17 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით” ბრძანებას ხელი მოაწერა. “2014 წლის 16 მარტის ყირიმის საყოველთაო რეფერენდუმზე ყირიმელთა ნების გამოხატვის გათვალისწინებით, ყირიმის რესპუბლიკა, რომლის ქალაქ სევასტოპოლს განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ცნობილ იქნას დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ”, - ნათქვამია პუტინის ბრძანებაში, რომელიც ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა... ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ “ქართულისიტყვა” კიევში მოღვაწე ცნობილ ქართველ პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და დიპლომატ რაულ ჩილაჩავას დაუკავშირდა.
- ბატონო რაულ, ყირიმის მოვლენებმა უკრაინელების საბრძოლო მუხტი ხომ არ დასცა?
- მუხტი არის. ხალხი ეწერება მოხალისეთა რაზმებში. ოფიციალურად, უზენაესი რადის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სახალხო გვარდია, რომელშიც მოქალაქეები ერთიანდებიან. მიმდინარეობს წვრთნები სამხედრო პოლიგონებზე, რომელსაც საკადრო სამხედროები ატარებენ. მოხალისეთა რიგებში ძალიან ბევრი პირდაპირ მაიდნიდან ჩაეწერა...
- მზადება ასე აქტიურად მიმდინარეობს?
- დიახ, მზადება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა მონაცემები ოფიციალურ საიტზე დევს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრების პერიმეტრზე, დაახლოებით, 200 ათასი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი შესაბამისი ტექნიკით, რომ აღარაფერი ვთქვათ ყირიმზე, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ბაზირებს და, ასევე, სპეცდანიშნულების რაზმებია შემოყვანილი ჩრდილო კავკასიიდან, დაახლოებით, 20 ათასამდე ადამიანი.
- დასავლეთის მიმართ როგორი განცდა აქვთ უკრაინელებს?
- იმედი აქვთ, რომ დასავლეთი უკრაინას არ მიატოვებს, რადგან დასავლეთის მხრიდან ყირიმის მოვლენები და, საერთოდ, უკრაინა-რუსეთის ბოლოდროინდელი ვითარება განიხილება, როგორც მსოფლიო კრიზისი, უფრო სწორად, მსოფლიო სამხედრო კრიზისი. ამიტომაც, დასავლეთი უაღრესად დაინტერესებულია, რომ კრიზისი განელდეს. ევროკავშირი და ნატო აქტიურად მუშაობენ, რათა საშიშროება მოიხსნას და კრიზისი სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი პირადად შეხვდა ობამას, ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის და მათგან მყარი გარანტიები მიიღო, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთის აგრესიული პოლიტიკისაგან დაიცავს და ამ მიმართულებით შესაბამის პოლიტიკას გაატარებს. დასავლეთი ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით იფარგლება და ცნობილია, რომ ეს სანქციები პუტინსა და იანუკოვიჩთან დაახლოებულ ბევრ ოლიგარქს შეეხო. ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან და დასავლეთის პრესაში გამოქვეყნდა იმ პირთა სია, ვისაც ეს სანქციები შეეხო.
- რამდენად ქმედითად იმოქმედებს მხოლოდ ეკონომიკური სანქციები, როდესაც პუტინი ყირიმში სამხედრო დანაყოფებს აგზავნის და მთელ აღმოსავლეთ უკრაინას პუტინის მივლენილი სამხედროები და შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ?
-Eამ ეტაპზე ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი გაფრთხილება და თუ კრემლი გონს არ მოეგო, მაშინ მთელი ძალით ამოქმედდება ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტები, რასაც რუსეთის ეკონომიკის სწრაფი დასუსტება და ვარდნა მოჰყვება. დასავლეთს ის ეკონომიკური და ფინანსური რესურსი აქვს, რომელიც რუსეთის ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად, გამანადგურებლად იმოქმედებს. უნდა კი პუტინს, რომ მას და მის ოლიგარქებს კრემლთან მაიდანი გაუმართონ?!
- უფრო კონკრეტულად, ეს რა ბერკეტებია და როგორ იმოქმედებს?
- დასავლეთი იმაზეა ორიენტირებული, რომ რუსეთი ეკონომიკურად მოქანცოს და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სანქციებით დაასუსტოს: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს აწევს, რასაც უკვე აკეთებს. რუსეთის ეკონომიკის ძირითადი საყრდენი ენერგეტიკული ნედლეულია და, ნავთობზე ფასის აწევის შემდეგ, რუსეთს ფინანსები აღარ ექნება, რომ ენერგო-მომპოვებელი სამუშაოები, ტექნიკა და ფართომასშტაბიანი ომი აწარმოოს. თუ, რა თქმა უნდა, ატომური ბომბი არ “დაარტყა”, რაც თვითმკვლელობას ნიშნავს და, არ მგონია, პუტინი ამაზე წავიდეს.
სხვათა შორის, არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ მიიღო დაპირება, უახლოეს ხანში ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირებული ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს გააფორმებს. ეს იქნება ღია სავიზო რეჟიმი დასავლეთთან - თავისუფალი სავაჭრო ზონა უბაჟოდ, ანუ უკრაინული პროდუქცია, რომელიც ადრე რუსეთისაკენ იყო მიმართული, დასავლეთის ბაზარზე ბაჟის გარეშე გადამისამართდება. ეს ხელშეკრულება უკრაინას ძალიან დიდ შეღავათს სმისცემს. გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინას რამდენიმემილიარდიან დახმარებას აძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- თუ პუტინმა იარაღის ჟღარუნი არ შეწყვიტა და უკრაინის ტერიტორიის ხელყოფა გააგრძელა, ანუ აღმოსავლეთ უკრაინაში ისევე, როგორც ყირიმის ნახევარკუნძულზე, რეფერენდუმი მოაწყო ამ მხარის მიტაცების მიზნით და ამისათვის იარაღიც გამოიყენა, როგორ ფიქრობთ, დასავლეთი იარაღით ჩაერევა?
- რუსეთი ჯერ ბლეფობს, დაშინების პოზიციაზეა, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და, თუ უკრაინას ომს გამოუცხადებს, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი იარაღით ჩაერიოს, თუმცა ამაში სანუგეშო არაფერია, რადგან ბევრი სისხლი დაიღვრება, გადაიზრდება მსოფლიო შეიარაღებულ კონფლიქტში და აბსოლუტურად ყველა დაზარალდება. კრიზისის ასეთი სცენარით განვითარება არავის აწყობს და ვფიქრობ, საქმე აქამდე არმივა.
რაც შეეხება შეიარაღებულმ ხარდაჭერას დასავლეთის მხრიდან, ამის მზაობას დასავლეთი აცხადებს. რუსეთის ჩრდილოეთ საზღვრებიდან 400 კილომეტრზე, ნორვეგიაში ნატო-ს ჯარები სამხედრო წვრთნებს ატარებენ. იგივე ხდება დასავლეთის საზღვრებთანაც: პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ტერიტორიებზე განლაგებულია ნატო-ს ავიაცია და სარაკეტო ჯარები.
ერთი სიტყვით, ნატო მზადყოფნაშია, მაგრამ დასავლეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება არ მოხდეს და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეიარაღებული კონფლიქტის ასარიდებლად ეკონომიკურ-ფინანსურ რესურსებს გამოიყენებს.
- უნდა ითქვას, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა არა მხოლოდ პუტინისა და მისი აპარატის ნამდვილი, უნიღბო სახე დაანახა უკრაინელებს, არამედ, რუსეთის ე.წ. ინტელიგენციის განწყობაც კარგად გამოაჩინა. ძალიან მცირე ნაწილის გარდა, ლამის მთელი რუსეთი პუტინსაა აყოლილი და უკრაინელების მიმართ შეუფარავი აგრესიითაა განწყობილი. უკრაინელ ხალხში როგორი განწყობაა რუსეთის მიმართ, ხალხი რას ამბობს?
- უკრაინა რუსეთისათვის სისხლით, ენით, ისტორიითა და მენტალობით ყველაზე ახლო ქვეყანა იყო. როდესაც ასეთი ქვეყანა ასეთ საფრთხეს უქმნის უკრაინას, რა თქმა უნდა, ხალხში ძალიან შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მაგრამ ეს არ არის გადაზრდილი რუსოფობიაში. უკრაინელები ძალიან კარგად მიჯნავენ კრემლის პოლიტიკას და პუტინს განიხილავენ, როგორც აგრესორს, საბჭოთა კავშირის რესტავრატორს, უკრაინის მტერს და, რა თქმა უნდა, პუტინისტების მიმართაც იგივე დამოკიდებულება აქვთ. ჩემი მხრიდან კი ასე გეტყვით - პუტინი რომ კაცს უყვარს, ის არანორმალურია.
აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მაიდანზე, უკრაინელებთან ერთად, რუსებიც იდგნენ, ახლაც ასეა და ისინი ერთად იბრძოდნენ და იბრძვიან პუტინის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ.
- ყოფით ცხოვრებაში რუსებსა და უკრაინელებს შორის თუ არის დაპირისპირება?
- არანაირი. რუსებისა და უკრაინელების გარჩევა კიევში ძალიან ძნელია. კიევი რუსულენოვანია. რა რუსულენოვანების დაცვა, პირიქით, უკარაინაში უკრაინელებს სჭირდებათ დაცვა, უკრაინული ენაა დასაცავი, თორემ რუსული ყველგანაა.
- საქართველო როგორ განიხილება უკრაინაში და იციან თუ არა, რომ ჩვენთან საკმაოდ ბევრია პუტინზე შეყვარებული და პუტინისტურად მოაზროვნე?
- ძალიან ვწუხვარ და მრცხვენია, რომ საქართველოში პუტინისტი ქართველები არიან! ევრაზიული კავშირიდან გამოსვლაზე ლუკაშენკოც ოცნებობს და, სხვათა შორის, ნაზარბაევიც. ამ უკანასკნელმა ბრძანება გასცა, რომ საზღვრებზე საჯარისო ნაწილები გაეძლიერებინათ. არც ნაზარბაევმა და არც ლუკაშენკომ მხარი არ დაუჭირა პუტინს და ამ დროს ქართველები ისეთ რაღაცებს ამბობენ და წერენ “ფეისბუქში”, რომ სირცხვილით დაიწვები.
საბედნიეროდ, უკრაინაში მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერი პოზიტიური ინფორმაცია მოდის საქართველოდან -იქნება ეს კონცერტები, კლიპები, ვიდეორგოლები, ფოტომასალა თუ სხვა. უკრაინელებმა დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს 2008 წელს, უკრაინის პრეზიდენტი იდგა პარლამენტის წინ, როდესაც პუტინი საქართველოს ბომბავდა და ასეთი რაღაცები არ უნდა დაგვავიწყდეს და თუ რუსეთმა ახლა გაიმარჯვა, მაშინ ჩვენ სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და დამოუკიდებლობაც.
დღეს უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. თუ უკრაინა შევიდა ნატო-ში, რა თქმა უნდა, საქართველოც მიჰყვება და მოლდოვაც!