ახალ გენერალურ დირექტორს

ახალ გენერალურ დირექტორს "იმედის" მიმდებარე ტერიტორია დანაღმული დახვდა

[presage.tv]

ერთი წლის წინ თბილისში – ამერიკის საელჩოს ღობესთან ახლოს, მერე ჭალადიდთან, მერე ვაგზალზე, და ბოლოს ლეიბორისტების ოფისთან და მუხიანში მომხდარი აფეთქებები  ტერორისტულ აქტებად შეფასდა.

საიდუმლო ოპერაცია, სახელით "ენვერი 2", მამტკიცებელი არგუმენტების კუთხით, ბევრად უსუსური გამოდგა, ვიდრე "ენვერი 1". "ენვერი 2" უწოდეს, თორემ სინამდვილეში ეს ოპერაცია "კოჭოიას ფათერაკიანი თავგადასავალი" უფრო იყო.

ტერაქტები, რატომღაც ისე ხორციელდებოდა, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა. თან აფეთქება დანიშნულების ადგილას კი არა, სადღაც, მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, ან საერთოდ არ ამუშავდებოდა ხოლმე ასაფეთქებლით სავსე ლუდის ლითონის ყუთი.

მაშინ ნაციონალურმა ტელეარხებმა გადმოსცეს, რომ ამ სპექტაკლის ერთ–ერთი მთავარი გმირი, კოჭოია, იგივე მერაბ ყოლბაია, გალს აფარებდა თავს და ალბათ რუს ოფიცერ ევგენი ბორისოვთან ერთად ახალ ტერაქტს გეგმავდა. მეორე მთავარი გმირი, გოგიტა არქანია და მისი თანამზრახველები კი დაკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში თქვა, რომ მთავარი ტერორისტი, სწორედ, გალელი გოგიტა არქანია ყოფილა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, ერაყსა და ავღანეთში იბრძოდა, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის თქმით, არქანიას რუსულ სპეცსამსახურებთან დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს.

ასეთი აგენტი დაწერილს ვერ კითხულობდა - აღიარებითი ტექსტის კითხვის დროს "სატელიტური რუკის" თქმისას, კინაღამ ენა მოიტეხა...

გაუგებარი კი არა, ცოტა სასაცილოც იყო ”მთავარი ტერორისტის” აღიარებაში ბოლო ნაწილი. ლეიბორისტულ პარტიასთან აფეთქება – ჯანდაბას, ნათელაშვილის ასაყვირებლად სჭირდებოდათ თურმე რუსებს, მაგრამ გაუგებარია, რა ჯავრი სჭირდათ მუხიანში მდებარე სუპერმარკეტის?! ასე მითხრეს, მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე რომ სუპერმარკეტია, იმის სარდაფში უნდა ჩააგდო ასაფეთქებელიო... ალბათ ბორისოვი მშვიდობისმყოფელთა უფროსის მოადგილე რომ იყო, წილი ჰქონდა ამ მარკეტში, მერე რომ წავიდა, ქართველებმა "გადააგდეს" და ახლა შური იძია...

კიდევ ერთი ლაფსუსი – არქანია და კოჭოია ჯავახიშვილის ქუჩაზე დასაზვერად რომ მისულან, ლეიბორისტების ოფისის შენობაზე დამონტაჟებული კამერა დაუნახავთ, შეშფოთებულან...

რუსებმა, მაშინ, ჩვენი სამართალდამცველების ამ წარმატებულ ოპერაციაზე ტრადიციულად იცინეს და მწარედაც დაგვცინეს. ამერიკელებმა თქვეს, გამოძიების დამატებით არგუმენტებს დაველოდებითო.

და აი, ახალი გახსნილი ტერაქტის მცდელობა და კვლავ ეჭვმიტანილია გოგიტა არქანია. ორი ნაღმი ნაპოვნია ტელეკომპანია "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე -  ერთი ავტოსადგომთან, ხოლო მეორე "იმედის" ცენტრალური შენობიდან 10-15 მეტრის მოშორებით.

23 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ლომინაძე დაინიშნა.

თემურ ხუბულავამ "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ხუბულავა "იმედში" იმ დროსაც მუშაობდა, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო.

სწორედ ახალი გენერალური დირექტორის, გიორგი ლომინაძის დანიშვნას დაემთხვა ”იმედის” მიმდებარე ტერიტორიაზე ნაღმების აღმოჩენა.

ტელეკომპანიაის სპეცგამოშვებაში ითქვა, რომ "იმედის" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ორი ნაღმიდან ერთ-ერთი იმავე საღამოს  გააუვნებელყვეს, მეორე მომდევნო დილას.

ტელეკომპანიის ჟურნალისტის ინფორმაციით, გამნაღმველებმა "დექსოგენის" შემცველ ორ ასაფეთქებელ მოწყობილობას ”გახმაურებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილი გოგიტა არქანიას” ჩვენების საფუძველზე მიაგნეს. ნაღმები ისევ რკინის ქილაში იყო ჩამონტაჟებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ზურაბ გვენეტაძე, რომელმაც განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ამ სპექტაკლის ერთ–ერთი მთავარ გმირს, კოჭოიას, იგივე მერაბ ყოლბაიას, რუს ოფიცერ ევგენი ბორისოვთან ერთად, შეიძლება კიდევ ჰქონდეს ”დაკონსერვებული ტერაქტი”, რომელიც რატომღაც ისე უნდა განხორციელდეს, რომ მსხვერპლი არ მოჰყვეს. თან აფეთქება დანიშნულების ადგილას კი არა, სადღაც, მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, ან საერთოდ არ უნდა ამუშავდეს ასაფეთქებლით სავსე ლუდის ლითონის ყუთი.