედას გეფიცებით, სუბიექტური არ ვარ, უბრალოდ, გამახსენდა, რომ ჩემი მეგობარი მინისტრი, ერთი კვირაა, დიეტაზეა...