პავაროტით მოხიბლული „გაის“ უფროსი

პავაროტით მოხიბლული „გაის“ უფროსი

ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნია. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

ჩვენებურებს ბატონი ბახუსის სამფლობელოში ხშირი სტუმრობა კი უყვართ, მაგრამ მედალს ორი მხარე გააჩნია. ალკოჰოლთან ჩახუტებულ ქართველებს საკუთარი მანქანების საჭესთან დაჯდომა ხშირად უწევდათ და უწევთ. დღეს „შემთვრალი“ თანამემამულეების წინააღმდეგ პატრული „იბრძვის“, უფრო ადრე კი ამ მისიას მათ წინამორბედები ანუ „უჩინარი“ პროფესიის ხალხი ასრულებდა. „უჩინარი“ ვახსენე და ალბათ გაიხსენებთ სოკოებივით მომრავლებულ ავტოინსპექტორებს. ამ პროფესიის ადამიანები ყოველთვის გაურკვეველ ადგილებში დამალულები გახლდნენ და „ბახუსის ეიფორიაში“ მყოფ თანამემამულეებს თავს მოულოდნელად ადგებოდნენ.

დღევანდელ საკვირაო წერილში ქართველი ხელოვანებისა და თბილისელი კოლორიტების „გაიშნიკებთან“ ურთიერთობის რამდენიმე გახმაურებული და ორიგინალური ისტორია მსურს გავიხსენო.

მსახიობ გიორგი გურგულიას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარს. ამ გატაცების გამო ავტოინსპექტორებთან „კონტაქტი“ ხშირად უწევდა. ქვემოთ მოყვანილი ამბავი მის ახლობლებს შეემთხვათ და გიორგი ამ შემთხვევას არაერთხელ იგონებს.

„ერთხელ, ჩემი სამი თბილისელი ძმაკაცი, რომ იტყვიან, კაი ბიჭები, ქუთაისში იყვნენ ჩასულები. იქ მაგარი პატივი სცეს, აჭამეს, ასვეს, დააბოლეს და უკან ბრუნდებიან. წამოსვლისას თან გამოატანეს მოსაწევი, გზაში ისიამოვნეთ ბიჭებოო. მოკლედ, გზაში ისე დაბოლდნენ, რომ მანქანა არ გაუჩერებიათ. ერთ-ერთი ცუდად გახდა და ძმაკაცს უთხრა, სადაც წყაროს დაინახავ, გამიჩერე, ძალიან ცუდად ვარო.

მოკლედ, დაინახეს წყარო, გააჩერეს მანქანა, ეს ტიპი გადავიდა. აზრზე მოსასვლელად პირზე წყალი შეისხა. გაიხედა, იქვე, სამთვლიანი მოტოციკლით ინსპექტორი ბიძა დგას. საწყალს გაფუჭებია მოტოციკლი და ვერ ქოქავს. ამ ტიპს სთხოვა, იქნებ ჩამიბათ მანქანაზე და ამა და ამ ადგილამდე მიმათრიოთო. ამანაც უარი არ უთხრა და ჩააბა მანქანას ისე, რომ მანქანაში მჯდომები არ გაუფრთხილებია. თვითონ ვერც წყალმა გამოაფხიზლა და მანქანაში რომ ჩაჯდა, ძმაკაცებს უთხრა, მე წამოვწვები, რაღაც ვერ ვარ კარგადო.

გააგრძელეს გზა. ერთმა გაიხედა უკან და დაიყვირა, არიქა, ბიჭო, ინსპექტორი „გვაზის კუდზეო“. მოუმატეს სიჩქარეს. გაიხედავენ, ისევ „კუდზე აზით“ ის ინსპექტორი. ისევ მოუმატეს სიჩქარეს, ისევ ეწევა. ბოლოს მოიფიქრეს და უცბად დაატორმუზეს. ინსპექტორი, თავისი სამთვლიანი მოტოციკლით, ჯერ მათ მანქანას შეასკდა, მერე ზემოდან გადააფრინდა და ხევში გადავარდა. გადმოცვივდნენ დაბოლილი ბიჭები, ეგრევე აზრზე მოვიდნენ, გადახედეს ხევში გადავარდნილ ინსპექტორს და გადასძახეს: რა გინდოდა, ბიძაჩემო, რას გვერჩოდი, შენი ცოდვაღა გვინდაო. იმან იქიდან ამოსძახა მიკნავებული ხმით: მე გერჩოდით თუ თქვენ მერჩოდით, რა გინდოდათ, თუ საქმე გამიკეთეთ და ჩამიბით, მოგეყარათ ბარემ მარილი და ბოლომდე მიგეყვანეთო“. 

მომდევნო ისტორიას ნაღდი თბილისელი კაცი, ბატონი ვახტანგ ცხადაძე მოგვიყვება.

„ალიკა კაკულიამ და „გაის“ უფროსმა გოგი ცინცაძემ ერთად იქეიფეს. ქეიფს რომ მორჩნენ, ალიკამ გოგი სახლში მიაცილა. მეცხრე სართულზე ცხოვრობდა გოგი. მოკლედ, გამობრუნდა უკან ალიკა და დიდუბეში არ გააჩერა მოტოციკლეტიანმა „გაიშნიკმა“?! უთხრა ნასვამი ხარო. ალიკას არ დაუმალავს, კი ბატონო, ნასვამი ვარო. ჰოდა, თუ ნასვამი ხარ, არ ვიცი არაფერი, ამ საქმეს 150 მანეთი უნდაო.

შეწუხებულა ალიკა, უთქვამს, მაგდენი არ მაქვს, აგერ 50 მანეთი მიდევს ჯიბეში, მოგცემ და გამიშვი სახლში მშვიდობიანადო. თავი გაუგიჟებია „გაიშნიკს“, ვერ გამოვა ეგ საქმეო. ალიკას უთქვამს, კარგი მაშინ, აგერ, ახლოს ცხოვრობს ჩემი სიდედრი, მივიდეთ და მასესხებსო. დათანხმებულა „გაიშნიკი“. მივიდნენ თურმე კორპუსთან და ალიკამ უთხრა, დააყენე ეგ შენი მოტოციკლეტი, ჩემი სიდედრი მეცხრე სართულზე ცხოვრობს, მე ავალ, შენ მერვეზე შეყოვნდი და ნელ-ნელა ამოდი, გული არ გაუსკდესო. შეთანხმებულან. მივიდნენ თურმე, ავიდა ალიკა, მისცა კარზე ზარი, მილიციელი ნელა მოუყვება კიბეს. უცბად გაიღო კარი, ზაფხულია და ეს „გაის“ უფროსი დგას „ტრუსიკში“. რომ დაინახა ალიკა, გადაირია - რა გინდა, ახლა არ დამტოვე სახლშიო? ამ დროს იმ „გაიშნიკის“ თავიც გამოჩნდა კიბეზე. ალიკას უთქვამს, გოგი, რა არის, იცი? აგერ რომ მოდის ეს კაცი, შენი თანამშრომელი ხომ არის, გამაჩერა და 150 მანეთი მომთხოვა, მე 50 ვაძლიე, არ ქნა და, იქნებ, მასესხო 100 მანეთი, ხვალ ჩაგასესხებო.

იქ ამბავი მომხდარა, მტრისას. იმ „გაიშნიკს“ რომ უცნია თავისი უფროსი, გიჟივით ჩაურბენია კიბე, ზორო რომ დაახტება ზემოდან თავის ცხენს, ისე შემოხტომია თავის მოტოციკლს და მოუცოცხავს იქიდან“.

სიტყვამ ბატონი გოგი ცინცაძე მოიტანა და ეს პიროვნება „ხელოვნების დიდი მოტრფიალე“ გახლდათ, უფრო მეტიც. ერთხელ გოგი ცინცაძეს ბედმა ცნობილ იტალიელ მომღერალ ლუჩანო პავაროტისთან ქეიფი არგუნა. ამ შემთხვევას კვლავ ბატონი ვახტანგ ცხადაძე გაიხსენებს.

„გოგი ცინცაძე იმ დროს საქართველოს „გაის“ უფროსი იყო. პაატა ბურჭულაძე ახალი გამოჩენილია სცენაზე. მოსკოვში ჩავიდა პავაროტი და, ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი გოგი, პაატა და პავაროტი ერთად მოხვდნენ სუფრასთან. ჩამოვიდა გოგი თბილისში და ყვება და ყვება, პავაროტიმ ეს ქნა, პავაროტიმ ის ქნაო, - გადაგვჭამა თავი საძმაკაცოს. ბოლოს, მივუტრიალდი და ვუთხარი: რა არის, კაცო, პავაროტის გარდა იქ ვერაფერი ნახე-მეთქი? გაეცინა და მიპასუხა: რა იყო, ბიჭო, ბოლოს და ბოლოს, „გაის“ უფროსი ვარ და „პავაროტს“ ვიტყვი, აბა არიების მე რა მესმისო“.

შემდეგი „გაიშნიკური“ მოგონება მომღერალ გია ნიკოლაძეს ეკუთვნის.

„ერთ დილას, მაგარ პახმელიაზე გავიღვიძე. გავიხედე, მეგობარი მირეკავს, თუმნიანი მაქვს და რამე ვქნათ, სახინკლეში დავსხდეთ და თუ ცოტა მაყუთს შენც დაითრევ, მაგარი ჩავუსხდეთო. მოკლედ, ხუთი მანეთი მეც ვიშოვე და მანქანა მოვქოქე. მაგარი ნამთვრალევი მივუჯექი საჭეს, თან ბენზინიც ცოტა მქონდა, ვიფიქრე, გზას მოვჭრი სახინკლემდე-მეთქი და მოძრაობის წესები დავარღვიე.

გავიხედე, არ გაჩნდა იმწუთას „გაი“? ბედი რომ არ გექნება კაცს. რაღას ვიზამდი. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ვუხსნი: ძმაო, მაგარ პახმელიაზე ვარ, თბილისელი კაცი არ ხარ? გამიგე, სახინკლეში მელოდება ძმაკაცი და გამიშვი-მეთქი. გაეცინა მილიციელს. მითხრა, კარგი, მართვის მოწმობა მომეციო. მივიჩხრიკ-მოვიჩხრიკე ჯიბეები, სად მაქვს „პრავა“. ვუთხარი, ძმაო, მოტყუებას აზრი არ აქვს, ალალად გეტყვი, არც „პრავა“ მაქვს, სამაგიეროდ, მაგარ ხაშზე დაგპატიჟებ, ფული კი ნასესხები მაქვს, მაგრამ გვეყოფა-მეთქი. გადახედა ორმა მილიციელმა ერთმანეთს, მერე მე შემომხედეს და მითხრეს, კარგი ძმაო, თბილისელი კაცი ხარ, ჩვენც ამ ქალაქში დავიბადეთ და გავიზარდეთ და თუ ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, აბა, სხვა ვინ გაგვიგებს, რომელ სახინკლეში მიდიხარ გვითხარი და ჩვენც მოვალთო. ვუთხარი, სადაც უნდა მოსულიყვნენ და დავშორდი.

მივედი სახინკლეში. იქ ორი ჩემი ძმაკაცი დამხვდა. ვუთხარი, ძმებო, ორ ადამიანს ველოდები კიდევ, ფული არ მაქვს, მაგრამ პასპორტი მაქვს, დავტოვებ და იქნებ, ნისიაზე წავუქეიფოთ, იმ ხალხთან ვერ შევრცხვები-მეთქი. არ მითქვამს ვის ველოდებოდი. მოკლედ, დავსხედით. უცებ, გაიღო კარი და შემოვიდა ორი მილიციელი. მე რომ დამინახეს ჩვენკენ წამოვიდნენ, ჩემმა ძმაკაცებმა ფერი დაკარგეს, გამოშტერდნენ. იფიქრეს, გიამ რაღაც დააშავა და ამ ინსპექტორებმა ახლა არ ჩაგვაშხამონ ქეიფიო. რა იცოდნენ, რისთვის მოვიდნენ. სუფრას რომ მიუსხდნენ, მერე მოვყევი ჩემი და ამ ინსპექტორების ამბავი.

მაგრად ჩავუქეიფეთ. ხუმრობდნენ, მერე რა, რომ ინსპექტორები ვართ, ჩვენც თბილისელები ვართ და კაი კაცი ყველა სტრუქტურაშიაო. ბოლოს ისე ჩამიძმაკაცდნენ, მეუბნებოდნენ, შენი გამჩერებელი ამ ქალაქში, ძმაო, ჩვენი გამჩერებელიაო. ნამდვილი ქალაქელი, თბილისელი ინსპექტორები იყვნენ, თავისი გაგებით და შეგნებით. ასე რომ, ბევრი ამბავი დადის „გაიშნიკებზე“, მაგრამ მათშიც იყვნენ ისეთები, რომლებიც კაცურობით, გაგებით და ნაღდი ქალაქელობით გამოირჩეოდნენ”.

დღევანდელ ისტორიებს ცნობილი თბილისელი ექიმი ლადო კახაძე დაასრულებს, რომელმაც ერთ აღდგომა დღეს, ერთ თანამემაულე ავტოინსპექტორს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა.

„ერთ აღდგომა დღეს, მეგობრებმა გადავწყვიტეთ ყველანი ერთად, ერთი ჩვენი მეგობრის სამთავრობო დაჩაზე შევხვედროდით ამ დღესასწაულს. წავედით ხორაგით დატვირთულები ჩემი მანქანით. ჩავედით და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გვაქვს და სააღდგომოდ პასქა დაგვავიწყდა. არადა, უპასქოდ როგორ შეიძლება. რომ ჩავედით, ჩავუქეიფეთ და ცოტა ნასვამი ვიყავი. ბიჭებს ვუთხარი: არა უშავს ნასვამი რომ ვარ, აქვე ცხოვრობს ჩემი მეგობრის ოჯახი, მივაკითხავ და ერთ პასქას გამოვართმევ, სიმბოლურად რომ გვედოს სადღესასწაულო სუფრაზე-მეთქი.

დავჯექი საჭესთან და წავედი. გავიხედე, ყვითელმოტოციკლიანი ინსპექტორი ბუჩქებშია ჩამალული. ვიფიქრე, ნასვამი ვარ, რომ გამაჩეროს, უნდა დამაჯარიმოს და ჯობია, მანქანა გავაჩერო და რამე მოვიფიქრო-მეთქი. ასეც მოვიქეცი, სადღაც ას მეტრში გავაჩერე მანქანა, გავაღე კარი და ცალი ფეხი მიწაზე გადმოვყავი. გავიხედე, ცოტა ხანში ინსპექტორი მომიახლოვდა. რატომ გამაჩერე-მეთქი, ვკითხე. გადაირია, მე კი არ გაგაჩერე, შენ გაჩერდი და მე მოვედი, ღმერთი რჯულიო.

შემატყო ნასვამი ვარ. გაიჭიმა მხრებში და მითხრა, ნასვამი ბრძანდები არა საჭესთანო. არ დავუმალე, სიმართლე ვუთხარი, დიახ, ნასვამი ვარ, მეგობრებთან ერთად, სამთავრობო „დაჩაზე“ ვარ ამოსული და სააღდგომოდ პასქა დაგვრჩა, ვიფიქრე აქვე მივალ ერთ-ერთ მეგობართან და გამოვართმევ-მეთქი. ხომ არ წამოგყვეო, მითხრა. ვუპასუხე, აქვეა და არ მინდა, დიდი მადლობა, რომ არ დამაჯარიმე-მეთქი. სახელი და გვარი ვკითხე ამ პატიოსან ინსპექტორს და დავშორდი. მოკლედ, მივიტანე პასქა დაჩაზე.

ჩვენთან ერთად, სუფრასთან იყო ავთო იოსელიანი. ვუთხარი, დღეს ასეთი და ასეთი ამბავი შემემთხვა ინსპექტორთან, მინდა, ის კაცი მოვიპატიჟო, შენ გავლენიანი კაცი ხარ, გამოიყენე ახლა ეს შენი ძალაუფლება და იქნებ ეს საქმე მოაგვარო-მეთქი. მართლაც, გადარეკა, არ გასულა ერთი საათი და ორმა ჩეკისტმა შემოიყვანა ოთახში ის კაცი ზოლიანი პიჟამათი და „შლოპანცებით“. რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა. წამოვხტი სუფრიდან, მივვარდი, გადავეხვიე, ჩავეხუტე, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე და მისი სადღეგრძელო შევსვი. სულ გადაირია ის ინსპექტორი. დაჯდა და მოყვა: ეს რა მიქენით, ვიწექი ჩემთვის სახლში მშვიდად, გავიხედე ცოლი შემოვიდა ოთახში და მითხრა, ჩეკისტები მოვიდნენ შენს წასაყვანადო. მერე ეს ორი ჩეკისტი რომ შემოვიდა და მითხრა, ადექი, ჩაიცვი უნდა წაგიყვანოთო, გული გამისკდა, ვიფიქრე დავიღუპე-მეთქი. რაღა მეცმებოდა, ასე ზოლიან პიჟამაში გამოწყობილმა დავღუნე თავი და გამოვყევი. მეგონა, სასაკლაოზე მივდიოდი და ამ დიდებულ სუფრაზე, ძვირფას საზოგადოებაში არ ამოვყავი ასეთ ფორმაში თავიო.

დღესაც ვიხსენებ იმ ადამიანს. არასდროს დამავიწყდება მისი პატივისცემა და ამ პატივისცემის გამო მისი შეშინებული თვალები“.