რუსეთმა ყირიმთან დაკავშირებული გეგმა სისრულეში მოიყვანა - ნახევარკუნძულის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა რეფერენდუმში, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს, მხარი ყირიმის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა. ამ ფონზე კრემლმა საქართველოსადმი ყურადღება თითქოს მოადუნა. სინამდვილეში კი, საკუთარი აგენტურა გაააქტიურა, რასაც სხვა თუ არაფერი, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საელჩოსთან ქართველი “რუსაპეტების” მიერ გამართული აქციაც - “ყირიმი რუსეთია!” - მოწმობს. პარალელურად, საქართველოში პუტინის რუსეთში მოღვაწე ემისრებიც ბრუნდებიან - ასლან აბაშიძის ვაჟის, გიორგი აბაშიძის ჩამოსვლამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარფის საბაჟოდან აჭარაში შესაძლოა, დავით ხალვაში, იგივე “ქელფეთა” შემოსულიყო. შესაბამისად, საბაჟოზე სამართალდამცავებმა მორიგეობა დაიწყეს, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამდა თუ არა, დააკავებდნენ.
მაინც, ვინაა დავით ხალვაში, ანუ “ქელფეთა” და როგორ იქცა პროფტექნიკური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე ჯერ ასლან აბაშიძის პირადი დაცვის უფროსად, შემდეგ კი, იმ ადამიანად, რომელიც მთელ აჭარას შიშის ზარს სცემდა? ისინი, ვინც “ქელფეთას” სისასტიკე თავის თავზე გამოსცადეს, დღესაც აცხადებენ, რომ “ქელფეთა” საქართველოში ვერასოდეს დაბრუნდება, რადგან თუ სამართალდამცავები გაუშვებენ, იმდენი გამწარებული ჰყავს, რომ ვინმე შურს აუცილებლად იძიებს და ცოცხალს არ გაუშვებს.
ოფიციალური ინფორმაციით, დავით ხალვაშის წინააღმდეგ საქმე 2005წელს, უკანონო სამხედრო ფორმირებებისა და “ჩემიაჭარისა” და “კმარას” საპროტესტო აქციების დარბევისთვის აღიძრა და დაუსწრებლად გაასამართლეს, მაგრამ ეს ბრალდება იმასთან შედარებით, რასაც “ქელფეთას” შესახებ აჭარაში ჰყვებიან, არაფერია.
- ეს იყო ადამიანი, რომლის შიშით ასლან აბაშიძის დროს, ცაში ფრინველი ვერ მოძრაობდა და მიწაზე - ჭიანჭველა, - განაცხადა “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ერთ-ერთმა აჭარელმა, რომელმაც გასაგები მიზეზის გამო, გვთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა, - ის აკონტროლებდა პურის, შაქრის, მარილის და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც აჭარაში მაშინ მუშაობდა. “ქელფეთა” ოფიციალური რეკეტი იყო, რომელსაც ყველა ბიზნესმენი ფულს უხდიდა და არა მარტო ბიზნესმენი.
- რას გულისხმობთ?
- როგორც ვიცი, ის აკონტროლებდა სახელმწიფო ჩინოვნიკებსაც და მათგანაც ითხოვდა ფულს. უფრო მეტს გეტყვით, მან საკუთარი მოგვარე და ბიძაშვილიც არ დაინდო და ფული მოსთხოვა.
- მისი ბიძაშვილი რა თანამდებობაზე მუშაობდა?
- ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოს უფროსი იყო. ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, მინდა, ისევ აჭარაში ვიცხოვრო. ერთი სიტყვით, ფული მოსთხოვა და შესაშინებლად ეზოში ძაღლი მოუკლა, რითიც აგრძნობინა, რომ არ დაინდობდა. ბიძაშვილმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და აჭარიდან თბილისში გადაიხვეწა. შინ კი, ასლან აბაშიძის საქართველოდან გაქცევის შემდეგ დაბრუნდა.
ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ამბობენ, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნოდარ იმნაძეს, 1991 წელს, ასლან აბაშიძის კაბინეტში სწორედ “ქელფეთამ” ესროლა.
- აბა, თავის დროზე რატომ ითქვა, რომ იმნაძეს აჭარის უშიშროების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა, ანზორ ჯაიანმა ესროლა?
- ანზორ ჯაიანი მკვდარია, ვერაფერს იტყვის და ეს საქმე ვიღაცას ხომ უნდა აჰკიდონ? ისე, ეს ერთადერთი მკვლელობა არაა, რომელსაც “ქელფეთას” უკავშირებენ, თუმცა მას უფრო ხალხის დაშინება უყვარდა.
- რას გულისხმობთ?
- ასლანის დროს ერთი ქილერი იყო, ალიკას ეძახდნენ, მოდით, გვარს არ ვიტყვი. მასზე ამბობდნენ, ვინც “აბრაზებდა”, ვაგონში შეჰყავდა, რომელიც ამ საქმისთვის ჰქონდა მოწყობილი და ისე ესროდა, ხელი არ აუკანკალდებოდაო. “ქელფეთას” კი ადამიანების შეშინება უყვარდა. ისიც ესროდა, მაგრამ - ფეხებში, ისე, რომ სასიცოცხლო დაზიანება არ მიეყენებინა. ამით ადამიანებს აკონტროლებდა.
- რატომ ამ ბობთ, რომ თუ “ქელფეთას” არ დაიჭერენ, აჭარლები მოკლავენ?
- უამრავი გამწარებული ჰყავს - აჭარაში, პრაქტიკულად, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც “ქელფეთას” ხელი არ შეხებია.
ბოლოს, ერთი ცოტა მხიარული, თუმცა ძალიან ნიშანდობლივი და ასლან აბაშიძისა და მისი “დამქაშებისთვის” დამახასიათებელი დეტალი: ერთხელ, ასლან აბაშიძე ბათუმში კონცერტს ესწრებოდა. ზაფხული ყოფილა... ამ დროს ოთხი უცნობი ბათუმის ბულვარის კუთხეში ლუდს სვამდა. კონცერტი დამთავრებულა. გამოვარდნილა აბაშიძის დაცვა, “ქელფეთას” მეთაურობით და “მოქეიფეები” იქვე, აუზში ჩაუყრია, თან ისე, რომ წყლიდან თავის ამოწევის საშუალება არ მიუცია. მერე, “ქელფეთას” ერთ-ერთში ყოფილი მოსწავლე ამოუცვნია, შეცოდებია. ამასობაში, ასლანსაც ჩაუვლია და “ქელფეთას” გაწუწული “მოქეიფეები” კინწისკვრით გაუყრია, აქედან დაიკარგეთო...