ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის ძმა საქართველოს მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, თავისი “კეთილი სახელის აღდგენის” მიზნით, ამერიკულ და ქართულ სასამართლოებში ჩივილით ემუქრება. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სააკაშვილის ხელისუფლების რუხ კარდინალად მიჩნეული თემურ ალასანია კულისებიდან გამოვიდა. ექსპრეტულ წრეებში ამბობენ, რომ პოლიტიკურ თამაშში ალასანიას ღია ჩართვით “ნაციონალებმა” “ოცნებაზე” გადამწყვეტი შეტევისთვის დაიწყეს მზადება. იმას, რომ პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი რაღაცას გეგმავს, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკის, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, უსაფრთხოების ექსპერტის, კონსტანტინე ფორჩხიძის მიერ “ქართული სიტყვისთვის” ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციაც ადასტურებს. ფორჩხიძე, ბელორუსში მცხოვრებ ქართველებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ 2014 წლის თებერვლის დასაწყიში, მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია მინსკში იმყოფებოდნენ, სადაც ბელორუსის უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, საბჭოთა უშიშროების ყოფილ თანამშრომელს და “ფე-ეს-ბე”-ს ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი პატრუშევის მეგობარ ვიქტორ შეიმანს შეხვდნენ.
- ბატონო კოტე, ეს საიდუმლო ვიზიტი იყო?
- დიახ, ამის შესახებ პრესაში არაფერი დაწერილა და მინსკიდან ინტერვიუ არც მიხეილ სააკაშვილს მიუცია.
- შეიმანის შესახებ წინა ინტერვიუშიც საუბრობდით. დღეს მისი სტატუსი რა არის?
- არაფერი, მაგრამ ბელორუსში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ლუკაშენკოს ბიჭთანაა დაკავშირებული და მისი “კლიჩკა” “ვევე”, ანუ ვიქტორ ვიქტოროვიჩია.
- თქვენი ინფორმაციით, სააკაშვილი და ბიძამისი მინსკში აშშ-დან ჩავიდნენ?
- დიახ და ამის შესახებ მეგობრებმა მითხრეს.
- რატომ გამორიცხავთ, რომ თქვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორია?
- ეს გადამოწმებული ინფორმაციაა. პიროვნებას, რომელმაც ამ ვიზიტის შესახებ მითხრა, ვენდობი - 7 თუ 8 წელია, მინსკში ცხოვრობს და ურთიერთობა იქაურ თანამდებობის პირებთან აქვს. სხვათა შორის, მისგან ისიც ვიცი, რომ იგორ გიორგაძეც მინსკში ცხოვრობს. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, თემურ ალასანიასა და იგორ გიორგაძეს კარგი ურთიერთობა აქვთ...
- მოკლედ, სააკაშვილი და ალასანია მინსკში “ვევე”-ს შეხვდნენ. მერე?
- ეს შეხვედრა მინსკის გარეუბანში, “ვევე”-ს ერთ-ერთ აგარაკზე შედგა. შეხვედრას 7 ადამიანი ესწრებოდა.
- ვინ და ვინ?
- ბელორუსის სამი დაუდგენელი მოქალაქე, შეიმანი, სააკაშვილი, თემურ ალასანია და ერთიც სამხედრო. ამ შვიდეულის საუბარი საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის გეგმებს შეეხებოდა. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს დაემუქრა და პირდაპირ განაცხადა, ცოტა ხანში ბიძინას ქართლის დედაზე დავკიდებო.
- ივანიშვილის ქართლის დედაზე დაკიდების გეგმა სააკაშვილმა და ბიძამისმა მაინცდამაინც შეიმანთან რატომ განიხილეს?
- წინა ინტერვიუში გითხარით, თუ ვისთან აქვს შეიმანს კავშირი. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ უკრაინაშიც, “უკრექსპორტთან” ურთიერთობიდან გამომდინარე, დიდი გავლენა აქვს. ისე, “ბელექსპორტის” მმართველი შეიმანი ოფიციალურად არ ყოფილა.
- “ბელექსპორტი” რაღაა?
- “ბელექსპორტი” “უკრექსპორტის” ანალოგიური კომპანიაა, რომელიც ბელორუსში იარაღის შესყიდვითაა დაკავებული და მას, პრაქტიკულად, შეიმანი მართავს. ამასთან, შეიმანს უკრაინაში ურთიერთობა აქვს სერგეი ბონდარჩუკსა და სხვა “ტიპებთან”, რომლებიც იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი. სხვათა შორის, ბონდარჩუკი ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი, უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო. სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელთა ურთიერთობა კი, როგორც წესი, ახლაც გრძელდება და, შესაბამისად, უკრაინის პოლიტიკურ წრეებზე მათი გავლენა დიდია... მოკლედ, კიევში ჩასვლამდე სააკაშვილსა და ბიძამისს, თემურ ალასანიას, როგორც ჩანს, რაღაც დეტალების გარკვევა აინტერესებდათ და შეიმანსაც ამიტომ შეხვდნენ.
- ანუ, ამ საიდუმლო შეხვედრის ინიციატორები ბიძა-დისშვილი იყო?
- რა თქმა უნდა...
- ბატონო კონსტანტინე, მაინც, რა დაიგეგმა შეიმანის აგარაკზე?
- რა და, - საქართველოში დესტრუქციული ქმედებების განხორციელება.
- “დესტრუქციულ ქმედებებში” რა იგულისხმება?
- დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება უკრაინელების გვერდით დგომისკენ არაა მიმართული. მას უკრაინა კი არა, ის აინტერესებს, რომ ხელისუფლებაში როგორმე მობრუნდეს... არსებობს ინფორმაცია, რომ უკრაინაში სააკაშვილი მემარჯვენე სექტორის გაერთიანების, “უნა უსო”-ს ხელმძღვანელობას შეხვდა. “უნა უსო”-ს კონტაქტი სამხედროებთან, ანუ იმ “ტიპებთან” აქვს, რომლებიც პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდნენ.
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა, სახელმწიფო გადატრიალება იყო. უკრაინელები ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან და ეს სახელმწიფო გადატრიალება რატომაა?
- ამ რევოლუციას, სპეციფიკურ ენაზე, სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია. საერთოდ, რევოლუცია, ქრესტომათიულად, სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ფორმაა...
- როცა ქვეყნის ხელისუფლება წყალს ოკუპანტის წისქვილზე ასხამს, ხალხმა, ცხადია, ხმა უნდა ამოიღოს...
- გეთანხმებით... უკრაინაში რა და როგორ მოხდა, ამას ისტორია განსჯის, თუმცა ეს დაახლოებით იგივე სცენარი იყო, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაიდგა, მაგრამ უკრაინელებს ჭკუა ეყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყვნენ და რუსეთისთვის იგივე ქმედების განხორციელების საბაბი არ მიეცათ, რაც რუსებმა საქართველოში გააკეთეს.
- კრემლი ყირიმში საბაბის გარეშე შეიჭრა...
- კი ბატონო... რუსეთს ევრაზიული კავშირის შექმნის სქემა დეკლარირებული აქვს და მის შესრულებას ხისტი მეთოდებით ცდილობს. სიხისტე რუსული დიპლომატიისთვის დამახასიათებელია, რისი მიზანიც ერთია: პუტინმა განაცხადა, 2015 წლისთვის საბჭოთა კავშირი უნდა აღვადგინოო. ევრაზიული კავშირიდან კი აღდგენილ საბჭოთა კავშირამდე ერთი ნაბიჯია...
- მოდით, ისევ სააკაშვილ-ალასანიას მინსკურ-კიევურ ვიზიტს დავუბრუნდეთ...
- ამ ეტაპზე რაც ვიცი, ისაა, რომ “უნა უსო”-ს ლიდერებს სააკაშვილმა, საქართველოში დესტრუქციული ქმედებების შემთხვევაში, გარკვეული მხარდაჭერა სთხოვა, ანუ თუკი პრორუსული ძალები მომძლავრდებიან, ეს სააკაშვილს საშუალებას მისცემს, საქართველოში ჩამოვიდეს...
- ჩვენთვის რომ ვთქვათ, თუკი “ნაციონალები”, სააკაშვილის მეთაურობით, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ კამპანიას გაშლიან, ცუდი რა არის?
- გეტყვით, სქემა როგორიცაა: ბოლო დროს პუტინმა რუსეთიდან ქართველების გამოძევება დაიწყო, ანუ მდიდარ ქართველებს უთხრა, წლებია, რუსეთში ხართ და ფულს შოულობთ, ახლა კი, წადით და საქართველოში დახარჯეთო. რუსული გეგმა იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთში გამდიდრებულმა ქართველებმა, თითქოს საქართველოს ახალი ხელისუფლების დახმარების საბაბით, ფული ბიზნესსექტორში ჩადონ, რასაც სააკაშვილი საბაბად გამოიყენებს და იტყვის, აი, ეს პრორუსული ხელისუფლებააო და მის წინააღმდეგ ქმედებებს დაიწყებს.
- სხვათა შორის, “ნაციონალები” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის წუთიდან ამტკიცებენ, რომ ის, “ოცნებასთან” ერთად, რუსული პროექტია...
- სისულელეა! ეს იმ ხალხის მოგონილია, რომელიც რუსეთზე თვითონ მუშაობს. 7-მილიარდიანი ქონების პატრონი, როგორ შეიძლება, რუსეთის სპეცსამსახურზე იყოს დამოკიდებული? ის დამოუკიდებელი ფიგურაა.
- შეიძლება, მაგრამ ამას წინათ მითხარით, დიდი ფულის შოვნა მხოლოდ სპეცსამსახურთან კავშირით შეიძლებაო...
- ივანიშვილმა ფული რუსეთში კი იშოვა, მაგრამ თითქმის ათ წელზე მეტია, საფრანგეთსა და აშშ-ში ოპერირებს, რუსეთში ბიზნესაქტივები, პრაქტიკულად, აღარ აქვს და ის გავლენა, რაც შეიძლება, მასზე 10-15 წლის წინ იყო, დღეს აღარ არსებობს.
- ბატონო კონსტანტინე, ესე იგი, თქვენ, უშიშროების პოლკოვნიკს, რომელსაც წლების განმავლობაში ხელი უამრავ საიდუმლო ინფორმაციაზე მიგიწვდებოდათ, ამტკიცებთ, რომ “ოცნება” რუსული პროექტი არაა?
- დიახ, ვამტკიცებ, რომ “ოცნება” რუსული პროექტი არ არის!
- კარგი, მაგრამ რატომ უნდა დაგიჯეროთ?
- იმიტომ, რომ შესაბამისი მასალები არსებობს.
- კონკრეტულად?
- თუნდაც, სააკაშვილისა და თემურ ალასანიას მინსკში ვიზიტი.
- ამის შესახებ თქვენ ვიღაცამ გითხრათ. ხელმეორედ გეკითხებით: თქვენი წყარო სანდოა?
- ერთი ადამიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არასოდეს ვეყრდნობი... ჟურნალისტებსაც შეგიძლიათ, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ.
- როგორც ვიცი, ბელორუსი ჩაკეტილი სივრცეა, თან თუკი სააკაშვილ-ალასანიას ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო, როგორ უნდა გადავამოწმოთ?
- ამხელა დაზვერვის სამსახური გვაქვს და შეუძლია, მან გადაამოწმოს... ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, წესით, ბელორუსში საქართველოს საელჩოსაც უნდა ჰქონდეს...
- სხვათა შორის, დაზვერვა ახსენეთ და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულად ითვლება, თანამდებობიდან ახლახან გაათავისუფლეს. ბატონო კოტე, თქვენი აზრით, “ოცნება” ბეჟუაშვილს აქამდე რატომ “ინახავდა”?
- ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვათ, თორემ გელა ბეჟუაშვილი ყოველთვის რუსეთზე იყო მიბმული. გაიხსენეთ, სააკაშვილის ვიზიტის დროს, ბეჟუაშვილს, რომელიც მაშინ, თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პუტინმა ყურში რომ უჩურჩულა. ბეჟუაშვილსაც უკრაინაში იგივე სკოლა აქვს დამთავრებული, რომელიც სააკაშვილმა და იუშჩენკომ დაამთავრეს.
...ამერიკელები სულელები ნამდვილად არ არიან და ვაშინგტონში პრორუსულ პროექტებს ისე არ ხვდებიან, როგორც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.
- თუკი ასეა, აბა, იმას რითი ხსნით, რომ მთელი 10 წლის განმავლობაში, სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ და-ძმებს მხოლოდ ვაშინგტონში კი არ იღებდნენ, არამედ, 2005 წელს თბილისს აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც ესტუმრა... ყოველივე ეს თქვენს ნათქვამს, რომ “ნაცმოძრაობის” ელიტა კრემლთანაა შეკრული, აქარწყლებს...
- პირველ ინტერვიუშივე გითხარით, რომ საქართველოში ამერიკული სპეცსამსახურების შემოსვლა აქტიურად 2004 წლიდან დაიწყო.
- კი ბატონო, მაგრამ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წუთამდე, ვთქვათ, კონგრესმენი მაკკეინი თბილისს ხშირად სტუმრობდა. მეტიც, სააკაშვილი დღესაც აშშ-შია...
- ის დოკუმენტი გაიხსენეთ, რომელსაც ხელს ჰილარი კლინტონი აწერს. ასევე, გაიხსენეთ კონდოლიზა რაისის თბილისში ჩამოსვლა და მიხეილ სააკაშვილის მკაცრი გაფრთხილება, ომისკენ ნაბიჯი არ გადადგაო. ყველაფერი ეს ბოლო წერტილი იყო, თორემ თქვენ, რა, გგონიათ, რომ აშშ-ს სპეცსამსახური, რომლის წარმომადგენელიც დევიდ კუნინი სააკაშვილის მრჩეველი იყო, ინფორმაციას არ იღებდა? შეცდომების აღიარება არც აშშ-ს სპეცსამსახურებს უყვართ...
რაც შეეხება სააკაშვილის აშშ-ში ამჟამინდელ ყოფნას, ისეთი პროვოკაციული ტიპია, რომ მისი ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წინ და უკან სიარული ისევ აშშ-ს დააზარალებს, ანუ აშშ-ში მისი სამუშაოდ ჩაყვანა ერთგვარი შეზღუდვაა.
- არ ვიცი, შეზღუდვას რას ეძახით, როცა ექსპრეზიდენტი წამდაუწუმ უკრაინაშია. ისე, თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ფინანსებით დადის?
- მოპარული ფინანსებით. სხვათა შორის, დღეს მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის საფუძველი არსებობს. თავის დროზე მისი იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველიც არსებობდა.
- სისხლის სამართლებრივი დევნის რა საფუძველი არსებობს?
- 2008 წლის 8 თუ 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილს შემდეგი ქმედებები უნდა განეხორციელებინა: რუსეთის ჯარის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვისთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საომარი მდგომარეობა უნდა გამოეცხადებინა და პარლამენტისთვის მიემართა, ან კონსტიტუციის ამავე მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.
- როგორც მახსოვს, მაშინ საომარი მდგომარეობა გამოცხადდა...
- საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს.
მეორე საკითხი: უმაღლესმა მთავარსარდალმა შეიარაღებული ძალები რომ გამოიყენოს, საამისოდ პარლამენტის თანხმობაა საჭირო და ამის შესახებ კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველ და მეორე ნაწილში წერია, მაგრამ სააკაშვილმა შეიარაღებული ძალები ისე გამოიყენა, რომ პარლამენტს შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია. ყველაფერ ამას კი მძიმე შედეგები მოჰყვა - ქვეყნის ტერიტორიები დაიკარგა, ანუ სააკაშვილმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, თავის უფლებამოსილებას გადაამეტა და საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
- თუკი სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის საფუძვლები არსებობს, “ოცნების” ხელისუფლება ამ კუთხით ნაბიჯებს რატომ არ დგამს? სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას დასავლეთი ეწინააღმდეგება...
- ის მაინც ხომ შეიძლება, რომ ადამიანს კონსტიტუციის დარღვევა დაუმტკიცო? უმაღლესი მთავარსარდლისა და პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის დარღვევა ისეთი რამეა, რაც მის პოლიტიკურ კარიერას წერტილს საბოლოოდ დაუსვამს. “ოცნებას” საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა და...
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე “ნაციონალების” მეგობარია...
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? გიორგი პაპუაშვილი თავის თავზე აიღებდა, რომ ჯარის გამოყენებასა და საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება არ არსებობს?
- კოტე ბატონო, ყველაფერი ეს მაინც ლირიკაა...
- არა, გენაცვალე, ეს ფაქტებია!
- სააკაშვილ-ალასანიას მინსკში დაწერილი გეგმა, თქვენი ინფორმაციით, კრემლთანაა შეთანხმებული?
- შესაძლებელია, შეთანხმებულია... ვამტკიცებ, რომ 2007-2008 წლებში მიხეილ სააკაშვილის ყველა ქმედება წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამდა. საერთოდ, სწორი ვერსია რომ ავაგოთ, ასეთი შეკითხვა უნდა დავსვათ: ვის აწყობდა აგვისტოს ომი?
- ვის აწყობდა?
- ვის და, - პირველ რიგში, რუსეთს?
- რატომ?
- გაიხსენეთ, რა იყო რუსეთი აგვისტოს ომამდე და რა არის აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ აგვისტოს ომი ის გარდამტეხი იყო, რომელმაც რუსეთი მსოფლიოში, სამხედრო თვალსაზრისით, ისევ ანგარიშგასაწევ ძალად და ზესახელმწიფოდ აქცია, თორემ მანამდე ამერიკელები რუსეთს ზედაც არ უყურებდნენ.
- თუკი აშშ, დასავლეთთან ერთად, გრძნობდა, რომ აგვისტოს ომი რუსეთს, როგორც “ველიკო დერჟავას” “მკვდრეთით აღადგენდა”, ჩვენს დასახმარებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები რატომ არ გადადგა?
- როცა ნატო-სა და ევროკავშირში არ ხარ, ვერ დაგეხმარება. სხვათა შორის, აგვისტოს ომში ამერიკელები სამხედრო დახმარებას გვიწევდნენ, მაგრამ ეს მოზომილი დახმარება იყო - სამხედრო ინსტრუქტორების დონეზე.
ისე, ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური” ხელისუფლება ნატო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ იცავდნენ. იცით, აქამდე მაპ-ი რატომ ვერ მივიღეთ? - “აი-პა-პი”-ს პროგრამაში პირდაპირ ეწერა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები, ანუ გენერალური შტაბი ერთმანეთისგან უნდა გამიჯნულიყო, სამინისტროს მხოლოდ პოლიტიკისა და ლოჯისტიკის წარმოება უნდა დარჩენოდა, საკადრო და ყველა სხვა საკითხი კი, გაერთიანებული შტაბის გადასაწყვეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს გამიჯვნა დღემდე არ მომხდარა და გენერალურ შტაბში თანამდებობებზე პირებს თავდაცვის მინისტრი ნიშნავს, რაც მისი საქმე არაა.
“ნაციონალები” ყველაფერ ამას შეგნებულად აკეთებდნენ, რადგან დასავლელი ექსპერტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ, სალაპარაკო მიეცათ.
- სწორედ ამაზეა ნათქვამი: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - თუკი ამერიკელები ხედავდნენ, რომ “ნაციონალები” მათ რჩევა-დარიგებებს არ ასრულებდნენ, აბა, გრანტს-გრანტზე რატომღა აძლევდნენ?
- 2007 წლიდან, დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდამდე იყო. ამასობაში, ჰილარი კლინტონმა იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოში წერილი გამოაგზავნა და ამის შემდეგ საქართველოს ფულადი დახმარება შეუწყდა.
- ისევ მინსკში დაწერილ სცენარს დავუბრუნდეთ: საქართველოში სააკაშვილმა ვითარება როგორ უნდა არიოს?
- დესტრუქციული ქმედებით - ანუ ხალხის ქუჩაში გამოყვანით, გაფიცვით...
- ხალხი ქუჩაში რა მოტივით უნდა გამოვიდეს?
- ხელისუფლებაზე განაწყენების მოტივით. ასევე, გაიხსენეთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი, ვინმე “ხელფეთა” აპირებდა ჩამოსვლას. ამასთან, ისიც გაიხსენეთ, აჭარაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით რა ხდება...
- იზიარებთ მოსაზრებას, რომ ანტიჰესების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის კვალი კრემლთან მიდის?
- გაიხსენეთ, საქართველოში რუსეთი ძირითადად რა სფეროებში ოპერირებს. ზოგი ამბობს, საქართველოში რუსეთს დასაყრდენი არ აქვსო, მაგრამ ჩვენთან ოფიციალურად, 395 რუსულ-ქართული კომპანია ფუნქციონირებს, აქედან 85 პირდაპირ რუსულია... მეტიც, 2010 წელს, რუსეთი საქართველოში ინვესტიციების ჩადების კუთხით, აშშ-სა და ნიდერლანდების შემდეგ, მესამე ადგილზე იყო. მაგალითად, გაფართოვდა რუსული “ინტერ რაოს” ინტერესები, რომელმაც 2011 წლის მარტში სახელმწიფოსგან გამოისყიდა და საკუთრებაში მიიღო მთელი ინფრასტრუქტურა. ამასთან, “ინტერ რაომ” ჰესების ტენდერში “ენერგო პროს” აჯობა. “ნაციონალებმა” რუსებს თბილისის წყალმომარაგებაც მისცეს, რომელსაც ჟინვალის 130 მეგავატიან ჰიდროელექტროსადგურთან ერთად, “რაო ეს-”ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი რაპოპორტი აკონტროლებს.
რუსული ბიზნესწრეებიდან საქართველოში, ასევე, აქტიურობს “ჯეოპრომინინგის მეპატრონე” სიმონ პოვარენკინი. მან პარტნიორისგან ქართული აქტივები შეიძინა, რომელიც ადრე “პრომიშლენნიე ინვესტორის” ბიზნესჯგუფს ეკუთვნოდა. ამ ჯგუფს კი, საყოველთაოდ ცნობილი სერგეი გენერალოვი ხელმძღვანელობდა. ამ აქტივებიდან მთავარი ოქროსმომპოვებელი კომპანია “მადნეული” და ოქროს საბადოა. პოვარენკინი საქართველოში ფლობს საიუველირო და არყის ქარხნებს, მეორე ოქროს მომპოვებელი კომპანია “კვარციტს”, ასევე, დარიშხანის ლუხუმის მართვის უფლებას. აგვისტოს ომის შემდეგ კი, პოვარენკინმა ბედი საქართველოში ნავთობის მოპოვებაშიც სცადა....
ასევე, საინტერესოა რუსული საინვესტიციო კომპანია “ენ-ბი-სი კაპიტალის” თანამეპატრონე პაველ ყუროში, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, 300 ჰექტარი მიწა შეიძინა, ზეთისხილის პლანტაციები გააშენა და ამ პროექტში 3 000 000 დოლარი ჩადო.
- კახეთში ამბობენ, რომ ზეთისხილის პლანტაციების მეპატრონე ვანო მერაბიშვილია. ადგილობრივები იქ ამირან მესხელსაც ხშირად ხედავდნენ...
- მხოლოდ ყუროში კი არა, ყველა რუსი ინვესტორი ვანო მერაბიშვილთან იყო დაკავშირებული. კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენი იგორ კრიუკოვი საქართველოში 2010 წელს ჩამოვიდა და აქ ცხოვრების უფლება უპრობლემოდ მიიღო. კრიუკოვმა თბილისში საავტომობილო დიაგნოსტიკის პროფესიული ცენტრი გახსნა, რომელმაც, “ნაციონალური” ხელისუფლების ხელშეწყობით, კოლოსალური მოგება ნახა - გერმანიიდან ჩამოყვანილი, ყაზახეთში ტრანზიტისთვის გამზადებული მანქანები დიაგნოსტიკას სწორედ კრიუკოვის ცენტრში გადიან. კრიუკოვმა თბილისში რესტორანი “ფერგანაც” გახსნა.
მოკლედ, “ნაციონალები” იძახდნენ, პროდასავლური ორიენტაციის ვართო და ამ დროს მთელი სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსეთს ჩააბარეს. მათი სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
- ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, საქართველოში არეულობა როდის უნდა დაიწყოს - არჩევნებამდე თუ არჩევნების მერე?
- თუკი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერება, ეს ევროპისკენ ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რასაც შესაძლოა, მაპ-იც მოჰყვეს. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ არეულობა ხელმოწერამდე, ანუ არჩევნების წინ დაიწყოს.
- რუსეთი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ძალების მოყვანას როგორ შეეცდება?
- მაქსიმალური ფულის დახარჯვით. აბა, პუტინს “ფულის მეშოკების” საქართველოში გამოგზავნა რისთვის დასჭირდა? სხვათა შორის, ეს სცენარი საპრეზიდენტო არჩევნების წინაც მოსინჯეს - არ მინდა, კონკრეტული პიროვნება დავასახელო, მაგრამ საქართველოში ჩამოვიდა ადამიანი, რომელსაც ას მილიონზე მეტი ქონება აქვს... ამ ფონზე სწორი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო კოდექსში საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატების წარდგენა არ შეიტანა. ვიდრე პოლიტიკაში ვიყავი, სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი.
- ისიც სწორია, რომ ის, ვისაც საქართველოში ბოლო ორი წელი არ უცხოვრია, არჩევნებში კენჭს ვერ იყრის?
- რა თქმა უნდა, ესე იგი, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება, “ფულის მეშოკები” შემოვიდნენ. საქართველოში ხუთი-ექვსი ტიპის მოძებნა არ გაუჭირდებათ, რომლისგანაც საინიციატივო ჯგუფს შექმნიან და არც ხელმოწერების შეგროვებაა პრობლემა.
- თქვენი ინფორმაციით, არჩევნებისთვის რუსეთიდან საქართველოში რა რაოდენობის თანხა შემოვა?
- ძალიან დიდი... საქართველოში რუსული “ვი თი ბი ბანკი” ოპერირებს და მისი საშუალებით ფულის შემოტანა პრობლემა არაა. ასევე, ენერგეტიკულ სექტორსა და წყალს ძალიან დიდი თანხის მობილიზება შეუძლიათ...
- მაინც, ვერ გავიგე, სააკაშვილს კონკრეტულად რა გეგმა აქვს...
- “ნაცმოძრაობამ” თავიდანვე მიზანმიმართულად დაიწყო მტკიცება, რუსული ხელისუფლება მოვიდაო. შეიძლება, იმ ბიზნესში, რომელიც ხელისუფლებასთანაა დაახლოებული, რუსული ფული ჩაიდოს, რაც “ნაციონალებისთვის” სალაპარაკო გახდება, აი, რუსულ საქმეს აკეთებთო და ყველაფერს იქამდე მიიყვანენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და თქვას, რუსული ხელისუფლება არ გვინდაო.
- მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, დღის წესრიგში შეიძლება, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დადგეს?
- ამის პროგნოზირება რთულია...
- მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რატომ არ ჩამოდის?
- ჩამოსასვლელად პოლიტიკურად აქტიური ველი სჭირდება და როცა ეს ველი ქუჩაში არაა გადატანილი, მისთვის საქართველოში თავის ხელახლა დამკვიდრება რთული იქნება.
- ბატონო კონსტანტინე, აცხადებთ, რომ “ნაცმოძრაობა” უკრაინაში გასამგზავრებლად ჯგუფებს ამზადებს. ეს რაღას ემსახურება?
- თუკი უკრაინაში ტყვია გავარდება და ყველაფერ ამაში ქართველი იქნება ჩარეული, ეს წყალს, პრაქტიკულად, რუსულ წისქვილზე დაასხამს და ხომ წარმოგიდგენიათ, რუსეთი რას იზამს?
- ამ ჯგუფების შექმნაზე უტყუარი ინფორმაცია გაქვთ?
- ამის შესახებ თითქმის ნახევარმა თბილისმა იცის.
- ისიც იცით, უკრაინაში გასამგზავრებელი ჯგუფები ვისგან კომპლექტდება?
- ძველი “ზონდერებისგან”. სხვათა შორის, არსებობს ბრძანებები, რომლითაც მაგალითად, ბაჩო ახალაია და დიმიტრი შაშკინი თავიანთ თანამშრომლებს იარაღით აჯილდოვებდნენ. ამ დაჯილდოებულთა ნახევარზე მეტი დღეს სამსახურიდან წამოსული და ქუჩაშია. მათ იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება აქვთ...
- ამ ჯგუფების შექმნას ვინ კურირებს?
- ის, ვინც “ზონდერებს” ხელმძღვანელობდა.
- ვინ ხელმძღვანელობდა?
- გიგი უგულავა... ისე, როგორც ვიცი, უკრაინაში ყოფილი “მხედრიონელები” უკვე იმყოფებოდნენ და არც დაუმალავთ, რომ “უნა უსო”-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ...
- ამ პროვოკაციით სააკაშვილი რას მიიღებს, ანუ კრემლის ინტერესებს რატომ ატარებს?
- ალბათ, ძველი ვალდებულებების გამო...
- ბატონო კოტე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თქვენს სიტყვებზე პასუხს აგებთ?
- რა თქმა უნდა! იმას ვამბობ, რაც რეალობაა.
(თემის გაგრძელება იქნება)